სიღნაღის ამბები

რატომ გამოაცხადეს სამშობლოს მტრად ქართველი ტენორი, მიხეილ ნანობაშვილი

,,დღეს აქ იმყოფება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველოს თავისუფლება, ამიტომ სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებ!“

,,დღეს აქ იმყოფება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველოს თავისუფლება, ამიტომ სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებ!“ _ ამ სიტყვებით გააძევებინა მაყურებელს პარიზის საკონცერტო დარბაზიდან რუსი გენერალი კახეთიდან უცხოეთში გადახვეწილმა მომღერალმა – მიშელ დარიალმა, რომლის ნამდვილი გვარ-სახელი, მიხეილ ნანობაშვილია.

საბჭოთა პერიოდში, სამშობლოს მტრად შერაცხული ბევრი ნიჭიერი ქართველი იღწვოდა უცხოეთში. ბევრმა მათგანმა საქართველოში ჩამოსვლისა და ქართულ მიწაზე სიკვდილის ოცნება იმქვეყნად გაიყოლა. მოგვიანებით, ზოგიერთის  ნეშთის გადმოსვენება მოხერხდა, ბევრი კი კვლავ საქართველოდან შორს განისვენებს და მშობლიურ მიწაზე დაბრუნებას, კვლავაც ელის.

   მარინა ჩახვაშვილი, მუსიკათმცოდნე:

_ მიხეილ ნანობაშვილი 1878 წელს დაიბადა კახეთში. ოჯახს ფუძე  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ჰქონდა, თუმცა პატარა მიხეილმა ბავშვობა თელავში გაატარა. მშობლებს ხშირად მიჰყავდათ მშობლიურ სოფელში, ბებოსა და პაპასთან. ბავშვი ისე კარგად მღეროდა, თურმე მთელ სოფელს ესმოდა მისი წკრიალა სიმღერა. სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი ცნობები მისი წინაპრების შესახებ.

მიხეილის მამა, იროდიონ ნანობაშვილი,  ამიერკავკასიის რკინიგზის მღვდელი იყო და ეგზარხოსის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მღეროდა. მათ ოჯახში სულ ისმოდა სიმღერა. გარკვეული დროის შემდეგ, ნანობაშვილები თელავიდან თბილისში გადაბარგდნენ და მიხეილი სასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. სკოლის გიმნაზიას ჰქონდა ბავშვთა გუნდი, სადაც მიხეილიც მღეროდა. შეუდარებელი ხმის მქონე ბიჭს ძალიან უყვარდა ხეტიალი და როგორც ამბობენ,  მთელი საქართველო შემოვლილი ჰქონდაო.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ მიხეილ ნანობაშვილი პეტერბურგში წავიდა და უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეგობრულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა და თავისი სიმღერით ატყვევებდა მათ. როცა მისი ნამღერი პროფესიონალებმა მოისმინეს, ურჩიეს, კონსერვატორიაში მისულიყო. ასეც მოიქცა და კონსერვატორიაში, თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. მიხეილმა მეცადინეობა ვოკალში, გაბელის კლასში დაიწყო. მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო მისი ნამღერით. მოგვიანებით კი კახელი ბიჭი ისე გაიტაცა სიმღერამ, იურიდიული ფაკულტეტი მესამე კურსიდან მიატოვა და კონსერვატორიაში გააგრძელა მეცადინეობა.

   _ პეტერბურგის შემდეგ, საფრანგეთში მოღვაწეობა რატომ გადაწყვიტა?

_ მიხეილ ნანობაშვილი ევროპული მიმართულების, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული  მომღერალი იყო. მან კარგად იცოდა საკუთარი ხმისა და ნამღერის ფასი. იმ დროს, როცა მან კონსერვატორია დაამთავრა, მარიას სახელობის საოპერო თეატრში გაიმართა 15 საოპერო მომღერლის შერჩევა. ერთ-ერთი გამარჯვებული მიხეილიც აღმოჩნდა.  გამართლებას დავარქმევ იმ ფაქტსაც, რომ იმ პერიოდში, პეტერბურგის კონსერვატორიაში მოღვაწეობდა უძლიერესი იტალიელი ვოკალისტი, პროფესორი ფერნი ჯირალდონი. მან მოისმინა მიხეილის ნამღერი და საკუთარ კლასში ჩარიცხა, შემდეგ კი იტალიაში წაიყვანა. მიხეილის ხმით მოხიბლული ჯირალდონი მოწაფეს ეუბნებოდა, შენ ისეთი ხმა გაქვს, აუცილლებლად უნდა გაიარო იტალიის ვოკალური სკოლაო.

მიხეილს ლირიკულ- დრამატული ტენორის ხმა ჰქონდა, რაც ძალიან იშვიათია. იტალიაში, ფერნი ჯირალდონმა მიხეილი თავის შვილს, სახელგანთქმულ ბარიტონს, ევგენი ჯირალდონს გააცნო. ისინი დამეგობრდნენ. იტალიურმა საოპერო სკოლამ მიხეილის მუსიკალური შესაძლებლობები ზენიტში აიყვანა. მის ნამღერს მალევე დაეტყო ცნობილი მუსიკოსების წვრთნა. მიხეილმა იტალიის კერძო თეატრში დაიწყო მოღვაწეობა და წარმატებებმაც არ დააყოვნა.

    _ ფსევდონიმად მიშელ დარიალი რატომ დაირქვა?

_  მიხეილი საფრანგეთში 2003 წელს ჩავიდა. პარიზის ,,გრანდ ოპერაში“ კი, 2008 წლიდან 2024 წლამდე მღეროდა. ფესოვდონიმად დარიალი იმიტომ დაირქვა, რომ დარიალის ხეობით დატოვა სამშობლო და ამ ხეობას მთელ საქართველოსთან აიგივებდა.

პეტერბურგში, ოდესაში, კიევში, ხარკოვში, ვარშავაში, ბაქოში ოდითგანვე არსებობდა ქართველთა სათვისტომოები, რომლებიც თავს უყრიდნენ სხვა ქვეყნებში მიმობნეულ ქართველ ნიჭიერ ადამიანებს და მათთან ერთად მართავდნენ ქართულ საღამოებს. ქართველები ჩოხა ახალუხით ასრულებდნენ მშობლიურ სიმღერებს და აღტაცებაში მოჰყავდათ უცხო მსმენელი. ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის თაოსნობით, იმართებოდა კონცერტები ქართველი მომღერლების შესრულებით სხვადასხვა ქალაქებში. რუსეთში, ქართული საღამოების მოწყობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ზაქარია ფალიაშვილსა და დიმიტრი არაყიშვილს. ქართულ საღამოებში მონაწილეობას იღებდნენ კოტე მარჯანიშვილი, ლადო მესხიშვილი, ევგენია სარაჯიშვილი, ალექსი ხახანაშვილი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი,  მიხეილ ნანობაშვილი…

იმ პერიოდში, რუსეთში მოღვაწეობდა  მგოსანი პოეტის, აკა­კი წერეთლის შვი­ლი, ალექსი წერეთელი. ის ემსახურებოდა მუსიკალურ კულტურას და კარგად იყო დახელოვნებული საოპერო საქმიანობაში. მას ჰყავდა მაღალკვალიფიციური დასი, რომლებიც დადიოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში და მართავდნენ კონცერტებს. ალექსის მიხეილი მელიტონ ბალანჩივაძის სახლში გაუცვნია და 1901 წელს კონცერტზე, ოდესაში წაუყვანია.  ალექსის ჩვევად ჰქონია, თუ ქართველში აღმოაჩენდა სიმღერის ნიჭს, მას ბოლომდე ეხმარებოდა და ხელს უწვდიდა. აკაკის მოღ­ვა­წე­ო­ბის მკვლე­ვარ ნონა თევ­დო­რა­ძის აზ­რით, ცნობილი მომღერალი მი­ხე­ილ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, შემ­დგომ­ში მი­შელ და­რი­ა­ლის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, პა­რიზ­ში სას­წავ­ლებ­ლად სწორედ აკაკის შვილს, ალექსანდრე წერეთელს გაუგზავნია და თვი­უ­რად ოცი თუ­მა­ნი სტი­პენ­დიაც და­უ­ნიშ­ნია.

აკაკის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ, პარიზში , ემიგრანტებს მისი ხსოვნის საღამო გაუმართავთ. ამ საღამოს მთავარი ,,გვირგვინი“ მიშელ დარიალის გამოსვლა ყოფილა. მას აკაკის ლექსზე შექმნილი ნაწარმოებები უმღერია- ,,აღმართ, აღმართ მივდიოდი მე ნელა…“ სიმღერის დასრულების შემდეგ, ოვაციები არ წყდებოდაო, იუწყება იმდროინდელი გაზეთი.

მიხეილმა საფრანგეთში გაიცნო პიანისტი ჟანეტ კენი და მალევე, ის  ცოლად შეირთო. ცოლ-ქმარმა ერთად დაიწყო მოგზაურობდა საფრანგეთის პროვინციებში და კონცერტებს კონცერტებზე მართავდნენ. საკურორტო ქალაქ მონტე-კარლოში გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს, შემდეგ სანდ ეტიენი მოიარეს ანშლაგით, რასაც მოჰყვა ნანობაშვილის საყოველთაო აღიარება- იგი მიიწვიეს პარიზის ,,გრანდ ოპერის“ თეატრში, თუმცა გასტროლები მაინც არ შეუწყვეტია. მიშელმა და ჟანეტმა სიმღერით შემოიარეს მთელი მსოფლიო- ამერიკაშიც იყვნენ და ალჟირშიც, მაგრამ მიხეილს მაინც საქართველოსკენ მოუწევდა გული. 1910 წელს დედას ასეთი წერილი მისწერა: ,,ძვირფასო დედიკო, დღეს ალჟირიდან პარიზში მივდივართ. მოიწერეთ თუ მანდ ისევ ფალიაშვილია დირიჟორათ და თუ რამე მოხერხდება, რომ წამოვიდე ერთი თვის ან სამი კვირის მერე”. მალე თბილისიდან ფალიაშვილის წერიც მიიღო: ,,ალაგები სულ დაჭერილი გვაქვს და ვერას მოგცემთ”.

     _ საფრანგეთის ,,გრანდ ოპერის“ წამყვან სოლისტს, თბილისის ოპერის თეატრში რატომ არ მისცეს სამუშაო?

_ რუსეთთან კავშირმა მოგვიტანა ის, რომ ევროპაში თუ სხვა ქვეყნებში გასულ ყველა ადამიანს დისიდენტად, სამშობლოს მტრად  აცხადებდნენ და დაბრუნებისა თუ მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში უკრძალავდნენ. ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძეც ამგვარი საშინელი მსჯავრის წინაშე აღმოჩნდა – ამერიკაში წასულს  საქართველოში ჩამოსვლის საშუალება აღარ ჰქონდა და დედამისს, ცნობილ მსახიობ ლიანა ასათიანს წლების განმავლობაში ენატრებოდა შვილი. იგივე გზა გაიარეს სხვა ცნობილმა ადამიანებმაც. მიუხედავად ამისა, 1911 წელს, მიხეილ  ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძეც ამ საშინელი მსჯავრის წინაშე აღმოჩნდა- ამერიკაში წასულს, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება აღარ ჰქონდა და დედამისს, ცნობილ მსახიობ ლიანა ასათიანს წლების განმავლობაში ენატრებოდა შვილი. იგივე გზა გაიარეს სხვა ცნობილმა ადამიანებმაც. მიუხედავად ამისა, 1911 წელს, მიხეილ ნანობაშვილმა მაინც შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. მან კონცერტები გამართა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მონაწილეობა მიიღო სახაზინო თეატრის წარმოდგენებში.

მიშელი 1920 წელსაც ჩამოვიდა იმ იმედით, რომ  სამშობლოში განაგრძობდა მოღვაწეობას, მაგრამ ეს მისი დაბრუნების ბოლო ცდა იყო. მას შემდეგ მიხეილ ნანობაშვილმა  საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველოში ჩამოსულმა, ოპერა ,,ჰუგენოტებში” რაულის პარტია შეასრულა და მსმენელი აღაფრთოვანა.  ასეთი რაული არასდროს ენახა თბილისის საზოგადოებას. ,,- ეს ოპერა ისეთი ძნელი სასიმღერო და სათამაშოა, რომ მომეტებული ნაწილი მსახიობებისა ან სტოვებდა მას, ან კრინით ამბობდა იმ ადგილებს, სადაც საჭიროა ხმის სიძლიერე. მიხეილმა კი  ისეთი ხმა გამოაჩინა, რომელმაც განცვიფრებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება”- წერდნენ გაზეთებში. ამ ვიზიტის დროს, კოლეგებთან ერთად, მიშელი, საკონცერტოდ დასავლეთ საქართველოშიც იყო და მშობლიურ კახეთში, დედულ- მამულეთიც მოინახულა. სოფელ ვაქირში ალაზნის ველისთვის გადაუხედია და ისეთი სიმღერა შემოუძახია, სოფლის გლეხობა განცვიფრებული დაუტოვებია.

1920 წლის 15 ივნისს საოცარის ხმის მომღერალს თბილისის საოპერო თეატრში ბენეფისი გადაუხადეს. მიხეილს იმედი ჰქონდა, რომ თუ მეფის რუსეთის საქართველოში ვერ დამკვიდრდა, დამოუკიდებელ საქართველოში მაინც მისცემდნენ თავის ღირსეულ ადგილს. მეუღლისა და ქალ–ვაჟის გადმოყვანაც სურდა სამშობლოში, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. მიშელ დარიალმა საერთო ენა ვერ გამონახა ოპერის თეატრის ადმინისტრაციასთან, იმჯამინდელ ხელისუფლებასთან და ისევ უცხოეთს გაემგზავრა.

პარიზის ,,გრანდ ოპერის“ განთქმული ტენორი კარგად იცნობდა და დიდ პატივს სცემდა მისივე კუთხის შვილს, სიღნაღში დაბადებულსა და გაზრდილ მომღერალს, ვანო სარაჯიშვილს. ვანოც მოხიბლული იყო მიხეილის ხმითა და სიმღერის შესრულებით. მიშელ დარიალი საქართველოში ხშირად ვერ ჩამოდიოდა. ვანო დაესწრო ყველა იმ კონცერტს, რომლებიც მიხეილმა სამშობლოში უკანასკნელად ჩამოსვლის დროს გამართა . ვანო გატაცებით უკრავდა ტაშს საქართველოს ბულბულად წოდებული მომღერალი მიხეილს და მას კვლავ სცენაზე იწვევდა სიტყვებით: ,,ვაშა, მიშელ“ .

ერთხელ მიშელ დარიალს ნაძალადევში კონცერტზე ვანოც გაჰყოლია და ერთ-ერთ მეგობართან საუბრისას უთქვამს, ხომ იცი მე ვინცა ვარ… ჰოდა, ეგ ათი თაბახითა მჯობსო. თუმცა სარაჯიშვილი ვანოს სამშობლოდან გადახვეწას არ უწონებდა და ამით, თითქოს თავსაც  ამეტებდა. ვანოს უთქვამს: ნანობაშვილმა არ იცის რა ესაჭიროება ჩვენ ერს, მე კი ვიცი და ესაა ჩემი უპირატესობაო.

      _ მიშელ დარიალს სამშობლოს მტრად ალბათ იმიტომაც თვლიდნენ, რომ იმ საკონცერტო დარბაზიდან, სადაც მას უნდა ემღერა, რუსი გენერალი გააძევებინა. ეს ამბავიც  მოგვიყევით…

_ მიშელის  მოღვაწეობასა და პირად ურთიერთობებზე ბევრი ინფორმაცია არ . მოიპოვება. ეს ამბავი კი ცნობილი გახდა.

მიშელ დარიალს 1921 წელს, პარიზში ერთ–ერთ კონცერტზე უნდა ემღერა, წარმოდგენას ესწრებოდა  სსრკ–ს საგარეო ვაჭრობის ნარკომი, ლეონიდ კრასინი. ნანობაშვილი გავიდა სცენაზე და თქვა: დღეს აქ იმყოფება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველოს თავისუფლება, ამიტომ სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებო! მოხდა ისე, რომ დარბაზმა სტვენით გააძევა რუსეთის წარმომადგენელი… თურმე, იმ დღეს, მიხეილმა განსაკუთრებულად იმღერა. მაყურებელი დარბაზს არ ტოვებდა და ,,ბისზე” იწვევდა მომღერალს.

როგორც ცნობილია, ემიგრაციაში მიშელი ხშირად მღეროდა ქართულ სიმღერებს, ქართულ დიასპირასთან შეხვედრის დროს. ქართული მელოდია უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას, კონცერტების რეპერტუარშიც შეჰქონდა. ასე აცნობდა მთელ მსოფლიოს საკუთარ სამშობლოს, რომელმაც ნიჭიერი ადამიანი მოიკვეთა და კარი არ გაუხსნა.

მიხეილ ნანობაშვილის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ არაფერია ცნობილი. მხოლოდ ბოლო დროს გაირკვა, რომ მიხეილ ნანობაშვილი დაკრძალეს საფრანგეთში, მონმარტნის ვერსალის სასაფლაოზე, კულტურის მუშაკთა და გამოჩენილ ადამიანთა პანთეონში.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close