სიღნაღის ამბები

,,შესაძლებელია, ავტობუსების დამატებაზე ვიზრუნოთ და მარშრუტების რაოდენობაც გავზარდოთ”

მოსახლეობის კითხვებს სიღნაღის მერის მოადგილე, დავით დურგლიშვილი პასუხობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირაა, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება. მწვანე, კომფორტული ავტობუსები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებებით ყოველდღიურად დადიან და მოსახლეობა უფასოდ გადაჰყავს. ტრანსპორტის განრიგმა, მარშრუტებმა და მგზავრობის საფასურმა სოციალურ ქსელში პოლემიკა გამოიწვია. მოსახლეობის უკეთ გათვითცნობიერების მიზნით, euronews.ge -ს ,,სიღნაღის ამბებმა“ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა სიღნაღის მერის პირველ მოადგილეს, დავით დურგლიშვილს სთხოვა.

დავით დურგლიშვილი:

_ მუნიციპალური ავტობუსი ივლის ყოველდღე ოთხი მიმართულებით. 1 ივნისიდან კი  დავამატებთ რეისს წნორი-ერისიმედი. ამ მარშრუტზე ავტობუსი ივლის მხოლოდ 4 დღე _ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. კვირას ერისიმედიდან ბოდბისხევის ბაზართან დილის 10 საათისთვის იქნება, იქიდან კი ერისიმედის მიმართლებით 1 საათზე გავა.

წნორი-სიღნაღის მარშრუტზე წინათ მიკროავტობუსი დადიოდა. ტრანსპორტი კერძო საკუთრება იყო, ამიტომ მე ვერ გიპასუხებთ, რას გადაწყვეტს მესაკუთრე, კიდევ ივლის თუ არა.

წნორი-ბოდბე-მაღაროს მარშრუტით მუნიციპალური ტრანსპორტი არ ივლის, თუმცა მარშრუტები ისეა დაგეგმილი, მაღაროდან ან ბოდბედან წამოსული მოქალაქე 9:30 საათზე უკვე სიღნაღში იქნება. მას შეუძლია, გადავიდეს მეორე ავტობუსში, რომელიც 10 საათზე გადის სიღნაღიდან წნორის მიმართულებით.

ზოგიერთმა მოქალაქემ საყვედური გამოთქვა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ყველგან არ აჩერებს და მხოლოდ სპეციალურ გაჩერებებზე ჩერდება. ხშირი გაჩერებები ტრანსპორტის გადაადგილების დროს გაახანგრძლივებს და დასაქმებული მოქალაქეები დროულად ვერ მივლენ სამსახურებში. ყველა ავტობუსი ერთი სამარშრუტო წრის გავლას საათნახევარი ანდომებს. დაგეგმილ გაჩერებებზე მგზავრები ტრანსპორტიდან ჩამოსვლას  უსაფრთხოდ შეძლებენ, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

მოქალაქეები კითხულობენ, სიღნაღი-წნორის დამაკავშირებელ მოკლე გზაზე ივლის თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი. სიღნაღის გალავნის თაღში, რომელიც წნორის გზაზეა, ავტობუსი ვერ ეტევა. ამ გზაზე არასდროს უვლია ავტობუსს.

მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის აპარატების მონტაჟის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში შეღავათიანი ბარათებისთვის მოსახლეობა განცხადებებს წერს. მათ აღნიშნულ ბარათებს უფასოდ დავუმზადებთ. ამ ბარათებზე ჩარიცხულ თანხას ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატი შეღავათით გადაახდევინებთ მგზავრობის საფასურს.

შეღავათებით ისარგებლებენ:

????სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონრები;

????იძულებით გადაადგილებული პირები;

???? ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

????შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

????სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

????მრავალშვილიანი მშობლები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

????მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა ოჯახები  რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

????სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები.

✅ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური 50 თეთრი, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

შეღავათიან ბარათში იქნება მფლობელის ფოტო, რომელსაც კონტროლიორი შეამოწმებს.

ბარათების სრულად დარიგების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი გახდება. მანამდე კი ყველასთვის უფასოა. მუნიციპალური ტრანსპორტის აპარატთან ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. მუნიციპალური ტრანსპორტის სტანდარტული ფასი 1 ლარია, შეღავათიანი ტარიფი – 50 თეთრი.

მოსწავლეებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მოსწავლეებმა ,,თი ბი სი“ ბანკში უნდა დაამზადებინონ მოსწავლის ბარათი, რომელიც უფასოდ გადაეცემათ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალიტეტში და საქალაქთაშორისო რეისებს ეს ცვლილება არ შეეხება.

ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი გამოკრული იქნება ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტრანსპორტში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი მიმართულების მარშრუტით მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება მხოლოდ დასაწყისია. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ავტობუსების დამატებაზე ვიზრუნოთ და მარშრუტების რაოდენობაც გავზარდოთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close