საზოგადოება

,,ბანკები ხანდაზმულ სესხებს ყოველ სამ წელში ერთხელ აცოცხლებენ”_ ახალი აფიორა მოსახლეობის გასაკოტრებლად

ექსკლუზივი-სკანდალი

   ბანკები სესხებს ხშირად ისეთ ადამიანებს აძლევენ, რომელთაც არ გააჩნიათ ქონება და უმუშევრები არიან. ანუ წინდაწინვე ცნობილია, რომ ისინი ვერ შეძლებენ სესხის დაბრუნებას. მართლაც, როცა სესხის დაბრუნების დრო დგება და მსესხებელი ვერ გადაიხდის თანხას, ბანკი ამ ადამიანს შავ სიაში წერს, სესხს პრობლემურად მიიჩნევს და სესხის ამოღების სამსახურთან ამისამართებს.

კანონით, თუ მსესხებელს 3 წლის განმავლობაში არ გააჩნია ქონება და არც შემოსავალი აქვს, მის მიერ ბანკიდან გამოტანილი პრობლემური სესხი ითვლება ვადაგასულად და ის უნდა ჩამოიწეროს. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები”-ს პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილის თქმით, ამ ფორმით სესხების ჩამოწერა თითქმის არ ხდება და ბანკები, მიკრისაფინანსო ორგანიზაციები კანონს თაღლითობას უპირისპირებენ.

მამისა ჯაფარაშვილი:

_ იმის გამო, რომ მოქალაქემ არ მოითხოვოს ხანდაზმული სესხის ჩამოწერა, ბანკები ასეთ ხერხს მიმართავენ: ვინმეს მიცემენ თუნდაც 10 ლარს და აპარატიდან ჩაარიცხინებენ იმ ანგარიშზე, რომლითაც ამ მოქალაქეს სესხი ჰქონდა გამოტანილი. მსესხებელი ფიქრობს, დადგა დრო, რომ სესხი ჩამომაწერონო, განცხადებასაც წერს, მაგრამ ეუბნებიან, ნურას უკაცრავად, 10 ლარი გაქვს ჩარიცხული ამ პერიოდში და ხანდაზმულობის ვადა, ჯერ არ არის გასულიო. 10 ლარი რომ შენ არ შეგიტანია აპარატიდან, ამას ვერაფრით დაამტკიცებ, რადგან გადამხდელი არ ფიქსირდება. ეს არის გაცოცხლებული სესხი. ანუ სამი წელი მსესხებლისთვის არასდროს არ გავა, რასაც ბანკები ზედმიწევნით აკონტროლებენ. ყველა ბანკში შექმნილი აქვთ სპეციალური სამსახურები და არ მიჰყავთ სესხები ხანდაზმულობამდე.

_ როგორ მთავრდება ხანდაზმული სესხის ვადის ამ ფორმით გახანგრძლივების საქმეები?

_იშვიათი შემთხვევაა, როცა გაეპარათ და ხანდაზმული გახდა სესხი. ქართულ საბანკო სისტემას ადამიანების დიდი ნაწილი ყურებით ჰყავს გამოჭერილი. ვალში ჩავარდნილი ხალხი სამსახურს ვერ იწყებს ათწლეულების განმავლობაში, რადგან, ასეთ დროს, ხელფასი ბანკს მთლიანად მიაქვს. დიახ, ცნობილია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არ მუშაობენ, არ აქვთ ქონება და შემოსავალი, მაინც უმტკიცებენ სესხებს. ხშირად ისინი ვერ ასრულებენ საბანკო ვალდებულებას და მერე, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ იწყებენ სამსახურს, რადგან ბანკი მის სესხს ყოველ სამ წელში ერთხელ აცოცხლებს.

ნებისმიერ სამსახურში, სადაც იგებენ, რომ ადამიანს აქვს ბანკის ვალი, ეუბნებიან, რა სახის პრობლემის წინაშე დადგება. ისინი ვერ დაუმალავენ საგადასახადოს ამ პიროვნების შემოსავალს. ეს ინფორმაცია კი არის საჯარო და ბანკებსაც მისდის. მოკლედ, მკაცრად აკონტროლებენ ყველაფერს. ჯაჭვური რეაქციის პრონციპით არის ქვეყანაში რიგითი ადამიანების გაკოტრების მექანიზმი აწყობილი. კედელთან არის თითოეული მოქალაქე მიყენებული ბანკებისაგან და ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, ასე რომ არ იყოს.

 _ როგორც ვიცი, ასეთი საქმეები სასამართლოებშიც ხვდება. იქ რა ხდება. ბანკებთან მებრძოლები იქაც დამარცხებულები არიან?

_ მოსამართლეები ამცირებენ მხოლოდ პირგასამტეხოს ჯარიმებს, ძირსა და პროცენტს ვერაფერს შველიან. რამდენად კანონიერია დიდი პროცენტებით სესხის გაცემა, ამ ნიუანსებში შეჭრის უფლება მოსამართლეს არ აქვს.

 _ რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ მოიქცნენ ასეთ მდგომარეობამდე რომ არ მივიდნენ?

_ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი: ძალიან თუ არ უჭურთ, სესხი არ უნდა აიღონ. მეორე: მასიურად არ უნდა დაუბრუნოთ სესხები ბანკებს. სხვანაირად არ გაგვახარებენ არავის.

ბანკის ვალის გამო ბევრს საზღვარზე აკავებენ და მერე პოლიციაში დაჰყავთ ჩვენებების მისაცემად. ეს ახალი  ხაფანგი ბოლო დროს შემოიღეს. შეიძლება, ადამიანს 300 ლარი ჰქონდეს ნასესხები და 5 წლის მერე ათი ამდენი გაუხდეს, რადგან შეუძლიათ, სესხის 150 პროცენტიც კი გადაახდევინოს მსესხებელს. ეს არის დაურეგულიურებელი პროცესი, მახე, რომელსაც შორი სამიზნე აქვს. ეს მიზანი გახლავთ ჩვენი ქვეყნის უძრავ-მოძრავი ქონების ხელში ჩაგდება. ახალ-ახალ მეთოდებს და ხრიკებს მიმართავენ, ადამიანები შეცდომაში რომ შეიყვანონ და ბანკებიდან ფული ააღებინონ. მერე ბოლომდე გამოწურავენ და დატოვებენ ღია ცის ქვეშ.

კიდევ ერთ მაქინაციურ სქემაზე მოგიყვებით, რომელიც ბოლო დროს აამუშავეს. მოქალაქეებს, რომელთაც პრობლემური სესხი აქვთ ეუბნებიან, გადმოგვიფორმე ქონება უკან გამოსყიდვის ხელშეკრულებით, აღარ დაგვჭირდება სასამართლო და ყველაფერი უკეთ იქნებაო. ბევრმა გადაუფორმა ბინა იმ იმედით, რომ სასამართლოს აღარ მიმართავდა ბანკი და მას გამოსყიდვის საშუალებაც მიეცემოდა, მაგრამ ვერ იხდიან მოქალაქეები ერთ წელში თანხებს. ასეთ დროს ბანკი ეუბნება მათ,  თქვენ დაარღვიეთ ხლშეკრულება და ვერ დაგიბრუნებთ საცხოვრისსო. ზოგჯერ თავად უსახელბს ბანკი იპოთეკარებს, ვისგანაც ამ ადამიანმა ფული შეიძლება ისესხოს ბინის გამოსასყიდად, მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც იღუპება და ქონებაც ბანკს რჩება, რადგან იპოთეკარებიც მისი წარმომადგენლები არიან.

მოჯადოებულ წრეში ატრიალებენ ადამიანს და ყველაფერს აკარგვინებენ. ბინა ისედაც უკვე გადაფორმებული აქვს ბანკს და უბრალოდ, უკან აღარ უბრუნებს. მერე, სასწრაფოდ გადაყიდის სხვაზე და დამთავრდება ყველაფერი. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის გამოცხადებული ომი. ბანკების ხელით ართმევენ ჩვენს ხალხს ყველაფერს, რაც გააჩნია.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close