ჯანდაცვა

მთავრობა ექთნების მომზადებას აპირებს

ზაზა ლომინაძე: დღეს  სამსჯელო გვაქვს იმაზე, როგორ მოვახდინოთ ექთნების მომზადება უკვე სკოლის შემდგომ საფეხურზე, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები გვყავდეს

 ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის წევრმა, ზაზა ლომინაძემ დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც მოუსმინეს. დეპუტატმა ყურადღება 520-ე დადგენილებაზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია და აუცილებლად  უნდა დასრულდეს ის ტარიფიკაცია, რაც დაწყებულია. მისი აზრით ასევე მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით კარდიოლოგებთან ინტერვენციონისტებთან ერთად იქნეს  განხილული ისეთი დაავადებების როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კორონაროგრაფიის, სტენტირების და შუნტირების ფასების გადახედვა.

 ზაზა ლომინაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ დეფიბრილატორები შემოვიდა სახელმწიფოში და დაინტერესდა ხომ არ იგეგმება  იგივე სარქველებთან, ან სტენტებთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ შეღავათს მისცემს ჩვენს მოსახლეობას. „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ტარიფი შემცირდა და პაციენტს ნაკლები გადასახადი უწევს, მაგრამ ალბათ გასათვალისწინებელი იყო  ის, რომ 2013 წელს, როდესაც დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა და ის ტარიფები, მას შემდეგ თითქმის ორჯერ  არის კურსი შეცვლილი და ალბათ უნდა გავითვალისწინოთ რა და როგორ უჯდება ეს კლინიკებს, რომ არ შევაფერხოთ.

როგორც ვხედავთ, დღეს კოვიდთან ბრძოლაში ზუსტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით,  ასევე სიმსუქნის დაავადებული  კონტინგენტია, რომელიც ყველაზე ხშირად დაავადდება და  მძიმე ფორმით მიმდინარეობს ეს დაავადება“, განაცხადა დეპუტატმა.  ის ასევე შეეხო რეზიდენტურის პრობლემას და დაინტერესდა ამასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს სამინისტროს.

„კურსდამთავრებული გაცილებით მეტი გვყავს, ვიდრე რეზიდენტურის ადგილები და ჩვენს რეზიდენტებს სწავლის გაგრძელება უწევთ საქართველოს გარეთ, სამწუხაროდ, მერე არ ბრუნდებიან უკან. ასევე ამ პანდემიის დროს  ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ ანესთეზიოლოგებთან და რეანიმატოლოგებთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებები ჩავატაროთ, იმიტომ, რომ ვნახეთ სახელმწიფოში ახლა ზუსტად ამ პროფილის სპეციალისტების დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნას“. დეპუტატმა ისაუბრა ექთნების დეფიციტთან დაკავშირებითაც, „განათლების მინისტრთან ერთად გვაქვს სამსჯელო იმაზე, როგორ მოვახდინოთ ექთნების მომზადება უკვე სკოლის შემდგომ საფეხურზე, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები გვყავდეს“.

ზაზა ლომინაძის თქმით მნიშვნელოვანი საკითხია ასევე კლინიკურ კვლევების საკითხი და დაინტერესდა, იგეგმება თუ არ კლინიკური კვლევების ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელება.

Related Articles

Back to top button
Close