“ავერსი”-ს კლინიკის წყალობით, 7 წლის ნანატრი შვილი დავკარგე _ ეს ყველამ უნდა გაიგოს
რუსთავში მცხოვრები თამარ ციხისელი, როგორც თავად ამბობს, ,,ავერსის კლინიკის” ექიმმა დაღუპა. დღეს მას შვილი არ ჰყავს, არადა, ორსულად იყო და რომ არა ექიმის არაკვალიფიციურობა, შეიძლებოდა, ბედნიერი დედა გამხდარიყო.
თამარ ციხისელი:
მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვყავს. 7 წლის თავზე ნანატრი ორსულობა დამიდგა. გასული წლის მარტში ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღგიწერთ.
რუსთავში ვცხოვრობთ და ახალ რუსთავში არის ,,ავერსი”-ს კლინიკა. ვიფიქრე, კვალიფიციური ექიმები ეყოლებათ და ორსულობის დროს სათანადო დახმარებას გამიწევენ მეთქი. მივედი. ექიმმა შორენა ონიანმა მითხრა, რადგან ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ექოსკოპიას აღარ გაგიკეთებ, შეიძლება, ჯერ არ გამოჩნდეს და არ მინდა, უარყოფითად განეწყოო. დიდი ხანია შვილი არ გყავს და მუცელი არ უნდა მოგეშალოსო. ამის გამო ექიმმა დამინიშნა უამრავი მუცლის გასამაგრებელი წამალი. სწორედ ამ წამლებმა დამღუპა… ნაყოფი მილში მიემაგრა და გარე ორსულობა განვითარდა. ექიმმა 2 თვე მატარა, მიღებდა ექოსკოპიებს, მახარჯინებდნენ ფულს და მაიმედებდნენ, არ იდარდო, ზიგჯერ მილიდან ღრუში გვიან გადადისო.
ერთ დღესაც ძლიერი ტკივილები დამეწყო. ექიმს ტელეფინი გამორთული ჰქონდა და ვერ დავუკავშირდი. სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ თურმე მილი გასკდა და მუცელში დაითრომბა სისხლი. მითხრეს, მაგან გიშველაო, თორემ ვერ გადარჩებოდიო. ყველას უკვირდა, ასეთი მდგომარეობით როგორ გადავრჩი? გონება დაკარგული წამიყვანა სასწრაფომ და სასწრაფო ოპერაცია გამიკეტეს. რა თქმა უნდა, შვილი კვლავ არ მყავს…
რომ მახსენდება, ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ არ ვუჩივლე ,,ავერსის კლინიკას” და იმ ექიმს, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობა. ასეთი ფაქტები სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ. ყველამ უნდა გაიგოს, რა ხდება ჯანდაცვის დაწესებულებებში და როგორ იქცევიან ექიმები. ამ ფორმით სხვებს მაინც გადავარჩენთ. უპასუხისგებლოს და არაფრისმცოდნეს არ შეიძლება, ექიმი ერქვას.