ჯანდაცვა

,,პე ეს პე”-ს აფთიაქებში 1 ლარიანი წამლები გაქრა – ჯანდაცვას ცოტა შეაქვს და მხოლოდ ნაცნობებს აძლევენო…

ქართული ჯანდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემებს რა დათვლის – ეს ხანგრძლივად სასაუბრო თემაა. შევეცდები, პერიოდულად, ფაქტების აფიშირებით, შევეხო ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს.

ყველას გვახსოვს, როგორ იქებდა მმართველი პარტია თავს, როცა  ე.წ. 1 ლარიანი  მედიკამენტების პროგრამა ამუშავდა. შეიძლება, იყო კიდევაც საქებარი, თუმცა ხალხზე მზრუნველ მთავრობას მხოლოდ ქება არ უნდა აინტერესებდეს და ხალხის კეთილდღეობა  უნდა იყოს, მისი მთავარი ქვაკუთხედი. ბიუჯეტის, ე.წ. ,,ხალხის ფული”-ს დანიშნულებაც ის გახლავთ, რომ თანხა ხალხის ინტერესებს მოხმარდეს და არა მთავრობის წარმომადგენლების გაბერილ ხელფასებს, მათ უთვალავ მდივან-მრჩევლებსა თუ უცხოურ ვოიაჟებს. სინამდვილეში კი ხდება ის, რომ ბიუჯეტის ფული ხალხისთვის არ ემეტებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1 ლარიანი მედიკამენტების პროგრამა, რომელიც სულს ყოველდღიურად ღაფავს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ უდღეურ პროგრამაშიც თურმე ნაცნობ-მეგობრობების დახმარებაა საჭირო, რადგან სხვანაირად, მედიკამენტებს ვერ შეიძენ.

ახლობელმა მიამბო, რომ მის პენსიონერ დედას აწუხებს მაღალი წნევა, ამიტომ, ოჯახის ექიმმა წნევის მუდმივმოქმედი მედიკამენტი ,,ლორისტა H” გამოუწერა და გააფრთხილა, ეს რომ ყოველდღიურად არ დალიოს, ინსულტის საფრთხე შეექმნებაო. ორი თვე ასვა დედას ეს წამალი და მართლაც დაურეგულირდა წნევა, მაგრამ მესამე თვეს რომ მიადგა ,,პე ეს პე” -ს აფთიაქს წამლის ასაღებად, უთხრეს, რომ  მედიკამენტი აღარ ჰქონდათ. ცხადია, იკითხა  მიზეზი, რაზედაც უპასუხეს, რომ სამინისტრო აღარ აწვდიდათ წამლებს.

მოგეხსენებათ, წნევის მუდმივმოქმედი მედიკამენტები არც ისე იაფია, ამიტომ ჩემმა ახლობელმა აფთიაქშივე წაიწუწუნა, რა უბედურებაა, შეიძლება ადამიანს ორი თვე აძლიო მუდმივმოქმედი მედიკამენტი და მერე შეუწყვიტო, იქნებ რა ემართება, ეს ხელისუფლებააო? ამაზე აფთიაქარმა მიუგო, სახელმწიფოს იმედზე არ უნდა იყოთ, ქალბატონოო.

მოკლედ, ჩემმა ახლობელმა კი უყიდა დედას მედიკამენტი და ის მართლაც არ არის სახელმწიფოს იმედზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რამდენი გაჭირვებულია, რომელთათვისაც ის გროშები, რომელიც მათ ოჯახში შედის, მხოლოდ პურისა და ელემენტარული საკვების შეძენას ხმარდება. ამ ადამიანებმა როგორ იყიდონ მედიკამენტები, თუ უნდა მოკვდნენ? კვდებიან კიდეც… უამრავი პენსიონერია, რომელთაც  მარჩენალი არ ჰყავთ, 200 ლარიანი პენსია საკვების შესაძენად და  კომუნალურ გადასახადების გადასახდელად არ ჰყოფნით და ცხადია, ექიმსა და წამალსაც მოკლებულნი არიან. მათ ბედ-იღბალზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფიქრია ვინმეს? რას მიქვია, წამალი არ გაქვთ?! იქნებ ექიმებს მაინც კითხონ (ეტყობა, ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიით ექიმი აღარ მოიძებნება ან ოროსანი ექიმებით გაივსო ეს დაწესებულება, თორემ როგორ დავიჯერო, რომ არავინ იცის, მუდმივმოქმედ წნევის დამწევ საშუალებასთან ,,თამაში” ძალიან სარისკოა. ერთ თვეს რომ დაალევინებ და მეორე თვეს აღარ, ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე ის, რომ საერთოდ არ მიიღოს პაციენტმა მედიკამენტი. იმიტომ დაარქვეს მას მუდმივმოქმედი, რომ მუდმივად უნდა სვას და არა ისე, ჯანდაცვის სამინისტროს როგორც მოეპრიანება.

როცა ამ საკითხით დავინტერესდი, ექიმებისგან შევიტყე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან 1 ლარიანი მედიკამენტები გარკვეული რაოდენობით მაინც შედის ,,პე ეს პე”-ს  აფთიაქებში, თუმცა იმდენაც მცირე რაოდენობაა, ნაცნობი უნდა გყავდეს, მისი მიღება რომ შეძლოო.

აი, ესაა არნახული დემოკრატია და ქვეყნის ყვავილობა. ბრავო, ჯანდაცვის სამინისტროვ! ყოჩაღ, ხელისუფლებავ! იმედია, ხალხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წლის არჩევნებზე მაინც გაგახსენდებათ და 1 ლარიანი მედიკამენტების საკითხითაც კვლავ   დაინტერესდებით.  აბა, სხვანაირად, ხალხის ბედი, თქვენ, რაში გაინტერესებთ?

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ არჩევნებზე გახსენდებათ ხალხი და ბრჭყვიალა დაპირებებით აბრუებთ, მერე კი, ერთლარიანი წამლებიც გენანებათ, სწორედაც, რომ ერთლარიანი…

ნელი ვარდიაშვილი, euronews.ge -ს რედაქტორი 

 

Related Articles

Back to top button
Close