ქართულ-ებრაული

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ისრაელში.

საქართველოს პრეზიდენტს

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

 თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ებრაელების სახელით მოგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა – მაღალი კულტურული ფასეულობებით, ტოლერანტობით – უმდიდრესი ისტორიით. იგი გახლავთ უძველესი ცივილიზაციების და უნიკალური  ტრადიციების მემკვიდრე, რაც აუცილებელს ხდის მისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი სივრცის არსებობას, რათა  განვითარდეს კვლავაც, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნოს ავთენტურობა.

ნიშანდობლივია, რომ ისრაელი და საქართველო დამოუკიდებლობის დღეს მაისში აღინიშნავენ, როგორც ორი მეგობარი ქვეყანა, მსგავსი სვე-ბედით. შევთხოვ მაღალ გამჩენს მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს პატარა, მაგრამ მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობის  ორ უძველეს სახელმწიფოს, რომელთა ერთობამ ათეულობით საუკუნეს გაუძლო.

გილოცავთ წმინდა მიწიდან და გლოცავთ – გქონოდეთ მშვიდობა, აღმშენებლობა, განვითარება, გაბრწყინება, ხვავი და ბარაქა, საუკეთესო მომავალი.

 საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი გახარიას

 ბატონო პრემიერო,

საქართველოსთვის უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობის დღეს და მსურს გულწრფელად მოგილოცოთ იგი ჩემი და მთელი საქართველოს ებრაელობის სახელით.

26 მაისი ისტორიული დღეა ჩვენთვისაც – ქართველი ებრაელობისთვის.  რადგანაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც 1918 წელს,  სწორედ ამ დღეს გაფორმდა და რომელიც ნამდვილად გახლავთ დემოკრატიის,  ჰუმანიზმის, მაღალი პოლიტიკური კულტურის და ტოლერანტობის ნიმუში მთელი მსოფლიოსათვის, სხვა ისტორიულ პიროვნებებთან ერთად ხელს აწერს  ჩვენი დიდი რაბინი – მოშე დავარაშვილიც.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და ეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისეთ ურთულეს გამოწვევასთან ბრძოლაში, როგორიც გახლავთ COVID ინფექცია. ამიტომაც ისრაელმა იგი უსაფრთხო ქვეყნების მცირერიცხოვან რიგს დამსახურებულად მიაკუთვნა და ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ტურიზმის ერთობლივ პროექტებს ორ ქვეყანას შორის. ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე გილოცავთ ამ აღიარებას. ბარაქალა თქვენს გუნდს და პირადად თქვენ ბატონო გიორგი, რადგანაც ეს შედეგი სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სწორი ნაბიჯების დასტურია და ამას როგორც თქვენი პირადი მეგობარი ამაყად ვამბობ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელი და საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ერთად აღნიშნავენ – მაისში, როგორც ორი მეგობარი სახელმწიფო, რომელსაც ერთმანეთთან უდიდესი ისტორია და მსგავსი ბედ-იღბალი აკავშირებს. დალოცოს ღმერთმა მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობის  ჩვენი ორი  ქვეყანა, რომლებიც უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრენი არიან და მათ დამოუკიდებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.

ბატონო პრემიერო, ჩვენი საყვარელი ქვეყნის მთავრობის მეთაურო და ჩვენო მეგობარო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – გქონოდეთ მშვიდობა, გამარჯვება, აღმშენებლობა, განვითარება, გაბრწყინება, საუკეთესო მომავალი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ისრაელში,

ბატონ  ლაშა ჟვანია

ბატონო ლაშა,

გილოცავთ საქართველოსთვის უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს – გილოცავთ, როგორც ჩვენი საყვარელი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს ისრაელში, როგორც შესანიშნავ მამულიშვილს და როგორც ჩემს პირად და საამაყო მეგობარს.

ჩვენს თაობას უდიდესი მისია ერგო წილად – ათეულობით საუკუნეში  გამოტარებული, ნაფერები  და ღირსეულად შემონახული ორი ერის მეგობრობის ისტორია ჩვენს მხრებზე  უნდა ვატაროთ და შეუბღალავად გადავაბაროთ ესტაფეტა მომავალ თაობას. ამაზეა დამოკიდებული რამდენად მჭირდო და ურთიერთსასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების კავშირი სამომავლოდ, გაგრძელდება თუ არა მთელი მსოფლიოსთვის გასაოცარი და სამაგალითო ურთიერთობა, რომელსაც მაღალი პოლიტიკური კულტურის ბეჭედი აზის. ამაში უდიდესია საქართველოს საელჩოს როლი და მინდა წარმატებები გისურვოთ კვლავაც ყველა სასიკეთო წამოწყებაში.

საქართველომ და ისრაელმა დამოუკიდებლობამდე რთული და მტკივნეული გზა განვლო. ორივე ქვეყანას ძვირად უზის იგი და ალბათ გამჩენმაც ამიტომ ინება, რომ ორივე ერთად, მაისში აღნიშნავს მას. დიახ, მტკივნეული, რადგან მიზნამდე მიღწევას არაერთი პატრიოტის სიცოცხლე დასჭირდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ქვეყნად, რომელსაც მარდიული სასუფეველი ქვია, მადლობა ვუთხრა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ გმირებს, ისრაელსაც და საქართველოსაც ისინი ბევრი ჰყავს – საამაყო და მარად მოსახსენებელი. დიდება გმირებს, ვინც თავის ქვეყანას აჩუქა სიცოცხლე დ ახლა დამოუკიდებლობა საზეიმოდ დაგვიტოვა!

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და მან ეს მრავალგზის დაადასტურა. ამიტომაც ისრაელმა იგი უსაფრთხო ქვეყნების მცირერიცხოვან რიგს დამსახურებულად მიაკუთვნა და ამით გზა გაუხსნა ტურიზმის ერთობლივ პროექტებს ორ ქვეყანას შორის, ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე გილოცავთ ამ აღიარებას თქვენ და მთელს თქვენს გუნდს.  გისურვებთ ორმხრივი ურთერთობების კიდევ უფრო გაფართოებას, გაძლიერებას და გიცხადებთ სრულ თანადგომას.

დალოცოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა – მოგვმადლოს მშვიდობა, გამარჯვება, აღმშენებლობა, საუკეთესო მომავალი.

გილოცავთ!!!

პატივისცემით,

                      მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი

იაკობ გაგულაშვილი

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close