სიღნაღის ამბები

მიზანდასახული წნორელი ახალგაზრდები და ხალხის აშენებული ,,ცოდნის კაფე”

,,ჩვენი სამოქალაქო მუზეუმის შიდა კედლებზე ,,ოქროს ასოებით“ იქნება გამოსახული ,,ცოდნის კაფეს" მაშენებელთა გვარ -სახელები"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში წლების წინ ახალგაზრდების მიერ დაარსებული საგანმანათლებლო ცენტრი -,,ცოდნის კაფე“ მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. კეთილი საქმეებისთვის გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა შეუძლებელი შეძლეს და რამდენიმე წელში, ხალხის დახმარებით, წნორის ცენტრში 4 სართულიანი შენობა ააშენეს. თანხის შეგროვების პროცესში ყველა შემომწირველს აგურზე ავტოგრაფს ატოვებინებდნენ, რათა რეგიონისთვის სათუო ცენტრის აღმშენებელთა გვარ-სახელები ისტორიისთვის შემოენახათ. როგორც გვითხრეს, შენობის შიდა ფასადი სწორედ ამ წარწერებიანი აგურებით მოაპირკეთეს. -,,ცოდნის კაფეს“ ყველა სტუმარს ეცოდინება, ვინ გვედგა გვერდით ან ვინ  ზრუნავდა საკუთარი ქვეყანისა და მშობლიური კუთხის  ასაღორძინებლადო, გვითხრა ერთ-ერთ დამფუძნებელმა, ქეთი მოლაშვილმა.

  ქეთი მოლაშვილი:

_ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2010-12 წლებში წნორიდან თბილისში საწავლებლად წასული ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში პერიოდულად ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით, რა გაგვეკეთებინა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. შაბათ -კვირას ჩამოვდიოდით წნორში და სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს ვატარებდით სკოლის მოსწავლეებისთვის. ადგილობრივ ბიზნესმენებს თანხებს ვთხოვდით და ფესტივალებს ვაწყობდით. ის სულიერი და შემეცნებითი საზრდო, რაც ჩვენს თაობას აკლდა, გვინდოდა, ჩვენზე უმცროსებისთვის უშურველად მიგვეცა. მშობლების მოცემულ ფულსაც კი ვზოგავდით, ვაგროვებდით და საკანცელარიო ნივთებს ვყიდულობდით კონკურსების ჩასატარებლად.

წნორელ ახალგაზრდებს შეხვედრებისთვის საჭირო სივრცე არ გვქონდა, რაც ძალიან გვაწუხებდა. შემდეგ  სხვადასხვა ფონდისგან წამოვიდა დაპირება- ისეთ კარგ საქმეებს აკეთებთ, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურეთო. აქედან გაჩნდა იდეა, დაგვეფუძნებინა  სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. რამდენიმე წელში კი გადავწყვიტეთ, მოგვეწყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვის საჭირო ყველა იმ  პლატფორმას მოვუყრიდით თავს, რომლებიც მათ დაეხმარებოდა წარმატებების მიღწევაში.

იმ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი გერმანიაში იმყოფებოდა. დაბრუნებულმა გვითხრა, ვნახე ისეთი კაფეები, სადაც წიგნებიც ჰქონდათ. ხალხი მიდიოდა, იკვებებოდა და თან იმაღლებდა განათლებასო. წარმტაც იდეად მოგვეჩვენა ნანას მონათხრობი. ცოტა ხანში წნორში გავაკეთეთ კაფე, სადაც მოვაწყეთ ახალგაზრდების შეხვედრების, სემინარ-ლექციების ჩასატარებელი  სივრცე, წიგნის მაღაზია და სამკითხველო. დავუკავშირდით გამომცემლობებს და მათი გვერდში დგომით, წიგნის დიდი ფონდიც შევქმენით.

_ ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდობამ წიგნის კითხვაზე ხელი აიღო და ქალაქებსა და სოფლებში ბიბლიოთეკები დაიხურა?

_ ჩვენ ისეთ ახალგაზრდებთან გვაქვს შეხება, მათზე ვერ ვიტყვი, ოდესმე წიგნის კითხვა არ უნდოდათ მეთქი. მთელ კახეთში ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე დიდი ფონდი გვაქვს. 1 200-მდე ინგლისურენოვანი წიგნი გვაქვს და ორი ამდენი ქართული თანამედროვე ლიტერატურა. ლონდონში, კარგი ადამიანების სამეზობლომ, სპეციალურად ჩვენი კაფესთვის შეაგროვა საუკეთესო წიგნები და საჩუქრად გამოგვიგზავნა. ადგილობრივი ახალგაზრდები ამ წიგნებს აქტიურად კითხულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსის არქონის გამო, წიგნებს წასაკითხად სახლებში არ ვატანდით, ზოგჯერ გამონაკლისს მაინც გვაშვებინებდნენ.  შემდეგ, როცა სტატისტიკას გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ 3-5 თვის ინტერვალით 500-მდე წიგნი ჰქონდათ გატანილი და დაბრუნებული, რაც საუკეთესო შედეგი იყო. დაკვირვებით ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდები ახლადგამოცემულ წიგნებს უფრო კითხულობდნენ, ვიდრე ძველ წიგნებს. წიგნით ხელში იღებდნენ სელფებს და დიდ ყურადღებას აქცევდნენ გარეკანის  დიზაინს. ამ პატარ-პატარა წარმატებებმა მოგვცა სტიმული, კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა ჩვენი მზრუნველობა მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ.

2016 წელს ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დაგვიჭირა მხარი, წნორში ვიქირავეთ ფართი და სოციალური საწარმო -,,ცოდნის კაფე“ გავხსენით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი ჩვენი მოგება უნდა დაგვეხარჯა  რეგიონში, საზოგადოების განვითარებისთვის. გვყავდა მენეჯერი, მზარეული, რომელიც აცხობდა ნამცხვრებს, ამზადებდა ტკბილეულს. სხვადასხვა ორგანიზაციებში იცოდნენ, რომ ჩვენი კაფე-ბიბლიოთეკიდან მიღებული თანხა რეგიონის განვითარებისთვის უნდა დახარჯულიყო, ამიტომ ცდილობდნენ, წვეულებების სუფრა ჩვენთვის შეეკვეთათ და რესტორნებში აღარ გადაეხადათ ქეიფები. წიგნის მაღაზიიდანაც გვქონდა შემოსავალი, თუმცა ეს თანხები მხოლოდ კომუნალურ და შენობის ქირას, ჩვენთან დასაქმებულთა ხელფასებს თუ ჰყოფნიდა. ცოდნის კაფეს ორივე დამფუძნებელი ენთუზიაზმით ვმუშაობდით და არანაირი ხელფასი დღემდე არ მიგვიღია.

სოციალური საწარმოს ამუშავება იოლი არ გახლავთ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა წამოწყებული კეთილი საქმე არ დასრულებულიყო. აქტიურად ვიყავით ჩართული სოციალურ ქსელში და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ხშირად ვაქვეყნებდით წერილებს. თავდაპირველად, ბიზნესმენები დახმარებაზე უარს გვეუბნებოდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებოდით. საბოლოოდ, საზოგადოებას მოეწონა ჩვენი ინციატივები, გაკეთებული საქმეები, იდეები აიტაცეს და ჩვენი კაფე ცნობადი გახდა. ახლა, ,,ცოდნის კაფეს“ სახელით რომ ვეხმიანებით ცნობილ ადამიანებს და ვთხოვთ ჩვენთან ჩამოსვლას, ხალხთან შეხვედრას, ლექციის ჩატარებას ან დისკუსიის მოწყობას, უარს არავინ გვეუბნება. იციან, რომ იქ დიდი და დაინტერესებული აუდიტორია დახვდებათ.

ჩვენი მთავარი იდეა, რისთვისაც ,,ცოდნის კაფე“ შევქნებით ისაა, რომ ადამიანებს თბილისის გარდა, რეგიონებშიც ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. ჩვენთან მოწვეულ სტუმრებს წინასწარ ვუხსნით, რომ ჩატარებული ლექციები, სემინარები არ უნდა ჩამოუვარდებოდეს დიდ ქალაქებში მოწყობილი ღონისძიებების ხარისხს.  ,,ცოდნის კაფეს“ წარმატებული ნაბიჯებით დავამტკიცეთ ისიც, რომ თუ რაიმეს გაკეთება ადამიანს ძალიან უნდა და მისთვის მთლიანად დაიხარჯება, შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი გამოუვა.

   _ მალე, ხალხის დახმარებით. ,,ცოდნის კაფე“ 4 სართულიან შენობაში შესახლდება. რამდენიმე წლის წინ, ამას წარმოიდგენდით?

_ როდესაც გადავწყვიტეთ, ,,ცოდნის კაფეს“ შენობაზე გვეზრუნა, ყველა გვეუბნებოდა, რომ საქართველოში ხალხს უჭირს და შენობის ასაშენებელ თანხას ვერ შევაგროვებდით. არც ამჯერად დავიხიეთ უკან. როდესაც სოციალურ ქსელში განცხადება გამოვაქვეყნეთ და ანგარიშის ნომერი მივუთითეთ, ერთი ლარი არ გაგვაჩნდა მშენებლობის დაწყებისთვის. ყველანაირ ხერხს მივმართეთ, თანხა რომ შეგვეგროვებინა. მთელი საქართველოს მასშტაბით გავმართეთ მარკეტინგული კამპანია-შეჯიბრი, რომელშიც ჩაერთო სხვადასხვა რეგიონის 106 სკოლა.  ,,ცოდნის კაფეს“ მშენებლობისთვის ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფს ვაძლევდით 100 ლარს და 10 დღეში  გასამმაგებული უნდა დაებრუნებინათ. სხვანაირად, მეორე ტურში ვერ გადავიდოდნენ. ახალგაზრდებმა შეძლეს და 17 დღეში 35 ათასი ლარი გადმოგვირიცხეს. შენობის ასაშენებლად წინასწარი გათვლებით 97 ათასი ლარი გვჭირდებოდა, მაგრამ ხალხის ძალისხმევით 300 000 ლარს გასცდა შემოწირულობა. ვიფიქრეთ, რადგან ვაშენებთ, ბარემ სრულყოფილი სახლი ავაშენოთო და მშენებლობის პროექტი შევცვალეთ. შენობა უკვე აშენებულია და მოპირკეთება დასრულებული. ახლა სარემონტო სამუშაოები და აღჭურვის  პროცესი უნდა დავიწყოთ. პირველ სართულზე წიგნის მაღაზია და კაფე მოეწყობა. მეორეზე- შეხვედრების სივრცე და ტექნოლოგიური დარბაზი. მესამეზე – საერთო სამუშაო სივრცე და სტუმრის რეზიდენცია. ის ადამიანები, რომლებიც ცოდნის გასაზიარებლად წნორში ჩამოვლენ, შეეძლებათ, ,,ცოდნის კაფეს“ შენობაში კიდევაც დაბინავდნენ. ტერასაზე კი გვექნება დიდი შეხვედრების ერთიანი სივცე. ამჟამად თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ თანადგომით შეუძლებელი შევძელით და ქართველი ხალხის აშენებულია წნორის ,,ცოდნის კაფე“.

_ ,,ცოდნის კაფეს” სამშენებლო აგურებზე შემომწირველთა ავტოგრაფების დატოვების ამბავიც მოგვიყევით…

_ ხალხს ვეუბნებოდით, რეგიონის განვითარებისთვის რა თანხასაც საჭიროდ თვლით, ის თანხა შემოგვწირეთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი თანხის შემომწირველი ხდებოდა ,,ცოდნის კაფეს“ მაშენებელი. მათ აგურებზე ვატოვებინებდით ავტოგრაფებს. ჩვენი კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცე იქნება ერთგვარი სამოქალაქო მუზეუმი, სადაც შიდა კედლებზე ,,ოქროს ასოებით“ იქნება გამოსახული იმ ადამიანთა გვარ -სახელები, რომლებმაც გაერთიანება და წარმოუდგენელი საქმის განხორციელება შეგვაძლებინეს. ამჟამადაც არის რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელთაც ჩვენი ანგარიში ხელფასზე აქვთ მიბმული და მათი ყოველი ხელფასის ნაწილი, ,,ცოდნის კაფეს“ მშენებლობას ხმარდება. ისინი საკუთარ ქველმოქმედებას ასე ხსნიან, ჩვენ დრო არ გვაქვს, რომ რეგიონის ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების განვითარება- ხელშეწყობაზე ვიზრუნოთ. რადგან ამ საქმეს თქვენ უძღვებით, ჩვენ ვალს ასე გადავიხდით- ერთ-ერთ ახალგაზრდას დავუფინანსებთ სწავლას ან ხანდაზმული ადამიანებს ცხოვრების გალამაზებაში შევუწყობთ ხელსო.

ჩვენი შორეული მიზანი არის ის, რომ წნორი გავხადოთ ქალაქი, სადაც სიხარულით დაბრუნდებიან უკან, სასწავლებლად წასული ახალგაზრდები და საცხოვრებლად დედაქალაქში გადაბარგებული ოჯახები. დასამალი არაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ნახევრად განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან მარტივია აქედან გაქცევა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია აქ დარჩენა და ქვეყნის შველა. არაერთი ახალგაზრდა ელოდება ,,ცოდნის კაფის“ შენობის დასრულებას, ჩვენთან ერთად გარკვეული პროექტის განსახორციელებლად რომ ჩამოვიდეს მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მართალია ზოგი ჯერ სწავლობს, მაგრამ გვპირდებიან, რომ კავშირს არ გაწყვეტენ, შაბათ-კვირას ჩამოვლენ და გვერდში დაგვიდგებიან. ვფიქრობთ, ჩვენი კაფე გახდება თბილისში წასულ ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტს შორის დამაკავშირებელი ხიდი. როდესაც რეგიონში რაიმე პრობლემა ჩნდება, ჩვენი ჯგუფი მაშინვე იმ ლოკაციას ერგება და ეხმარება ადამიანებს. პანდემიის დროს, როდესაც სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდა, ბევრ ბავშვს არ ჰქონდა კომპიუტერი, პლანშეტი ან ტელეფონი, რომ ონლაინგაკვეთილს დასწრებოდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ასეთი  ბავშვები, ,,ცოდნის კაფეს“ გვერდზე გამოვაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი და ერთ კვირაში 110 ათასამდე ლარი მოვაგროვეთ. ხალხის ჩარიცხული თანხით 73 ახალგაზრდას შევუძინეთ პლანშეტური კომპიუტერი. მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც ტელეფონი არ ჰქონდათ, ავადმყოფობის დროს სასწრაფო დახმარებისთვის რომ დაერეკათ, ტელეფონები ვუყიდეთ, ზოგსაც ტელევიზორი არ გააჩნდა და  მივუტანეთ.

წნორში ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად მოწესრიგებულია, ამიტომ ხალხს  სჭირდება მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური პროგრამების დაფინანსება. ხელისუფლება ხშირად ვერ იაზრებს, რომ ახალგაზრდულ პროგრამებთან ერთად, უფროსი თაობის სოციალური პროგრამებიც არის საჭირო. უცხოეთში, პენსიაში მყოფი ადამიანები კვლავ აქტიურები და მოტივირებულნი არიან, მაგრამ ჩვენთან, საპენსიო ასაკი ადამიანის სიკვდილთან მიახლოვებას ნიშნავს. სახელმწიფოც ამ პრობლემას თითქოს ვერ ამჩნევს. ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ, რომ საქართველოშიც, პენსიაში გასული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ სიბერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მივცეთ საშუალება იყვნენ აქტიურები, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებს, იმოგზაურონ, გაერთონ, წერონ, იკითხონ, ისწავლონ ცეკვა-სიმღერა, შეხვდნენ მეგობრებს და ა.შ. გვინდა, ამ კუთხითაც  მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. ახალგაზრდები ვალდებულები ვართ, რომ უფროსი ასაკის ადამიანებზე სათანადოდ ვიზრუნოთ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არიან ბიზნესმენები, რომლებიც ,,ცოდნის კაფესთან“ მეგობრობენ. შალვა მჭედლიშვილმა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ტბები აქვს და იქ თევზსაშენები აქვს მოწყობილი, გვითხრა, ოღონდ თქვენ ხანდაზმულთა კლუბის წევრები ჩემს ტბაზე მოიყვანეთ და საკუთარი  ხარჯებით გიმასპინძლებთო. მეთევზეთა ასოციაციის წარმომადგენელიც დაგვეხმარა და საჭირო აღჭურვილობით ჩამოვიდა ტბაზე.  მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ისე გაიწაფნენ ჩვენი ხანდაზმულები  ანკესით თებზაობაში, ყველა იჭერდა თევზს, მაგრამ შემდეგ ეცოდებოდათ და უკან უშვებდნენ. ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით, რამდენჯერმე ექსკურსიაზეც წავიყვანეთ ეს ადამიანები. ისე უხაროდათ, მთელი გზა მადლობას გვიხდიდნენ და გვეუბნებოდნენ, თქვენ რომ არა, ისე მოვკვდებოდით, ამ ლამაზ ადგილებს ვერასდროს ვნახავდითო. ერთხელაც მარჯანიშვილის თეატრმა მიიპატიჟა ჩვენი ხანდაზმულები სპექტაკლზე და სრულიად უფასოდ უმასპინძლა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად 5 ათას ლარს აძლევს ,,ცოდნის კაფის“ ბაზაზე არსებულ უფროსი თაობის კლუბს,  რათა მან გააგრძელოს საქმიანობა.

_ ,,ცოდნის კაფეს” ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა.  ქიზიყელებმა გაიცნეს ის ცნობადი სახეები, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდათ ნანახი. ბევრი ადგილობრივი ესწრება ხოლმე ასეთ ლექციებს?

_   უკვე შედგენილი გვაქვს ის პროგრამები, რომლებიც ცოდნის კაფეს გახსნის შემდეგ განხორციელდება. სტუმრების სიაც ჩამოწერილი გვაქვს და მათგან წინასწარი თანხმობაც მიღებულია. ლექციების თემა შეეხება იმას, რამდენად მნიშვნელობანია ადამიანს ჰქონდეს იდეა და ინიციატივა. მოწვეული სტუმრები აუხსნიან მსმენელებს, ერთი ადამიანის ინიციატივამაც კი, როგორ შეიძლება შეცვალოს ჩვენს ირგვლივ ყველაფერი.

წინა წლებში ,,ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთი პირველი სტუმარი იყო მწერალი გურამ დოჩანაშვილი. მან საინტერესოდ მოგვითხრო თავისი წიგნების პერსონაჟებზე. გვსტუმრობდა პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომლის ფონდმაც შემდეგ სკამები შეგვიძინა.

წინა მთავრობის დროს აგვიკრძალეს ფილმების ყურება, მაგრამ ზაზა ხუციშვილმა საინტერესო ფილმი ჩამოგვიტანა. აფთიაქის ოთახში, წამლის ყუთებზე ვისხედით და ისე ვიყურებდით. გვესტუმრა ნინო ქათამაძე, ლევან ბერძენიშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე… ლექციების შემდგომ  იმართებოდა დისკუსიები.  დათო ტურაშვილის ლექციაზე დასასწრებად ახალგაზრდების ჯგუფი ყვარლიდან ჩამოვიდა. იმდენი ადამიანი გვთხოვდა ლექციაზე დასწრებას, სივრცე არ გვყოფნიდა, რომ ყველა დაგვეტია. ახალ შენობაში კი ბევრი მსურველის მიღებას და გამასპინძლებას შევძლებთ.

    _ სხვა რეგიონებშიც ხომ არ გეგმავთ ,,ცოდნის კაფეს“ ფილიალების გახსნას?

_ ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, თუ ,,ცოდნის კაფეს“ მსგავსი სახლები საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიქმნება. ჩვენც ვფიქრობთ, რომ მისი ფილიალები სამომავლოდ გავხსნათ, თუმცა მანამდე, სათანადო შედეგი ჯერ წნორში უნდა დავდოთ. ზუსტად უნდა ვთქვათ, რა სასიკეთო საქმეები მოჰყვა მუნიციპალიტეტში ,,ცოდნის კაფეს“ დაარსებას და რამდენად შედეგიანია ხალხთან ერთად  ჩვენი თავდაუზოგავი შრომა.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close