სიღნაღის ამბები

,,ვასო გოძიაშვილის მუზეუმში რაც ხდება, ჩვენი სირცხვილია…”

,,რაც უნდა ვმალო, დაფარვა შეუძლებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, ამას მოჰყვეს მსხვერპლი"- რა ხდებოდა სიღნაღის საკრებულოს სხდომაზე

ნელი ვარდიაშვილი
      სიღნაღის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც დავესწარი, ერთ-ერთ საკითხად აიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორის, ნათელა ნადიკაშვილის 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გამოიტანეს.  ჩემი დასწრების მიზანი, წინდაწინვე იყო იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც მუნიციპალიტეტში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში წლების განმავლობაში არსებობს და მისი გამოსწორებისთვის არავინ ზრუნავს. მინდოდა, ცენტრის დირექტორისგან საჯაროდ მიმეღო პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაჩნდა ამ დაწესებულებებში  შექმნილი პრობლემებისა თუ მავანთა დანაშაულებრივი, ანდაც საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებების გამო. ცხადია, იმის გარკვევაც მსურდა, როდემდე უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ფული არარსებულ მუზეუმებში ან იქ ,,დასაქმებული“ პერსონალის დიდი ნაწილი, რამდენ ხანს უნდა იჯიბავდეს ,,უსაქმურობის პენსიას“?

ქალბატონი ნათელა ნადიკაშვილის ანგარიშის სიგრძე-სიგანეზე მკითხველს ვერაფერს მოვუყვები, რადგან ცენტრის დირექტორს საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის სრულად წაკითხვა დაეზარა, საკრებულოს წევრთა უმრავლესობას კიდევ, მოსმენა.  მითხრეს, რომ  საკითხების განხილვის გარეშე კრების მხიარულად დატოვების  გამოცდილება, სიღნაღის საკრებულოს დიდი აქვს. აღმოჩნდა, რომ სხდომა, რომელსაც დავესწარი, დროის ხანგრძლივობით, აქამდე ჩატარებულ ყველა სხდომაზე მასშტაბური იყო. – გაგიმართლათ ან თქვენი მოსვლის მოლოდინის ფაქტორმა იმუშავა, თორემ სხდომაზე მხოლოდ დღის წესრიგს მიმოიხილავდნენ, ორ სიტყვას ეტყოდნენ ერთმანეთს და ერთი თვის შემდეგ  ხანმოკლე შეხვედრის იმედით დაიშლებოდნენო _ წლობით დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებში გამარკვიეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.  აღნიშნული სხდომის ანშლაგს კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორი გამოუჩნდა- სიღნაღის ახლადარჩეული მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, როგორც მითხრეს, მეორედ გამოჩნდა საკრებულოს სხდომაზე და მშვიდობის მტრედის ფუნქცია წარმატებით შეასრულა.

პათოსმა, რომელიც მერის  ხანმოკლე და პერიოდულ გამოსვლებს ნიავივით მოჰყვებოდა, სხდომაზე ანგარიშის წარმდგენელთათვის გამაგრილებელი ფუნქციაც შეასრულა – აბათილებდა ყველანაირ წინააღმდეგობას და ზღვა დაპირებებით ავსებდა ყველა იქ მყოფს. როგორც ჩანს, ,,იდეებს რა ვუყო“, მალხაზ ბეგიაშვილს სერიოზულად  აწუხებს, მაგრამ მთავარია, მისი მერობის დროს, ამ იდეებმა ხორცი შეისხას და განსხეულდეს. ,,ყველა მუნიციპალიტეტი ეძებს ნიშას, თუ როგორი სახით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვინდა, ნიშად ავირჩიოთ  კულტურის სფერო. ქვემო მაჩხაანში მოვახდინოთ ძველი, მოძრავი თეატრის რეაბილიტაცია  – კეთილმოვაწყოთ ამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა და ჩავატაროთ მაჩხაანის ე.წ. სიღნაღიზაცია ( სიღნაღის მსგავსად გალამაზება და განვითარება. რედ). ანაგაში, სანდრო ახმეტელის მუზეუმში მოვაწყოთ ღონისძიებები. ასევე, აღვადგინოთ ვაქირის კულტურის სახლი, რომელიც სერიოზულ რესტავრაციას მოითხოვს. გვინდა,  გადავჭრათ პრობლემების ეს ნაწილი. გვაქვს სხვა გლობალური იდეებიც და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“ _ განგვიცხადა  სიღნაღის მერმა.

სამწუხაროდ, აიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორის, ნათელა ნადიკაშვილის ანგარიშში, მერის მიერ დაპირებული ნიშის აჩრდილიც  კი ვერსად შევნიშნეთ. მეტიც, სიღნაღის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს, წელიწადში ერთხელ, ჩვენი პატარები რომ არ ალამაზებდნენ სიმღერებით, ლექსებითა და ნახატებით, ამ დაწესებულებების დიდი ნაწილი სრულიად ფუნქციადაკარგული იქნებოდა.  არადა, 2021 წელს მუნიციპალიტეტის აიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ბიუჯეტი 239 100 ლარი იყო. აქედან სახელფასო ფონდს მოხმარდა 184 400 ლარი, 16 800 ლარი კი შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებად გაიცა. ცენტრს ოფისის ხარჯებში- 6 792 ლარი აქვს მითითებული. გაპარტახებული მუზეუმების აღდგენა-რესტავრაცია კი ენის დასასველებლადაც არავის გახსენებია, თუ არ ჩავთვლით ილო მოსაშვილის მუზეუმს ვაქირში, სადაც 1 100 ლარად შეაკეთეს ჭიშკარი, რომელიც წლების განმავლობაში ისე იყო განადგურებული, მუზეუმში მიმსვლელები ღობიდან ძვრებოდნენ.  ქალბატონმა ნათელამ ანგარიშში მხოლოდ ერთი წინადადება დაუთმო იმას, რომ ზოგიერთ მუზეუმში განადგურებულია შენობა- ნაგებობა და იქ ადამიანების ყოფნა საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, დაზიანებულია სამუზეუმე ექსპონატები, დასაქმებული მეცნიერ თანამშრომლების გარკვეული ნაწილის  ცოდნა კი ვერ აკმაყოფილებს მუზეუმებში არსებულ მოთხოვნებს. სამწუხაროდ, სიღნაღის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან ერთად, შეეცადნენ, საკრებულოს სხდომაზე ჩემი ხმა და ობიექტურად დასმული კითხვები ჩაეხშოთ. გაურკვეველი სახის რეპლიკებით, მათ საშუალება არ მომცეს, საჯაროდ, სრულყოფილად მიმეღო მომხსენებლის პასუხები და მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში არსებული რეალობის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ყველა წევრს მოესმინა.

ამიტომ, აიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს ანგარიშის წარდგენა ვაცადე, მას ცალკე შევხვდი და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც ჩავწერე.

    _ ქალბატონო ნათელა, თქვენს ანგარიშში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში არსებულ სავალალო მდგომარეობას  მხოლოდ ორი სიტყვით რატომ შეეხეთ? რატომ არ თქვით სიმართლე, რაც იქ ხდება? ამ ფორმით, ხომ თქვენ დანაშაულს დააფარეთ ხელი?

_ როგორ გეკადრებათ, მე ხელს  არავის ვაფარებ.

   _ გასაგებია… თქვენ თქვით, რომ იმ ღონისძიებებში, რომლებიც მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ტარდება და ამით თავს იწონებს თქვენი სამსახური, მეტწილად მონაწილეობენ ბავშვები. მხოლოდ ბავშვებზე რატომ გაქვთ გათვლა? უფრო კრეატიულ იდეებს რატომ არ იგონებთ და ახორციელებთ?

_ წლის დასაწყისში ყველა მუზეუმის მენეჯერს მოაქვს სამუშაო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთონ წლის განმავლობაში. ჩვენ ვამტკიცებთ ამ გეგმას. სამუზეუმე კვირეულები მთელ რესპუბლიკაში, ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება და ჩვენც ამიტომ ვატარებთ. ასევეა საბიბლიოთეკო კვირეულიც.

   _ ანუ მეუბნებით, რომ თქვენს მენეჯერებს განსხვავებული და ახალი იდეები არ აქვთ. მათი მენეჯმენტი ბავშვების ლექსებსა და გამოფენებს ვერ სცილდება?

_ თქვენ მოგვაწოდეთ კრეატიული აზრები, უარი გითხარით ოდესმე?

   _ მე რატომ უნდა მოგაწოდოთ, თქვენ ხომ შტატიანი მენეჯერები გყავთ…ზოგიერთ მუზეუმში კი 2 ან 3 თამაშრომელია, რომლებიც ხელფასებს სწორედ ამიტომ უნდა იღებდნენ. ასე არ არის?

_ თქვენ რა გინდათ, ლიტერატურული საღამოები მოვაწყო?  (?! – ავტორი) ცოტა ხნის წინ მქონდა თათბირი და გავაფრთხილე ყველა, მოეძიებინათ საინტერესო თემები. ან მე რატომ მეკითხებით ამას, თავად მუზეუმის მენეჯერებს კითხეთ, რატომ არ სთავაზობთ თქვენს უფროსს კრეატიულ ინიციატივებს თქო? ვუთხარი მათ, მე ხომ არ მოგაწვდით იდეებს, თქვენ უნდა მომაწოდოთ მეთქი, მაგრამ რა იდეები, იმას ვერ მივაღწიე, რომ იმეილი შეექმნათ. კომპიუტერის ცოდნის პრობლემაც აქვთ. არადა, როგორ გავათავისუფლო, ზოგი კარგი თანამშრომელია, დარგის სპეციალისტი და კომპიუტერის არცოდნის გამო გავუშვა სახლში? სხვა პრობლემებიც არსებობს…

   _ როგორც ვხვდები, სიღნაღის მუზეუმებში არსებული ყველა პრობლემის შესახებ იცით. სოფელ ვაქირში, ვასო გოძიაშვილის მუზეუმში, თაგვებისგან დახრული ვასოს  სასცენო ფორმებიც ნანახი გექნებათ. ასეა?

_ დიახ, ნანახი მაქვს და არაერთხელ მივეცი შენიშვნა ამის გამო. მენეჯერის საქმიანობაში შედის, დაიცვას და გაუფრთხილდეს მუზეუმში არსებულ ნივთებს. ყველა ნივთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პასპორტი. ყოველწლიურად ვატარებთ ინვენტარიზაციას და გამოუსადეგარ ნივთებს კომისიის დასკვნის საფუძველზე ვანადგურებთ. ვასო გოძიაშვილის დაზიანებული ფორმები არ გაგვინადგურებია და იგივე სახითაა გამოფენილი.

   _ სოფელ ვაქირში, ილო მოსაშვილის მუზეუმზეც გკითხავთ. შენობის კედელს დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი სიგრძივი ბზარი რომ აქვს, ესეც გეცოდინებათ. წელს, ცენტრალური ჭიშკარი გააკეთეთ, მაგრამ დაზიანებულია მუზეუმის ღობე და ავარიული შენობა საფრთხისშემცველია. არასწორად ხომ არ ვსაუბრობ?

_ არ საუბრობთ არასწორად. შენობა ცენტრალური გზის პირზეა და ყველასთვის ადვილი დასანახია მუზეუმის დაზიანებული კედელიც. რაც უნდა ვმალოთ, ამის დაფარვა შეუძლებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, ამას მოჰყვეს მსხვერპლი. უამრავი მოხსენებითი ბარათი მაქვს დაწერილი კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ მერიაში, მაგრამ ჩემი მცდელობების შედეგი არის ის, რასაც ხედავთ- პრობლემის გამოსწორება არ ხდება. ჩვენ ცენტრს, 2021 წლის ბიუჯეტში 7 700 ლარი მქონდა და 6 700 ავითვისეთ. მორჩენილი თანხით გავაკეთებინეთ მოსაშვილის მუზეუმის ჭიშკარი.

    _ გადავინაცვლოთ ჯუგაანში, სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმში, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობს, მისი მენეჯერი კი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაშია. მუზეუმში ცხოველები დასეირნობენ, შენობაში შესვლა კი სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგან კედლებიც ინგრევა. ოპოზიცია ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტმა გამოყო 80 ათასი ლარი მის აღსადგენად, მაგრამ ეს ფული გაქრა.  აღნიშნული ფაქტის შესახებ რა იცით?

_ რამდენიმე წლის წინ, მე, ნოდარ ბაკაშვილი (არქიტექტორი) და მერის მაშინდელი მოადგილე თემურ ბალარჯიშვილი ვიყავით ადგილზე და შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა. მათ მითხრეს, 80 ათასი არ ეყოფა, 100 ათასი ლარიდან 150 ათას ლარამდე დასჭირდებაო. ვერ გეტყვით, 80 ათასი ლარი სად წავიდა, რომელიც ამ მუზეუმის აღდგენისთვის უნდა დახარჯულიყო, ეგ ჩემს კომპეტენციას სცილდება. ქალბატონო ნელი, თქვენი გვერდში დგომით თუ რაიმეს მივაღწევთ და ჩვენს მუზეუმებს ეშველება, მადლობის მეტი რა მეთქმის. როგორ გგონიათ, მე არ მაწუხებს იქ რაც ხდება?

.

   _ უნდა გადარდებდეთ კიდეც, მაგრამ ეს არ ეტყობოდა თქვენს ანგარიშს. აღნიშნული საკითხები რატომ მწვავედ არ დააყენეთ და მხოლოდ ორ სიტყვაში რატომ მოაქციეთ პრობლემები? გასაგებია, რომ რაც თქვენს ხელთაა, იმაზე მეტ თანხას ვერ დახარჯავთ, მაგრამ თუ მუზეუმები ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ იქ, წლების განმავლობაში დამთვარიელებელი ვერ შევა, არ გექნებათ მიმზიდველი იდეები ვიზიტორების დასაინტერესებლად, რა აზრი აქვს თუნდაც მცირედის ხარჯვას?

_ სწორედ ამიტომ გვინდა, ახლებურად დავიწყოთ მუშაობა. დაახლოებით ერთი თვის წინ ყველა სოფლის მუზეუმისა თუ ბიბლიოთეკის მენეჯერი შევკრიბეთ  სიღნაღის მერის კაბინეტში და გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი მოვიფიქროთ. მერმა ყველა მუზეუმის ხელმძღვანელს მოსთხოვა, პრობლემების სია პირადად მისთვის მიეტანათ. ამბობს, რომ უნდა ვიმუშავოთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ბატონი მალხაზის იმედი გვაქვს. წეღან თქვა კიდევაც, კარგი იქნება, ერთ სივრცეში გამოვფინოთ რამდენიმე მუზეუმიდან წამოღებული ნივთიო.

     _ და რას ნიშნავს ეს? სიღნაღის მერი აპირებს, მუზეუმებში არსებული პრობლემები ერთი ხელის დაკვრით მოაგვაროს, აღდგენის ნაცვლად გააუქმოს მუზეუმები არსებულ შენობებში და ყველა ერთად, ერთ სივრცეში შეყაროს? თქვენ თვლით, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი?

_ არაც და კიც… რაც შეეხება თაგვების დაღრღნილ ვასო გოძიაშვილის ნივთებს, გეთანხმებით, ეს ჩვენი სირცხვილია, ჟურნალისტის განსახილველი თემა არ უნდა გამხდარიყო.

( გაგრძელება იქნება)

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close