საინტერესო

ქართველი მეფუტკრის წარმატებული ბიზნესი ამერიკაში

,,ჩემი ფუტკრის პროდუქტების მომხმარებელთა 70 პროცენტი ქართველი ემიგრანტია..."

ამერიკული მარკეტების სამომხმარებლო დახლებს ჩვენი თანამემამულის, გიორგი მაისურაძის მიერ ადგილზე წარმოებული თაფლი, სახელწოდებით,, ,,MaGio Honey “  ამშვენებს. გიორგი ემიგრაციაში 2017 წლიდან იმყოფება. პელნსილვანიის შტატში ფუტკარი მოაშენა და საკუთარი წარმოება ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომითა და  ზრუნვით განავითარა. თაფლის გარდა ამზადებს საკვების დანამატ პროდუქტს- ჰომოგენატს, აგრეთვე სანთელს და  სანთლის კომპოზიციებს. ამბობს, რომ მისი წარმოებული თაფლი ამერიკელებსა და ქართველ ემიგრანტებს ძალიან მოწონთ, თავად მას კი ზოგიერთი სახეობა, საკუთარი წინაპრების კუთხის, დუშეთის თაფლის გემოს ახსენებს.

    გიორგი მაისურაძე:

_ 14  წლის ასაკში ჰეპატიტი დამემართა. ღვიძლის გამორეცხვებისთვის ნატურალური თაფლი გახდა საჭირო. მარტყოფში, მამას მეგობარს ჰყავდა ფუტკარი. მან თაფლთან ერთად, მამას კეთილი რჩევაც მისცა- ყოფელ შაბათ- კვირას სოფელში დადიხარ, ორ სკას გაჩუქებ, მოუარე და იმდენი თაფლი გექნება, ნათესავებსაც უწილადებო. დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში გვქონდა მამა-პაპისეული სახლი. მამამ წამოიღო ნაჩუქარი სკები, მაგრამ რადგან ამ სასარგებლო მწერის მოვლა არ ვიცოდით, ფუტკარი გაზაფხულზე  დაგვეხოცა. მერე  ვიყიდეთ ორი სკა. მამა ფიზიკურად უვლიდა ფუტკარს, მე კი მეფუტკრეობაზე ვკითხულობდი წიგნებს და მიღებულ ცოდნა მას ვუზიარებდი. ასე შევიყვარე ფუტკარი და მის მოვლასაც მივეჩვიე.

ერთხელ ისეთი პრობლემა შეგვექმნა, წიგნების დახმარებით ვერ გამოვასწორეთ. გავიგე, რომ დუშეთის რაიონში,  სოფელ ყვავილში, აკადემიკოს არჩილ ლოლუას გარკვეული რაოდენობის ფუტკარი ჰყავდა. მასთან კონსულტაციაზე მისულმა პირველად ვნახე ფუტკრის შხამის მიღების პროცესი. დავინტერესდი ამ საქმით, ვიყიდე აპარატი და ბოლომდე ჩავერთე მეფუტკრეობის ფერხულში. როცა ამერიკაში წავედი, 120-მდე ფუტკრის არასტანდარტული ოჯახი დავტოვე  საქართველოში.

 _ სამშობლოში საყვარელი საქმით ყოფილხართ დაკავებული და ემიგრაციაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
_  ამერიკამდე იტალიასა და საბერძნეთში მომიხდა ცხოვრება.  ყველგან ვეძებდი მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციებს, რადგან ჩემი უმთავრესი ინტერესი სწორედ ფუტკარი, მისი მოვლა -პატრონობა და მისგან მიღებული სასარგებლო პროდუქტების  რეალიზაციის სტაბილური გზების პოვნა იყო. იტალიაში დავდიოდი გამოფენებზე, ბაზრობებზე და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ყველა რჩევას ვიმახსოვრებდი.

პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ. რამდენიმე წელი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, კათედრაზე, ქიმიურ ლაბორატორიაში ვიმუშავე. დისერტაცია დაწერილი მქონდა, მაგრამ სამეცნიერო მუშაობის მიტოვება მომიხდა. სამაგიეროდ, ჩემი პროფესია  მეფუტკრეობაში დამეხმარა. ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ფუტკრის მოვლისთვის გამოიყენება, ზოგჯერ მისთვის ზიანის მომტანია, აბინძურებს თაფლს და ა.შ. ჩვეულებრივ მეფუტკრეს თუ პრეპარატების შერჩევაში სხვა უწევს კონსულტაციას, მე თავად ვაფასებ სიტუაციას და პირადად  ვწყვეტ, რომელი პრეპარატი გამოვიყენო ამა თუ იმ პრობლემის დასაძლევად და რომელი არა.

ამერიკაში 2017 წელს, ტურისტული ვიზით,  მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე. შემოდგომით კი იმ მიზნით წავედით ოკეანის გაღმა, რომ მხოლოდ ზამთარს გავატარებდით ემიგრაციაში და გაზაფხულზე კვლავ დავბრუნდებოდით, მაგრამ ხანგრძლივი დროით დარჩენა მოგვიხდა. ფუტკრის შხამის მიღების ექსპერტის სტატუსი მაქვს, საქართველოში მეფუტკრეებს ტრენინგებს ვუტარებდი. თავადაც ვიღებდი ფუტკრის შხამს, მაგრამ როგორც ყველაფერი, ეს სფეროც ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიზირებული და აქედან გამომდინარე არასტაბილურია. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამერიკაში დარჩენა  და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით იქ დამკვიდრება.

      _ ამერიკაში ფუტკრის შეძენა, მისი მოვლა-პატრონობა ემიგრანტისთვის  იოლია?

_  ამარიკაში ჩასვლისთანავე მივაკითხე მეფუტკრეთა ფედერაციას.  ინგლისური ენა არ ვიცოდი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ყველა ინფორმაციას რომ გავცნობოდი, გუგლის თარგმანს ვიყენებდი. პარალელურად, სამუშაო ვიზის მოპოვებას ვცდილობდი და საემიგრაციო სამსახურში საბუთები შევიტანე, როგორც ექსტრაორდინალურმა ადამიანმა. ამის შემდეგ,  ამერიკამ მომცა 10 წლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის  უფლება.

ფუტკრის გარეშე ვეღარ ვძლებდი. 2019 წლის შემოდგომით გადავწყვიტე, რომ ამერიკაშიც გამეკეთებინა საფუტკრე. იმ დროს უკვე ვმეგობრობდი ამერიკის სამეცნიერო წრეებში საკმაოდ პატივცემულ პიროვნებასთან, სკოტ სტენლისთან, რომელიც გატაცებული იყო მეფუტკრეობით. მას პატარა საფუტკრეებიც ჰქონდა. ამერიკაში დამეგობრებულმა კაცმა გამიკვალა გზა უცხო ქვეყანაში, რომ  შემეძინა ფუტკარი, მომევლო და თაფლის წარმოება-რეალიზაცია მომეხდინა. სკოტმა, თავის საფუტკრეების ტერიტორიაზე რამდენიმე სკა ჩამადგმევინა და 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ამერიკაშიც დავიწყე ჩემი უსაყვარლესი საქმე. ჩინეთიდან გამოვიწერე სკები, ფუტკარი კი, სკოტის დახმარებით  შტატის ინსპექტორ, ნეითს შევუკვეთე – 10 ცალი ,,ნუკლეუსი“ ანუ 4  ჩარჩოიანი პატარა ოჯახი. მოგვიანებით კიდევ ვიყიდე  სამი კლასიკური ჯიშის ფუტკრის 4-4 ცალი დედა ფუტკარი. ამჟამად ფუტკრის 30-მდე ოჯახი მყავს.

   _ ამერიკულ ფუტკარსაც ქართული ფუტკრის მსგავსი მოვლა სჭირდება?

_  ამერიკაში სუფთა ჯიშის ფუტკრები ჩამოყვანილია სხვადასხვა ქვეყნებიდან,  რადგან აქ არ მოიპოვება თაფლის მომცემი ენდემური ჯიშის ფუტკარი. მოხდა სხვადასხვა ფუტკრის შეჯვარება და ერთ სკაში შეიძლება ნახოთ რუსულიც და იტალიური ოქროსფერიც, ეს მკვეთრი კონტრასტისათვის ვახსენე, ისე, სხვადასხვა მიქსები მრავლადაა. საქართველოში ფუტკრის ასეთი მკვეთრი მრავალფეროვნება არ გვაქვს.

ცხადია, კავკასიური ფუტკრის ჯიშიც ჰყავდათ ჩამოყვანილი ამერიკაში, მაგრამ ვერ გაამართლა- მისი სამრეწველო მიმართულებით  გავრცელება ვერ მოხერხდა. ამერიკაში დამკვიდრდა ის  ფუტკარი, რომელიც სწრაფი კვერცხისმდებლობით და გამრავლებით გამოირჩევა. კავკასიური ფუტკარს ქურდობა-ყაჩაღობაც სჩვევია, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის და მასთან მუშაობა რთულია.

ნებისმიერი ჯიშის ფუტკარს საკუთარი მეთოდოლოგიით ვუვლი. ჩემი მიდგომა მარტივია, ვცდილობ, გავყვე ფუტკარს. ვაკვირდები, როგორ ცხოვრობენ, შრომობენ და შესაბამისად ვუწევ დახმარებას. შედეგსაც აქედან გამომდინარე ვღებულობ. ჩემი ამერიკული ფუტკრის ზოგიერთი სახეობის თაფლის გემო, ძალიან წააგავს დუშეთის თაფლის გემოს.

   _ ამერიკელებსაც მოსწონთ თქვენს მიერ დამზადებული თაფლი?

_ თაფლის გამოსაწური ინვენტარი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ჩემი ფუტკრის თაფლი პირველად სკოტმა გამომიწურა. როდესაც დააგემოვნა, გაოცება ვერ დამალა, ასეთი გემრიელი თაფლი ამ ტერიტორიაზე არ გამისინჯავსო. იქვე ახლოს ამერიკელ ქალბატონსაც აქვს საფუტკრე და მასაც ძალიან მოეწონა ჩემი მიღებული თაფლი, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, წარმოება გამეფართოვებინა. 2021-22 წლებში თაფლის რეკორდული მოსავალი მივიღე. გასული წლის გაზაფხულზე, 8 ოჯახიდან შევქმენი 18 ოჯახი და მივიღე 800 კილოგრამი თაფლი. ეს გახლავთ ორჯერ მეტი მოსავალი, ვიდრე იღებენ პენსილვანიის შტატის სხვა მეფუტკრეები. ამჟამად მყავს 30 ოჯახი და წლევანდელი თაფლის მოსავალი შეადგენს 1 400 კილოგრამს. ადგილებისა და ფუტკრის წარმოშობის გათვალისწინებით, ვაწარმოებ რამდენიმე სახეობის თაფლს.

ამერიკელი მომხმარებლის დასაინტერესებლად რეკლამაც არის საჭირი და სანდოობის მოპოვებაც. ყველას ვეუბნები, რომ ჩემს მიერ წარმოებული თაფლი არის ეკოლოგიურად სუფთა. ნიუ-იორკიდან დაახლოებით სამი საათის სავალზე, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ჰერშის შოკოლადის უძველეს ქარხანასთან ახლოს, სამ ადგილზე  მაქვს განლაგებული სკები. ეს ქალაქი გახლავთ ამერიკის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი და შესაბამისად, გარემოც ჯანსაღია. აგრეთვე, ფუტკრის მოვლის დროს ვარ ძალიან ფრთხილი და ისეთ ქიმიურ პრეპარატებს ვარჩევ, რომლებიც თაფლზე და სხვა პროდუქტებზე არ მოქმედებს. ამერიკელები საკმაოდ პატრიოტი ადამიანები არიან და იციან, რომ მათ ქვეყანაში არსებობს მცენარეების დამტვერიანების პრობლემა. ამიტომ ყველა მათგანი თავს ვალდებულად თვლის, დაეხმაროს ქვეყანას. ფუტკარი ამ მხრივაც სასარგებლო მწერია და ხელს უწყობს მცენარეთა დამტვერიანების პროცესს. ქალაქ ჰერშის მიმდებარედ, საკმაოდ შეძლებული ხალხი ცხოვრობს და მათ  არ სჭირდებათ ტერიტორიების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, მაგრამ მაინც აქირავებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ამერიკისთვის არის სასარგებლო. გადასახადს ნატურით ვიხდი, თაფლის შემოსავლის 10 %-ს ვუტოვებ მიწის მესაკუთრეს.

გასულ წელს, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის მთავარმა კამპუსმა შემომთავაზა ჩემი საფუტკრეების კვლევა ბაქტეროლოგიურ-ვირუსულ ინფექციებზე. ცხადია, დავთანხმდი. სინჯები საკვლევად წაიღეს და წელს მომწერეს პასუხი, რომ ჩემი საფუტკრეები არის სუფთა და შესაბამისად, პროდუქციაც ჯანსაღია.

   _ თაფლის გარდა კიდევ რა პროდუქტს აწარმოებთ?

_ წელს დავამზადე ჰომოგენატიც. ეს გახლავთ ჰორმონებით დატვირთული პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებებიც, მეცნიერების მიერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.  ჰომოგენატი მიიღება ფუტკრის მამალი ბარტყისგან და წარმოადგენს საკვების ძლიერ ენერგეტიკულ დანამატს. დადებითად მოქმედებს მენოპაუზის პერიოდისა და სექსუალური  პრობლემების დროს. წელს გაჩნდა მოთხოვნა, დამემზადებინა საეკლესიო სანთელიც.

ჩემი ფუტკრის პროდუქტების მომხმარებელთა 70 პროცენტი ქართველი ემიგრანტია. ბევრ მათგანს არ აქვს საშუალება სამსახურიდან ხშირად გათავისუფლდეს ან ახლოს არ აქვს ეკლესია და სანთელს ვერ ყიდულობს. ისინი მიკვეთავენ და ადგილზე მიმაქვს  თაფლიც და სანთელიც.  სანთლისგან სხვადასხვა ფიგურებსაც ვამზადებ. ამერიკაში, საქართველოს საელჩოს გადავეცი ჩემს მიერ სანთლით შექმნილი კომპოზიცია- ამერიკის რუკაზე მდგარი თავისუფლების ქანდაკება და საქართველოს რუკაზე მდგარი ჩვენი ქვეყნის სიმბოლო, ქართლის დედა.

თაფლი ძირითადად იმ მაღაზიებში შემაქვს, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ. აფთიაქშიც იყიდებოდა ჩემი თაფლი. მომხმარებლებს მოწონთ ახალი სერვისი, რომელიც წელს დავაფუძნე- 100-120 დოლარის ფუტკრის პროდუქტების შეკვეთის შემთხვევაში, მთელი ამერიკის მასშტაბით, ადგილზე უფასოდ მიმაქვს.

   _ წეღან მითხარით, ფუტკრის შხამის სპეციალისტ-ექსპერტი ვარო. როგორც ვიცი, ამ კუთხით, ამერიკაშიც ატარებდით კვლევებს და ფუტკრის შხამს არ აწარმოებთ?

_   ფუტკრის პირველი მტერია ტკიპა  ვაროა, რომელის მოცილებაც რთულია. მეფუტკრეების ამოცანაა, მიაღწიონ ისეთ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელი გახდება, ნაკლები ქიმიური მედიკამენტის გამოყენებით, მეტი რაოდენობის ვაროას მოცილება, რადგან ეს მედიკამენტები თაფლს აბინძურებს. ფუტკართან მუშაობის 30 წლის განმავლობაში, ელექტროშოკით შხამის მიღების დროს, არაერთხელ მაქვს ნანახი კოლექტორებზე მყოფი ვაროა. ბიოლოგიურად და პროცესუალურად თუ მივუდგებით, კოლექტორზე ტკიპა არ უნდა ხვდებოდეს. გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, ეს მეთოდი ფუტკრის ტკიპის მოსაცილებლადაც ეფექტური იყოს. რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრებას სჭირდება დადასტურება, ამიტომაც დავიწყე კვლევების ჩატარება ამერიკაში, ჩემს 10 სკიან საფუტკრეში. პირველი ექსპერიმენტის დროს, დამუშავებული 4 სკიდან, 2 სკაში ვნახე ჩამოვარდნილი ვაროა. ერთწლიანი კვლევის შემდეგ დასკვნაც გავაკეთე: მართალია, შხამის აღების ამ მეთოდით მთლიანად ვერ გავანადგურებთ და მოვსპობთ სკებში ვაროას, მაგრამ ის დაგვეხმარება ტკიპას გაკონტროლებაში. ამ ფორმით შესაძლებელია, მეფუტკრეებმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი, დაზოგონ დრო, ენერგია, ხარჯები მედიკამენტებზე და აგრეთვე, მიიღონ უფრო სუფთა ფუტკრის პროდუქტები.

რაც შეეხება ფუტკრის შხამს, ამერიკაში მეფუტკრეობა ჯერჯერობით გაუჯერებელ დარგად ითვლება. ერთადერთი ადამიანი აღმოვაჩინე ამ გიგანტ ქვეყანაში, რომელიც ფუტკრის შხამზე მუშაობს. სურვილი მქონდა, მასთან  ჩემი კვლევის შესახებ მესაუბრა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე. ასევე გავიცანი პიროვნება, რომელიც ამზადებს ფუტკრის შხამს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სერთიფიცირება არ აქვს და კულუარულად ჰყიდის. დავინტერესდი მისი მყიდველითაც. როგორც მითხრა, კერძო პირები ყიდულობენ მცირე რაოდენობით პირადი მიზნებისთვის…  ამასობაში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ფუტკრის შხამი შესაძლოა გამოყენებული იყოს შიდსისა და კიბოს სამკურნალოდ, თუმცა  მის ეფექტურობას ამ მიზნით, ჯერ კიდევ იკვლევენ. ფაქტი ერთია, ფუტკრის შხამი არის უძვირფასესი პროდუქტი და ის მომაკვდინებლად მოქმედებს ბაქტერიებსა და ვირუსებზე. მეფუტკრეთა უმეტესობა კი, ხანდაზმულ ასაკამდე საკმაოდ მხნე და აქტიურია.

    _ თქვენი ბიზნესი ამერიკაში რა სახელწოდებითაა ცნობილი?

_  კომპანიის სახელმწოდება ,,BeeProService“. პირველ წელს ისე გავყიდე თაფლი, ეტიკეტირება არ გამიკეთებია, ახლა კი ჩემს პროდუქციას ლოგოსთან ერთად მე და ჩემი მეუღლის სახელებით შექმნილი აბრევიატურა – ,,MaGio Honey “  ამშვენებს.

ნელი ვარდიაშვილი

გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close