პოლიტიკა

,,აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგი სამინისტროებით იქნება დაკომპლექტებული…”

,,პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგი სამინისტროებით იქნება წარმოდგენილი: გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; თავდაცვის; იუსტიციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ფინანსთა; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხდება. ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით (მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტის მართვის მიმართულება კულტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით ყალიბდება.

ამასთან, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში” _ აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close