საინტერესო

უცნაური სიყვარულის ისტორია- ნამდვილი ამბავი

,,ტვირთი მოვიხსენი, ეს ისტორია რომ დავწერე..."

             ამ უცნაური ისტორიის მონაწილე შემთხვევით გავხდი. ჩემი მანქანით მეზობელთან ერთად ვმოძრაობდი. შემთხვევით გავაჩერე მარკეტთან. არ ვფიქრობდი რამის შეძენას, მეზობელი ტატოც შემომყვა, დახლებს ვათვალიერებთ, ყველი დავინახე, გამყიდველი ნინო ჩემი ნაცნობი იყო და ვკითხე, როგორი ყველი იყო. გამყიდველმა აქო- იყიდე, კარგიაო. ტატომ ჰკითხა, სადაურიაო? ნინომ, სიმონეთიდანო. მეზობელმა, ჩემი ყოფილი სოფელია, ვისი ოჯახიდანააო? ნინომ ლუარასიო. ტატო გაწითლდა, აირია, ლუარა თქვენი რა არისო? ყოფილი მულია, მაგრამ კარგ დამოკიდებულებაში ვართო. ქმარშვილი ჰყავსო? ნინომ უთხრა არაო, ვიღაც უყვარდა და არ მიათხოვეს, ამიტომ არ გათხოვდაო. მე ცოტა გაკვირვებული ვუყურებდი ტატოს აფორიაქებას, ყველი შევიძინე, რაც დარჩა ყველა ტატომ შეიძინა და წამოვედით. გზაში ვკითხე, რა მოგივიდა ლუარას ხსენებაზე, რატომ აირიე მეთქი? მე და ლუარა თანაკლასელები ვიყავითო, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მე ვარ მიზეზი, რომ არ გათხოვდაო. ვთხოვე, დაწვრილებით მოეყოლა ამ სიყვარულის ისტორია. დღეს ვერა, მაცადე, ცუდად ვარო. მერე კი, აი, რა მომიყვა ტატომ:
    ტატო (ტარიელი) და ლუარა თანაკლასელები იყვნენ. მეშვილე კლასში რომ იყვნენ, ლუარას 2 მეცხრე კლასელი ბიჭი აუხირდა და დაჩაგვრა დაუწყო, ტატო გამოესარჩლა, დაიცვა თანაკლასელი, რაზეც ბიჭებთან ჩხუბი მოუვიდა. უთანასწორო ჩხუბი იყო, ორი ერთზე, ისიც უფროსკლასელები. ტატომ არაფერი დაუთმოთ, სანამ გააშველებდნენ მოხვდა კიდეც. ლუარამ ისეთი მადლიერი თვალებით შეხედა, ტატოს ტკივილები დაავიწყდა. იმ დღიდან ჩაისახა ორ უმანკო გულში გრძნობა, რასაც სიყვარული ქვია. ორივე შეიცვალნენ, ეს არ გამოეპარათ თანაკლასელებს, ყველა მიხვდა, რომ თანაკლასელობაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ ერთმანეთს. ტატო გაკვეთილების მერე უკან აჩრდილივით მიაცილებდა სახლამდე, ლუარას ძმას, დიტოს არ გამოეპარა ტატო როგორ მოაცილებდა სახლამდე მის დას და ლუარას დაკითხვა მოუწყო. ლუარამ, აბა მე რა ვიცი, რატო მაცილებსო. დიტო დახვდა ტატოს და უთხრა, ჩემს დას ნუ დაყვები კუდშიო. ტატო მაინც დაყვებოდა, დიტოს ნათქვამი თითქოს არც გაუგონიაო. რისთვისაც დიტომ სცემა ტატო. უთხრა, შენი ტოლი და სწორი ეძიეო. დიტოს მამა თავმჯდომარე იყო, კარგად ცხოვრობდნენ, ტატოს მამა ბრიგადირი იყო და საშუალოდ ცხოვრობდნენ. ამის მერე უფრო გაუმძაფრდათ სიყვარული, თქმით არაფერს ეუბნებოდნენ ერთიმანეთს, ერთი შეხედვაც კმაროდათ.
   ტატოს მშობლებმაც გაიგეს რაც ხდებოდა, შვილს აუხსნეს, რომ თავი უნდა დაენებებია ლუარასთვის, რაიმე შარს არ გადავეყაროთო. თავმჯდომარის გადაკიდება ცუდი იქნებოდა. ლუარასაც დაელაპარაკნენ მშობლები, რომ დაევიწყებია ტატო და სწავლაზე ეფიქრა. ლუარამ კატეგორიულად განაცხადა, მიყვარს და სხვა არაფერი მაინტერესებსო, რაზეც ძმამ  ლუარაც სცემა. ოჯახი განუდგა ლუარას, საყვარელმა დედამაც კი არ შეიწყალა გოგონა, რაზეც ლუარა ძალიან გაბრაზდა და  გულით დაიფიცა, ან ტატოს გაჰყვებოდა, ან არასოდეს გათხოვდებოდა.
   ლუარა მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს, იქ დაამთავრა საშუალო და უმაღლესშიც მოეწყო. ტატომაც დაამთავრა საშუალო და ჯარში წავიდა. ლუარას შესახებ არაფერი იცოდა. ჯარის მერე დაქორწინდა, გაყიდა სოფელი და საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა. ლუარას სიყვარული არასოდეს დავიწყებია, უკვე  შვილიშვილებიც ჰყავს. რომ გაიგო ლუარა არ გათხოვილაო, თავი დამნაშავედ იგრძნო, სურვილი გაუჩნდა, მოეძებნა და ენახა ლუარა, რომელმაც მისი სიყვარული სპეტაკად შეინახა, მაგრამ შერცხვა შეხვედრის, რა უნდა ვუთხრა რომ მკითხოს, რატომ დაქორწინდიო? ტატომ მთხოვა, იქნებ ლუარას ტელეფონი გამიგოო. მე გაკვირვებულმა ვკითხე, რას აპირებდა. რა დროს ჩემი ოჯახის დანგრევაა, მინდა ბოდიში მოვუხადო და პატიება ვთხოვოო.  წავედი ნინოსთან მარკეტში და ვთხოვე ლუარას მობულურის ნომერი. ნინომ მიპასუხა, მის უკითხავად ვერ მოგცემ ნომერსო. დამაინტერესა, როგორი იყო ლუარა, ნინომ ამიხსნა, ძალიან კეთილი ადამიანია, სანამ მაგათ ოჯახში ვიყავი, ეგ იყო ჩემი მესაიდუმლე და დამცველიო. ხშირად აძახებდნენ, რომ არ გათხოვდა, ბევრი მთხოვნელი ყავდა, ეხლა სულ მარტო ცხოვრობს, მშობლები და ძმა მოუკვდაო. ჩემთან მეგობრობას არ წყვეტს, ხვალ დილას ჩამოდის, ყველი მოაქვსო. მე ყველაფერი ტატოს მოვუყევი, იუარა შეხვედრა, არა, ჯობია არ შევხვდეო, ჯობია ვახსოვდე როგორსაც მიცნობდაო, გამელოტებული, დაბერებული არ მინდა დავენახოო. მე რა გამაჩერებდა, მიზეზი მქონდა, ყველი უნდა მეყიდა, მარკეტის გაღებამდე მანქანით მივედი და დაველოდე ლუარას. მოვიდა ვიღას ქალი სუმკით და ისიც დაელოდა გაღებას, ნინოც მოვიდა. ეს ქალბატონი გადაკოცნა და გააღო მარკეტი, ყველი მიიწონა და ჩემზე რაღაც ანიშნა. ქალბატონმა ყურადღებით შემათვალიერა. მივხვდი, ლუარა იყო, დაბერებული, თვალებზე ეტყობოდა, რომ დიდ დარდს ატარებდა. ხმა ვერ გავეცი, ყველი ვიყიდე და გამოვედი, მალე ლუარა წავიდა. ნინოსთან შევედი, იქნებ რამე დაიბარა ან კიდევ როდის ჩამოვიდოდა, მინდოდა გამეგო. ნინომ მითხრა, ნომერის მოცემაზე უარი განაცხადაო. რა მექნა, ტატოს მოვუყევი ლუარასთან შეხვედრა. მკითხა, ლამაზიაო? კი, ძალიან ლამაზია, დაბერება არ ეტყობა-მეთქი, ვიცრუე. კიდევ კარგი არ წამოგყევიო. ასეთი რომ მნახოს, ხომ დაკარგავს ჩემზე წარმოდგენასო.
  ეს შეხვედრა მოხდა 2 წლის წინ, ტატო 70 წლის იყო. მას მერე ერთხელაც არ უთქვია, ყველი ვიყიდოთ ნინოსთანო. 6 თვე გავიდა ტარიელის გარდაიცვალებიდან. მე ნინოს არ გავაგებინე ტატოს გარდაცვალება.
 იაშა. მეგობრებო თითქოს ტვირთი მოვიხსენი ეს ისტორია რომ დავწერე.
წყარო: იაშა გაბუნია, ,,ნიჭიერთა სამყარო”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close