საზოგადოება

ხევსური ბავშვები ღამითაც სკოლაში რჩებიან _ მთას მიბარებული მოსახლეობა მთავრობას აღარ ახსოვს

ხევსურეთში ყოფნის დროს შევიტყეთ, რომ ხევსურები, არაბულებისა და ჭინჭარაულების შთამომავლები არიან, რომელთა წინაპარი ფშავიდან ყოფილა. თქმულება გვეუბნება, რომ ისინი გადმოსულან შუაფხოდან. ერთ-ერთი მათგანი მონადირე ყოფილა. ერთხელ, არაგვის ხეობაში სანადიროდ წასულა. გუდანის მახლობლად გარეული თხა მოუკლავს და ნანადირევი შინ მიუტანია. მამას თხის სიმსუქნე გაკვირვებია და შვილისთვის გამოუკითხავს ნადირობის ადგილი. მას უთქვამს: ,,სადაც ასეთი მსუქანი ნადირია, მიწა მოსავლიანი იქნებაო, ამიტომ წადი, ამ თხის ბუშტი ხორბლით გაავსე და სადაც ნადირი მოკალი, იქ დათესეო”. მონადირესაც გუდანის მახლობლად დაუთესავს ხორბალი. ამოსულა მშვენიერი ჯეჯილი. შემოდგომით მონადირეს ერთი გუდა ჭირნახული მოუმკია. ამის შემდეგ ოჯახით შუაფხოდან იქ გადასახლებულა და ადგილსაც გუდანი ამიტომ დარქმევია.

ხევსურეთზე არსებობს მეორე ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც, სამმა ძმამ _ არაბამ, ჭინჭარამ და გოგოჭამ განდევნეს კავკასიური ტომი და თვითონ დასახლდნენ, რითაც სათავე დაუდეს სამი დიდი გვარის წარმოშობას. ეს გვარებია _არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები.

საინტერესოა, ახლა რა ხდება ხევსურეთში? ერთ დროს მჭიდროდ დასახლებულ ხევსურეთს, დღეს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება. რატომ? იმიტომ, რომ იქ არ არის ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. ხევსურეთში ორი სკოლაა _ შატილში და ბარისახოში. შატილის სკოლაში 7 მოსწავლე სწავლობს. ბარისახოში კი, იმის გამო, რომ ზამთარში კილომეტრების გავლა შეუძლებელია, ღამით, ბავშვები სკოლაში რჩებიან. ისედაც დაცლილი ხევსურეთი, ზამთარში უფრო იცლება და მხოლოდ თითოოროლა კაცი რჩება. ამას მთელი ზამთრით ჩაკეტილი გზები განაპირობებს. ხევსურეთის სოფლების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის არ ქონასაც განიცდის. აშკარაა, რომ ხევსურეთის სილამაზე ტურისტებსაც იზიდავს, თუმცა, რატომღაც, ხევსურეთში სასტუმროები არ არის. როცა სასტუმროები აშენდება და  მოსახლეობისთვისაც შეიქმნება სამუშაო ადგილები, ხევსურეთი თვალწარმტაც ტურისტულ ზონად იქცვა. ახლა კი ხევსურეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე ადამიანი ელოდება, როდის გაახსენდება მთავრობას მთას მიბარებული მოსახლეობა.

ნეკა ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close