სიღნაღის ამბები

მარიკას ზღაპრული ქოხები და ბაღნარი წნორში

,,როცა ოჯახის წევრები იძინებენ, მე მაშინ გავდივარ და ჩემი შექმნილი წალკოტით ვტკბები"

მოყვარულ მებაღე – დეკორატორს, მარიკა ხუციშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყველა იცნობს. ქალაქ წნორში, საკუთარი სახლის ეზოში გაშენებულ  წალკოტს, მისივე ხელით შექმნილი დეკორაციები ამშვენებს.  მუდამ მოფუსფუსე ქალბატონის  ზღაპრულ სავანეს მნახველი ხშირად ჰყავს. მათი აღფრთოვანება კი მარიკას სტიმულს აძლევს, კიდევ უფრო გაამშვენიეროს და გაამდიდროს ყვავილნარი და საკუთარი შემოქმედება.

,,ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული- 5 ბავშვის მინდობით აღზრდა ვიკისრე და 7 წელია დედასავით ვუვლი“ – მითხრა მარიკამ და თავისი გოგო-ბიჭები გამაცნო. შემდეგ ბაღი შემოვიარეთ, დეკორაციები დავათვალიერეთ. აგურით ნაშენები დიდი სახლის თეთრ ოთახში ზღაპრული სამყარო დაგვხვდა. ბუხრის დეკორაციასთან პატარა, ფერად-ფერადი  ქოხების სიმრავლე შეინიშნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ხელოვანი ქალბატონის ერთ-ერთი გატაცება, პატარა ქოხების შენებაც ყოფილა. მარიკამ მოგვიყვა, რა გზა გაიარა, სანამ ისეთ წალკოტს შექმნიდა, სადაც დასვენება და დროის გატარება ყველას მოსწონს და უხარია.

      მარიკა ხუციშვილი:

_ 15 წელიწადს  თბილისში ვიცხოვრე. ქიზიყის სახლის ეზო მესიზმრებოდა და ბოლო დროს ქალაქური ცხოვრებაც გაუსაძლისი გახდა. დაბრუნება გადავცწყვიტე. საფერშლო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ რეგიონებში სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს. საქმე თავად გამოვიჩინე და მინდობით ბავშვების მოვლის პროგრამაში ჩავერთე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის ,,დედობა“ ვიტვირთე.

_ თავადაც ხომ გყავთ შვილები?

_ ორი ქალიშვილი და 5 შვილიშვილი მყავს. მინდობილი ბავშვების სახლში მოყვანის ღამე არ დამავიწყდება. შემეშინდა, ამდენი პატარა არსებისთვის როგორ უნდა მიმეხედა? დედა რომ მონატრებოდათ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი?   ყველაზე უმცროსი  2 წლის იყო. პატარამ როცა გაიღვიძა, ნამძინარევი გამოიქცა ჩემთან და ჩამეხუტა. ხუთივე ბავშვს  შვილიშვილებთან ერთად ვზრდიდი და ერთმანეთისგან არ ვანსხვავებდი. ბავშვებიც ისე დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებენ. მადლიერი ვარ ღმერთის, ასეთი კეთილი საქმე რომ შემაძლებინა.

ბავშვები წამოიზარდნენ და ტვირთი შემიმსუბუქდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ხელსაქმე, სხვადასხვა დეკორაციების კეთება, მორთულობების დამზადება და ოთახების მოკაზმვა. ტყეში ლამაზ ტოტებსა და ყვავილებს ვაგროვებდი და სახლში მომქონდა. სტუმრად თუ წავიდოდით, მასპინძელს ძველ ნივთებს ვთხოვდი, ახალი სიცოცხლე რომ მიმენიჭებინა მისთვის. ახლობლებმა იცოდნენ, რომ მუყაო არ უნდა გადაეგდოთ, რადგან მისგან პატარა სახლებს ვამზადებდი. ზოგ სახლს საახალწლოდ ვრთავდი, ზოგსაც აღდგომის დღესასწაულისთვის. ხის კალათებში ჩემს მიერ გაკეთებულ ყვავილებს ვაწყობდი… ისეთ დეკორაციებს ვქმნიდი, ყველას უკვირდა, საიდან მოიფიქრაო.

პირველი დეკორაცია შობისთვის მოვამზადე. გავაკეთე ბაგა, შიგ ახალშობილი იესო ჩავაწვინე, ძველი ცოცხისგან და ხის ნაფოტებისგან დამზადებულ ქოხს თავზე ცისკრის ვარსკვლავი დავასვი. დეკორაციაში, დაწნული ღობე ღვედკეცისგან დავამზადე. ეს მცენარე ალაზანთან ახლოს, ვენახებთან მოიპოვება და ადვილად იწვნება. მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები მივდივართ ხოლმე და ვჭრით, რომ დეკორაციებისთვის გამოვიყენო. ყველაფერს ვიყენებ – ვაზის ტოტებს, ძველ ტანსაცმელს, ქვებს, ბალახს… სიმართლე გითხრათ, ამ საქმეს ისეთი სიყვარულით ვაკეთებ, დეკორაციის გაჩუქება ძალიან მიჭირს, მაგრამ ერთ-ერთი საშობაო სახლი მოძღვარს მივართვი. კურიოზული სიტუაციებიც მაქვს ხოლმე. სიძეს როცა ვთხოვ, ქვა მინდა, მიწა მინდა და მომატანინე მეთქი, მეხუმრება – სიდედრო, ასი წლის მერე იმ ქვეყნად რომ წახვალ, ქვა და მიწა იქაც გეყოფაო.

  _ ზღაპრულ სამყაროში ყოფნა ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში გეხმარებათ?

_ არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის- შენს ქოხებს რომ ვუყურებთ, კარგ ხასიათზე ვდგებითო. ჩემი ყველა ნახელავი დადებითი ენერგიის მატარებელია.  ქუჩაში სხვისთვის შეუმჩნეველ, გადაგდებულ ნივთს რომ დავინახავ, მაშინვე ვიცი, მისგან რას გავაკეთებ. გირჩებისგან ისეთი მორთულობები დავამზადე, ყველა აღფრთოვანდა. საშობაოდ ან სააღდგომოდ სახლის მორთვას რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებ. ახალი წლის დღეებში სახლის შემოსასვლელი და მისაღები ოთახი ქათქათა ფერებში მოვრთე. ზღურბლს  გადმოაბიჯებდი თუ არა, ზღაპრულ სამყაროში ხვდებოდი.

წნორში, ცოტა ხნის წინ, არაჩვეულებრივმა გოგომ, თამთა კუსრაშვილმა სოციალური საწარმო გახსნა. მე და თამთამ დავისახეთ მიზნად, შშმ პირი ბავშვების  დედები გამოგვეყვანა სახლებიდან და დაგვესაქმებინა. გვეცოდებოდნენ, შვილების გამო ჩაკეტილები რომ იყვნენ სახლში. ზოგი ხელმარჯვე აღმოჩნდა, ზოგსაც შევასწავლეთ ხელსაქმე და შრომით ფერხულში ჩავაბით.  თამთას სოციალურ საწამოში შშმ ბავშვებს მომვლელები ჰყავდათ, მათ დედებთან ერთად მივდიოდით მინდორში, ტყეში და დეკორაციებისთვის საჭირო მასალა მოგვქონდა. საამქროში ერთად ვამზადებდით დეკორაციებს, გამოფენა გაყიდვებს ვაწყობდით და შემოსულ შემოსულ თანხებს შემდგომი დეკორაციებისთვის ვიყენებდით. დასაქმებული დედები კმაყოფილები იყვნენ და ამ საქმიანობის განვითარებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა  დიდხანს ვერ გაგრძელდა.

       _ მარიკა, როდესაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყველაზე ორიგინალურად მოწყობილი ბაღის ძებნას შევუდექი, თქვენთან სტუმრობა ბევრმა მირჩია. მართლაც საოცარი გარემო გაქვთ შექმნილი თქვენივე სახლის ეზოში. ახლა მომიყევით, როგორ აშენებდით ამ  სამოთხის ბაღს?

_ წლების განმავლობაში სოფლის სახლში არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად, ეზოც მოუვლელი იყო. პირველ რიგში ბალახი მოვაცილე და დავგეგმე, სად რომელი ყვავილი უნდა დამერგო. სახლის ზოგიერთი ხარვეზი ხვიარა მცენარეების ფარდებით დავფარე. ხვიარების უამრავი სახეობა ხარობს ჩემს ბაღში. ნიავი რომ დაუბერავს, ზღვასავით ლივლივებენ. ჩავიფიქრებდი, რომ ერთ კუთხეში ქოხი ჩამედგა და დეკორაცია გამეკეთებინა. მერე ღამეებს გავათენებდი, სანამ სისრულეში არ მოვიყვანდი ჩანაფიქრს.

თავდაპირველად ქოთნის ყვავილების გაშენება დავიწყე. პირველი ყვავილი კაქტუსი იყო, რომელსაც ,,ქაჯეთის ციხეს“ ეძახდნენ. შემდეგ მეზობლებს, ნაცნობებსა და ახლობლებს ყვავილებზე ტოტებს ვატეხვინებდი, ვაკალმებდი და ვრგავდი. ასე გავავსე ყვავილით 120 ქოთანი. მათი გამოზამთრების პრობლემა რომ შემექმნა, მერე მივხვდი, ეზოს ყვავილების შეგროვებაზე უნდა გადავსულიყავი.  ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ჯიშის მცენარე ხარობს ჩემს ბაღში ამჟამად. ბოლო წლებია, მხოლოდ მოყვავილე და მარადმწვანე მცენარეებს ვრგავ. კიპაროსები ვიყიდე და როცა გამყიდველმა ჩემი ბაღის ამბავი შეიტყო, პატარა ველოსიპედი მაჩუქა, დეკორაციისთვის გამოიყენებო. ნაჩუქარი ნივთი ლურჯად შევღებე, ზედ ყვავილების ქოთნები დავამაგრე და ულამაზესი დეკორაცია შევქმენი. ერთ-ერთმა მეზობელმა ხის კარი ქუჩაში დააგდო. წამოვიღე, შევღებე და ცისფერი კუთხე მოვაწყე. ძველებურ ლამფას და დოქებს მივუდგამ ხოლმე ყვავილებს. ძველი ნივთები არსებულ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ისე ვიყოჩაღე, რომ ორ წელიწადში ჩემს ეზოს ვეღარ იცნობდით- წალკოტად ვაქციე.

ჩემი ბაღის ყვავილობა გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. პატარა ხელოვნური ტბაც მაქვს, სადაც წყალმცენარები ხარობს. ბაღი დიდი არ არის, მაგრამ ეს ფართობი სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა სეირნობა და სილამაზით ტკბობა შეძლოს.

      _ ყვავილების მოშენება და მისი მოვლა, სოფლის პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს?

_ გაზაფხულიდან მთელი დღე მიწევს ფიზიკური შრომა და ცხადია, ვიღლები კიდეც. მცენარეებს ნაკელი სჭირდება, ამიტომ ზოგჯერ მიწით სავსე ტომრების თრევაც  მიწევს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საუბნო გზების მოპირკეთება რომ დაიწყო, რამდენიმე დიდი ქვა დარჩა მაღლა. რომელ ქვასაც ვერ მოვერიე, მეუღლეს შევეხვეწე,  მომატანინე ბაღში, ლამაზი გაზონები უნდა  ვაკეთო მეთქი. წლების განმავლობაში მუდმივი წყალიც არ გვქონდა და მოსარწყავად წყლის მოტანა წყაროდან ვედროებით მიწევდა. თავად ბევრ რამეზე ვამბობდი უარს, მაგრამ მცენარეებს მოვლა-პატრონობას არ ვაკლებდი. ასე შევქმენი ჩემი სამოთხის ბაღი.

როცა ოჯახის წევრები იძინებენ, მე მაშინ გავდივარ და ჩემი შექმნილი წალკოტით ვტკბები, ვისვენებ და უარყოფითი ემოციებისგან ვიცლები. ასე მგონია, ყვავილების გარეშე სიცოცხლეს ვეღარ შევძლებ. შრომის პროცესში ყვავილებს ველაპარაკები, ვეფერები, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მათ სუნთქვასაც ვგრძნობ. თითოეულ მათგანს ჩემებურ სახელებს ვეძახი- ჭრელფოთოლა, ცისფერთვალება, წითელგულა, სამფერა და ა.შ. მათი ყვავილობისას ჩვენს სახლში სტუმარი არ ილევა. მოდიან მეგობრები, მეზობლები, ახლობლები… მიხარია, ჩემს მიერ შექმნილი ბაღი ყველას რომ მოწონს. მათი ოვაციები და ქება სტიმულს მაძლევს  და სურვილს მიჩენს, კიდევ უფრო გავალამაზო, ახალ-ახალი ყვავილებითა და დეკორაციებით შევამკო, უფრო მეტად აღფრთოვანებული რომ დავტოვო სტუმარი.

.

     _ სიღნაღის მუნიციპალიტეტში  სადღესასწაულო სუფრებს აფორმებს. თქვენს მიერ გალამაზებული ქორწილის, ნათლობისა და დაბადების დღის სუფრები მართლაც განსხვავებული და შთამბეჭდავია. ამ საქმესაც მარტო უძღვებით?

.

.

_ ეს საქმიანობაც სპონტანურად დავიწყე. თავდაპირველად ჩემი დის ქორწილის სუფრა გავაფორმე, შემდეგ მეზობლის და ხელი ასე გავიწაფე. როცა კარგად დავხელოვნდი, გადავწყვიტე, საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია. გაფორმების პროცესში ჩემი გაზრდილი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას. მთელი გუნდი მივდივართ დანიშნულ ადგილზე და ვიწყებთ მორთვას. ბიჭები კონსტრუქციებს ქმნიან, მე კი ვალამაზებ. უამრავი საქორწინო, დაბადების დღისა თუ ნათლობის დეკორაცია მაქვს სახლში, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ მასალას ვიყენებ და ახლებურ გარემოს ვქმნი. ზოგი კლიენტი მეუბნება, ამა და ამ ადგილზე რომ გააფორმეთ სუფრა, ჩვენც ზუსტად ისეთი გვინდაო, მაგრამ ჩემს მიერ მორთული არცერთი ქორწილის და დაბადების დღის დეკორაცია ერთმანეთს არ ჰგავს-ყველა განსხვავებული და ორიგინალურია.

   ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close