სიღნაღის ამბები

თქმულება კახეთის ზღვის შესახებ- ,,მკითხავებმა ქიზიყში ქრისტიანობა ამოშანთეს”

,,კახელმა მკითხავმა მაიამ ,,პაციენტს" ეკლესიის ვალად 200 ურემი პირჯვარი აჰკიდა..."

ახალგაზრდა მკვლევარი ნიკა ყარალაშვილი უკვე რამდენიმე წელია ქიზიყის ისტორიით და ძველ ქიზიყელთა ყოფა-ცხოვრებით არის დაინტერესებული. როგორც თავად გვითხრა, აქამდე უცნობ 300-ზე მეტ საინტერესო ისტორიასა თუ ამბავს მიაკვლია. ეძებს ყველგან – არქივებში, ძველ ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებში… მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობითაა. ნიკა შეგვპირდა, რომ მოპოვებულ საინტერესო ამბებს, პერიოდულად გაგვაცნობს.
ნიკა ყარალაშვილი:


_ ქიზიყის წარსული ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა მისი მოკვლევა, რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია დოკუმენტებზე დაყრდნობითაა და მას არქივებში, ძველ ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებში მივაკვლიე. არქივში დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდანაა შემონახული, უფრო ძველი, შემოსევების დროს განადგურებულა.…ზოგჯერ წინა საუკუნეების მასალებსაც ვპოულობ.
    _ საუბარი ქიზიყის ისტორიის ყველაზე საინტერესო ფურცლიდან დავიწყოთ- რომელმა ინფორმაციამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?
_ ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თურმე იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ქიზიყის სოფლებია, წინათ ყოფილა ზღვა. ამის შესახებ, საკმაოდ საინტერესო ლეგენდები მოვიძიე. გაზეთი ,,ივერია“ წერდა: ,,კახეთს გარშემო მთები არტყია, მთების კალთები და დაბალი გორები შემოსილია უღრანი ტყეებით, სადაც ხშირია ნასოფლარები, ნაციხარები, ნასაყდრალები და მრავალ გვარი ნანგრევები. ბევრგან მიყრუებულ ტყეში ჰნახავს კაცი მშვენიერს ტაძარს, ჯერ აქამომდე დაუნგრეველს, უვნებლად გადარჩენილს დრო-ჟამის მოქმედებისაგან. ამ ნაირი კვალი ძველის ცხოვრებისა უფრო მრავალწლოვანი ხეებით დაფარულს მთა-გორებს ეტყობათ. ამ უღრანის ტყეების ნანგრევთა წარსულზე მოხუცებული კაცები შემდეგს ამბობენ: უწინდელ უხსოვარ დროში ეხლანდელი კახეთის დაცემულ და ვაკე ადგილზე ზღვა მდგარა, რომელიც საიდამღაც გადმოვარდნილა. ამ დროს ხალხი მაღლობ ადგილებზე სახლებულა. როცა ზღვა დამშრალა, მაშინ ხალხსაც ძირს დაუწევია და ეხლანდელ ნანგრევ-ნასოფლარები უქმად დარჩენილაო. ზღვის დაშრობის მიზეზად შემდეგ ლეგენდას ასახელებენ: როცა კახეთი ზღვასა სჭერია, ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰყოლია ერთი კურატი, რომელიც დრო და დრო დაიკარგებოდა ხოლმე და, როცა უკან ბრუნდებოდა, თურმე რქებს სისხლის გაბასრულს მოიტანდა ხოლმე. შემდეგ, როცა შეიტყეს, რომ კურატი ზღვის პირზე მიდის, ზღვიდან გველვეშაპი გამოდის, რომელიც კურატს ებრძვის, კურატიც თავისას ცდილობს, მაგრამ გველვეშაპის კანს ვერაფერს აკლებს, – მაშინ ადგნენ წმინდა გიორგის ყმები და კურატს რქებზე ალმასები აასხეს. კურატი ისევ წავიდა გველვეშაპთან საომრად. გველვეშაპიც გამოვიდა და შეიბნენ. გველვეშაპის კანმა ალმასიანი რქების შეხებაზე დაჰკარგა წინანდელი თვისება, გველვეშაპმა იგრძნო ეს, შეშინებული ისე ძლიერად შეცურდა ზღვაში, რომ თავი ვეღარ შეიკავა, ეცა იმ გორას შირაქის ბოლოს, სადაც ეხლა ალაზანი და იორი გადაჩხრიალებენ, იყო გაჭიმული და ზღვას აგუბებდა, გაანგრია იგი, და ზღვაც გადავარდა. კახეთი გათავისუფლდა წყალისაგან, გაშრა, ხალხმა მაღლობებიდამ ძირს დაიწია და დაიწყო იქ ცხოვრება, სადაც დღეს სცხოვრობს”.
„კახეთის ზღვის“ შესახებ საინგილოშიაც გავრცელებულა საინტერესო ლეგენდა: უწინ, უხსოვარ ზამანას (ზამანა – ეპოქა) მთელი კახეთის მიდამო წყალს ეჭირა. ხალხი მთებზე სცხოვრობდა. დაგუბებულ წყალს თან-და-დან კიდევ ემატებოდა. ხალხი უფრო და უფრო შევიწროებაში შედიოდა. გაჭირდა ცხოვრება, რადგან მთებიდგან ძირს ვერ ჩამოდიოდნენ. მაშინ სცხოვრობდა ერთი გამოცდილი მენახშირე. დაეკითხნენ მას, როგორ ეშველათ თავიანთ თავისთვის და როგორ დაეშროთ ზღვა. მენახშირემ ერს ასეთი რჩევა მისცა. „ზღვაში ნახშირის პარკი ჩააგდეთ. ამ პარკს წყალი მოიტივტივებს და იმდენს ატრიალებს, რომ ბოლოს იმ მხრისკენ მიიტანს, საითაც წყლის გასადინელი რუსხმული საგულებელია: ის ადგილი გასჭერით. წყალი გადავარდება და გეშველებათო.“ ერს გაუხარდა. ნახშირიანი პარკი ზღვას მისცეს. პარკი სამხრეთის მხარეს მიადგა. იმ ადგილას, საცა აწ ალაზნის რუსხმულია, შირაქში, შავი-მთის ვიწრო გადატეხილში. ეს ადგილი, საცა კავ-კავებად აყუდებულიყო „შავი მთა“, გადათხარეს და გადასჭრეს. წყალმა დენა იწყო. ჩახრამა რუსხმული ძირამდის, გადიდინა სრულიად და აწინდელ ალაზნის კალაპოტში ჩაიწკრიტა. და მას შემდეგ მოშენდა – ლამაზი კახეთი.
ქიზიყის ტერიტორია ქრისტეშობის პერიოდიდან კამპეჩოვანის სახელით იყო ცნობილი. ეს სახელი კამეჩთა სიმრავლის გამო შეურქმევიათ. მე-19 საუკუნეშიც, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, იმდენი კამეჩი ჰყოლიათ, როდესაც ისინი მდინარე ალაზანში წვებოდნენ, წყალი მიმდებარე ტერიტორიას ტბორავდა. ამის გამო, ზაფხულის სიცხეში, ალაზანი თითქმის ყოველდღე ჯებირებიდან გადავარდებოდა ხოლმეო.
    _ როგორც ვიცი, ქიზიყელთა ცხოვრების კურიოზული ფაქტებიც გაქვთ მოძიებული…
_ ერთხელ ქიზიყის სოფელ ვაქირში ხმა გავრცელებულა, სოფელში ნატვრის თვალი და თამარ მეფის მთელი სიმდიდრეა დამარხულიო. თურმე ღამღამობით, მკითხავი თებრო მთვარულივით დადიოდა სოფელში და ხან ერთ ალაგს დაჰკრავდა ფეხს და ხან მეორეგან, მერე კი ათხრევინებდათ იქაურებს მიწას. იყო თურმე უზარმაზარი ორმოების თხრა. ხშირად ერთმანეთის ჩუმადაც თხრიდნენ, რომ სიმდიდრეში მოზიარე არა ჰყოლოდათ. ხანდახან რომელიმე მათგანი ძველ იარაღს იპოვიდა, ამით გამხნევდებოდა ისიც და სხვებიც და კვლავ ახალი ძალით იწყებოდა ქიზიყელების მარქშეიდერობა.
ერთ-ერთი ვაქირელის ოჯახში, ფეხმოტეხილი ბატკანი დაუტოვებიათ გამოსაკვებად. ერთ ღამეს ბატკანი სახლში შესულა და ფილაქნიან იატაკზე დაუწყია ფეხების ბაკუნი – ალბათ თავისთვის თამაშობდა. ამ ხმაზე რძლებს გამოუხედავთ და ეზოში ციცინათელა შეუნიშნავთ. ამტყდარა მთელი დავიდარაბა: ეს კაკუნი და ციცინათელა ნატვრის თვალისთვის დაუკავშირებიათ და დაუწყიათ დავა, არა ჩემი განძია, არა ჩემიო. რძლები ერთმანეთს თმებში ჩაფრენიან და ბიცოლა რომ არ ჩარეულიყო, ვინ იცის რითი დამთავრდებოდა ეს უაზრო ცემა-ტყეპაო- ნათქვამია ერთ-ერთ წყაროში.
გაზეთ ,,დროების“ ინფორმაციით კი, თურმე ქიზიყელები ხანძრის ჩაქრობას სარკეებით ცდილობდნენ.
,,ამას წინათ ს. მაჩხაანში ცეცხლი მოსდებოდა რამდენსამე გლეხ-კაცის სახლს, მეზობლის დედა-კაცები შეცვივნულიყვნენ სახლებში, მოეძებნათ სადაც კი სარკე გდებოდათ სადმე, გამოეტანათ და ცეცხლისათვის მიეშვირათ. ხალხი ამბობენ სარკეებით შეიძლება ცეცხლის მოგერებაო. მაგრამ სარკემაც არ უშველა; ცეცხლი უფრო და უფრო გავრცელდა.
ერთს ეკითხნა დედა-კაცისათვის რატომ სარკემ ცეცხლი არ გააჩერაო?
ეჰ, შვილო, მიეგო ერთს დედაკაცს – ეს სარკეები უწინდელი მამა-პაპის მოგონილია, როგორც ძველი დრო გამოიცვალა, ისე მამა-პაპის უწინდელი მოგონილებას ძალა აღარ აქვსო”.
საინტერესოა მკითხავების თემაც. მიუხედავად იმისა, რომ ქიზიყი ეკლესია- მონასტრებით იყო დახუნძლული, ხალხის მიდრეკილება ცრურწმენისკენ, აშკარად შეიმჩნეოდა. წყაროებით ცნობილია, რომ სოფელ ანაგაში 15 ეკლესია-მონასტერი არსებობდა, ვაქირი კი იმით იყო გამორჩული, რომ ერთ სოფელში მე-6 – მე-8 საუკუნეების ორი ტაძარი იყო- ნათლისმცემლისა და კვირაცხოვლის სახელით ცნობილი. ამ პერიოდში იქ ცხოვრობდა მკითხავი მაია, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ მომავალზე ესაუბრებოდა, მათ მკურნალობდა კიდეც და ,,სასჯელსაც” ადებდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ,,პაციენტს” მაიამ ეკლესიის ვალად 200 ურემი პირჯვარი აჰკიდა. ძველ ქიზიყში ისეთი უმეცრება სუფევდა, პირჯვრის რაოდენობას ურმებით წონიდნენ.
ძველი ქიზიყელები მკითხავებს დიდი პატივს სცემდნენ და სასულიერო პირებზე მეტად, თურმე მათი სჯეროდათ. ერთმა ქიზიყელმა გაზეთშიც დაწერა, მღვდლები მკითხავებთან ურთიერთობას გვიკრძალავთ, არადა, ზოგიერთი მღვდელი თავად დადის მკითხავთანო. ჩემი აზრით, ამისი მიზეზი ხალხის გაჭირვებული ყოფა-ცხოვრება იყო. იმ პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა გადამდები დაავადებები. ექიმი კი, არ მოიძებნებოდა. ექიმებისა და რეალურად დამხმარე ხალხის ნაკლებობამ წარმოშვა ,,მკურნალი“ მკითხავების მოთხოვნა. წყაროებმა შემოგვინახა ფაქტები, როცა მკითხავების რჩევით ავადმყოფი ქიზიყიდან თელეთის ტაძარში ურმით წაიყვანეს და გზაში ისე გაცივდა, მოკვდა.
იმ პერიოდში, ქიზიყის სოფელ ანაგაში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, დაარსებულა მონა-ტანჯულთა მონასტერი. მთელი კახეთიდან თურმე ამ მონასტერში მიჰყავდათ ავადმყოფები, რომლებიც ეკლესიას შესთხოვდნენ გამოჯანმრთელებას. ამგვარი მონასტრების არსებობას უცნაური ახსნა ჰქონდა: თითქოს ავადმყოფობები ღმერთმა სპეციალურად, ხალხის დასასჯელად დაუშვა და მკითხავებმა ქიზიყში ქრისტიანობა ამოშანთეს. დაავადებული ხალხი ამ მონასტერში ღმერთს განადიდებდა.
  _ მე-19 საუკუნეში ქიზიყში ექიმი რატომ არ არსებობდა?
_ ეს საკითხი ბუნდოვანია. წყაროების მიხედვით, სოფელ ვაქირში, მე-19 საუკუნის მიწურულს, ხალხი მეტად ავამყოფობდა. ამის მიზეზი სოფლის ბოლოს ჭაობის არსებობა ყოფილა, საიდანაც ვრცელდებოდა მალარია, ბრუცელოზი და სხვა დაავადებები. ჭაობსა და სოფელს შორის იყო ვენახები. იქ არსებულმა ჭის წყლებმაც ბევრი ადამიანი მოწამლა. ერთხელ, უეცრად გაჩენილ ქოლერას სოფელში 137 კაცი უმსხვერპლია. ავადმყოფობებით ხალხი ისე ყოფილა შეწუხებული, სოფელში ქსენონის ანუ საავადმყოფოს გახსნა გადაუწყვეტიათ. საკითხი მოუგვარებიათ კიდეც, მაგრამ მოსახლეობა იქაც ვერ იღებდა სათანადო მკურნალობასო.
რადგან კახეთს ვაზის სამშობლო ჰქვია, ზოგს ალბათ ჰგონია, რომ წინათ ქიზიყში ბევრი ვენახები იყო. არქივში, ჩემს მიერ მოპოვებული სტატიასტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თურმე ქიზიყში ვენახებს სასოფლო- სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 3 პროცენტი ეკავა. მე-19 საუკუნის ბოლოს, ქიზიყში ამუშავებდნენ დაახლოებით 82 ათას დღიურ მიწას. აქედან მხოლოდ 2 800 მოიცავდა ვენახებს. დანარჩენ მიწის ნაკვეთებზე ქერი და ხორბალი მოჰყავდათ და სპეციალურად, მიწაში ამოჭრილ ორმოებში ინახავდნენ მოსავალს. ერთ წელს, სოფელ ვაქირში თურმე იმდენი მარცვლეული აუღიათ, მთელ სოფელს 3-4 წლის განმავლობაში რომ გამოკვებავდაო. ასე, რომ ქიზიყს ხორბლის ბეღელი ტყუილად არ ერქვა, იქ აღებული მოსავლით მარაგდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები.
     _ ერეკლე მეორე – პატარა კახი კახელებისთვის გამორჩეული მეფეა. მასაც ძალიან ჰყვარებია ქიზიყელები. ამ ფაქტთან დაკავშირებით თუ მოიძიეთ საინტერესო ისტორიები?
_ ერთ-ერთი წყარო გვიყვება, რომ სოფელ ვაქირში მცხოვრებ ლუკა ხელაშვილს შეძლებული ოჯახი ჰქონია. იმ დროს, როცა ადამიანები ხის ქოხებში ცხოვრობდნენ, ლუკას ქვიტკირის ორსართულიანი სახლი წამოუჭიმია. მეფე ერეკლე ლუკას ოჯახს თურმე ხშირად სტუმრობდა და იქ ღამითაც რჩებოდა თავის ამალასთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, ამ სოფლის სახელწოდება, ხელაშვილებთან ერეკლე მეფის სტუმრობას უკავშირდება. ერთხელ, როდესაც ერეკლეს ლუკას სახლში გაუტარებია ღამე, თავისი მხლებლებისთვის უბრძანებია, რადგან ოჯახს ხშირად ვაწუხებთ, ამჯერად ქირა გადაუხადეთო. ეს ამბავი ლუკას შეუცხადებია: ვაა, მეფე ქირით დავაძინოთ? როგორ შეიძლება, სირცხვილი არ არისო და სოფელს მას შემდეგ დარქმევია ვაქირი. თუმცა ეს ყველაზე ნაკლებადსარწმუნო ვერსიაა სოფლის სახელწოდების წარმოშობის, რადგან წყაროების მიხედვით, სოფელს ვაქირი ერეკლე მეორის მეფობამდეც ერქვა. მივაკვლიე არჩილ მეორის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ვაქირია მოხსენიებული. ანუ სოფელი მე-17 საუკუნეშიც ამ სახელით იყო ცნობილი.
სახელწოდება ,,ვაქირი”, აღმოსავლურად მზის ამოსვლას ნიშნავს. ხალხი ამბობდა, რომ დილით, მზის პირველი სხივი მხოლოდ ამ სოფელს ეცემოდა. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ სიღნაღის ე.წ. წინა მხარში, სადაც ამჟამად ბევრი სოფელია, ძველად მხოლოდ ერთი იყო -ვაქირი.
სოფლების- ვაქირისა და ანაგის ბოლოს ახლაც არსებობს პატარა ტყე, რომელსაც ხალხი ,,ჭიან ტყეს” უწოდებს. ეს ამბავი 1735 წლის გაგანია მკათათვეს მომხდარა. წყაროს ინფორმაციით, უთენია დააცხრა დაღესტნელ მოთარეშეთა რამდენიმე გუნდი ქიზიყის წინამხრის სოფლებს. დაარბიეს ჯუგაანი, ასანური, საქობო, ვაქირი, ანაგა. გაძარცვეს დიდი და პატარა, წაასხეს პირუტყვი, მოიტაცეს ქალები, ბავშვები, გადაბუგეს სახლები. მტერი მდიდარი ნარბევით გაეშურა ალაზნის ფონისკენ. უხაროდათ: ადვილი როდი იყო ქიზიყელთა დარბევა, თანაც უმსხვერპლოდ. აი, გასცდნენ განაპირა დასახლებებს, შემოუარეს ,,ჭიან ტყედ’’ წოდებულ კორომებს და შესვენებაზეც იფიქრეს… არც დანაყრება და ნადავლის დათვლა-გაყოფა დავიწყებიათ. სახიფათო თითქოს არაფერი ჩანდა, მაგრამ… უცებ მეხივით დაიჭექა ქართველთა საბრძოლო ყიჟინამ… აბრაგებს ელდა გაუათკეცდათ, როცა მდევრის მოთავე რაზმში კახეთის სამეფო დროშას მოჰკრეს თვალი. და ეს მაშინ, როცა თავდასხმის წინ მძარცველებმა თითქოს უტყუარი ცნობები შეკრიბეს: კახეთის მეფედ აღიარებული თეიმურაზ მეორე ფშავში იყო გახიზნული, ხოლო უფლისწულები, გარდაცვლილი დავით იმამ-ყული-ხანის – თეიმურაზ II-ის უფროსი ძმის, კახეთის მეფის გამაჰმადიანებული ვაჟები სპარსეთში იყვნენ გადახვეწილნი, ქიზიყის მოურავი კი ,,საენდრონიკო სოფლებში’’ მიმალულიყო… მაშინ ვინ ააფრიალა სამეფო დროშა? ნუთუ თეიმურაზ II-ის ,,ძუძუმწოვარა ბალღმა’’, 15 წლის ერეკლემ გაბედა მახვილის აღმართვა? მაშ, დრო მოსულა ამ თავხედ ,,მგლის ლეკვს’’ დაუყოვნებლივ ასწავლონ ჭკუა… დაღესტნელმა ავაზაკებმა რიხი არ გაიტეხეს და ქადილით დააწყვეს რაზმები. საბრძოლო თადარიგში შიშიც გაუქრათ. მათკენ ერეკლე ბატონიშვილი მოჰქროდა. მართლაც, პირად მცველთა და სახელდახელოდ შეკრებილ მცირერიცხოვან ამალას მედგრად მოუძღოდა… და დაიწყო ნეიშნის ბრძოლა – ერეკლე II-ის საბრძოლო ნათლობა, რომელიც ჭაბუკი უფლისწულის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა…
თურმე სამ დღეს რეკდნენ ბოდბის მონასტრის ზარები, ცასა სწვდებოდა სიხარულის ყიჟინა. სწორედ მაშინ უწოდეს ქიზიყელებმა მომავალ მეფეს პატარა კახი. ეს მეტსახელი ჯერ მთიელებმა (თუშ-ფშავ-ხევსურებმა, თიანეთელებმა, დიდოელებმა) აიტაცეს, მოგვიანებით კი მთელმა საქართველომ შეისისხლხორცა. დიახ, პატარა კახი ჭაბუკ უფლისწულს მცირე ასაკის გამო შეერქვა, რამეთუ ერეკლე II გამორჩეულად ტანდაბალი არა ყოფილა, იგი შუა ტანის, მკვრივი აღნაგობის მამაკაცი იყო.
სად მდებარეობს ნეიშნის ველი? ეს კითხვა დიდხანს უპასუხოდ რჩებოდა. საქმეს აძნელებდა ის გარემოება, რომ ეს ტოპონიმი დღეს დაკარგულია. ისტორიული წყაროებისა და ფოკლორული მასალის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, გაირკვეს ერეკლე II-ის პირველი სამხედრო ტრიუმფის ადგილმდებარეობა.
პოლიექტოს კარბელაშვილის ,,ქრონიკებში’’ დაზუსტებულია, რომ ჭაბუკი უფლისწული დაღესტნელ მოთარეშეებს შეეტაკა ნეიშნის მინდორზე, ჭიან ტყესთან – ქიზიყიდან მარბიელთა უკუსვლის მომენტში. ამ დაზუსტებისას ავტორი ეყრდნობა რომელიღაც სიგელ-გუჯარს. პ. კარბელაშვილის ,,ქრონიკების’’ შედეგების წესი გვარწმუნებს, რომ მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, იგი ძირითადად სანდოა. მაშასადამე, გვაქვს საკმაოდ სწორი ორიენტირი – ჭიანი ტყე!
    _ ძველსა და ახალ ქიზიყურ ყოფას შორის რაიმე მსგავსებას თუ ხედავთ?
_ სიღნაღის მაზრაში პირველი სკოლა 1844 წელს, სოფელ ვაქირში გახსნილა. სკოლაში უვლია 50 მოწაფეს, თუმცა სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა წერა-კითხვა მაინც არ იცოდაო ანუ პროცესი იყო ფორმალური. შემდეგ ამ სოფელში აუშენებიათ ორსართულიანი სკოლის შენობა. 1913 წლის ოქრომბერში სკოლა უკურთხებიათ, რასაც ძალიან ცოტა ხალხი დასწრებია. ამის მთავარი მიზეზი ყოფილა ის, რომ თურმე ხალხი არაფერს აკეთებდა იმისათვის, თავად ესწავლა, ან შვილებისთვის მიეცა კარგი განათლება. ეს საკითხი დღემდე ასეა _ არავინ ცდილობს განათლების სფეროში რაიმეს შეცვლას.
   _ ქიზიყელები ხშირად ამაყობენ იმით, რომ უბატონო კუთხიდან არიან. რეალურად რას ნიშნავდა უბატონო ქიზიყი?
_ ბატონის არყოლა არ ნიშნავს იმას, რომ იქაური მოსახლეობა ყოველმხრივ თავისუფალი იყო. მე-13 საუკუნიდან ქიზიყში, ე.წ. ბატონი, როგორ მმართველი ფეოდალი არ ყოფილა, მაგრამ ქიზიყი მეფის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სოფელ კარდანახში იყვნენ ფეოდალი ვაჩნაძეები, რომლებსაც გლეხები მეფისთან წასაღებ გადასახადებს უხდიდნენ. ქიზიყის მმართველობაში ფეოდალების რგოლი გამოტოვებული იყო და ამ კუთხეს მართავდა მოურავი. სწორედ მისი საშუალებით მიდიოდა ხალხის გადასახადები მეფესთან. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ბატონს ყმა გამოექცეოდა და ის მოასწრებდა ქიზიყის ტერიტორიაზე გადასვლას, საფრთხე აღარ ემუქრებოდა რაც სინამდვილე არაა. როცა ასეთი შემთხვევა მეფის კარზე ხდებოდა ცნობილი, ისინი გზავნიდნენ იასაულს და გლეხს თავის ბატონს უბრუნებდნენ.
    _ როგორც ვიცი, თქვენი ინტერესი ქიზიყურმა ლექსიკონმაც გამოიწვია…
_ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტეფანე მენთეშაშვილის ძველი ქიზიყური ლექსიკონი. იქ შეტანილია სიტყვები, რომელიც სხვა კუთხეებში არ გამოიყენება. ქიზიყში, ვენახის რიგს უწოდებენ პლანს. წინათ კი მას შარი ერქვა. ,,დრეცა”-უხეიროდ ჭიმვას ნიშნავს. დუნდღვლა-გარტყმას. კანთიელი-გაუფრთხილებელს, არამომჭირნეს. მთხოვარა-მათხოვარს. როცა წყვილს შვილი არ რჩებოდა, მშობლები აღთქმას დებდნენ, ოღონდ შვილი გვეყოლოს, თავს დავიმცირებთ და მთხოვარას დავარქმევთო. ფიქრობდნენ, რომ შვილი გამოთხოვილი იყო ღვთისგან და თუ სახელსაც შესაბამისს დაარქმევდნენ, აუცილებლად შერჩებოდათ. ჰოპლიკა- თავტიტველი, მელოტი კაცის სახელია.
    ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close