საზოგადოება

ხდება თუ არა სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის დისკრიმინაციის ინიციატორი და მხარდაჭერი?

   საქართველოში მოქმედებს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,  რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, სკოლა აქციოს სივრცედ, სადაც მოხდება მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება; მისი აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

თუმცა რეალობა ხშირად განსხვავდება განათლების სისტემის დეკლალირებული პრინციპებისაგან. როგორც ადვოკატი ნინო გოგოლაძე განმარტავს ხშირად სკოლის ადმინისტრაცია ხდება კონკრეტული სკოლის მოსწავლის დისკრიმინაციის მხარდაჭერი.

  _ ქალბატონო ნინო, უპირველესად მკითხველს რომ განვუმარტოთ, რა არის დისკრიმინაცია და ზოგადად რა სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს სკოლაში დისკრიმინაციული მიდგომის საკითხს, ვინ არიან ამ შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირები ?

  _ დისკრიმინაციაა, როდესაც ადამიანებს, ან ადამიანთა ჯგუფს იდენტურ სიტუაციაში განსხვავებულად ეპყრობიან, ან ადამიანებს და მათ ჯგუფს განსხვავებულ სიტუაციაში იდენტურად ეპყრობიან. დისკრიმინაციის არსებობისას აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა:  პირს განსხვავებულად ან უარესად უნდა ეპყრობოდნენ იმასთან შედარებით, ვისაც იგივე ან მსგავს სიტუაციაში უკეთესად ეპყრობიან. ამასთან, მოპყრობა არასახარბიელო უნდა იყოს და მას გამართლება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყოველი განსხვავებული მოპყრობა არ არის დისკრიმინაცია. შესაძლოა, ქმედება   ნეიტრალურ მდგომარეობაშიც განვიხილოთ, თუმცაღა, შედეგად ვიღებთ გარკვეულ პირთა ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც პირდაპირი დისკრიმინაციის საფარქვეშ მიმდინარეობს ხოლმე.

   ჩვენს საზოგადოებაში არსებობს „პრივილეგირებული“ და „არაპრივილეგირებული“ ინდივიდები. რა არის პრივილეგია? „პრივილეგია“ არის დაუმსახურებელი უპირატესობების ერთობლიობა, რომელიც გააჩნიათ ადამიანებს განსაზღვრული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო. პრივილეგია არის ჩაგვრის“ ანტონიმი. ჩაგვრის შემჩნევა უფრო ადვილია, ვიდრე პრივილეგიის. მაგალითად; თითოეული ჩვენგანის დაჩაგვრის ფაქტი უფრო გაგვახსენდება, ვიდრე პრივილეგიისა, რომლითაც ჩვენ ვისარგებლეთ, რადგან, ცუდად მოპყრობა უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე, ვიდრე სამართლიანი მოპყრობა. პრივილეგირებულ ადამიანს აქვს მეტი ძალაუფლება. მაგ: ისინი დომინირებენ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, აქვთ გავლენა მედიაზე, პრივილეგირებული ადამიანები ძალაუფლებას იყენებენ მათივე მსგავსი ადამიანების – პრივილეგირებულების სასარგებლოდ. პრივილეგია არის საგანგებო უფლებამოსილება, რომელიც მინიჭებული აქვს რომელიმე ჯგუფს, ან პირს დაბადებით, ან პირობითად და შეიძლება ჩამოერთვას, ხოლო უფლება ჩამორთმევას არ ექვემდებარება და განუყოფელია ადამიანისგან. ამავე დროს, პრივილეგია უფრო ხშირად არის საზოგადოებაში არსებული მოსაზრება, რწმენა, თუ სტერეოტიპი  და შეიძლება დაწერილი ფორმით არც არსებობდეს, ხოლო უფლება გამომდინარეობს კანონიდან.

რატომ გავაკეთე აქცენტი დისკრიმინაციის არსებობისას „პრივილეგირებულ“ და „არაპრივილეგირებულ“ ადამიანებზე? იმიტომ, რომ ყოველივე ეს წახალისებულია თავად სკოლებში „ადმინისტრაციის“ მხრიდან ოჯახების ხელშეწყობით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავი ე.წ. „ელიტარული სკოლები“, სადაც ადმინისტრაცია (მათში მოვიაზრებ პედაგოგებს, დირექტორს, მანდატურის სამსახურს) ყოფენ მოსწავლეებს პრივილეგირებული მშობლებისა და არაპრივილეგირებული მშობლების შვილების კუთხით. ვისი, მშობელი უფრო წონადია თავისი გავლენით და შესაბამისად, ახალისებენ იმ . ე.წ. „პრივილეგირებულების შვილებს“. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს საზოგადოებაში, არსებობს მიმდინარე დავებიც და შეგნებულად თავს შევიკავებ გაჟღერებისგან.

  _ როგორია სტატისტიკა საქართველოს სკოლებში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ?

 _ მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენს საჯარო სკოლებში ძალიან ბევრი დისკრიმინაციის მაგალითებია, რომლებიც არ ხმაურდება და მის შესახებ არაფერი ვიცით. მე არ ვსაუბრობ მოსწავლეებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ყურადღებას ვამახვილებ, როდესაც დისკრიმინაციულ მიდგომებს ადგილი აქვს თავად სკოლის ადინისტრაციისგან და ხშირად, პირდაპირ თუ ირიბად, მასში ჩართულნი არიან მშობლებიც.

  სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მშობელი არ არის ინფორმირებული, თუნდაც მისი შვილის მიმართ არსებულ დისკრიმინაციაზე, იმიტომ რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი მენტალიტეტი არსებობს: ოჯახში ამბის მიტანა ითვლება ცუდ ტონად და იმის მაგივრად, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდეს, ბავშვები ხდებიან უკვე მორალური თავდასხმის მსხვერპლნი. რაც შეეხება, უშუალოდ ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს სკოლის მხრიდან- მსგავსი დავები იყო ერთეული, თუმცაღამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საზოგადოება ისწავლის, მათი შვილების უფლებების დაცვას კანონის საშუალებით, სასამართლოში მიმართვის გზით. ცხადია, არ არის აუცილებელი, მხოლოდ სასამართლოში მიმართვის გზით მოხდეს უფლების დაცვა, რადგან არსებობს სახალხო დამცველის აპარატიც. ხშირად ხდება მოსწავლის პერსონალური ინფორმაციის დარღვევა, რასაც მოყვება დისკრიმინაციული მიდგომები, ამისთვის არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია“, რომელიც ძალიან ოპერატიულად შეისწავლის მსგავს დარღვევებს. არა კონკრეტულად დისკრიმინაციულ ქმედებებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.  ხშირად მშობლებმა არც იციან მათი შვილების უფლებების არსებობის შესახებ და თავად ხდებიან ხოლმე თანამონაწილენი იმ დარღვევებისა, რომელზეც მაქვს საუბარი. (მაგ: არ იციან სკოლებში ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებთან წვდომა რეგულირდება თუ არა სათანადო წესით; არ იციან ვიდეოთვალთვალის გამოყენების ადგილები, რადგან არ არის სათანადო მინიშნებები გაკეთებული; მოსწავლის პირადი საქმეები ინახება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილებში და ა.შ.)

სულ ახლახანს, „პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექცია“ საქართველოს პარლამენტში წარდგა წლიური ანგარიშით, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას, თუმცაღა, ზოგიერთი სკოლის მიმართ გამოიკვეთა გარკვეული ნაკლოვანებები და დაეკისრათ მათი აღმოფხვრა. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, რომ სკოლას არა აქვს მნიშვნელობა კერძოა თუ საჯარო და არ აქვს გათვითცნობიერებული სკოლისა და მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების საკითხი.

პირადად, მსგავსი ფაქტების შესახებ გაგებული მქონდა ყურმოკვრით. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ სკოლებში ასეთი სავალალო მდგომარეობა იქნებოდა. ამ საკითხის კვლევა და სიღრმისეული შესწავლა დავიწყე მას შემდეგ, რაც თავად გავხდი მოსწავლის მშობელი და ჩემი შვილი გახდა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი, რაზეც ჩემი შვილის უფლების დასაცავად დავა დავიწყე სასამართლოში. ამის შემდეგ დავიწყე სიღრმისეული კვლევაც და დღეს, ყველა მოსწავლეს ან მშობელს, ვინც გახდება დისკრიმინაციის  მსხვერპლი, ვუწევ სამართლებრივ დახმარებას და მზად ვარ, მომავალშიც გავუწიო.

  _ რამდენად აღიქვამს მშობელი დისკრიმინაციის ფაქტორს, რამდენად ახდენს რეაგირებას და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სკოლაში მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? არის თუ არა ნეპოტიზმი დისკრიმუნაციული მიდგომის კატალიზატორი?

   _  გამოვყოფ მშობლის ორ კატეგორიას: პირველ   კატეგორიას მივაკუთვნებ იმ მშობლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი დისკრიმინაციულ ქმედებებში. მეორეს, ვისი შვილებიც არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. აი, პირველ კატეგორიას მიკუთვნებული მშობლები უწოდებენ და აგონებენ შვილებს, რომ თითქოს, ისინი არიან „პრივილეგირებულნი“, რაშიც სკოლის ადმინისტრაცია უწყობს ხელს და მეორე კატეგორიის მშობლები, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში.  ეს საკითხი არ არის ასე მარტივად და ზედაპირულად  სათქმელი ან გადასაწყვეტი. თუ პრივილეგირებული ოჯახის შვილის ინტერესს ეხება საკითხი, სკოლის მთელი ადმინისტრაცია იწყებს მათთვის არასასურველი ბავშვის „გაშავებას“.

   _ როგორ რეაგირებს  სკოლის ადმინისიტრაცია დისკრიმინაციული მიდგომის  ფაქტებზე? რამდენად  გუსლიხმიერია  მსგავსი პროცესების გამოვლენის პროცესში და ადეკვატურია თუ არა გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების პრაქტიკა?

   _ მინდა კითხვაზე მოკლედ გიპასუხოთ, რომ სკოლა არანაირ რეაგირებას არ ახდენს, პირიქით, სკოლა არის პირველი შემოქმედი ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციაზე. პრაქტიკაც არის მახინჯი. სისტემურად ხდება სკოლის მხრიდან მსგავსი ქმედებები, ამიტომ მნიშვნელოვანია და საჭირო, რომ მშობელმა იცოდეს, როგორ და რანაირად დაიცვას მისი შვილის უფლებები. ამაში სახელმწიფოს გააჩნია საკმაო რესურსი როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების კუთხით. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ მათ აქვთ უფლებები და მოვალეობები და მათი დარღვევის შემთხვევაში, უფლება აქვთ, დაიცვან საკუთარი ინტერესები.  ის მენტალიტეტი, რომ ოჯახში არ უნდა ისაუბრონ სკოლაში არსებულ პრობლემებზე, უნდა დაინგრეს და საზოგადოება მიეჩვიოს სწორად რეაგირების მეთოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო და უფრო სავალალო მდგომარეობა იქნება საზოგადოებაში. სკოლაში არსებული პრობლემების მიჩქმალვა და ჩაკეტვა რომ სურთ მასწავლებლებს, რათა ვიღაცის კარიერა არ შეეწიროს ამას, ამის გამო, პრობლემები ინაცვლებს ქუჩებში და კარგად ვიცით, რა მოყვა მსგავს სიტუაციას თუნდაც ხორავას ქუჩის მაგალითზე.

  _ ბავშვთა უფლებების კუთხით საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა რამდენად იძლევა შესაძლებლობას, სრულად იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ?

   _ ბავშვთა უფლებათა კოდექსის კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო 2017 წელს, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს და ძალაში შედის ამა წლის 1 სექტემებრს. აღნიშნული კოდექსის ფარგლებში ვთვლი და ვიმედოვნებ, რომ აბსოლუტურად იქნება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი გათვალისწინებული და მხარეებიც და სასამართლოც იმოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ახალი კოდექსის ფარგლებში ბავშვს ეძლევა უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. საკმაოდ მკაცრია სახელმწიფოს კონტროლიც აღსრულების მექანიზმის კუთხითაც. სამომავლოდ ვნახოთ, როგორ იმუშავებს ამ კოდექსის ფარგლებში დაწყებული დავების აღსრულება. პირადად მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, იმიტომ, რომ  მოგვეცემა უფრო ფართო სპექტრი საკანონმდებლო დონეზე, ვიმუშაოთ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

   _ როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა სკოლის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამოვლენისას? რა პროცესუალი ნიუანსების გათვალისწინებას ურჩევდით მსგავს შემთხვევაში?

  _ მშობელი, რომელიც შეიტყობს მისი შვილის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის შესახებ და თავს მიიჩნევს დისკრიმინაციის მსხვერპლად, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, დისკრიმინაცია განახორციელა. მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების დადგენა, შეწყვეტა, აღმოფხვრა და ამავდროულად მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

    _ ქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიმე გამორჩეულად სახასიათო საქმეს ხომ არ გამოყოფდით  ?

   _ ჩემს პრაქტიკაში მქონია შრომით დავებზე დისკრიმინაციული კუთხით დავები, თუმცა, დღეის მდგომარეობით გამოვყოფდი ჩემი შვილის საქმეს ერთ-ერთი სკოლის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე პრიორიტეტულია ყველა დავებისგან განსხვავებით, არა როგორც მშობლისთვის, რომელსაც გამაჩნია იურიდიული ინტერესი, არამედ ეს იქნება საქმე, რომელიც იქნება პრევენციის მატარებელი. ვინაიდან მიმდინარე საქმეა, შეგნებულად ვიკავებ თავს გავაჟღერო სკოლა ან ზედმეტად ვისაუბრო საქმეზე. არ მსურს საქმის მიმდინარეობისას წინასწარ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი. ჩემი მიზანია, ამ სარჩელით მივცე მაგალითი სხვა მშობლებს არ შეშინდნენ და დაიცვან მათი შვილები, ხოლო სკოლებმა იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინეტერესებიდან გამომდინარე და არა პრივილეგირებული მშობლების ინტერესებიდან. შედეგს მოგახსენებთ საქმის განხილვის დამთავრებისას.

     ანა ჯალაღონია

Related Articles

Back to top button
Close