სიღნაღის ამბები

,,გოგიამ თვალში ამოიღო ბაჩუკი და პირადულის გამო გაათავისუფლა” _ სიღნაღის მერი მორიგ სკანდალში ეხვევა

26 მაისს, ტელეკომპანია ტვ პირველის ერთ-ერთ სიუჟეტში, საუბარი იყო ფაქტზე, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა. სიღნაღის მერმა, ყველასათვის მოულოდნელად, გამძვინვარებული პანდემიის დროს, სამსახურიდან გაათავისუფლა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წარმომადგენელი. აქცენტი გაკეთებული იყო მერისა და ეპისკოპოსის დაპირისპირებაზე, რასაც ჯერ მერის მიერ თანამდებობებიდან მისი წარმომადგენლების გათავისუფლება მოყვა, შემდეგ კი გათავისუფლებული თანამდებობის პირებისგან მერის გალახვა, რაც სიუჟეტში სიღნაღის მერმა არც უარყო და არც აღიარა. ეს კი ირიბად თანხმობას ნიშნავს.

მოვლენებს ცოტათი გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ თანამშრომლების გათავისუფლების ამბავი რამდენიმე კვირის უკან მოხდა, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რომ საქმე აღძრულიყო, აქამდე ცნობილი არ გამხდარა. მერთან, მის კაბინეტში, ფიზიკურად დაპირისპირების  ფაქტი, ადგილობრივებმა ტვ პირველის საშუალებით შეიტყეს. ამიტომ, მოქმედი მერის მიმართ კითხვები, ცხადია, ამ კუთხითაც ჩნდება.

გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ტვ პირველის ეთერში 27 მაისს გავიდა, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტში სხვა ვერსიას უფრო აქტიურად განიხილავენ. ვერსია 2-ს, რა მოხდა სინამდვილეში სიღნაღის მერსა და რამდენიმე სოფლის წარმომადგენელს შორის, სიუჟეტის ქვემოთ შემოგთავაზებთ.

,,გუშინ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ ინფირმაცია ცემის შესახებ არ დასტურდება. როგორც ჩემი წყარო ამბობს, ამბავი შემდეგშია. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

,, რა სისულელეა. ბაჩუკა( გათავისუფლებული მერის წარმომადგენელი) და ეგ (სიღნაღის მერი), ჯერ გასულ წელს შესპორდნენ, ბაჩუკას უთხრა , ,,შენ ქართულ ოცნებას და ეკლესიას ხარ ამოფარებულიო. ბაჩუკი და მისი ოჯახი მართლა ეკლესიურად ცხოვრობს. ბაჩუკიმ უთხრა, გრცხვენოდეს, მაგას, რომ მეუბნებიო. იმის მერე ამოიღო გოგიამ (სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი) თვალში ბაჩუკი და პირადულის გამო გაათავისუფლა.
რაც შეეხება მაღაროს გამგებელს, ისაც რაღაც საკითხზე შეეკამათა და მაგიტო გაათავისუფლა, ასხინკალაც- (მეტსახელია- რედ) ( სიღნაღის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარე) არის ჩართული მაგ უსამართლობაში. რადგან ასხინკალას(ვანო მირიანაშვილი) ნათესავს ყალბი ცნობა არ მისცა.
კორონა ვირუსის დროს, როცა აიკრძალა დღისითაც მანქანებით გადაადგილება,  @ გოგიას ჩაუტარებია თათბირი და რწმუნებულებისთვის გამოუცხადებია: თქვენ ვეღარ იმოძრავებთო. მაღაროს რწმუნებულს, თენგიზ შაიშმელაშვილს უთქვია, რომ ბარემ ტელეფონებიც ჩამოგვართვითო. გოგიამ ამ სიტყვებზე უყვირა, გულში ჩაიდო და ასე გაუსწორდა, სამსახურიდან გაშვებით. სულ 5-6 თვე იქნება რაც თენგიზს ქალიშვილი გარდაეცვალა და ეს გათავისუფლების ამბავიც დაემატა. 6 მაისს, გიორგობაზე დაარეკინა გოგიამ თავის ადმინისტრაციიდან და ასეთი სიურპრიზი გაუკეთა. ბოდბის რწმუნებული ანაგის ზაქროსავით გულგრილი კი არ იყო თავის სოფლისთვის, ის სულ ითხოვდა თავის სოფელში პრობლემების მოგვარებას, როცა სასმელი წყლის მიწოდებაზე ექმნებოდა რომელიმე უბანს პრობლემა. ამაზე საყვედურს რწმუნებული მერის წინაშე რომ გამოხატავს, იმ ადამიანს უნდა მიაყენო ასეთი შეურაცხყოფა? ეს რომ შერჩა გოგიას, იმიტომ გააკეთა მისი გათავისუფლება. სოფელი ფეხზე დგას.

აი, თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ,,სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მერი, გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საკრებულოსთან ერთად, არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ჯერ იყო და დანიშვნისთანავე აიღეს პრემია-დანამატები და ხალხს ურცხვად განუცხადეს, დიახ, წინასწარ ავიღეთ ფული, რადგან გვეკუთვნოდაო. მერე იყო და ისტორიულ გალავანს საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაუტარეს რესტავრაცია. ფაქტის გახმაურების მერე, მართალია, თავი იმით იმართლეს, რომ  ასეთი რამ არ დაუვალებიათ იქ მომუშავე ადამიანებისთვის და მათ თავისი სურვილით შელესეს გალავნის კედლები, მაგრამ ეს ვერსია მხოლოდ იმათ დაიჯერეს, ვისაც მერის საქმეების ,,გაპრავება” და შელამაზება სურდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მესვეურთა მიმართ, ცოტა ხნის წინ, ტენდერებზეც აგორდა სკანდალი და კოლოსალური თანხების გაფლანგვაზეც იყო საუბარი, რასაც სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნა ცხადყოფდა. დასკნაში საუბარი იყო საწვავის მიწერებზე და სხვა საინტერესო მაქინაციებზე, რომელსაც, რატომღაც, შიდა აუდიტი ვერ ამჩნევდა. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის ეს დასკვნა დარჩა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა და მას გაგრძელება არ მოჰყოლია არცერთი სამართალდამცავი უწყების მხრიდან. როგორც იტყვიან ხოლმე, შეარჩინეს ნაჭამი. რატომ? ეს კითხვაც პასუხგაუცემელია.

ვერ გამოვტოვებ სოფელი ანაგის სკვერის გახმაურებულ სკანდალს. სკვერის, ორი სკამით და ერთი მაგიდით, რომელშიც, თურმე  მერიამ 20 ათასი ლარი დახარჯა. ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო  მაინც ის იყო, რომ სკვერის მშენებლობის სამუშაოები ჩაატარა საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის შვილმა და მისმა კომპანიამ.

არ უნდა გამომრჩეს ფეკალიების წვიმა საკრებულო-მერიაში, რომელსაც, მისივე თანამშრომლები სწორედ გოგილაშვილის ამბიციას აბრალებენ- ახალი კაბინეტები მოინდომა, რის გამოც გარემონტებული შენობა, ისევ გასარემონტებელი გახადაო.  ხალხი დახმარებას რომ სთხოვს, უარით ისტუმრებს, ფული სად გვაქვსო და თავად, როგორც უნდა ისე ხარჯავს ხალხის ფულს. საკრებულოც ყველაფერს ,,უპრავებს” და ნებისმიერ მის მოთხოვნაზე თავს აკანტურებსო. ვიდეო, რომელიც ფეკალიებით განადგურებულ ადმინისტრაციულ შენობას ასახავს, სწორედ euronews.ge -მ მოიპოვა და გაავრცელა.

არა არს დამალული, რომელიც არ გაცხადდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კიდევ ბევრ ,,საინტერესო” ფაქტს აეხდება ფარდა, რომელშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის როგორც მერიის, ასევე საკრებულოს მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. ასევე, საუბარი არის მიწების უბრაგონოდ დარიგების ფაქტებზე და ა.შ.

ასე, რომ დაველოდოთ მოვლენებს. იმედია, ყველაფერს აეხდება ფარდა.

Related Articles

Back to top button
Close