ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ელდარის ზამთრის საძოვრების ულამაზესი ცხენები

,,ჩვენმა ცხენებმა საუკეთესოდ იციან ვაშლოვნის რელიეფი, ამიტომ კლდეებთან ახლოს არ მიდიან, არც ისე გადადგამენ ნაბიჯს, რომ გადაიჩეხონ"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ელდარის ზამთრის საძოვრებს ამჯერად ულამაზესი ცხენების ფერმის სანახავად ვესტუმრე. აქედან იწყება ვაშლოვნის დაცული ტერიტორია, რომელსაც ქართულ კაპადოკიასაც უწოდებენ. აქ იხილავთ ვულკანური წარმოშობის გორებსა და მთებს, ტალახის ვულკანებს, საიდანაც ტალახი, ნავთობი და აირი ამოდის, მოტიტვლებულ მინდვრებს აქა-იქ ხეებით, პატარ-პატარა ნაკადულებს, დრო-ჟამისგან კლდის ნაწილად ქცეულ დიდ ნიჟარებს, რაც მეტყველებს, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ეს ადგილი წყლით ყოფილა დაფარული… ივრის ზეგანზე მობალახე 100-ზე მეტი ცხენი მთიდან ჩამოსახლებული მშრომელი კაცის, სოსო შეთიძის საკუთრებაა. ვაშლოვანში, იქ, სადაც მანქანა ვერ მიდის, სოსოს ტურისტები ცხენებით მიჰყავს და ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხე-კუნჭულს აცნობს. ინტერვიუ რომ ვთხოვე, მორიდებით მითხრა, ჩემს საქმიანობაზე საუბარი არ მეხერხება, ყველაფერს ჩემი ახლობელი და გვერდში მდგომი რობი ბუჟაიძე მოგიყვებათო.

21 წლის რობი კარგი მხედარი აღმოჩნდა. ულამაზესი ცხენი “ავარა” ჩვენთან მოაგელვა და დაწვრილებით მოგვითხრო შირაქის ველის ცხენების ფერმის ამბები.

– სოსო ალვანელია, მე კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურელი. დედაჩემი და სოსო დეიდაშვილები არიან. მამაჩემი მეცხვარე იყო და სულ მინდოდა კომბლით ხელში მევლო სამწყემსად. ზღაპრულ ფერებში მქონდა წარმოდგენილი ეს ყველაფერი, სანამ თავად არ გამოვცადე მწყემსის ურთულესი ყოფა. 11 წლისა წავყევი ბიძაჩემს ცხვარში და მეცხვარის ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე. ცხვარში წასასვლელად სკოლას ვეთხოვებოდი ან არდადეგებს ვიყენებდი. მთაში ჩემი ტოლები არ იყვნენ და ასაკოვან ხალხთან მიწევდა თვეობით ყოფნა. უმძიმეს შრომასთან ერთად გართობაც მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და შინ რომ ვბრუნდებოდი, ახალგაზრდებთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებდი. თუმცა ცხვარში გატარებული არც ერთი წუთი არ მენანება, იქ მე ცხოვრება ვისწავლე.

19 წლის ვიყავი სოსომ რომ მითხრა, ერთად ვიმუშაოთო. ახლა ფერმას სამნი ვუძღვებით – სოსო, მე და გიო იჭირაული. როცა საქმე ბევრია, სოსოს ძმა გვეხმარება. შირაქის ველზე სოსოს მამას მიწები ჰქონდა და ძროხებსა და რამდენიმე ცხენს უვლიდნენ. სოსოს ძალიან უყვარდა ცხენები და ამრავლებდა, ძროხებს ყიდდა და ცხენებს ყიდულობდა. ამჟამად ასზე მეტი ცხენი ჰყავს. უმეტესად თუშური ჯიშის ცხენებს ვუვლით, რომლებსაც კარგი გამწეობა აქვთ. ჩვენს ცხენებს შეუძლიათ სიცივეშიც გაიტანონ თავი, საძოვარზე გავიდნენ და იქ გამოიკვებონ. დამატებით საკვებს – ქერსა და შვრიას ზამთარში მხოლოდ 20 ყოჩაღ მამალ ცხენს ვაძლევთ, დანარჩენები თავისით შოულობენ საკვებს.

– ცხენები ზამთარში საკვებს თავისით როგორ შოულობენ?

– ისე არიან შეგუებული აქაურ ჰავას, ღია სივრცეში გამოზამთრების პრობლემა არა აქვთ. სულ რომ არ მისცე საკვები, ამხელა ტერიტორიაზე ბალახს მაინც პოულობენ. სამოძრაოდ მამალ ცხენებს ვიყენებთ, დედალს კი გასამრავლებლად. თუ დედალ ცხენს არ ამუშავებ და არც გადასაადგილებლად იყენებ, ყოველ წელს გააჩენს კვიცს, სხვა შემთხვევაში კი შეიძლება რამდენიმე წელიწადს არ მოიგოს. 310 ჰექტარ ტერიტორიაზე ვართ გაშლილი, აქედან 50 ჰექტარი ელექტროღობით გვაქვს შემოსაზღვრული, სადაც ცხენებს ღამით ვაჩერებთ. გავამრავლეთ ძროხებიც, უკვე 30 სულია. ახლა თუშეთში ზაფხულის საძოვრებზე არიან და რამდენიმე კვირაში ჩამოვიყვანთ.

ვაშლოვნის დაცული ტერიტორია ჩვენგან 3-4 კილომეტრშია. იქ ბევრი ნადირია. დიდ ცხენებს მგლები ვერაფერს აკლებენ, მაგრამ პატარებს ზოგჯერ ერევიან. შარშან ორი მამალი კვიცი დღისით დაგლიჯეს. მეცხვარეები ამბობენ ხოლმე, მგელს შხამიანი კბილი აქვს, მისი კბილგაკრული ცხოველი ვერ გადარჩებაო. გაზაფხულსა და შემოდგომაზე თუშეთში გადასვლა-გადმოსვლის დროსაც გვაქვს ხოლმე დანაკარგი – კლდიდანაც გადაგვვარდნია ცხენი. შეიძლება ცხენებს ჩხუბი მოუვიდეთ, თავი ვერ შეიკავონ და ქარაფიდან გადაეშვნენ, ანდა მანქანა დაინახონ, შეეშინდეთ და ისკუპონ. წეღან რომ ცხენით მოვედი, “ავარა” ჰქვია. თქვენ რომ დაგინახათ, შეცბა და ამიტომაც გთხოვეთ, ცოტა მორიდებოდით. “ავარა” 4 წლისაა. ასე იმიტომ დავარქვით, რომ მაწანწალაა. მისთანა მოზარდ ცხენებს ვაბამთ და ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვხედნით.

– ყველა ცხენის ხასიათი და ბუნება გაქვთ შესწავლილი?

– ყველა ცხენს ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. ტურისტებისთვის მშვიდ ცხენებს ვიყენებთ. მთხოლელა ცხენებზე უცხოებს არ ვსვამთ. მთხოლელას ვეძახით ცხენს, რომელსაც წინ პარკიც რომ აუფრიალო, დაფრთხება, განზე გახტება ან გაიქცევა. თუმცა თანდათან, ყოველდღიური მუშაობით შეიძლება აღმოაფხვრევინო შიში. ცხენები სუნითაც ცნობენ ადამიანებს. ყოფილა შემთხვევა, ჩემს დანახვაზე შემხტარა ცხენი, მაგრამ ხელზე ვაყნოსვინე და დამშვიდებულა. რემაში გვყავს ცხენები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანთან მიდიან. არიან პატრონის მოსიყვარულე ცხენებიც, მაგრამ რომ ვაკვირდები, ადამიანი ძაღლზე მეტად არც ერთ ცხოველს არ უყვარს. დაბადებიდან ვზრდიდი ერთ ლამაზ ცხენს, რომელსაც “უზბეკა” დავარქვი. ჩემი ხელით ვაჭმევდი, ვუვლიდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი, მაგრამ ცხენებში რომ გაერია, ჩემი სიყვარულიც გაუნელდა. ცხოველს თუ უყვარხარ, რომ დაუძახებ, უნდა მოვიდეს, როგორც ძაღლი, “უზბეკა” კი ჩემს დაძახილზე არ მოდის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენს ფერმაში ძაღლი არ გვყავს.

– რატომ?

– ძროხებს საღამოს ვაბინავებთ, ამიტომ არ გვქონია შემთხვევა, ნადირს დაეგლიჯოს, თანაც გაზაფხულიდან ვიწყებთ მთაში სიარულს და ძაღლი ამხელა მანძილზე ვერ მოდის. ყოფილა შემთხვევა, გზიდან აგვკიდებია ძაღლი, რამდენიმე დღე გამოგვედევნა კიდეც, მაგრამ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, დაიღალა და ჩამოგვცილდა.

– თქვენს ცხენს მხედარი თუ ჩამოუგდია?

– ასეთი შემთხვევებიც გვქონია, ამიტომ წინასწარ ვეკითხებით ცხენით სეირნობის ყველა მსურველს, ცხენზე ჯდომა იცის თუ არა. ვინც ცხენზე ჯდომა არ იცის, მშვიდ ცხენს ვურჩევთ, თუმცა დაზღვეული მაინც არავინ არის. ჩვენმა ცხენებმა საუკეთესოდ იციან ვაშლოვნის რელიეფი, ამიტომ კლდეებთან ახლოს არ მიდიან, არც ისე გადადგამენ ნაბიჯს, რომ გადაიჩეხონ. ასეთი შემთხვევები მხოლოდ უცხო ადგილებზე შეიძლება მოუხდეთ. რომ დაინახოთ, თუშეთში როგორ ადგილებში დადიან ჩვენი ცხენები, ვაშლოვნის ნაკრძალი დიდ სტადიონად მოგეჩვენებათ. ყველა სტუმარს ჩვენც მივყვებით, ასე ვიცავთ მათ უსაფრთხოებას.

– ამბობენ, ვაშლოვანში ბევრი ქვეწარმავალიაო, და გველები თქვენს ცხენებს არ ერჩიან?

– ზაფხულში, როცა ქვეწარმავლების სიმრავლეა, ცხენებიანად თუშეთში მივდივართ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი ქვეწარმავალი მიწაში იმალება და არ ამოდის. ასე რომ, არ გვქონია შემთხვევა, გველს ჩვენი ცხოველებისთვის რაიმე დაეშავებინოს. ასეთი შემზარავი მითები ხალხში თუშეთის გზებთან დაკავშირებითაც ვრცელდება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე საფრთხის შემცველი გზაა, როგორც ამბობენ. კარგი მძღოლისთვის თუშეთში ასვლა ძნელი არ არის, ჩვენ კი ცხენებით 6 დღე გვჭირდება.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close