სიღნაღის ამბები

სიღნაღში, სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი გაურკვეველი დროით იხურება

კომპოზიტორი, რომელსაც ვაჟა-ფშაველამ წარმატებები ჩვილობაში უწინასწარმეტყველა

სიღნაღში, სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი დროებით იხურება. იქ გამოფენილი ნივთების ნახვის საშუალება დამთვარიელებლებს აღარ ექნებათ. ექსპონატებს შესანახად უკვე ამზადებენ. როგორც ამბობენ, აგვისტოდან მუზეუმის შენობის რესტავრაცია დაიწყება, თუმცა ჯერ არ არსებობს სარესტავრაციო პროექტი და არც ის არის ცნობილი, რამდენად დაცულ ადგილზე გადაიტანენ მუზუემში გამოფენილ ექსპონატებს.

სიღნაღის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნათია ნადიკაშვილმა გვითხრა, რომ სარაჯიშვილის ქუჩის N8-ში, მე-19 საუკუნეში აშენებულ ორსართულიან სახლში, სანდრო მირიანაშვილის მუზეუმი 1998 წელს გაიხსნა. 2008 წელს ძველი შენობის გარე ფასადს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შენობა, აღდგენა-განახლებით სამუშაოებს ნამდვილად საჭიროებს.

,,მუზეუმის შენობის სარდაფი ინესტება, არადა იქ ინახება ბევრი ექსპონატი. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ სარესტავრაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაატარებს. არ ვიცით, სად გადავიტანთ ექსპონატებს. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესტავრაციის გეგმაც არ არსებობს.

ექსპონატების დასასაწყობებელი ფართის მოძიების სამუშაოები მერიამ უკვე დაიწყო. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს რესტავრირებულ შენობას და ეზოს ჩაგვაბარებენ და ეს პროცესი არ გაჭიანურდება‘’, _ განგვიმარტა ნადიკაშვილმა.

თავად მუნიციპალური განვითარების ფონდში კი გვითხრეს, რომ მათ სიღნაღის მუნიციპალიტეტს უკვე ჩაურიცხეს გრანტის სახით საჭირო თანხა მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის და ამ პროცესებს ისინი თავად უძღვებიან. სიტუაციის გადამოწმება კვლავ სიღნაღის მერიაში ვცადეთ. მერიას აღნიშნულ საკითხზე მწირი ინფორმაცია ძლივს გამოვტყუეთ. პრესამსახურის ხელმძღვანელმა, თიკო ოზბეთელაშვილმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქალაქ სიღნაღში არსებული სანდრო მირიანაშილის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ეს პროცესი პრემიერის ინიცირებული ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში წარიმართება. რადგანაც შენობას აქვს ძეგლის სტატუსი, პროექტირებას და მშენებლობას ძეგლთა დაცვის სააგენტო განახორციელებს. პროცესი დაწყებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება. რაც შეეხება მუზეუმში დაცულ ნივთებს, გამოიძებნება ფართი, სადაც მოხდება მათი უსაფრთხოდ განთავსებაო. მუზეუმში, ძეგლთა დაცვის სამსახურს ნივთების სკანირება დაწყებული აქვს.

სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი ექსპონატების სიმდიდრით გამოირჩევა. იქ კომპოზიტორის კუთვნილი, 10396 ნივთია დაცული. აქედან 200-მდე ფერწერული ტილოა. მუზეუმის საკუთრებას წარმოადგენს კომპოზიტორის მიერ ნაპოვნი და მოგროვილი უნიკალური ხატების კოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა, მისთვის ნაჩუქარი ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა და ა.შ. რადგან საზოგადოებისთვის დროებით მიუწვდომელი ხდება სანდრო მირიანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონატები, გადავწყვიტეთ, მათ შესახებ მკითხველისთვის გაზეთის ფურცლებიდან მოგვეთხრო.

მარინა ჩახვაშვილი, სიღნაღის სანდრო მირიანაშვილის მუზეუმის მენეჯერი:

_ სანდრო მირიანაშვილმა სიცოცხლეშივე გადასცა კულტურის სამინისტროს თავისი კუთვნილი ჩანაწერები, წიგნები, საკუთარი ნახატების კოლექცია და სხვა საინტერესო ნივთები. 1987 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, რომ კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში დაარსებოდა მემორიალური მუზეუმი. ამის შემდეგ მირიანაშვილის ყველა ნივთი კულტურის სამინისტრომ ჩვენს მუზეუმს გადმოსცა.

  _ მოდით, თქვენი მუზეუმის გამორჩეულ ექსპონატზე ვისაუბროთ.

_  მუზეუმის საკუთრებას წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას ხელით გამოთლილი ფანდური, რომელსაც სიმები არ აქვს. სანდრო მირიანაშვილის ბებიის და, ბაბო პეტრიაშვილი, ვაჟას პატარა ძმის, სანდროს მეუღლე გახლდათ. 9 თვის ყოფილა სანდრო, ბებია ქეთევანს დის ოჯახში რომ წაუყვანია. ამ დროს ვაჟა  საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი ჰყავდათ ძმის სახლში. სანდროს ტირილზე თავისი ოთახიდან გამოუხედავს და ბავშვს მოფერებია. შემდეგ კი უთქვამს, ამ მტირალა პატარას ისეთი თვალები აქვს, აუცილებლად სახელგანთქმული კაცი გამოვაო.

იმ დღეს ვაჟას სანდროსთვის ლექსიც დაუწერია, რომელსაც სანდრო მირიანაშვილის დედა უბით ატარებდა, თუმცა ლექსი მაინც დაიკარგა. ვაჟას სწორედ ამ შეხვედრის დროს უჩუქებია ბავშვისთვის  საკუთარი ხელით გამოთლილი ფანდური. ის ახლა ჩვენს მუზეუმში ინახება. ფანდურის შუა ადგილზე ჩასმულია პატარა სანდრო მირიანაშვილის ფოტო.

_ როგორც ვიცი, სანდრო მირიანაშვილი არა მხოლოდ ქმნიდა საოცარ მელოდიებს, არამედ კარგადაც ხატავდა. კომპოზიტორის რამდენი ნახატია დაცული სიღნაღის მუზეუმში?

_ სანდრო მირიანაშვილი თვითნასწავლი მხატვარი იყო. 200-ზე მეტი ფერწერული ტილო გვაქვს მუზეუმში. წარმოდგენით ხატავდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს და კარიკატურებს. დახატული აქვს სიღნაღის ის სახლიც, სადაც დაიბადა და გაიზარდა. სახლი ახლაც არსებობს აბრამიშვილის ქუჩის დასაწყისში, მაგრამ სხვას ეკუთვნის. სანდროს ოჯახს სახლი გაუყიდია და საცხოვრებლად თბილისში გადასულა.

მირიანაშვილებს მატერიალურად ძლიერი ოჯახი ჰქონდათ _  სანდროსთვის გერმანელი გუბერნანტი ქალი ჰყავდათ დაქირავებული. სწორედ მან ასწავლა მომავალ კომპოზიტორს გერმანული ენა და ფორტეპიანოზე დაკვრა. 6 წლის სანდრო უკვე არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე, 10 წლისა კი სიღნაღის სახალხო თეატრში მუშაობდა პიანისტად, მუსიკალურად აფორმებდა სპეკტაკლებს.

ძველ სიღნაღში ხშირად იმართებოდა სალონური საღამოები და სანდრო იქაც უკრავდა. ბავშვის მონდომება და სწრაფვა მუსიკის მიმართ იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ვანო სარაჯიშვილის ძმა, გიორგი გაყოლია მის მშობლებს კარდენახში პიანინოს საყიდლად.

იმ პერიოდში ბოდბის მონასტერთან არსებობდა მუსიკალური სკოლა და პატარა სანდრო ამ სკოლაშიც მიაბარეს. იქ ფორტეპიანოს კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დედა ასწავლიდა _ ბიძინა კვერნაძე წარმოშობით სიღნაღიდან იყო. გულდასაწყვეტია, რომ სიღნაღში  მისი მუზეუმი არ არსებობს. ერთხელ რადიოში მასზე გადაცემა მიდიოდა და ჰკითხეს, იმერელი კვერნაძე ხართო. იწყინა, მხოლოდ გვარის წარმოშობა მაქვს იმერული, თორემ თავიდან ფეხამდე კახელი, სიღნაღში დაბადებული და გაზრდილი ვარო.

სანდრო მირიანაშვილი თავის ნახატებს უცნაურ სახელებს არქმევდა. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია თბილისის ძველი უბანი და მას ,,ძველი თბილისის მტევანი“ ჰქვია, მეორეზე _ კლდეები და  ,,სამი ბერი“ ეწოდება. მეგობრული შარჟების სახელებშიც ორგინალურობა აქვს გამოჩენილი.

ჩვენს მუზეუმში ინახება 1934 წელს შექმნილი ელენე ახვლედიანის ნაჩუქარი ნახატიც _ თბილისის პეიზაჟი  და მეგობრული შარჟი სანდროს, პატარა სკარბრეზული მინაწერით: ,,რა ვიცი, გივის პალტო კი მიაბარეთ და ჩემი კოსტუმიც არავის არ მოაგონდა. შე ვირისთაო, სხვას თუ არ მოაგონდა, შენ თავი სად გქონდა, მხრებზე თუ ტრ@ზე“.

მუზეუმში გამორჩეული ადგილი უჭირავს სანდრო მირიანაშვილის მიერ ნემსით შესრულებულ ნახატს, რომელიც ძალიან ჰგავს ფოტოსურათს. რადგან ამ ნახატს სახელწოდება არ აქვს, ჩვენ ,,ჭორიკანა ქალები“ შევარქვით.

_ სანდრო მირიანაშვილი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ კუთხეს?

_ ძალიან უყვარდა სიღნაღი და ხშირად სტუმრობდა მას. ამ ისტორიული ქალაქის შვილი იყო საქართველოს ბულბული, ვანო სარაჯიშვილიც. მისი ხსოვნის  პატივსაცემად გაზაფხულობით ყოველთვის ტარდებოდა სახალხო დღესასწაული ვანოობა. სანდრო არც ერთ ასეთ ზეიმს არ აცდენდა. ჩამოდიოდა სიღნაღში და ჩამოჰყავდა მომღერლები: გელა ქოქიაშვილი, ედიშერ მირიანაშვილი, ტრამვაი-ტროლეიბუსის კვარტეტი, ნიკა დოლენჯაშვილი, ეკა გოდერძიშვილი, ხათუნა დონდუა, ანსამბლი ,,მზიური“ და მისი სხვა მოწაფეები… ამ დღისთვის მთელი ქალაქი ირთვებოდა და ყველგან სიმღერის ხმა ისმოდა, ქუჩებში ეწყობოდა სახალხო სეირნობა. ვანოობის დღესასწაულზე ბევრი სტუმარი ჰყავდა სიღნაღს და სანდრო ყველას მასპინძელი იყო.

 _ მუზეუმში ხატებიც არის გამოფენილი, რომელთაც ეტყობათ  სიძველის კვალი. ალბათ ამ ხატებსაც საინტერესო ისტორიები აქვთ.

_ სანდროს პაპა ბოდბის მონასტრის მღვდელი იყო. როცა მონასტერი დაიწვა, სანდრო ეხმარებოდა პაპას მის აღდგენაში. როგორც ცნობილია, უკვე კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი დადიოდა სოფელ-სოფელ და ხალხურ სიმღერებსა და ლექსებს აგროვებდა. მან შექმნა ხალხური სიმღერებისა და ლექსების უდიდესი ფონდი, რომელიც ასევე დაცულია ჩვენს მუზეუმში.

სწორედ ასეთი მოგზაურობების დროს შეაგროვა ეს ხატები _  ზოგს ჩუქნიდნენ და ზოგსაც გადაგდებულს პოულობდა, ასუფთავებდა და ინახავდა. მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის უნიკალური ხატი ნაპოვნია კომუნისტების დროს, სიღნაღი-წნორის გზაზე არსებულ წმინდა გიორგის ტაძართან, ნაგავში. ხატების უმეტესობა დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს.

სანდრო მირიანაშვილი დიდი გულის ადამიანი იყო. სახლში მიმავალს კატის კნუტი რომ შეხვედროდა მიგდებული,  წაიყვანდა, გაასუფთავებდა და მოუვლიდა. თბილისის სახლში ჰყავდა შეფარებული ქუჩაში ნაპოვნი უმრავი ცხოველი.

საუკეთესო თვისებების ადამიანი გახლდათ, რაც ბევრი ფაქტით მტკიცდება. სანდრო ომის დროს ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლობდა და ამიტომაც ლენინგრადის ცნობილ ბლოკადაში მოხვდა. იქ შეხვედრია პიროვნებას, რომელსაც ხელნაწერი ნოტები ჰქონია. მომავალი კომპოზიტორი მიმხვდარა, რომ ფურცელზე შტრაუსის ვალსის ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო დაწერილი. ამ ნოტებში უცნობი პიროვნებისთვის ერთი თვის პურის ტალონი უჩუქებია და ხელნაწერი საქართველოში ჩამოიტანა. აქედან გაგზავნეს უცხოეთში შესამოწმებლად და აღმოჩნდა, რომ თავად შტრაუსის ხელნაწერი იყო. სანდროს მიერ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადარჩენილი ხელნაწერი ამჟამად თბილისში, ხელოვნების სასახლეში ინახება.

ცნობილია ისიც, რომ ლენინგრადში, ბლოკადის დროს, სანდრო გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ხალხს კონცერტებს უმართავდა, ართობდა და მათი გადარჩენისთვის ზრუნავდა. თავად კი შიმშილით დაუძლურებული ავად გახდა, გარდაცვლილი ეგონათ და მორგში ჩაიყვანეს. იქ მომუშავე ქალს შეუმჩნევია, რომ სუნთქავდა და გადაურჩენია. ეს ქალი, ანასტასია კომანოვა, შემდგომ მისი მეუღლე გახდა. მასთან ორი ქალიშვილი შეეძინა _ რუსუდანი და ქეთევანი.

სანდრო მირიანაშვილმა დაგვიტოვა ეთნოგრაფიული მასალის დიდი კოლექცია. ეს ექსპონატები მუზეუმის პირველ სართულზეა დაცული. მუზეუმში ინახება მისი ბიბლიოთეკაც.

_ ცნობილ ადამიანებთან გადაღებული მისი ფოტოებიც გაქვთ გამოფენილი. მეგობრების წრეში მოლხენა უყვარდა? 

_ სანდროს ბევრ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, რასაც ფოტოებიც მოწმობს. სიმღერა აქვს დაწერილი გალაკტიონის ლექსზე ,,მერი“ და პოეტების მეფესთან, გალაკტიონთან ერთად გადაღებილი ფოტოც ინახება ჩვენთან. სომეხ და აზერბაიჯანელ პოეტებთანაც მეგობრობდა. მათ სანდროს ლექსები თარგმნეს.

დედაჩემი, ვარა ჩახვაშვილი ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. დედა და სანდრო თითქმის თანატოლები იყვნენ და სიღნაღში, გვერდი-გვერდ სახლებში ცხოვრობდნენ.  დედაც ბავშვობიდან მღეროდა. იმ პერიოდში სიღნაღში არსებობდა ხალხური სიმღერის გუნდი და დედა იქ დადიოდა. შემდეგ სანდრომ თავის კვარტეტებში ჩართო. სანდრო მირიანაშვილმა იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას სიმღერა უძღვნა _ ,,გაფრენა და გამარჯვება“, რომელიც დედაჩემმა შეასრულა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, ფირფიტაც გამოსცეს.

სანდრო ახმეტელი როცა გაამართლეს და მისი  რეაბილიტაცია მოხდა, თელავში დიდი კონცერტი გაიმართა. იქ დედამ იმღერა ,,დაიგვანე”. ხალხი აღფრთოვანებული იყო მისი ნამღერით და სანდროც სულ დედას ქებაში იყო. დედა სანდროს სიმღერებს კონცერტებზე ხშირად  მღეროდა.

ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს სანდრო მირიანაშვილის სტუმრობა ჩვენს ოჯახში. ძალიან ხუმარა ადამიანი იყო, განსაკუთრებით სუფრასთან. ნათქვამს ისე გაგიშარჟებდა, თავადვე გაიგუდებოდი სიცილით.

სანდრო მირიანაშვილი გახლდათ პირველი კომპოზიტორი, რომელმაც სალამური, დოლი და დუდუკი შეიტანა ესტრადაზე. საესტრადო მელოდიები დუეტებისა და ტრიოებისთვისაც პირველად მან დაწერა. განსაკუთრებული ყნოსვა ჰქონდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მიმართ _ ათას კაცში ამოიცნობდა ასეთს და გზას გაუკვალავდა. მას წარმატებისთვის  ხელისუფლებასთან თუ თანამდებობის პირებთან ახლობლობით  არ მიუღწევია. დაუღალავი შრომითა და გარჯით გახდა დიდი კომპოზიტორი და სახელგანთქმული ადამიანი.

ერთხელ ბიძინა კვერნაძეს ღიად შეუქია კომპოზიტორთა წრეში. უთქვამს: აი, სანდროს რა კარგი რეპერტუარი აქვსო. რევაზ ლაღიძეს უპასუხია, ეს კარგი რეპერტუარი სანდრომ თავად შეარჩია, ბევრი ეძება და იპოვა, ხალხის წიაღიდან გამოკირკნაო.

სანდროს მეამბოხე სულიც ჰქონდა და როგორც იტყვიან, აქტიური მოქალაქე იყო. მონაწილეობდა თბილისში, 1956 წლის 9 მარტის დემონსტრაციაში, რომელიც დაარბიეს. ამის გამო მცირე პერიოდი დაპატიმრებულიც იყო. კომპოზიტორი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სანდროს მირიანაშვილის მუზეუმში დაცული  52 ლექსიდან  ყველა სიყვარულზეა. კომპოზიტორი სითბოსა და სიკეთეს უხვად ასხივებდა, რაც მისი პოეზიიდანაც კარგად ჩანს. ,,მე კი მოვკვდები… წაგივალ და დავიმარხები, გავიყოლებ უკვდავებად მე შენს სიყვარულს“ _ წერს სანდრო მირიანაშვილი ერთ-ერთ ლექსში.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close