ნელი ვარდიაშვილის სტატიები

როგორ შეიქმნა სიმღერა ,,ქსოვრელები მღერიან” – ,,მორის ფოცხიშვილმა გვითხრა, თქვენზე ლექსი დავწერეო…”

,,ნეფე-პატარძალი საქორწინო დარბაზში რომ შემოიყვანეს, ჩვენ ვუკრავდით. იქ ბევრი ქართველი ებრაელი ვნახეთ. დუდუკის ხმა რომ გაიგონეს, ატირდნენ. ამბობდნენ, საქართველო გვახსენდებაო"

პოპულარული ანსამბლი ,,ქსოვრელები” გასული საუკუნის 80-იან წლებში ,,სოინარის” სახელით იყო ცნობილი. მისი ხელმძღვანელი თბილისში სახელგანთქმული მედუდუკე გრიგოლ ქსოვრელი იყო. ბატონი გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლს ,,ქსოვრელები” შეარქვეს. მათთან ქეიფი ბევრ ცნობილ ადამიანს უყვარს. ქსოვრელების დუდუკების თანხლებით პოპულარული მომღერლები ახლაც ხშირად მღერიან ქალაქურ სიმღერებს.

2006 წელს ანსამბლ ,,ქსოვრელების” წევრებთან ინტერვიუ ჟურნალ ,,სარკესთვის” ჩავწერე. მათ შესახებ საინტერესო ისტორიები დრომ ვერ გაახუნა. euronews.ge ამ ინტერვიუდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს  გთავაზობთ.

ელდარ შოშიტაშვილი (ანსამბლის ხელმძღვანელი):

_ კომუნისტების დროს რესტორან ქალაქურში ვუკრავდით და ვმღეროდით. 8 მარტს ქალებისთვის საინტერესო სუფრა გავშალეთ, სადაც პოეტი მორის ფოცხიშვილი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანებიც მოვიწვიეთ. ფოცხიშვილმა გვითხრა, რომ ჩვენზე ლექსი ჰქონდა დაწერილი. ვაჟა აზარაშვილმა ეს რომ გაიგო, შეგვპირდა, მელოდიას მე დავწერო. მეორე დღეს სიმღერა ,,ქსოვრელები მღერიან” მზად იყო. მას ახლაც ბევრი მღერის.

_ მაშინ უკვე გეძახდნენ ,,ქსოვრელებს’?

_ ჩვენი ხელმძღვანელი, გრიგოლ ქსოვრელი, ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში იყო და ყველა იცნობდა. მასთან ერთად მუშაობა ანსამბლის წევრებიდან მხოლოდ მე და ზურაბ წერეთელს მოგვიხდა. მაშინ ანსამბლს ,,სოინარი” ერქვა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მოღვაწეობა გავაგრძელეთ. ხალხმა იცოდა, რომ გრიგოლ ქსოვრელის სკოლა გვქონდა გავლილი და მისი გაზრდილები ვიყავით. სადაც დაგვინახავდნენ, ამბობდნენ, ქსოვრელები მღერიანო. ამის შესახებ ბატონმა მორის ფოცხიშვილმაც იცოდა და ლექსიც ამიტომ დაგვიწერა.

სანამ ,,სოინარს” ჩამოვაყალიბებდით, მე და ზაური თბილისის ზღვაზე, რესტორან ,,იალქანში” კლარნეტსა და აკორდეონზე ვუკრავდით. კლიენტები ხშირად გვეკითხებოდნენ, დუდუკი რატომ არ გაქვთო? პირველად მაშინ გაგვიჩნდა მედუდუკეთა ანსამბლის ჩამოყალიბების იდეა. გრიგოლ ქსოვრელს კულტურის სახლში დუდუკის შემსწავლელი, წრე ჰქონდა. დახმარება მას ვთხოვეთ. ექვს თვეში ავითვისეთ ძველი ინსტრუმენტი და მუშაობას შევუდექით.

ძველი თბილისი დუდუკთან და ყარაჩიღელებთან ასოცირდება. ეს ინსტრუმენტი საქართველოში მეოთხე საუკუნეშია შექმნილი. ქალაქელი კაცი დუდუკის ხმის გაგონებაზე სხვა ხასიათზე დგებოდა.

   ზაურ წერეთელი:

_  გასულ საუკუნეში თბილისში მედუდუკეთა ძლიერი ანსამბლები არსებობდა. ერთ-ერთი ცნობილი მედუდუკეთა ანსამბლი  ხაჩიკ დოლგაუკოვს  ჰქონდა. იგი ქართველი იყო, გვარად ოთხმეზური, მაგრამ ცხოვრება ისე აეწყო, რომ გვარის გადაკეთება მოუხდა. ფილმ ,,გიორგი სააკაძეში” ცეკვა ქართული მისი ანსამბლის გახმოვანებულია. დუდუკზე დამკვრელი ლევან მირხანიანი ძველი თბილისელი კაცი იყო. ფილმს, ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ” ის ახმოვანებდა. ,,ბებერი მეზურნეები” კი გრიგოლ ქსოვრელმა გაახმოვანა. მათი თაობა ასაკში შევიდა, ტრადიციებს კი გამგრძელებელი სჭირდებოდა.

ჩვენთან ცნობილი მომღერლები მღერიან. ეთერ კაკულიამ პირველად როცა იმღერა დუდუკზე, თავადაც გაუკვირდა, არ ვიცოდი ასეთი კარგი თუ იყო დუდუკთან ერთად მღერაო.  განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა სიმღერა ,,ავლაბარო, ჭაღარავ”.

    რობიზონ გიგაური:

_ მედეა ძიძიგური დუდუკზე მღერის დიდოსტატი იყო.  ჩვენთან ნინო კრავეიშვილს, ზურაბ ანჯაფარიძეს, ცინუკი დადიანს, ნუკრი კაპანაძეს, მედიკო კარტოზიას, ბუბა კიკაბიძეს, თემურ წიკლაურს, ეკა კვალიაშვილს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს და სხვა მომღერლებს უმღერიათ. ჩვენთან სიმღერას სპეციფიკური ხმა სჭირდება. თემურ წიკლაური თავის ნამღერზე თავადვე ტიროდა ხოლმე.

პირველად საზღვარგარეთ გასტროლებზე მედეა ძიძიგურის მეშვეობით მოვხვდით. ბულგარეთში საქართველოს დღეები ჩატარდა , სადაც ქართულ ხმებთან და მედეა ძიძიგურთან ერთად ჩავედით. მას შემდეგ უცხოეთში გასტროლებზე ხშირად დავდივართ. მთელი მსოფლიო გვაქვს შემოვლილი. ზოგჯერ, ემიგრანტი ქართველები ქორწილებშიც გვეპატიჟებიან. ისრაელში სამტრედიიდან ჩასულმა ებრაელმა შვილის ქორწილში მიგვიწვია. ქორწილი ერთ კვირას გაგრძელდა. სტუმრები თითქმის ყველა ქვეყნიდან ჰყავდათ მიწვეული. ნეფე-პატარძალი საქორწინო დარბაზში რომ შემოიყვანეს, ჩვენ ვუკრავდით. ყველა აღფრთოვანებული დარჩა. იქ ბევრი ქართველი ებრაელი ვნახეთ. დუდუკის ხმა რომ გაიგონეს, ატირდნენ. ამბობდნენ, საქართველო გვახსენდებაო. ქართველ ებრაელებს ნაღდი ბაიათები უყვართ და ძირითადად მათ შესრულებას გვთხოვენ. ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილის და მისი დისშვილის ქორწილშიც ჩვენ ვუკრავდით.

  ვანო ტატიაშვილი:

_ ერთხელ გასტროლებზე ანსამბლ ,,კელაპტართან” ერთად საბერძნეთში ვიყავით. როგორც ჩანს, ჩვენს კონცერტს მართლმადიდებელი მღვდელიც ესწრებოდა. მან თავის ტაძარში მიგვიწვია და დაკვრა გვთხოვა. ეკლესიაში საგალობელი დავუკარით. არაჩვეულებრივი ეფექტი ჰქონდა.

პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილს ისრაელში ვიზიტისას ჩვენც ვახლდით. იქ ებრაელთა მეფის, დავითის კოშკია, სადაც დიდი სუფრა დაგვახვედრეს. კოშკს კარგი აკუსტიკა აქვს, არაჩვეულებრივ ექოს გამოსცემს და დუდუკებს ძალიან მოუხდა. ჩვენს ჰანგებზე გურამ საღარაძე ლექსებს კითხულობდა.

1993 წელს ავსტრიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ანსამბლებმა მოვიყარეთ თავი და კონცერტი გავმართეთ. ყარაჩოხელის სამოსში ვიყავით გამოწყობილნი. სცენაზე გავედით თუ არა, დარბაზიდან ებრაელმა ქართველებმა შეკვეთები მოგვცეს და დუდუკის ხმაზე ხმამაღლა ატირდნენ. არც ერთი ქვეყნის ანსამბლს არ დაუმსახურეებია ისეთი მოწონება, როგორიც ჩვენს მიმართ გამოხატეს.

   ( გაგრძელება იქნება)

ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”, 2005 წელი. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close