სიღნაღის ამბები

როგორ ,,შეჭამა” სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანების აიპ-მა 282 300 ლარის სუფსიდია

სკანდალური ინტერვიუ, რომელმაც საზოგადოებისა და სამართალდამცავების დაინტერესება უნდა გამოიწვიოს

  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26 იანვრის სხდომაზე გატანილ საკითხებსა და მომხსენებელთა თავისმართლების არგუმენტებს, საკრებულოს ოპოზიციის ვნებათაღელვა მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ნატო უსენაშვილმა საკუთარ ფბ გვერდზე დაწერა- ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩაო. ადგილობრივი ხელისუფლების თავისქებამ მათ მიერ მოგვარებულ, ერთეულ საქმეებზე, ნონა ნინიაშვილის მხურვალე ტაში გამოიწვია. რატომ ედავებიან სიღნაღის მერიასა და საკრებულოს სახელისუფლებო შტოს, საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები, ამის გასარკვევად, სიღნაღის საკრებულოს წევრს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ნონა ნინიაშვილს გავესაუბრეთ. აქვე ვიტყვი, რომ ინტერვიუ მეტად სკანდალურია და ჩემი აზრით, მან საზოგადოებისა და სამართალდამცავების დაინტერესება უნდა გამოიწვიოს.

ნონა ნინიაშვილი:

_ სხდომაზე რამდენიმე საკითხი გამოიტანეს განსახილველად. ერთ-ერთი იყო ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების დირექტორის 2021 წლის ანგარიში, გაწეული მუშაობის შესახებ.არაერთხელ გვითქვამს, რომ ინფორმაციას ენმ-ს ფრაქციას არანაირად არ გვაწვდის მერიის სამსახური, ასეთი დამოკიდებულების გამო მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარესაც, მაგრამ შედეგს ჯერაც ველოდებით. მმართველი გუნდის საკრებულოს წევრები კი მხოლოდ იმისთვის მოდიან სხდომებზე, ხელი რომ აწიონ და მერე, დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ პირად საქმეებს. ეს კი შესამჩნევი გახდა  მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საკრებულოს უხელფასო დეპუტატების ხარჯისთვის, მხოლოდ 700 ლარი იქნება გამოყოფილი.

   _ 700 ლარად საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც ეზარებათ? გამოდის, რომ ბიუჯეტის აღნიშნულ თანხას, 4 წლის განმავლობაში, არაფრის კეთებისთვის მიიღებენ? 

_ დიახ, ასე გამოდის, რადგან საკრებულოს სხდომებზე უკვე ძლივს ადგენენ ქვორუმს, საკრებულოს წევრები სხდომებს არ ესწრებიან. გამოითხოვეთ, ვინ არ დაესწრო 26 იანვრის სხდომას და თავად მიხვდებით, რაც ხდება- 700 ლარი ეცოტავებათ მხოლოდ საკრებულოს სხდომებს რომ  დაესწრონ, ხალხისთვის რაიმე რეალური საქმის კეთებაზე აღარაფერს ვამბობ.

მიუხედავად ამისა,  ჩვენ, ფრაქცია ენმ-ს წევრები შემართებას არ ვკარგავთ და ყველა კომისიისა თუ საკრებულოს სხდომას ვესწრებით.

   _ მდააა… გადავიდეთ კონკრეტულ საკითხზე- რატომ დაუკარით ტაში სხდომაზე, როცა მომხსენებელმა თქვა, რომ ერთ-ერთ სამუსიკო სკოლაში ახალი ფანჯრები ჩასვეს? რა იყო აქ სააპლოდისმენტო?

_ ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებაში შედის სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელი (ათწლედი) და 4 სამუსიკო სკოლა (ექვსწლედი) – წნორის, ტიბაანის, ვაქირის და მაღაროს. სკოლას ყავს 358 მოსწავლე და 69 პედაგოგი. მაისში გახსნილა ტრადიციული მუსიკის განყოფილება. მომხსენებელმა, გაერთიანების დირექტორმა, ლალი ფოლადაშვილმა, სულ ორი წინადადებით ახსენა , რომ სკოლებში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები მოძველებულია და ხშირად გამოდის მწყობრიდან, ამიტომ უწევთ შეკეთება, შერემონტება, აწყობა… ბევრი ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩატარდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლებში. ისიც კი არ დატოვა უყურადღებოდ, რომ ივნისში ჩატარდა სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელში პედაგოგის ქ. რაიბულის საფორტეპიანო განყოფილების დამამთავრებელი კლასის მოსწავლის, ნ. მათეშვილის სოლო კონცერტი და ამ კონცერტზე შესრულდა რახმანინოვის, შოპენის და ლაღიძის ნაწარმოებები, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მუსიკალური და სახელოვნებო ცხოვრება ეკონომიკასავით ,,დუღს” და გადმოედინება აყვავებულ საქართველოს მთა და ბარზე. ეს ყველაფერი ხდება პანდემიის, დისტანციურად მეცადინების პირობებში და არ დაავიწყდა , რომ რეგულაციებიც დაცული იყო ღონისძიებებზე.

ქართველებს ერთი გამოთქმა გვაქვს, როცა გული გულობსო… მინდა დავიჯერო, რომ არც პედაგოგებს და არც მოსწავლეებს თავი არ დაუზოგავთ პანდემიის პირობებში დისტანციურად დაამუშავონ ხელის მოძრაობა, რბილად აიღონ ბგერა, თითის ბალიშებით, არც თითები შეეშალოთ, დაიცვან ლეგატო, სტაკატო, სადაც საჭიროა და ა. შ. დაუღალავი, რუტინული შრომაა საჭირო და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ, მაგრამ გადავიდეთ ამ გაერთიანების ხარჯვით ნაწილზე, რა ხდება ამ საკითხებში.

    _ რა ხდება?

_ ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებას 2021 წელს გეგმით ბიუჯეტში დამტკიცებული ჰქონდა : სუბსიდია: 282 300 ლარი, დიახ, არც მეტი არც ნაკლები, ორას ოთხმოცდაორიათას სამასი ლარი. საკუთარი გადასახადები სწავლის გადასახადის სახით – 39 000 ლარი. წინა წლის ნაშთი – 14 771. 87 ლარი, რაც ჯამში შეადგენს – 336 071, 87 ლარს. სუბსიდია, მოხმარდა პეგაგოგების შრომის ანაზღაურებასო. აქ საინტერესოა, ტრანსპორტით მომსახურეობაში გადახდილი თანხა – 4 500 ლარი. კავშირგაბმულობაზე – 1221, 69 ლარი. საკანცელარიო ხარჯები – 1690,60 ლარი. სამეურნეო საქონლის შესაძენი ხარჯი – 3290,20 ლარი. საოფისე ინვენტარი (უკონტაქტო თერმომეტრი) – 720 ლარი. კომუნალური გადასახადები – 99,07 ლარი, ელექტრო ენერგია – 1185,45 ლარი, ბუნებრივი აირი – 2274,30 ლარი. შენობა ნაგებობების რემონტი – 4 570,45 ლარი. მუსიკალური ღონისძიებების ხარჯი – 3 229,99 ლარი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენისთვის დახარჯულია მხოლოდ 400 ლარი. არადა, მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალურ სკოლაში, გამართული ინსტრუმენტების ქონაა.  ჩემი აზრით, კომენტარი ზედმეტია, ეს ხარჯი, ყველაფერზე მეტყველებს.

   _ განაგრძეთ, ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების ანგარიშში რა ეწერა საეჭვო და კითხვების გამჩენი? სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც წერია, რომ მუნიციპალიტეტების აიპების მუშაობაში, ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა და საეჭვო ქმედება..

_ სახელშეკრულებო წესით შესრულებული მომსახურეობის ხარჯი – 1876 ლარი . (დაკონკრეტებული არ არის, ფანტაზიას უნდა მოვუხმოთ). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ხარჯი – 250 ლარი (ეს საერთოდ გაუგებარია, ეს სამსახური გასცემს პირადობის, ქორწინების და გარდაცვალების მოწმობებს და ისევ ფანტაზიას, თუ მოვიშველიებ, ალბათ საჯარო რეესტრში ა(ა)იპ-ის რეგისტრაციის ხარჯები უნდა იყოს, ჩემი აზრით). შენობის ქირის ხარჯი – 1200 ლარი (რისთვის ან სად იქირავეს, უცნობია). ნაშთმა საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის შეადგინა – 18 609,12 ლარი.

რატომ გაგაცანით ასე დაწვრილებით ეს ხარჯები? იმიტომ, რომ რიგით მოქალაქეებს ამ ციფრებს არავინ არ გააცნობს. არადა, ეს უბრალო ციფრები არ არის, ეს არის ჩვენი, ყველას თანხა, რომელიც შეგვაქვს  ბიუჯეტში და ის, ისევ ჩვენი შვილებისა და მოსახლეობის სასიკეთოდ უნდა დაიხარჯოს. 18 609,12 ლარი ნაშთი, რატომ არ უნდა გახარჯო გაერთიანების ხელმძღვანელმა თუნდაც სამუსიკო სკოლის ტუალეტის მოსაწყობად, რომელიც საერთოდ არ გააჩნია სოფელ ვაქირის სამუსიკო სკოლას? აქაც ფანტაზიას თუ მიმართავთ, რა დღეში არიან იქ მომუშავე მასწავლებლები თუ მოსწავლეები, როცა სკოლას არა აქვს ელემენტარული საპირფარეშო. თუ პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობის დროს მაინც და მაინც არ იყო მისი აუცილებლობა? თუ ასეა, მაშინ დისტანციურად , პანდემიის დროს რატომ იხდის სკოლა კომუნალურ ხარჯებს? როგორ იწვება ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი?  ზოგიერთმა მოსწავლემ სოლო კონცერტი უნდა გამართოს და ზოგს სკოლაში ტუალეტიც არ უნდა ჰქონდეს?! ზოგიერთ მასწავლებელს, დიახ, დამსახურებულს იუბილე და საჩუქრებიც უნდა გადაეცეს და ზოგს, სამსახურში ტუალეტიც არ უნდა აღირსონ?          წარმოგიდგენიათ, ტრანსპორტირების ხარჯებში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებამ 4 500 ლარი გადაიხადა, მაგრამ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად, მხოლოდ 400 ლარი.

აი, ასეთი ამბების მოსმენა გვიწევს საკრებულოს სხდომებზე და როცა ჩნდება კითხვები და ამ კითხვებზე ვითხოვთ პასუხებს , პასუხები არც ზეპირი სახით აქვთ და არც  წერილობითი ფორმით.

_  ამ ინტერვიუს შემდეგ, წესით, სამართალდამცავი უწყება უნდა შევიდეს სიღნაღის მერიაში და გამოიკვლიოს აღნიშნული აიპების მუშაობა, ფინანსური მხარეები. მით უფრო, თუ სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნაც იგივეს გვეუბნება, მაგრამ… გაქვთ იმედი, რომ რაიმე შეიცვლება?

_ ასეთი თემები  ამოუწურავია, მაგრამ ყველაზე მთავარია, ხალხის აქტიურობა და დაინტერესება აღნიშნული საკითხებით. როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, რომ კვებავ შენი ჯამაგირიდან სახელმწიუფო ბიუჯეტს, მერე, როგორ იყენებს მას ის ხალხი, ვისაც ის ჩააბარე- ხელისუფლება. მინდა ვუთხრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გააქტიურდით, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მუშაობაში, დაინტერესდით მერიის, საკრებულოს მუშაობით.  სწორედ საკრებულოს სხდომებზე წყდება თქვენთვის საჭირბოროტო საკითხები. თუ თავად ვერ ახერხებთ სხდომებზე დასწრებას, დამეკონტაქტეთ, მომწერეთ პირადად და ტრანსპორტირების პრობლემა არ გექნებათ, მე უზრუნველვყოფ თქვენს დასწრებას სხდომებზე. ასე, რომ ველოდები გამოხმაურებას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ხალხის აქტიურობაშია ჩვენი ხსნა, სხვანაირად, არაფერი გვეშველება.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close