საზოგადოება

ორი ავტოავარია და 6 მსხვერპლი ერთ დღეში

ორი ოჯახი ემსხვერპლა გუშინ, 26 იანვარს მომხდარ ორ ავტოავარიას.

ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევამ ბაქარ ბანძელაძისა და მისი სამი შვილის სიცოცხლე შეიწირა. ბაქარის 30-წლამდე მეუღლე, უმძიმეს მდგომარეობაში, მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისიც გარდაიცვალა.

ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. ბაქარ ბანძელაძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ოჯახს 25 იანვარს პატარა გოგონას დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ბაკურიანში აღნიშნეს. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახი შინ ბრუნდებოდა. გარდაცვლილები 12, 10 და 8 წლის მოზარდები არიან.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

ასევე 26 იანვარს,  ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზეც მოხდა ავტოავარია, რომელსაც ასევე ემსხვერპლა მამა-შვილის სიცოცხლე. მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია.

 

Related Articles

Back to top button
Close