სხვა

„ჩემი მეუღლე უდიდესი სიყვარულით მიყვარდა“

„ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება-არდაბადებას“ - რას ყვება ეკა კუპატაძე ოჯახზე და გავრცელებულ ჭორზე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემაში „ნოესთან” თავის ოჯახზე ისაუბრა, მათ შორის, ჭორზე, რომელიც მის მეუღლეს უკავშირდება.

.

-ჩემამდე მოვიდა უცნაური ინფორმაცია… თურმე ჩემს ქმარს სვანეთში ვიღაც მოუკლავს და ცოდვა გადმოვიდა. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. მე ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ჩემს შვილებს ძალიან კარგი გენი აქვთ. ჩემი მეუღლის დებიც განათლებული, ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგოები არიან… მე ერთ სიტყვას მათზე ვერავინ ვერასდროს ცუდს ვერ მათქმევინებდა, – ყვება ქალბატონი ეკა.

წამყვანის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა შვილებს მამასთან ურთიერთობა განქორწინების შემდეგ, ის პასუხობს: „არა. ქუჩაში რომ შეხვედროდა, ვერ იცნობდა“. ამის მიუხედავად, მისივე თქმით, განქორწინების შემდეგ 13 წლის განმავლობაში მეუღლის სოფელში, მის სახლში ცხოვრობდა.

-მე იქ მივედი 24 წლის გოგო და სოფელმა გულში ჩამიკრა. უკვირდათ ჩემს მეზობლებსაც კი, რომ მართალია, ჩემი ქმარი და ჩემი მულები, მათი თვალწინ გაიზარდნენ და ისინი თითით საჩვენებელი ბავშვები იყვნენ მართლა ყველასთვის, მაგრამ მერე შეხედეს, თუ როგორ გაგვიმეტეს ჩვენ ამ ყველაფრისთვის და გული წყდებოდათ. ვერავინ ვერ გაბედავდა ჩემთან, ჩემს ქმარზე ერთ ცუდ ან თუნდაც გადაკვრით ნათქვამს, ჩემს მულებზე ერთადერთხელ მაინც გადაკვრად ვერავინ ვერასდროს ვერაფერს იტყოდა – ვერც სოფელი, ვერც ჩემი სანათესაო – ვერავინ გაბედავდა.

მოკლედ, მოხდა ისე, რომ ვერ ჩავჯექი დედამთილის სტანდარტებში. არ ვიცი, ცოტა სხვა მოთხოვნები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მშრომელი ადამიანი ვიყავი. ვერავინ იტყვის, ეკა ზარმაცი იყო, ხელმრუდი იყო… არ ვიყავი ცუდი ქცევის, ცუდი წრის წარმომადგენელი, მაგრამ ვერ მიმიღო რატომღაც. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ჩემი დედამთილი წრფელი გულით მიყვარდა, მართლა მიყვარდა და ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის. მე ჩემს მამამთილზე მზე და მთვარე ამომდიოდა, მასაც ასევე ჩემზე და ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის… ჩემმა დედამთილმა, რამდენადაც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ჩემს მეზობელს უთხრა, რომ, გაგული, იცოდე, აქაურობა არის ეკასი და ნიკასი. მაშინ გიგა დაბადებული არ იყო, ორი კვირის თუ სამი კვირის იყო, როცა ჩემი დედამთილი გარდაცვალა და ეს უთხრა, ანუ მადლი, სიკეთე, სწორი და კარგი სიტყვა არავის არ უნდა დაკარგოს, – აღნიშნა მან.

ეკა კუპატაძის თქმით, ოჯახი მაშინ დაინგრა, როდესაც გიგაზე დაახლოებით ექვსნახევარი თვის ორსული იყო. ორსულობისას ძლიერი ტკივილი დაეწყო, რაც, სავარაუდოდ, კენჭის გავლას უკავშირდებოდა. კლინიკაში მეზობელმა და მისმა მეუღლემ წაიყვანეს. იმ პერიოდში მისი მეუღლე ქუთაისში, კლინიკაში მუშაობდა.

-მქონდა კენჭის გავლა, მქონდა რაღაც საშინელი მწვავე ტკივილები… იმ შეტევამ, იმ ტკივილმა გამიარა, როცა კლინიკაში ვიყავი და დილით მოვიდა ჩემი მეუღლეც. მაშინ უთხრა ექიმმა, რომ ფეხმძიმობა უნდა შეწყვეტილიყო. ექიმმა მეუღლეს უთხრა, რომ შესაძლოა ბავშვი იყოს რაღაცა ფიზიკური ნაკლით, არც ეხო, არანაირი კვლევა არ გამიკეთებია, პირდაპირ ესე ზეპირად. აი, ამის წინააღმდეგ წავიდა ჩემი ოჯახი და როგორი წინააღმდეგ წავიდა, იცით? ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, კოტემ, თქვა ასეთი რაღაც, ჩემს ქმარს ვუთხრა: დაიბადოს ეს ბავშვი. თუკი ბავშვი იქნება ფიზიკური ნაკლით, მე წავიყვან ამ ბავშვს, ის იქნება კოტე კუპატაძის ძე და გავზრდი მას მე. თუ არ ექნება ფიზიკური ნაკლი, რატომ ხარ წინააღმდეგი, შენ ხომ იცოდი მთელი ექვსი თვის მანძილზე, რომ შენი მეუღლე ელოდებოდა შვილს.

ასე რომ, ჩემი ოჯახი ამას დახვდა ძალიან მკაცრად და ღირსეულად და ისე გაჩნდა გიგა ავალიანი. ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება-არდაბადებას. აი, რატომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე. თორემ როცა ოჯახი იხლიჩება, იქ ბუნებრივია, რაღაც ხდება. შესაძლოა მეტი წილი დანაშაული ჰქონდეს რომელიმე ერთ მხარეს, მაგრამ აუცილებლად იქ მეორე მხარეც რაღაცას არასწორად აკეთებს, თორემ ოჯახი ისე არ იხლიჩება. მე უდიდესი სიყვარულით მიყვარდა ჩემი მეუღლე. სწორედ გიგას დაბადება-არდაბადების გამო მოხდა ეს, – ამბობს ეკა კუპატაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close