საინტერესო

,,ბერა მსხვერპლია და მსხვერპლი, ყველაზე ხშირად ძალადობს…”

,,მას ეგონა, რომ მთელი საქართველო მოექცა ივანიშვილების სასახლის გალავანს შიგნით"

ბიძინა ივანიშვილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ცხადია, სოციუმი ვიწრო იყო. ამ სოციუმში იზრდებოდა ბერაც. ყველა მისი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა. ოჯახის წევრები, უსაფრთხოების სამსახური, წრე რომელთანაც შეხება ჰქონდა, თავიდან ბოლომდე გადამოწმებული. არანაირი თავისუფალი ურთიერთობები, არანაირი დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება. აკი თავადაც ამბობდა ბერა ინტერვიუში, მამაჩემს ყველა ისე ესაუბრება, როგორც ძველ დროში დიდებულ მეფეებსო. ამას უყურებდა მთელი ცხოვრება. რა იყო კომპრომისი ან სირთულეები, ბავშვმა, როგორც ჩანს, არ იცოდა.
 ამის შემდეგ ბიძინა გამოვიდა კომფორტის ზონიდან და აღმოჩნდა პოლიტიკაში. გახდა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ბერას სოციუმი გაფართოვდა. ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში. და რასაც ვერ აიტანდა იმ ჩაკეტილ წრეში – წინააღმდეგობას, პროტესტს, დაუმორჩილებლობას, ვერ აიტანა ვერც ახალ რეალობაში – ანუ სასახლის გალავანს მიღმა. ამიტომ ამბობს ნახევარ საქართველოს ეს ზუმერი უნდა ეყენოსო. ამიტომ ამბობს, როგორ გატისკავენ იმ ბავშვს თავად მეზობლები, როცა გაიგებენ, რომ ივანიშვილი აუგად მოიხსენიაო. მას ჰგონია, რომ თვითონ კი არ გამოვიდა გარეთ, არამედ საქართველო მოექცა სასახლის გალავანს შიგნით. მამული გაფართოვდა, მაგრამ ხასიათი და თამაშის წესები იგივე დარჩა. როცა საჯარო პირი არ იყო და სასახლის ეზოში რამე დასჭირდებოდა, ვის მიმართავდა დასახმარებლად ? ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, გომელაურს. იგივე გაგრძელდა მერეც. მოთმენა, წყენის ატანა – ასეთი რამეები მისთვის უცხოა. მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი. და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. და ერთი მხრივ, ბიძინას უნდა ეზრუნა ოჯახის, მათ შორის ბერას უსაფრთხოებაზე, რამაც მისი საურთიერთო წრე უკიდურესად შეკუმშა, მეორე მხრივ, ეს შედეგი მიიღო.
 ესაა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება.
თუმცა ეს სულაც არ ეხება სამართლებრივ მხარეს. სამართლებრივად ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის შვილისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
ვახო სანაია, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close