სიღნაღის ამბები

,,მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა…” – ლექსის ავტორის ბოდბისხევური ცხოვრება

,,სახალხო დღესასწაული- ,,იროდიონობა" იმართებოდა და უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა ბოდბისხევში..."

  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ხოსიტაანთ უბანში, კვლავ დგას პოეტ იროდიონ ევდოშვილის ძველებური სახლი. იქ ახლა მისი სახლ- მუზეუმია. იმავე ეზოში, სადაც პოეტის ბიუსტია განთავსებული,  ცხოვრობს ოჯახის ახლობელი, 84 წლის მარიამ ხოსიტაშვილი, რომელმაც კარგად იცის იროდიონის ქიზიყთან დაკავშირებული ამბები. მან არ დაიზარა და ხოსიტაშვილების სახელოვან წინაპართან დაკავშირებული ისტორიები მოგვითხრო.

_ იროდიონ ხოსიტაშვილის შესახებ საინტერესო ამბები,  ოჯახის აწ განსვენებული წევრებისგან, გადმოცემით ვიცი. იროდიონის დედა, ევდოკია, ბოდბელი გლეხის, ხუნაშვილის ქალი იყო. იგი მამას პატარა გაუთხოვებია. ხუთი შვილი გააჩინა ევდოკიამ- სამი ბიჭი და ორი გოგო. მოსიყვარულე ქალი ყოფილაა. ალბათ გულთბილი დედის სიყვარულმა გადააწყვეტინა იროდიონს, საკუთარი ფსევდონიმი დედის სახელთან დაეკავშირებინა და ევდოშვილი დაერქვა.

ხოსიტაშვილების უფროსი ვაჟი, ილარიონი სამხედრო მაღალჩინოსანი იყო. მეორე შვილი, მარიამი სოფელ მირზაანში გაათხოვეს, მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მესამე, თომა, ჩემი მამამთილის მამა გახლდათ, მას მოსდევდა იროდიონი და შემდეგ ბაბილინა.  იროდიონის მამა, ისაკი, ბოდბისხევში, ამაღლების ეკლესიაში დიაკვანად მსახურობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ამაღლების ტაძარი მთის წვერზეა. წინათ იქ მისასვლელი გზა არ იყო, ამიტომ მოხუცებსა და ავადმყოფებს უჭირდათ ტაძარში სიარული. ხოსიტაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა,  ისაკ ხოსიტაშვილს   პატარა კუთხეში მოწყობილი ჰქონდა სამლოცველო, სადაც ის ხალხი მიდიოდა სალოცავად, რომლებიც ტაძარში ასვლას ვერ ახერხებდნენ. იროდიონ ევდოშვილის მუზეუმში, ყოფილი სალოცავ კუთხის კედელს, ახლაც ამჩნევია სანთლის კვალი. შემორჩენილია ისაკის ნაქონი ლოცვების წიგნი და ღვთისმშობლის უძველესი ხატი.

ბავშვობაში იროდიონი მღვდლებზე და ეკლესიის მსახურებზე თურმე მწარედ ხუმრობდა. საწოლზე დადგებოდა და  სასულიერო პირებს ცინიკურად ანსახიერებდა, მაგრამ მამა ბავშვის უგვან საქციელს გაგებით ეკიდებოდა, არ ეჩხუბებოდა და ამბობდა, პატარაა, გაიზრდება და მიხვდება, რომ სცდებაო.

ოჯახი არ უწონებდა იროდიონს ცარიზმის წინააღმდეგ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმას, მაგრამ მას თავისი მიზნები ჰქონდა და არავის უჯერებდა. ბოდბისხევის სახლში ხშირად მოჰყავდა თანამებრძოლები და ფარულ შეხვედრებსა და თათბირებს მართავდნენ. მათი ბევრი ქმედება სწორედ  სოფლის ამ სახლის ჭერქვეშ დაიგეგმა. შემორჩენილია მისი ოჯახის ნაქონი  თალფაქიანიია ლამპა და ფრთებიანი მაგიდა, რომლებიც რევოლუციონერთა ფარული შეხვედრების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტები იყო. დაკეცილ მაგიდას შლიდნენ, ლამპა ჭერიდან ჩამოჰქონდათ და მის შუქზე, ღამით, ადგენდნენ თავიანთ გეგმებს. სხვათა შორის, სწორედ ამ მაგიდაზე ისწავლა იროდიონმა წერა-კითხვა.

       _ იროდიონმა რა ასაკში დატოვა მშობლიური სოფელი?

_  მისი უფროსი ძმა, ილარიონი განათლებული კაცი იყო. ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ცოლად ქვემო მაჩხაანელი, ნინო მენთეშაშვილი შეირთო. ნინოს ეპარქიული სასწავლებელი ბრწყინვალედ ჰქონდა დამთავრებული და ცოდნა-განათლებით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, ამ ქალმა შემოიტანა ოჯახში განათლება და წიგნის სიყვარული. ჩემი დედამთილი და მულები ამბობდნენ, კარგად გვახსოვს ნინა ბებო როგორი გამორჩეული და მცოდნე ქალი იყოო. არაჩვეულებრივი კულინარიც ყოფილა. თურმე ისეთ განსხვავებულ კერძებს ამზადებდა, ყველას გაოცებულს სტოვებდა.  სწავლისადმი სიყვარულიც მეუღლის და-ძმებს მან ჩაუნერგა. იროდიონმა ჯერ სიღნაღის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა თელავში გააგრძელა, მერე კი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო განათლება. იმ პერიოდში მხოლოდ ზაფხულობით ახერხებდა ბოდბისხევში ჩამოსვლად.

მაშინ  სოფლად წერა-კითხვი უცოდინარი ხალხი ცხოვრობდა. ჩვენი სახლის მოპირდაპირედ, მაღლა, სერზე, ტრიალი მინდორი იყო და ბევრი კაკლის ხე იდგა. მის ჩრდილქვეშ სოფლის ახალგაზრდობა ხშირად იკრიბებოდა, უკრავდნენ, მღეროდნენ, ჭიდაობდნენ… როცა იროდიონი ჩამოდიოდა, ავიდოდა მათთან, შემოიკრებდა ახალგაზრდებს გარშემო და წერა-კითხვას ასწავლიდა, უკითხავდათ საინტერესო მოთხრობებს. ახალგაზრდა პოეტს ძალიან ჰყვარებია ილიას პროზა და პოეზია. ბევრი ბოდბისხეველი აზიარა ერის მამის შემოქმედებას. ბოდბისხევში ძალიან უყვარდათ თანასოფლელი პოეტი და დიდ პატივს სცემდნენ.

მის მუზეუმში ინახება რკინის საინტერესო ,,ლეჟანკა“, რომელიც იროდიონს სულ თან დაჰქონდა. საწოლი იკეცებოდა და ცხენიან ფურგუნში მის მოთავსებას თავისუფლად ახერხებდა. სოფელში როცა ჩამოდიოდა, ეს საწოლი ჩამოჰქონდა და თბილისში დაბრუნებულს-მიჰქონდა.

  _ როგორი ბავშვი იყო იროდიონი, პოეზიის სიყვარულს თავიდანვე ამჟღავნებდა?  მშობლიურ სოფელს, სოფლის ყოფას თუ უძღვნიდა ლექსებს?

_ ოჯახის წევრებს ბავშვობაში თავის შეთხზულ ლექსებს უკითხავდა. თურმე დედას თავისი გარითმული სტროფებით ეხუმრებოდა. როგორც ჩანს, მისი სიყვარული საბავშვო პოეზიისადმი ბოდბისხევში ჩაისახა. მისმა ცნობილმა ლექსმა, ,,მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი…“ აღიარება დაიმსახურა. ბევრი საბავშვო ლექსი აქვს დაწერილი, მაგრამ მერე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისმა ლექსებმაც  ფერი იცვალეს. იროდიონი მშრომელი ხალხის ცხოვრებას უწყობდა რითმას.  პოემით ,,მუზა და მუშა“ სწორედ მშრომელების  გული დაიპყრო.

ცხადია, არც თავისი სოფლის ხელებდაკოჟრილი ხალხი დავიწყებია. ლექსი ,,კალოობა“  მთელი სიზუსტით ასახავს ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ქიზიყში. ხოსიტაშვილებს ჰქონდათ მინდვრები, საკუთარი კალო, სადაც პურეული მოჰყავდათ და ლეწდნენ. მუზეუმშიც ინახება მათი ნაქონი კევრი. რევოლუციონერი პოეტის დედა სულ შვილის გზას გაჰყურებდა, მაგრამ იროდიონი  ხშირად ვეღარ ახერხებდა ბოდბისხევში ჩამოსვლას. შემდეგ ის დააპატიმრეს და გადაასახლეს შორეულ რუსეთში.

მუზეუმში დაცულია იროდიონის მიერ გადასახლებიდან ჩამოტანილი ნივთები. ვოლოგდის გუბერნიაში  მყოფი პოეტი 6 ჭიქიანი ნახშირის სამოვრით ადურებდა წყალს ჩაისთვის და ის თბილისში დაბრუნებისას თან ჩამოიყოლა. არყის ხის ქერქის საკარაქე თავად დაუმზადებია. იმ დროს მაცივარი არ არსებობდა,  საკარაქეში დებდა კარაქს და რომ არ დამდნარიყო, წყალს ასხამდა. თუთუნს ჩიბუხით ეწეოდა და ეს საყვარელი ნივთიც ბოლომდე შემოინახა. მისი ნაქონი სამელნე და კალამიც ახლა ბოდბისხევში ინახება… იროდიონის უმცროსი და, ბაბილინა, რომელიც საზოგადო მოღვაწის, ნიკო კურდღელაშვილის მეუღლე იყო, სათუთად ინახავდა ძმის დანატოვარ ნივთებს.

იროდიონი გადასახლებაში ცხენის მარხილით წაიყვანეს. თავად ასე იხსენებდა ამ მგზავრობის ამბავს, 8 დღის სავალი გზის გავლას, 40 დღე მოვუნდი. ისე  შემაწუხა სიცივემ და ჭუჭყმა, წვერშიც  მკბენარი გამიჩნდა და  ჩემს დაბადების დღეს ვწყევლიდიო. გადასახლებაში მუდმივად მშიერსა და გაყინულს უწევდა ცხოვრება და შრომა, ამიტომ მძიმედ დაავადდა და 2 წელიწადში, სპეციალურმა კომისიამ დააბრუნა უკან, საქართველოში.  ტუბერკულოზით დაავადებულ ძმას ილარიონმა ექიმები დაასია, წაღვერში და ცემში დაჰყავდა სამკურნალოდ, მაგრამ ვეღარ უშველა.

გადასახლებამდე  იროდიონი მეგობრობდა ქვემო მაჩხაანელ სიკო ფაშალიშვილთან. სიკო ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ. იგი იხსენებდა: როცა იროდიონი გადასახლებაში უნდა წაეყვანათ, მე თბილისში, ჩემ ნათესავ გელაიძეების ოჯახში ჩავედი. მას ვუთხარი, დღეს უნდა წაგიყვანო და გაგაცნო იროდიონ ევდოშვილი, დიდი პოეტი მეთქი.  გაუხარდა და ორივე წავედით ციხეში. იროდიონი ბორკილდადებული გამოიყვანეს. ვთხოვე ეთქვა, რა უნდოდა რომ მომემზადებინა და მიმეტანა, რას წაიღებდა გადასახლებაში. ნაღვლიანად ჩაიცინა და მიპასუხა, რა უნდა მომიმზადო, ჩემი გამჩენი და საქართველოს გამზრდელი, ერთი მუჭა ბოდბისხევის მიწა გამატანე, სხვას ვერაფერს წავიღებო. გავატანეთ მიწა, მაგრამ ისე მოხდა, რომ 2 წელში თავად ჩამოვიდა და მშობლიურმა მიწამ აქ მიიბარაო.

   _ იროდიონის მეუღლეზეც მოგვიყევით…

_ მეუღლე სიღნაღის მაზრიდან ჰყავდა- ქვემო მაჩხაანელი მანანა ჯანყარაშვილი. იგი იროდიონმა სწორედ სიკო ფაშალიშვილის ოჯახში გაიცნო. ქვემო მაჩხაანში, დიმიტრი მაჩხანელმა, თეატრის უძველეს შენობაში დააარსა გლეხთა ურთიერთდამხმარე სახალხო ბანკი ,,დეპო“, სადაც გარკვეული პერიოდი იროდიონიც მუშაობდა. მანანას მამის, წყალობა ჯანყარაშვილის ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა, ერთი ვაჟი და სამი ქალი. 19 წლის იყო იროდიონის ერთადერთ ვაჟიშვილი, მალარია რომ შეეყარა და გარდაიცვალა. ორი ქალიშვილიც ახალგაზრდა დაეღუპა, მხოლოდ თამარმა იცოცხლა დიდხანს. მას მეც მოვესწარი, ბოდბისხევში ჩამოდიოდა ხოლმე. დიდ იროდიონს სეხნია შვილიშვილიც ჰყავს, იროდიონ უმცროსი.

საუკეთესო მეუღლე და მამა იყო იროდიონი. შემონახულია სულისშემძვრელი წერილები, რომელსაც მეუღლესა და შვილებს გადასახლებიდან უგზავნიდა. თავადაც გაჭირვებაში მყოფ იროდიონს ძალიან აწუხებდა მისი ოჯახის ბედი, რადგან იცოდა, რომ ისინიც არ იყვნენ დალხენით და მათაც გაჭირვებული ყოფა ჰქონდათ.

    _ იროდიონ ევდოშვილისა და სტალინის მეგობრობის შესახებ ხშირად საუბრობენ და ამასთან დაკავშირებით თქვენ რა იცით?

_ სანდრო შანშიაშვილი იგონებდა მათი მეგობრობის ამბებს. სანდროს პირადად ჰქონდა იროდიონისგან მოსმენილი, რომ იგი, წლოვანებით უფროსი სტალინის ახლო მეგობარი იყო. ისინი გადასახლებაშიც ერთად მოხვედრილან. იროდიონი მის სახელს სიკვდილამდე სიყვარულით იხსენებდაო. როგორც ვიცი, ეს ამბავი საარქივო დოკუმენტებითაც მტკიცდება. 1911 წლის 17 ივნისს, იროდიონის ასტრახანში გამგზავრების წინა დღეს, გამომშვიდობებისას სტალინს მისთვის გაუტანებია  ბარათი. არალეგალურად მომუშავე ძველ ბოლშევიკს, ჰიმენ დვალს ჯურაშვილი სწერდა:

,,ჩვენებურო! ამ ბარათის მომტანი პოეტი ევდოშვილია. ვაძლევ შენს ადრესს იმ მიზნით, რომ შეხვდები ამ ჩემს კაი მეგობარს, როგორც ძმას და ამხანაგს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კერძო საქმეები აქვს და შენ უეჭველად უნდა ხელი შეუწყო. შენგან ცოტაოდენი შრომის დახარჯვა – მეტი არაფერი არ სჭირდება. შენი სოსო“ .

         _ კომუნისტების პერიოდში ბოდბისხევში სახალხო დღესასწაული – იროდიონობა იმართებოდა?

_ ბოდბისხევში ამ დღესასწაულს  იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, თინა გოზალიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. რატომღაც ეს დღე მარიამობის დღესასწაულს, 28 აგვისტოს დაამთხვიეს. ეს რიცხვი იროდიონის არც დაბადების თარიღი იყო და არც გარდაცვალებისა. ალბათ კომუნისტებს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის დაჩრდილვა ამ ფორმით უნდოდათ.  პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები  ჩამოდიოდნენ ბოდბისხევში,  მის მუზეუმს ათვარიელებდნენ, იხსენებდნენ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მერე სოფელში იმართებოდა  ჭიდაობა, ლახტაობა, ცეკვა-თამაში, სეირნობა, სკოლის აქტიური მოსწავლეები სცენაზე პოეტის ლექსებს კითხულობდნენ, მღეროდნენ მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს… თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის ახლდნენ ჩვენი სოფლის სხვა ცნობილი ადამიანები- ფსიქიატრი, პროფესორი  ავლიპ ზურაბაშვილი. აგრეთვე პროფესორი ძმები გოზალიშვილები, ჯუგაანელი პოეტი სანდრო შანშიაშვილი. დაახლოებით 3-4 საათს გრძელდებოდა ღონისძიება. ბოლოს, რაიონის ხელმძღვანელებს საპატიო სტუმრები რესტორანში მიყავდათ საქეიფოდ, მაგრამ ამ სახალხო დღესასწაულმა დროს ვერ გაუძლო და რამდენიმე წელში გაუქმდა.

   ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close