სიღნაღის ამბები

  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით სიღნაღის მუზეუმში გაიმართება გამოფენა „იაპონიის თოჯინები“

  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით სიღნაღის მუზეუმში გაიმართება გამოფენა „იაპონიის თოჯინები“. გამოფენის ორგანიზატორია იაპონიის ფონდი, ხელშემწყობი – საქართველოში იაპონიის საელჩო.
იაპონიის ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოსთან იაპონიის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. იაპონური ხელოვნებისა და კულტურის უცხოეთისთვის გასაცნობად ფონდი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა აქტივობაზე და განუწყვეტლივ ახორციელებს „მოგზაური გამოფენის“ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფონდის კოლექციის ნამუშევრებს და ყოველწლიურად მსოფლიოს დაახლოებით 80 მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში ტარდება. „მოგზაურ გამოფენებში“ წარმოდგენილია ნამუშევრები ხელოვნების 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის: თანამედროვე ხელოვნება, ხელნაკეთობა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი, მანგა და იაპონური თოჯინების კულტურა.
„NINGYŌ იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“ ძალიან პოპულარული „მოგზაური გამოფენაა“ . თოჯინების კულტურა, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმოდგენილია კატაშიროდან და ამაგაცუდან ჩამოტანილი 67 რჩეული თოჯინით, რომლებიც იაპონიის თოჯინების არქეტიპებად ითვლება.
სიღნაღის მუზეუმს იაპონიის ფონდსა და იაპონიის საელჩოსთან ხუთწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. სწორედ აქ მოეწყო 2017 წელს იაპონიის თოჯინების „მოგზაური გამოფენა“. მას შემდეგ იაპონიის საელჩოს ინიციატივით გაიმართა იაპონელი ხელოვანისა და კალიგრაფისტის – აკემი ლუკასის, მხატვარ-ილუსტრატორ ტაკეჰიდე ჰარადას, დიპლომატისა და მოყვარული ფოტოგრაფის – იმანიში ტაკაოს ნამუშევართა გამოფენები. გამოფენებთან ერთად, საელჩოს ორგანიზებით, ხორციელდებოდა საგანმანათლებლო პროგრამები და იმართებოდა სამუშაო შეხვედრები.
გამოფენა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე გაიხსნება და 17 ოქტომბრამდე გასტანს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close