საზოგადოება

რატომაა ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალების სისხლის მამაკაცებისთვის გადასხმა სახიფათო?

სისხლის დონორობისას, დეტალური სამედიცინო ისტორიის წარმოება როგორც ჩანს, იმაზ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ამჟამადაა. 

როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, გაცილებით მაღალია იმ მამაკაცთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელთაც გადაუსხეს იმ დონორი ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ფეხმძიმედ ყოფილან. ჯერჯერობით არავინ იცის, რატომ.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ იმ ქალების სისხლი, რომლებიც ოდესმე ყოფილან ორსულად, გაცილებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებსაც გადასხმული აქვთ სხვა მამაკაცების ან ფეხმძიმედ არასოდეს ნამყოფი ქალების სისხლი.

50-წლამდე მამაკაცებში, ეს მაჩვენებელი 1,5 ჯერ მაღალი იყო სისხლის გადასხმიდან სამი წლის განმავლობაში; სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო იმუნური სისტემის მწვავე რეაქცია, რომელსაც სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ ფილტვის მწვავე დაზიანებას უწოდებენ — გაზრდილი რისკი, რომელიც წარსულშიც ქალ დონორებთან იყო დაკავშირებული.

ნიდერლანდების ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ კვლევაში ჩართული იყო 31 118 პაციენტი, რომლებსაც საერთო ჯამში, 2005-2015 წლებში ნიდერლანდებში 59 320-ჯერ ჰქონდათ ჩატარებული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა.

დონორები სამ კატეგორიად იყოფოდნენ: მამაკაცები (88%); ქალები, რომლებიც არასოდეს ყოფილან ფეხმძიმედ (6%) და ქალები, რომლებიც ოდესმე ორსულად ყოფილან (6%).

პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 939 ადამიანზე 13% იყო. სტატისტიკურად, უმსხვილეს ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ მამაკაცები, რომლებსაც იმ ქალების სისხლი ჰქონდათ გადასხმული, რომლებიც ოდესმე ყოფილან ფეხმძიმედ.

„იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ სისხლის წითელი უჯრედების გადასხმა, სისხლის მიღება ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან, მამაკაც დონორებთან შედარებით — დაკავშირებული იყო სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან მხოლოდ კაც მიმღებებში და არა ქალებში“, — წერენ მკვლევრები.

„იმ ქალი დონორების სისხლის გადასხმა, რომლებიც ორსულად არასოდეს ყოფილან — არ აღმოჩნდა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული არც მამაკაც და არც ქალ მიმღებებში“.

ოდესმე ფეხმძიმედ ნამყოფი ქალი დონორებისგან მიღებულ მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 101 გარდაცვლილი იყო 1000 ადამიანზე. შედარებისათვის — მამაკაცი დონორებისა და ფეხმძიმედ არასოდეს ნამყოფი ქალი დონორების შემთხვევაში, დაღუპულთა ოდენობა 80 ადამიანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ურთიერთკავშირს აჩვენებს, ვერ ხსნის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ეფექტი წარსულში ფეხმძიმედ ნამყოფი ქალების სისხლს. მაგრამ მკვლევრებს აქვთ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, მიზეზი შეიძლება იყოს „შესაძლო მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ფეხმძიმობის დრო მომხდარ იმუნოლოგიურ ცვლილებებს“.

კვლევის თანმხლებ სარედაქციო წერილში, შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის ორი ექიმი, რომლებიც კვლევაში ჩართული არ ყოფილან, აღნიშნავენ, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოტენციური მექანიზმების გარკვევა.

„შედეგები პროვოკაციულია და თუ სიმართლეა, შეიძლება მნიშვნელოვანი კლინიკური შედეგებიც ჰქონდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა კვლევების შედეგად დადებულია საწინააღმდეგო შედეგები; ამ ტიპის კვლევათა მეთოდოლოგია კომპლექსურია“, — წერენ ისინი.

„აქედან გამომდინარე, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემჩნეული კავშირების ალტერნატიული ახსნებიც“.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მოიცავს ადამიანთა დიდ ჯგუფს 10-წლიან პერიოდში, იგი მაინც შეზღუდულია იმით, რომ მეცნიერები რეტროსპექტიულ მონაცემებთან მუშაობდნენ.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც დონორთა სისხლის გადასხმის 968 264 შემთხვევას მიეძღვნა, მსგავსი კავშირი ვერ დაადგინა, მაგრამ მთავარი დეტალი — ამ კვლევას შედეგები დონორთა სქესის მიხედვით არ შეუფასებია.

როგორც მკვლევრები, ისე სარედაქციო წერილის ავტორები თანხმდებიან, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი კვლევა.

წყარო: 1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close