სიღნაღის ამბები

,,არ გემშვიდობებით მეგობრებო, თქვენს სახელებს შეხვდებით ბევრ კარგ საქმეებში”

,,პირობას ვდებთ, ჩვენი ახალგაზრდების სახელის უკვდავსაყოფად, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ"

 შოვში დაღუპული სიღნაღელი ახალგაზრდების ხსოვნას, ,,ცოდნის კაფემ” სულისშემძვრელი პოსტი უძღვნა:   ,,დავითთან ერთად, ჩვენი გუნდის 2 უძვირფასესი წევრი, სოფო და გიო დავკარგეთ. გვიმძიმს გახსნილი ჭრილობების დროს წერა, მაგრამ უნდა დავწეროთ და ოდნავ მოგვიანებით, მათთან ერთად დაწყებული საქმეებიც უკვე თქვენთან ერთად გავაგრძელოთ.
#გიორგიყარალაშვილი სულ პატარა იყო, 13-14 წლის, ჯერ ქიზიყური შემოდგომის ფესტივალების დროს, მოხალისედ შემოგვიერთდა, მერე საორგანიზაციო გუნდიც ჩაიბარა და ბოლოს, ამ ფესტივალებმა ის ხალხიც გაიცნო, ვისგანაც ისწავლა ქუჩის მხატვრობა. წნორშიც და სხვა ქალაქებშიც, ნაცრისფერ ფასადებზე ბევრი ფერადი მხატვრობა გვაჩუქა.
ათობით ივენთი და პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული, მასთან ერთად მუშაობა და ყოფნა ყოველთვის იყო იმედი, რომ რაღაც უკეთესს მაინც გავაკეთებდით.
კოვიდ პანდემიის დროს, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული იყო, უფროს თაობასთან კარდაკარ დაჰყავდა ექიმები. ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, ბოდიში მოგვიხადა გიომ, აიო ჩართვა მაქვს და ცოტა ხნით მანქანას გადავაყენებ და უნდა გავესაუბროო, მოგვიანებით გავიგეთ, სორბონას უნივერსიტეტთან ჰქონდა გასაუბრება, შუა გზიდან და მანქანიდან, ასე მოხვდა გიო სორბონაში.
ბოლო 1 წელი, უკვე საფრანგეთიდან გვეხმარებოდა ცოდნის კაფეს განვითარებაში. ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაწყებული გვქონდა ცოდნის კაფეს გარე ფასადის მოხატვის გეგმაზე მუშაობა. მისი დაგეგმილ საქმეს მის გარეშე გავაკეთებთ უკვე მისი სახელის უკვდავყოფისთვის.
#სოფიყარალაშვილი თავისმა ძმამ მოიყვანა ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში – კულულა თმით, ბრჭყვიალა თვალებით და ღიმილმონათე სახით. ცოდნის კაფეს გახსნის დღიდან, ათასი ამბავი გამოვიარეთ – ყველგან ერთად ვიყავით.
ახალ, ჯერ კიდევ გაუხსნელ ცოდნის კაფეში, პირველი შეხვედრა რომ გავმართეთ, სოფიც ჩვენთან იყო.
გვეიმედებოდა, ერთად ბევრ საქმეებს ვგეგმავდით. სანამ ამერიკაში წავიდოდა, ვუთხარით რომელიმე პროგრამა ჩაიბარე და ერთად შევუდგეთ რეგიონის საქმეების კეთებასო. სოფიმ გვითხრა, ჯერ ცოდნები და გამოცდილებები მინდა დავაგროვო, წავალ, უკეთესი ცოდნებით დავბრუნდები და მერე ვაკეთოთ ერთად საქმეო.
პირობას ვდებთ, ჩვენი ახალგაზრდების სახელის უკვდავსაყოფად, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერს ვიღონებთ ის საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ, რაც ჩაიფიქრეს.
P.S. არ გემშვიდობებით მეგობრებო,
თქვენს სახელებს შეხვდებით ბევრ კარგ საქმეებში”.
წყარო: ცოდნის კაფე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close