„ყვირილი გავიგონე, მიშველეთო…“
ვინ არის ქალი, რომელმაც 16 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა

29 წლის ლელა ფარტენაძემ ბათუმში, სანრემოს ხიდთან, ზღვაში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. ახალგაზრდა ქალი „კვირის პალიტრასთან“ ყვება:
.
– 24 ივლისი იყო, დაახლოებით, ორის ნახევარი იქნებოდა. მე და ჩემი მული ვიყავით ზღვაზე, პატარებთან ერთად. ბავშვები ერთობოდნენ, უკვე წამოსვლას ვაპირებდით… ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგონე ყვირილის ხმა, – მიშველეთო… მაშინვე კამერას მოვკიდე ხელი და გავიქეცი მის დასახმარებლად. იმ მომენტში საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, ბიჭს დავხმარებოდი. მივედი მასთან და კამერა მივაწოდე, მალევე მივხვდი, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თან ამ დროს სხვა ბიჭებიც მოვიდნენ და ნაპირზე მშვიდობით გამოვიყვანეთ.
– როცა ნაპირზე გამოიყვანეთ, რა განცდა დაგეუფლათ?
– იმ მომენტში მეც ძალიან ცუდად ვიყავი, ისეთ ემოციებში ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი. მინდოდა, ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როცა ამაში დავრწმუნდით, ამის შემდეგ წამოვედით.
– ცურვა კარგად იცით?
– ცურვა პატარა ასაკში ვისწავლე და გამოცდილებაც მაქვს. ვცხოვრობდი ბათუმში, ზღვა ძალიან მიყვარს. ეს ამბავი რომ გავრცელდა და ამდენი უცხო ადამიანის მადლობისა და დალოცვის წაკითხვა მიწევდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ყველას მადლობელი ვარ, ვინც ჩემთვის თბილი სიტყვები გაიმეტა.
მერე ბიჭის მამიდა, და და ნათესავები გამოვიდნენ კონტაქტზე. მთავარი ის გავიგე, რომ ბიჭი მშვიდობით და კარგად არის. ის 16 წლის აღმოჩნდა, ბათუმელია. როგორც გავიგე, ცურვაც იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოულოდნელად ცუდად გახდა – ძლიერი სიცხეც იყო იმ დღეს და ეტყობა ამან იმოქმედა.
მთავარია, ყველაფერი კარგად არის. სხვა დროს არასდროს შევსწრებივარ მსგავს ფაქტს და სიმართლე გითხრათ, ემოციურად რთული იყო ჩემთვის, ამ დროს ერთადერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის ის, რომ გადაარჩინო სხვისი სიცოცხლე და დაეხმარო. ცურვა კარგად ვიცი და თამამად შევედი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ პანიკაში მყოფ ადამიანს წყალში უკანა მხრიდან უნდა მიუახლოვდე, მხრებში უნდა მოკიდო ხელი, მე ეს არ დამჭირვებია, შევედი და კამერა მივეცი, მალევე სხვებიც მოვიდნენ და ერთად გამოვიყვანეთ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
– ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ, პროფესიით ვინ ხართ?
– პროფესიით ექთანი ვარ, მაქვს საექთნო განათლება და გავლილი მაქვს, ასევე, ინკლუზიური განათლების კურსები. ბათუმში ვცხოვრობდი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ თბილისში ვცხოვრობ. ახლა ვარ ჩამოსული ჩემებთან. მყავს მეუღლე და ბედნიერად ვზრდით 3 წლის პატარას. მადლობა ყველას, ვინც თბილი სიტყვებით ცდილობს ჩემს გახარებას.
„კვირის პალიტრა“




