ნელი ვარდიაშვილის სტატიები

საჯარო ბიბლიოთეკისთვის გამართული ბრძოლების ისტორია

ბიბლიოთეკის თანამშრომლები დაკეტილ შენობაში შეჭრილან და ძალით დაუსაკუთრებიათ აივანზალა ( საკატალოგო), დარბაზის აივანი და მარმარილოს კიბეები...

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თბილისში ქალაქური ტიპის, ეზოებიანი ბინების უმეტესი ნაწილი მრავალსართულიანმა სახლებმა შეცვალა. ,,იტალიური ეზოები” დღეს ძველი უბნების კოლორიტს წარმოადგენს, თუმცა დედაქალაქის რამდენიმე ადგილას უცხო ტიპის სასახლეებიც არის შემორჩენილი- დარბაზებით, აივნებით, ფართო ფანჯრებით… თითოეულ მათგანთან საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. როგორც ამბობენ, ამ შენობების ავტორები ძირითადად უცხოელი არქიტექტორები იყვნენ. ამიტომ მათი უმეტესობა იმ დროს ევროპასა და აზიაში გავრცელებული ფეშენებელური სახლების სტილზეა ნაგები და ქართული იერსახე ნამდვილად არ აქვს. პირველი შენობა, რომელიც თბილისში რევოლუციამდე აშენდა და უცხო სტილთა ჰქონდა შერწყმული ეროვნული მონუმენტური დეტალები, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსია.

გავრცელებულია აზრი, რომ ეს შენობა ილია ჭავჭავაძის ინიციატივით აშენდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ილიას მიერ დაარსებული სათავადაზნაურო ბანკი 1884 წელს არწრუნის ქარვასლაში (შემდგომ თბილისის უნივერმაღის შენობა უზნაძის ქუჩაზე) ყოფილა განთავსებული. 1914 წელს ქარვასლა დამწვარა, ბანკისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობა კი ჯერ კიდევ 1913 წელს ყოფილა დაწყებული სწორედ იქ, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკაა. მისი პროექტი კონკურსში გამარჯვებულ რუს არქიტექტორ ანატოლი კანგინს ეკუთვნოდა. კანგინი წარმოშობით კავკასიიდან ყოფილა და უმაღლესი განათლება პეტერბურგში ჰქონია მიღებული. საქართველოში ჩამოსვლამდე პიატიგორსკში, ბაქოსა და მოსკოვში უმუშავია. 1907 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი იყო და სწავლობდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. მას გაუზომავს ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრების ძეგლები-იშხანი, ხახული, ბანა, ტაოსკარი და სხვა. ქართული ტრადიციებისადმი თაყვანისცემა შესაძლოა ქართველი მეუღლის, მწერალ დარია ბალიაშვილის სიყვარულმა შთაუნერგა. When selling your property quickly, Sell my house fast are a good option. They make it simple and fast to move on to the next property or situation. Visit https://www.sellmyhousefast.com/we-buy-houses-virginia/selling-a-house-in-probate-virginia/.

რუს არქიტექტორს სათავადაზნაურო ბანკისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობისას ქართული ეკლესია მონასტრებისა და ეროვნული კულტურისათვის დამახასიათებელი მრავალი დეტალი აქვს გამოყენებული. ამის ნათელი მაგალითია შენობის გვერდით მხარეს განთავსებული ე.წ. სვანური კოშკი, თაღებიანი, ნათელი ფანჯრები და ა.შ. პირველ სართულზე, დიდ დარბაზში, რომელშიც შემდგომ ვახტანგ ტაბლიაშვილმა ცნობილი ფილმის, ,,ქეთო და კოტეს” ულამაზესი სცენები გადაიღო, წესით, სხვადასხვა საბანკო ოპერაცია უნდა შეესრულებინათ. მეორე სართულის სააქტო დარბაზი მრავალფეროვნადაა მოხატული- წმინდა გიორგის გამოსახულების ექვსი ჩუქურთმით და ზღაპრული ფრინველებით. დარბაზს ჰქონია მუსიკოსების დასასხდომად განკუთვნილი ანტრესოლიც. შენობის შესასვლელის ორიგინალური, მოჩუქურთმებული ხის კარი ცნობილი ქართველი ხისმთლელისთვის, ბოტკოველისთვის შეუკვეთიათ. შენობის მხატვრობა კი ხრინევსკის ეკუთვნის. მისი დამსახურებაა დავით აღმაშენებლის სახე ერთ-ერთ ჩუქურთმაზე. მარმარილოს კიბეები, ულამაზესი დარბაზები, ინტერიერი, მოჩუქურთმებული, გიგანტური კარი ორიგინალურ კომპლექსს ქმნის. კანგინს მისი მშენებლობა 1915 წელს დაუსრულებია, მაგრამ მასში არც ქართულ სათავადაზნაური ბანკს მოუწია შესახლება და მით უმეტეს, არც საჯარო ბიბლიოთეკას გადასცეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თავდაპირველად მასში ,,ამიერკავკასიის საკვებო-საწარმო მშენებლობა” და ,,ზაგოსტორგი” ყოფილა შესახლებუილი. შემდეგ კი ,,წიგნის პალატა”  და ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქცია. 1929 წელს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, სათავადაზნაურო ბანკისთვის განკუთვნილი ეს შენობა ოფიციალურად გადაუციათ ბიბლიოთეკისთვის, მაგრამ იქ განთავსებულ დაწესებულებებს შენობა არ დაუტოვებიათ. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა იძულებული გამხდარა, თვითონ შეერემონტებინა ის შენობა, რომელშიც  დაწესებულებები უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დასრულებულა. 1929 წელს ბიბლიოთეკის თანამშრომლები დაკეტილ შენობაში შეჭრილან და ძალით დაუსაკუთრებიათ აივანზალა ( საკატალოგო), დარბაზის აივანი და მარმარილოს კიბეები.

1931 წლის 5 მაისს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა და მკითხველთა საერთო კრებაზე ბიბლიოთეკის მაშინდელ თანამშრომელ ნიკო ლორთქიფანიძეს დაუჩივლია: ,,დღესაც ვერ შევრიგებულვარ აზრს, რომ ბიბლიოთეკა იძულებული იყო ძალით შესულიყო დაკეტილ შენობაში. ბიბლიოთეკა საშინელ პირობებში იმყოფება, რომელიღაც კიბეებზე არიან და ბრძოლის წარმოება უხდებათ. ბრძოლა კი ბიბლიოთეკის შენობისთვის გრძელდებოდა და იგი მხოლოდ 1937 წელს გადაეცა პატრონს მთლიანად.

ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის გვერდით მდებარე ახლანდელი მეორე კორპუსი 1953 წლამდე ბიბლიოთეკას არ ეკუთვნოდა. იგი სხვა არქიტექტორის დაპროექტებულია და მასში ერთ-ერთი რუსული ბანკი ყოფილა განთავსებული. ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კი- თავდაპირველად ბანკი, შემდეგ ფინანსთა სამინისტრო შეუსახლებიათ და მხოლოდ მოგვიანებით გადაუციათ იგი საჯარო ბიბლიოთეკისთვის. აი, ასეთია ეროვნული ბიბლიოთეკის ერთიანი კომპლექსის ისტორია.

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”, 2001 წელი   

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close