საინტერესო

რატომ ეცვათ ძველად ჯარისკაცებს ფერადი სამოსი

ყველა ქვეყანას თავისი ძირითადი ფერი ჰქონდა: ბრიტანეთს-წითელი, რუსეთს-მწვანე, საფრანგეთს-ჯერ თეთრი (მეფის დროს) რევოლუციის შემდეგ კი ლურჯი, ავსტრიის-თეთრი, ხოლო პრუსიის ფერი მუქი ლურჯიდან შავამდე მერყეობდა...

   დღევანდელი სამხედროები კამუფლაჟს დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა მაქსიმალურად შეუმჩნევლები გახდნენ, ფერადი სამოსით გასვლა ბრძოლის ველზე კი ზედ სამიზნის მიხატვის ტოლფასია, მაშინ როცა XVII-XIX საუკუნეებში გავრცელებული უნიფორმები კილომეტრიდანაც მარტივი შესამჩნევია.
საქმე შემდეგშია: ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან ერთად მეთაურებს სულ უფრო უჭირდათ ბრძოლის ველის დანახვა, რადგან მუშკეტისა და ქვემეხის დენთის გამო ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. ჭყეტელა ფერის მუნდირი და დიდი დროშები კი საშუალებას აძლევდა სარდალს კარგად გაერჩია სად გადაადგილდებოდა მტერი და სად მოყვარე. გარდა სარდლებისა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულ ჯარისკაცებსაც უადვილებდა საქმეს, რომ შემთხვევით თანამებრძოლი მტერში არ არეოდათ და არ მოეკლათ. მსგავსი მიზნებით ეცვათ შუა საუკუნეების რაინდებს გერბიანი სამოსი, თანამებრძოლები ცნობდნენ მის გერბს და ბრძოლისას არეულობაში თავს არ ესხმოდნენ მათ.
ყველა ქვეყანას თავისი ძირითადი ფერი ჰქონდა: ბრიტანეთს-წითელი, რუსეთს-მწვანე, საფრანგეთს-ჯერ თეთრი(მეფის დროს) რევოლუციის შემდეგ კი ლურჯი, ავსტრიის-თეთრი, ხოლო პრუსიის ფერი მუქი ლურჯიდან შავამდე მერყეობდა, პრუსიული ლურჯი მოგვიანებით ფერის ერთ-ერთ ტონალობასაც დაერქვა, მუნდირის ფერის გამო. თუმცა გამონაკლისები არსებობდა, ზოგიერთ დანაყოფს განსხვავებული ფერის ეცვათ, მაგალითად რუსეთში პავლოგრადის ჰუსარებს-ცისფერი მუნდირი ჰქონდათ, ხოლო ბრიტანეთსი 95-ე პოლკს მუქი მწვანე. იმის მიუხედავად, რომ ფერები ამარტივებდა მოყვარის გარჩევას, ,,გაუგებრობები” მაინც ხდებოდა, მაგალითად ვაგრამის ბრძოლაში, როცა ნაპოლეონი ავსტრიას ებრძოდა ფრანგებმა ცეცხლი გაუხსნეს თეთრ ფორმებში ჩაცმულ ჯარისკაცებს, რომლებიც ავსტრიელები ეგონათ, მაგრამ სინამდვილეში მოკავშირე საქსონელები აღმოჩნდნენ. არანაკლები გაუგებრობა იყო ბრიტანეთ-დანიის ომისას, რადგან ორივე მხარეს წითელი მუნდირი ჰქონდა. მუნდირებს პოლკის მოხედვით განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდათ, რითაც ბრძოლის ქარცეცხლში ჯარისკაცებს მარტივად შეეძლოთ თავისი ნაწილის პოვნა. ასეთი განმასხვავებელი ნიშნები ძირითადად განსხვავებული ფერის მანჟეტები და საღილეები იყო. ერთ პოლკს შესაძლოა მწვანე მანჟეტები ჰქონოდა, ხოლო მეორეს შავი.
ამ პერიოდის ბრძოლებში შენიღბვას აზრი არ ჰქონია. მაშინ ბრძოლები ძირითადად სახაზო ტაქტიკით წარმოებდა, ხაზად ჩამწკრივებული არმიები ველზე გამოდიოდნენ, მაქსიმალურად მიუახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან მუშკეტი შორს ვერ ისროდა და ესროდნენ. მაშასადამე კამუფლაჟს აზრი არ ჰქონდა, ხაზად, მხარდამხარ დამდგარი ჯარი, რომელიც 100 მეტრში, გაშლილ ველზე დგას, ვერავის დაემალება. რაც შეეხება პარტიზანულ ბრძოლებს, ამ დროს შენიღბვა მარტივად იყო შესაძლებელი, ფერის მიუხედავად ტყეში ჩაწოლილი ჯარისკაცი მაინც რთული შესამჩნევია.
არსებობს რამდენიმე სხვა, თუმცა არასწორი თეორიაც. მაგალითად ამბობენ, რომ შორს მოსიარულე, ერთ ფერში ჩაცმული ჯარი ისე ეხამებოდა ერთმანეთს, რომ მოწინააღმდეგეს უჭირდა ჯარისკაცების დათვლა და მტრის რაოდენობის გაგება, რაც თავიდანვე არასწორი მსჯელობაა, რადგან ბრძოლაში ჯარისკაცებს სათითაოდ არავინ ითვლიდა, ამისთვის სხვა მეთოდები არსებობდა. ასევე ამბობენ, რომ მაგალითად ბრიტანელებს წითელი მუნდირი იმიტომ ეცვათ, რომ ის სისხლს არ აჩვენებდა, რაც ასევე არასწორია, პირველ რიგში წითელ ნაჭერს სისხლი შავად ემჩნევა, ამას გარდა წითელი მხოლოდ კიტელი იყო, სანარჩენი ფორმა ძირითადად თეთრი იყო და მას სისხლი მარტივად ემჩნევა და მესამე არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მტერს სისხლი ეტყობა თუ არა, ეს ბრძოლის მიმდინარეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს, თუ ჯარისკაცი მსუბუქად დაჭრილია და მოდის, ესე იგი ბრძოლისუნარიანია, ხოლო თუ მძიმედაა დაჭრილი ის ძირს ეგდება და სულაც არაა საჭირო სისხლის დანახვა.
ჯარების უმეტესობაში ფერადი კიტელის შიგნით თეთრი სამოსი და თეთრი შარვალი ეცვათ, ერთი შეხედვით თეთრი შარვალი არაპრაქტიკული უნდა იყოს, უამინდობაში მარშისას მას უფრო მარტივად შეეტყობა ტალახი, თუმცა საქმე სხვაგვარად იყო. თეთრ შარვალსა და შიდა სამოსს რეგულარულად რეცხავდნენ, გასარეცხად ქლორი და სხვა მათეთრებლები გამოიყენებოდა, მაშასადამე ახალგარეცხილი თეთრი შარვალი ახალივით გამოიყურებოდა. რაც შეეხება ფერად კიტელს, ის ჯარისკაცს, სხვა სამოსისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ეძლეოდა და ზამთარ-ზაფხულ (ზაფხულში მანჟეტების, საყელოსა და საღილეების აკეცვა იყო შესაძლებელი) გაურეცხავად უნდა სცმოდა, რადგან მისი გარეცხვის შემთხვევაში უმუნდიროდ მოუწევდა გადაადგილება, პერანგი და შარვალი კი რამდენიმე ჰქონდა და მარტივად იცვლიდა, მარლბოროს ჰერცოგი ჯონ ჩერჩილი თავის ჯარს ავალდებულებდა კიდეც რეგულარულად სუფთა და მშრალი ტანსაცმელი სცმოდათ, რის წყალობითაც ის დაავადებების გავრცელებას ამცირებდა ჯარში.
ბრძოლის ცვლილებასთან ერთად ფერადი მუნდირები ხმარებიდან ნელ-ნელა ამოიღეს, თუმცა ზოგიერთი ერი, მაგალითად ფრანგები, მას პირველ მსოფლიო ომშიც კი იყენებდნენ, ხოლო აღლუმის დროს დღემდე თითქმის ყველა ქვეყანა გამოიყენებს.
წყარო – ცოტნე გოგშელიძე – ფბ ჯგუფი ისტორია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close