საზოგადოება

,,სამოთხის ბაღი” გურჯაანში – ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს

,,მყავს ცემანის ჯიშის შავი ქათამი. მას ბუმბული, ხორცი და ორგანოები შავი აქვს, სისხლი კი მუქი წითელი. მისი ხორცისგან მზადდება დელიკატესები. ტაილანდის რესტორნებში შავი ქათმის ხორცი ყველაზე ძვირადღირებულია"

რამდენიმე წლის წინ თვითნასწავლმა მეფრინველემ, გოგა შავშიშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ნაგავსაყრელზე ,,სამოთხის ბაღის“ გაშენება გადაწყვიტა. ჯერ ბიბლიური მცენარეები გაახარა, შემდეგ კი ფრინველების მოშენება დაიწყო. ერთი წელია გოგამ საკუთარ ბაღს ,,ფრინველების აკადემია- ფრინველების კონტაქტური პარკი“ უწოდა და მსურველებს მცენარეების, ფრინველების დათვალიერებისა და მათთან კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. გურჯაანულ ,,სამოთხის ბაღში“ ბევრი უცნაური ფრინველი ცხოვრობს. გოგა მათ კვერცხს უცხოეთიდან იწერს და ამრავლებს.

    გოგა შავშიშვილი:

_ თვითნასწავლი მეფრინველე ვარ. კახელმა მეფრინველეებმა მთელი აკადემია გამატარეს და უდიდესი ცოდნა გადმომცეს. ფრინველების სიყვარულმა შემაქმნევინა დედულეთში, სოფელ გურჯაანში ,,სამოთხის ბაღი“, სადაც ბიბლიურ მცენარეებთან ერთად, ფრინველებსაც ვუვლი. მანგლისში დავიბადე და გავიზარდე. იქაური სკოლის პედაგოგებმა ჩადეს ჩემში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი სიყვარულის მარცვალი, რომელიც შემდგომ გაღვივდა. გამორჩეული ბავშვი ვიყავი იმ მხრივაც, რომ მხოლოდ ფრინველებს ვხატავდი.

     _ თქვენს ბაღს ფრინველების აკადემია რატომ დაარქვით?

_ მინდა,  ჩემის მიერ დაარსებული ფრინველების პარკი გახდეს მათ შესახებ ცოდნისა და გამოცდილების მიმცემი ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი კავკასიაში. ეს გახლავთ ინოვაციური პროექტი და ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს. ვეტერინარიის ფაკულტეტებზე მეფრინველეობას ზოგადად ასწავლიან. ჩემს აკადემიაში კი ფრინველებზე არაერთი ექსპერიმენტი ტარდება, რაც მათ შესახებ გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას გვძენს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ფრინველების ბიო გარემოსთან ადაპტაციაა, რაც ხელს უწყობს მათი სტრესისგან განმუხტვას და ადამიანებთან კონტაქტს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ უშუალო კონტაქტი დაამყარონ ფრინველებთან- მოეფერონ, გამოკვებონ, ხელში აიყვანონ… გვყავს აბრეშუმის ჯიშის ქათამი, რომლის ბუმბულიც გახლავთ თივთიკის ბეწვის მსგავსი. ამ ჯიშის ქათმის მოფერების დროს პატარა მნახველები სიამოვნებას განიცდიან. ფრინველების სახლებს შორის ისეთი ბილიკები მოვაწყეთ, ეტლით მოსარგებლეებისთვისაც არ წარმოადგენს პრობლემას  ფრინველებთან კონტაქტი. ეტლით შესაძლებელია ვოლიერებში შესვლაც.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვოლიერების სისუფთავეს, ფრინველებს ძვირადღირებული ვაქცინებით ვცრით და ადამიანებთან კონტაქტი მათ საფრთხეს არ უქმნით. ისე ჰყავთ ვიზიტორებს ჩვენი ფრინველები გათამამებული, ბატიბუტსა და მზესუმზირას ხელიდან აჭმევენ. ფრინველებს დაბადებიდანვე ვაჩვევთ  ადამიანებთან ურთიერთობას, ამიტომ ვიზიტორებთან კავშირის დროს  აღარ განიცდიან სტრესს და კონტაქტურები არიან. ხოხობი განსაკუთრებულად უფრთხის კატას და მის დანახვაზე  სტრესში ვარდება – ცდილობს გაფრენით უშველოს თავს. ფარშევანგს და ბატს მეფრინველეები ცოცხალ სიგნალიზაციას უწოდებენ. მათ არაჩვეულებრივი მხედველობა და ყნოსვა აქვთ. ისინი ძაღლზე უკეთესი ღამის გუშაგები არიან, რადგან ხმის დაბალ ტალღებსაც იჭერენ, ვარდებიან სტრესში და იწყებენ ხმაურს. სწორედ ამის გამო, ამერიკული სამხედრო ბაზების საგუშაგოებზე ბატებს ამრავლებდნენ. ჩვენ ბაღში არსებული გამჭვირვალე ვოლიერები იძლევა  საშუალებას, ფრინველები გაიზარდნენ ცხოველებთან და ადამიანებთან ერთად, მათთან ხშირ კონტაქტში. ამიტომაც ბაღის დამთვალიერებლების მოსვლა, კატის, ძაღლის და სხვა ცხოველების გამოჩენა, სტრესში აღარ აგდებთ. მათი ასეთი მდგომარეობა კი დადებითად აისახება პროდუქციაზე- მეტად კვერცხისმდებლები არიან, უკეთესი გემოვნების ხორცი აქვთ და ა.შ. პარკში გვყავს ,,ოქროს ხოხობი“, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს ადამიანების ხელიდან ჭამა.

   _ როგორ დაიწყეთ ბაღის მშენებლობა?

_  იმ ადგილზე სადაც ახლა ,,ფრინველების აკადემია“  და ბაღია გაშენებული, ეკლიანი ჯაგები იდგა, სოფლის ნაგავსაყრელი იყო და  გველ-ბაყაყი ბუდობდა. მისი გაწმენდითი სამუშაოები მარტომ დავიწყე. ცარიელი ხელებით ტერიტორიის გასუფთავებას რამდენიმე თვე მოვუნდი. ბაღის მიმდებარედ ორნავიანი  ყველაწმინდის სახელობის მონასტერია და ირგვლივ საოცარი მადლი ტრიალებს. ეს ის ტაძარია, სადაც შაჰის კარზე მიმავალი წამებული ქეთევან დედოფალი ეზიარა.

სასულიერო განათლება მაქვს მიღებული. ჩვენი პატრიარქის ქადაგებებს ყოველთვის ვუსმენ და მისი ნათქვამი გულთან ახლოს მიმაქვს. მან მოგვიწოდა მცენარეების დარგვა-გახარებისკენ და მეც ამ გასუფთავებულ ადგილზე, პირველად კვიპაროსები დავრგე. შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ ბიბლიური მცენარეები დამერგო და ე.წ. სამოთხის ბაღი გამეშენებინა. პატარა ვენახიც ჩავყარე და ,,შენ ხარ ვენახი“ დავარქვი.  ამ სახელობის ხატზე გამოსახული ყურძნის მტევანი მივამსგავსე ვაზის ჯიშს, რომელსაც ,,ქალის თითებს“ ეძახიან და ვენახში სწორედ ეს ვაზი გავახარე. ქრისტეს ასაკის შესაბამისად, 33 ძირი მაქვს დარგული  და ყურძენი მარიამობის დღესასწაულისთვის მწიფდება. ვიზიტორებსაც ამ ყურძნით ვუმასპინძლდები.

ჩვენს ბაღში წარმოდგენილი მცენარის ჯიშები ბიბლიურ ასოციაციებს იწვევს. ზეთის ხილით პატარა გეთსიმანიის ბაღი გავაშენე და გასულ წელს პირველი მოსავალი მივიღე. ბაღის შესასვლელ კარს მოწყალების კარი დავარქვი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს როგორც ვთხოვთ  მოწყალების კარის გაღებას, ჩვენც უანგაროდ ვუღებთ კარს ყველა მნახველს და ვიზიტორს.

ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი ქრისტეს პერანგს და კვართს ლავანდის ბუჩქებზე აშრობდა. როზმარინიც კეთილსურნელებით გამოირჩევა, ის ადრე თეთრად ყვაოდა და შემდეგ შეიცვალა ფერი. ერთ- ერთი გადმოცემით ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ლავანდის ბუჩქთან იმალებოდა. ორივე მცენარე დგას ჩემს ბაღში. იასამანზეც საოცარი ლეგენდა არსებობს. თითქოს ღვთისმშობელს იასამნის ხის ძირში ჩაეძინა. ხემ ფოთლები დაიცვივნა და დედა ღვთისას გადააფარა. ღვთისმშობელმა დალოცა ხე. ამიტომაც, სააღდგომოდ ის  სურნელოვანი და ლამაზი ყვავილებით გვატკბობს. იუდას ხე, იგივე არღავანი აღდგომის წინ ყვავის და დამთვალიერებელს აოცებს თავისი სილამაზით. ლეღვის ხეც გვიდგას ბაღში, რომელსაც ,,ზაქეს ლეღვი“ დავარქვით.  ბიბლიის მიხედვით ზაქეს ქრისტე რომ დაენახა, ლეღვის ლამაზტოტებიან ხეზე ავიდა. ჩვენს ხესაც ტოტების საოცარი წყობა აქვს. ასევე გავახარეთ ლიბანის ნაძვი, ურთმელი, ანგელოზის საყვირი, ქრისტე სისხლა, ქრისტეს ცრემლები…

ამის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ გურჯაანულ ,,გეთსიმანიის ბაღში“ ბიბლიური ფრინველებიც მომეშენებინა. თავიდან ხოხბებისა და ფარშევანგების მოშენება გადავწყვიტე. შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებიდან, კოლექციონერი მეფრინველეებისგან ვიწერდი შესაბამისი ჯიშის ფრინველის საინკუბაციო კვერცხს და ჩემს მიერ შეძენილ პატარა ინკუბატორს ვაჩეკინებდი.  პანდემიის დრო დაემთხვა  და დიდ სირთულეებს წავაწყდი, თუმცა  როგორც ზღაპარშია, ბოლო კეთილად დასრულდა. მოვაწყე ვოლიერები, რომელთა დეკორი და დიზაინი ფრინველების გარემოსთან ადაპტირებას უწყობს ხელს. პატარა, მოკრძალებული ქართული სტილის ხის სახლები ავუშენეთ ფრინველებს, კრამიტის გადახურვით.

რადგან მეფრინველეობაში აკადემიური ცოდნა არ მქონდა, ინტერნეტით დავიწყე მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციების მოძიება. ვკითხულობდი ყველაფერს- მეცნიერულ ნაშრომებს, მოვლის წესებს, დავუახლოვდი ამ დარგის ქართველ სპეციალისტებს  და ასე, ნელ-ნელა გავხდი თვითნასწავლი მეფრინველე. როდესაც ჩემმა ახლობლებმა გაიგეს ჩემი წამოწყების ამბავი, მეუბნებოდნენ, რატომ წვალობ? რად გინდა, მაინც არავინ დაინტერესდება ფრინველებითო. ხშირად მარტო მიწევდა ფიზიკური შრომა, ფრინველის მოვლა, ვიზიტორების გამასპინძლება. ამას ემატებოდა  წყლის პრობლემა, გვალვა და ა.შ. საბოლოოდ, დიდმა მონდომებამ და შრომამ ყველა პრობლემა დამაძლევინა. გასული წლის პირველ ივნისს ოფიციალურად გავხსენით ჩვენი პარკი. ამჟამად მსოფლიოში ცნობილ ბევრ სელექციონერთან მაქვს მეგობრული კონტაქტი. მოსაზრებებს, ცოდნას, დაკვირვებების შედეგებს ერთმანეთს ვუზიარებთ და პროფესიულად  ვიზრდებით. მათ უხარიათ, რომ საქართველოში შეიქმნა ფრინველების კონტაქტური  პარკი, რომელიც უკვე ნახევარ ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. ხშირად საჩუქრებადაც მიგზავნიან საინკუბაციო კვერცხებს. მათი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნებში გაამრავლონ საუკეთესო, საკოლექციო-საგამოფენო ჯიშის ფრინველები. შემოვიკრიბე ადგილობრივი, გამოცდილი მეფრინველეები და ვეტერინარები, რომლებიც ჩვენს აკადემიაში მოსულ დამწყებ მეფრინველეებსა და ფრინველების მოყვარულებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებენ.

    _ თქვენი პარკის განსხვავებული ჯიშის ფრინველებზე მოგვიყევით…

_  დეკორატიული, წყლის და შინაური ფრინველების 40 -ზე მეტი სახეობა გვყავს. კონტაქტური პარკის განვითარებისთვის დიდად მიწყობენ ხელს თურქი მეფრინველეები. მათ იციან, რომ ამით არ ვვაჭრობ და ფრინველებს  საკოლექციოდ, საპრეზენტაციოდ ვამრავლებ. ხშირად ვეპატიჟები ფოტოგრაფებს, რათა უცნაური ფრინველების ფოტოები გადაიღონ და პოპულარიზაცია გაუწიონ. ჩემი პარკის ბინადართაგან განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე შავი ფერის აიამ ცემანის ჯიშის ქათამი. მას ბუმბული, ხორცი და ორგანოები შავი აქვს, სისხლი კი მუქი წითელი. მისი ხორცისგან მზადდება დელიკატესები. ტაილანდის რესტორნებში შავი ქათმის ხორცი ყველაზე ძვირადღირებულია. ასევე  საოცარია ჰამბურგის ჯიშის ქათამი, რომელსაც დალმატინელსაც ეძახიან. ეს გახლავთ თეთრი ქათამი შავი კოპლებით. 1800- იან წლებში ინგლისში ჩატარდა ფრინველების სილამაზის გამოფენა და ამ ჯიშმა გაიმარჯვა. ის მეტად პროდუქტიულია კვერცხის წარმოებაშიც- წელიწადში 200 -ზე მეტ კვერცხს დებს. იოკოჰამას ჯიშზე ზღაპრული ლეგენდებია გავრცელებული ჩინეთსა და იაპონიაში. მისი კუდი მეტრზე მეტს აღწევს. ვიზიტორებს ხიბლავთ მომწვანო-მოცისფრო შეფერილობის, ფირუზისფერი კვერცხის მადებარი ქათმის ჯიშები: ამერაუკანა , არაუკანა, უჰეი ილუი. მათი კვერცხი ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს, ანტიალერგიული  და დიეტურია. კვერცხს გოგირდის სპეციფიური გემოც არ დაჰყვება, ამიტომ სასიამოვნო და მსუბუქი საჭმელია. დიაბეტიან ადამიანებს ურჩევენ, ამ ჯიშის ქათმის კვერცხი ხშირად მიირთვან.  მარანსის ჯიშის ქათამი წითელი ფერის კვერცხს დებს. ცისფერს ამერაუკანა, ვარდისფერს ვიანდოტის ჯიში. მუქ ნაცრისფერ კვერცხს დებს კაიუგას ჯიშის შავი იხვი. კოლხური და მანჯურიული ხოხბის კვერცხი ხაკისფერია.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შემორჩენილია ძველი ქართული ჯიშის ქათმები. წინათ კახეთში ამრავლებდნენ  ჩალისფერ ქათამს, რომლიც გარეგნობით ძალიან განსხვავდება თანამედროვე ქათმებისგან- აქვს მოკლე კანჭი, საკმაოდ მკვირცხლი და ჭირამტანია. დედალს აქვს ლამაზი ზურგი და ბიბილო. ცხადია, ეს ჯიშიც მოვაშენეთ. დასავლეთ საქართველოში კი მეგრულა ჯიშის ქათამი იყო პრივილეგირებული. სამწუხაროდ, მისი მოძიება უკვე ჭირს. კვერცხი ვიშოვნე და ახლა წიწილებს ვზრდი.

ყველა ჯიშის ქათმისთვის შედგენილი გვაქვს ინდივიდუალური რაციონი და რეჟიმი. მარცვლეულის ასორტს თავად ვუმზადებ- ჭარხალში ვურევ ვერმნიშელს ან ბრინჯს. მატლები ჰგონიათ და მადიანად მიირთმევენ. დანამატებად გრანულირებულ საკვებსაც ვთავაზობ. ნუტრიმაქვსის კონკურსში გავიმარჯვე და საჩუქრად გრანულები გადმომცეს.  ადამიანების მსგავსად, ფრინველებისთვისაც ხახვი და ნიორი ანტისეპტიკურ საშუალებებს წარმოადგენს და სასარგებლოა, ამიტომ მოზარდ ფრინველს ნივრისა და ხახვის მწვანე ღეროებს ვაჭმევ. ციცარებს იმდენად უყვართ მწვანე ხახვი და ნიორი, როგორც კი გამოვუშვებ, მაშინვე გარბიან ვოლიერებთან დარგულ ხახვისა და ნივრისაკენ. ფარშევანგებს სალათის ფურცელი მოსწონთ და ეს მცენარეც ვოლიერთან დავურგეთ.

    _ წეღან მითხარით, რომ ფრინველებმა სიყვარული და მოფერება იციანო და მოგვიყვებით მათი სიყვარულის ისტორიები?

_ ევროპულ ჯუჯა და დეკორატიულ მომცრო ტანის მამალ ქათმებს ე.წ. იაპონკებს ახასიათებთ მონოგამიური ურთიერთობები და გასაოცარი მზრუნველობა დედლების მიმართ. მამლები საკვებს დედლებს უთმობენ, რათა კარგად დაპურდნენ. სიყვარულის ,,ჯაჭვი“  აქვთ ერთმანეთთან გაბმული ჩვენს პარკში მილფერის წყვილს, ასევე ჯუჯა კოჩინებს (კოხინხინი). ქართულ სოფლის ქათმებში ეს თვისება არ შეგვიმჩნევია, თუმცა ისინი გონიერებით და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარით გამოირჩევიან. მსოფლიოში ერთადერთი ფრინველი ციცარია, რომელსაც საკუთარი თავის გამოკვება დამოუკიდებლად შეუძლია და მცირედი საკვებიც ჰყოფნის. გარდა ამისა, ის 50°C სიცხეს და -15°C ყინვას უძლებს. ფრინველებს აქვთ საოცარი მეხსიერება, პატრონს სცნობენ და ხშირად გამოხატავენ მადლიერებას და კმაყოფილებას. ეს აზრიც ჩვენი დაკვირვების შედეგია.

    _ ფრინველებს მეტსახელებსაც არქმევთ?

_ ერთ-ერთ ფართომკერდიან ინდაურს პამელას ვეძახდით, რაც მხიარულ განწყობას იწვევდა მნახველში. ამ ინდაურის მეორესთან შეწყვილების პრელუდია გადავიღეთ ვიდეოზე და ,,პამელას ქორწილი“ დავარქვით. ვიდეომ სოციალური ქსელები მოიარა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ შავ მამალს კი ,,ჩორნი ბუმერი“ ვუწოდეთ. ფრინველების სიყვარულმა კარგი მეფრინველე გამხადა და იქამდე მივედი, მგონი ფრინველების ენაც ვისწავლე და მათი საუბარი მესმის.

,,ფრინველის კონტაქტური პარკის ” ბიზნესისა და ტურიზმის კუთხით გამოყენების სურვილი არასდროს მქონია. მინდოდა, მას რეკრეაციული და შემეცნებითი დატვირთვა ჰქონოდა. ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანი დიდი ექვთიმე თაყაიშვილია. ზოგჯერ ვკადნიერდები და თავს მას ვადარებ. რამდენჯერმე ისეთ გაჭირვებაში ჩავვარდი, ფრინველებს მხოლოდ მაკარონს ვაჭმევდი, მაგრამ მათი გაყიდვა მაინც არ მიცდია. საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე, ყველაფრის გაყიდვა და ფულზე გადაცვლა არ შეიძლება მეთქი.

     _ მითხრეს, ბუდის მსგავსი კაფეს გაკეთებასაც აპირებსო… 

_ უკვე შევიტანე ,,აწარმოე საქართველოში“ ასეთი კაფეს გაკეთებაში დახმარების განაცხადი. თუ დამაფინანსეს, ჩემს კაფეში ყველაფერი იქნება ბუდის ფორმის და შერწყმული კახურ ეთნოსტილთან. ლაწნებით მოვაწვნევინებ ბუდის მსგავს ოთახებს, მაგიდებს, სკამებს სკამებს და გავუმასპინძლდები  ბუდის ფორმის ხაჭაპურით, პიცით, ნამცხვრით. ყველანაირ საკვებს ბუდის ფორმა ექნება.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

.

.

.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close