ჯანდაცვა

ამ ნიუსის შინაარსით ძალიან ნუ გაიხარებთ

2018 წლის იანვრიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. როგორც ჩანს, სერგეენკოს გეგმა ,,ა”-მ  არ გაამართლა და ახლა გეგმა ,,ბე”-ზე გადავიდნენ. მუდმივი ცვლილებები იმის მიმანიშნებელია, რომ უწყება ცოცხალია, რაშიც მის თანამშრომლებს ,,დამსახურებულად” ეკუთვნით მაღალი ხელფასები, დანამატები, პრივილეგიები და ა.შ. როგორც ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.

იანვრიდან ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

ამ პროცესს წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის მომზადება უძღოდა. ხედვა 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით  ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა მოამზადა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა მორგებული

ხედვის მიხედვით, გამკაცრდება საკანონმდებლო კონტროლი და სანქციები მედიკამენტების მარკეტინგზე, სპონსორობაზე, ექიმების საჩუქრებზე, სავალდებულო გახდება ელექტრონული რეცეპტები, რითაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სია გაკონტროლდება.

“გარღვევა ალათ იქნება ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა შეღავათიან ფასებში მედიკამენტებზე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, განსაკუთრებით, ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის და მეორე მხრივ, მაქსიმალურად სინათლეზე გამოვიტანოთ ის შესაძლო მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ეხება ზედმეტი წამლების გამოწერა. ელექტრონული რეცეპტებით ძალიან ნათლად გამოჩნდება, ვინმე ექიმი რამდენ წამალს  უწერს, როგორ წამალს უწერს,”- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

ზოიძე ფიქრობს, რომ ელექტრონული რეცეპტების დანერგვა გამჭვირვალეს გახდის ისეთ საკითხს, როგორიც ბევრი წამლის გამოწერაა.

“ბევრი წამლის გამოწერის ერთ-ერთი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში უკუღმართი მოტივაციებია, ფინანსური მოტივაცია, მათ შორის, იგივე ექიმებში, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. მაქსიმალურად სინათლეზე რომ გამოვიტანოთ ეს პროცესები, დაგვეხმარება იმაში, რომ მოვაწესრიგოთ და აღვკვეთოთ წამლების არარაციონალური გამოწერის პრაქტიკა,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც აღვნიშნეთ, სტრატეგიული ხედვა 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ.

ანუ, გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი 14 წელში დასრულდება. ამ დროს, ის ადამიანები, რომელთაც ეს ცვლილებები დაიწყეს რომელ ,,პოლიტიკურ ორბიტაზე” იქნებიან, ღმერთმა იცის. ეს იგივეა, რომ მათ დაპირებაზე (როგორც ყოველთვის) პასუხიმგებლობა არ აქვთ, ამიტომ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ პოზიტიური შედეგი აუცილებლად დადგება.

ასევე, ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, ჯერ მარტო სერგეენკოს პერიოდში, წამლებთან დაკავშირებით რამდენჯერ შეცვალეს კანონი, მაგრამ შედეგი ხალხისთვის არც მაშინ დამდგარა. აი, ,,მათთვის” კი, ვინც მსგავს ცვლილებებს იგონებს, საკმაოდ სარფიანი შედეგი ალბათ დადგა, რადგან მედიკამენტების ფასი უკვე კატასტროფული სისწრაფით იზრდება, სააფთიაქო ქსელებში ე.წ. ფასდაკლებების დღეებით კი ისე ურევენ ადამიანებს ტვინს, რომ უკვე აღარავინ იცის, რომელი წამალი რეალურად რა ღირს. წლების განმავლობაში უამრავი მანკიერი კანონია მიღებული ამ სფეროში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ,,ბოსები” ამუშავებენ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი წარადგენს და პარლამენტარი ,,ხელისამწევები” ღებულობენ. ტრიადა მუშაობს, ხალხი კი მათ ბადეშია. რიგითი მოსახლეობა კვლავ ვერ ყიდულობს წამალს ან მთელი თვის ხელფასს და პენსიას აფთიაქში ტოვებს, მედიკამენტის უხარისხობის გამო ავადმყოფობა უხანგრძლივდებათ და ა.შ. ეს არის ის მცირედი, რასაც ჯანდაცვაში მოკალათებული ,,მაფიოზური კლანები” აკეთებენ.

ასე, რომ ამ  ნიუსის შინაარსით ძალიან ნუ გაიხარებთ!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close