კატეგორიის გარეშე

თურქეთში თირკმლის გასაყიდად ჩავედი” – რას ყვება ქართველი ემიგრანტი?

43 წლის ქართველი ქალი, რომელიც გაჭირვებამ თურქეთში წაიყვანა, ჟურნალ “სარკესთან” შემზარავ ისტორიებს ჰყვება.

– მაია, რამ გაიძულათ, თურქეთში წასულიყავით?
– ბავშვობა გაჭირვებაში გავატარე… მყავდა ქმარი, რომელიც დედამისთან ერთად რუსეთში გადაბარგდა. 1 წლის შემდეგ ჩემი დედამთილი ჩამოვიდა ბინისა და სხვა ნივთების გასაყიდად. ქმრისგან კი წერილი ჩამომიტანა, სადაც წერდა, დავქორწინდი, თუ შვილის მარტო გაზრდა გაგიჭირდება, ბავშვი დედაჩემს გამოაყოლე, შენ კი დედაშენთან იცხოვრეო.

ზუსტად 2 წლის შემდეგ სხვას გავყევი ცოლად. ორი გოგონა შეგვეძინა. ჩემი ქმარი ეჭვიანი იყო, არც თვითონ მუშაობდა, არც მე მამუშავებდა. კაიფობდა ან არაყში იხრჩობოდა თავს. ფსიქიკა შეერყა. ჩემზე ძალადობდა.

ერთ დღესაც, უკანასკნელი თეთრები რომ გამომელია, მივაშურე მაშინდელ პირველ ლედის, ქალბატონ ნანული შევარდნაძეს. იმ დროს გაზეთი ჰქონდა – “მშვიდობა ქალთა ყოველთა”. მის მაგივრად სხვა დამხვდა, მგონი, ქალბატონი ნინო გიორგაძე.

ვიფიქრე, რომ დამეხმარებოდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად საყვედური მივიღე – რატომ მყავდა სრულიად ახალგაზრდა გოგოს სამი შვილი, თუ შენახვის შნო არ მქონდა. მითხრეს, რომ ბიუჯეტი არ ჰქონდათ და ერთადერთ დახმარებას მთავაზობდნენ – ნუცუბიძეზე, ინტერნატში ჩამებარებინა ბავშვები და რვა კლასის დამთავრების შემდეგ გამომეყვანა.

ტირილით გამოვიხურე კარი და ბავშვებს დავუბრუნდი, რომლებიც მეზობლებთან მყავდა დატოვებული. ბინის პატრონმა ბოდიშის მოხდით მთხოვა, იმ დღესვე დამეტოვებინა სახლი, რადგან სხვა კლიენტი ჰყავდა.

სამი დღე და ღამე ქუჩაში გავათენე. საბოლოო პამპერსიც რომ გამომელია, ქმრის დედას მივადექი. მიპასუხა, არ მაინტერესებს თქვენი ამბავი, ერთ დღესაც დახოცილხართო.

მშიერი, შეციებული ბავშვებით მეზობელს მივუკაკუნე. ლია დეიდა გამოვიდა, ერთი ამოიკვნესა, ვაიმე, შვილო, თავი რა დღეში ჩაიგდეო. თან გაბრაზებულმა დაუძახა ჩემს დედამთილს, გამოდი, შვილიშვილებს მიხედეო. დავინახე, მოდიოდა. მეზობელს სასწრაფოდ მივაჩეჩე ბავშვები და მათი ტირილის ხმა რომ არ გამეგო, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. თან უფროსი გოგონა წავიყვანე.

ღმერთმა გადმომხედა და 2 კვირაში მიმიღეს ჟურნალ “დოიჩ ლებენსში”, სადაც რეკლამა უნდა გამეკეთებინა. მაშინვე ბავშვებთან გავიქეცი და წამოვიყვანე. მერე ჟურნალ “სამართალში” სტატიებს ვწერდი. კამერა ვითხოვე და დამოუკიდებელად ვიღებდი სიუჟეტებს. ასე გამქონდა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ვერ დავდექი მყარად, საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, ჩემს პატარებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ მერე უბედურება მოხდა. სახლში გაზი აგვიფეთქდა. დამწვრობა მივიღე, დავმახინჯდი, დავუძლურდი. ბავშვები ჩემი ნებართვის გარეშე მამამ წაიყვანა. ოთხად მოკეცილი, დაჭრილი ცხოველივით ვბღაოდი, შვილები რომ წამართვეს.

ქმარმა დამახინჯებულს ფეხი წამკრა, ზედ დამაფურთხა და მითხრა, ბედნიერი ვარ, შენი მოკვლა აღარ მომიწია, ასეთს არავინ შემოგხედავს, მახინჯი არც მე მჭირდები, არც შენს შვილებსო.

ბიძაშვილმა წამიყვანა სახლში. თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან. ფეხზე დავდექი. გადავწყვიტე, ბინა მეყიდა, რომ მე და ჩემს შვილებს ერთად გვეცხოვრა, ამიტომ თურქეთში წამოვედი.

– რისი იმედი გქონდათ, თურქეთში რომ მიდიოდით?
– მინდოდა, თირკმელი გამეყიდა. ვნახე ერთი ადამიანი, ვინც ამაში დამეხმარებოდა, მაგრამ მერე მითხრეს, რადგან ენა არ ვიცოდი და არც პატრონი მყავდა, ორივე თირკმელს ამომაცლიდნენ და თავისთავად არც ფულს გადაიხდიდნენ. მაინც ვცადე გარისკვა, მაგრამ იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც უნდა გადამენერგა, დონორად ვერ გამოვდექი. ამიტომ გადაიდო თირკმლის გაყიდვა.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ინტერესდებოდა, სხეულს თუ გავყიდდი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი და გამოქცევა დავაპირე. როცა ტაქსი მოვიდა და ჩემოდანს ვდებდი საბარგულში, იქვე, ოფისიდან, გამოვიდა მოხუცი ქალი და მანიშნა, გავყოლოდი. მკითხა, შეგიძლია, მომიაროო. კი-მეთქი, ვუპასუხე.

– ამჯერად მაინც თუ გაგიმართლათ?
– დიახ. ამ ქალისგან იმხელა სითბო ვიგრძენი, რომ დღემდე ვუვლი, ოღონდ ახლა უკვე უფასოდ. თავის სახლში ჩამწერა და შესაძლებლობა მომცა, გამეკეთებინა რამე – გამომიტანა კრედიტი. სესხით ავიღე სამი ავტომანქანა, რომლებსაც ვაქირავებ. აი, ასე დავმკვიდრდი უცხო მიწაზე.

აქ მეუბნებიან, რომ საქართველო ვერასდროს გამთლიანება, რადგან არ გვაქვს ერთობა; რადგან ბევრჯერ ნახეს, ქართველი ქართველს როგორ ყიდის; რადგან ჩვენს კაცებს ეზარებათ მუშაობა და ძირითადად ქალები მუშაობენ… თვითონ ამაყობენ საკუთარი პრეზიდენტით და შრომისმოყვარეობით.

სადღაც მართლები არიან და ეს მათი სიმართლე მტკივა. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და ჩვენი ტკივილისთვის პასუხს მოვთხოვთ. ემიგრანტები მხოლოდ უფლის და საკუთარი თავის იმედად არიან.

– ასე მარტივია, თურქეთში თირკმელი გაყიდო? ორგანოებით ვაჭრობაზე თურქული სერიალიც კი გადიოდა ჩვენთან.
– აქ ამბობენ, რომ თირკმლით ეხმარებიან ერთმანეთს. მაგალითად, თუ ვინმეს სჭირდება თირკმელი და ამ დროს ვინმე გარდაიცვალა, რომლის თირკმელიც ჯერ კიდევ გამოსადეგია, ყოველგვარი თანხის გარეშე აძლევენ ახლობლები და ამას სიკეთეს ეძახიან. მე მაშინ ამდენი არ ვიცოდი. ჭორის დონეზე გამეგო, რომ შეიძლებოდა, თირკმელი გამეყიდა.

ახლაც ამბობენ, რომ თუ მოიწადინა ვინმემ, გაყიდის კიდეც თირკმელს. გიხდიან ფულს და საჭირო თუ გახდა, დაგინათესავებენ კიდეც, რომ კანონი არ დაარღვიონ. კანონით, თირკმლის მიცემა მხოლოდ ნათესავს არ ეკრძალება.

– თქვენი ბავშვები სად და როგორ არიან, ნახულობდით ამ ხნის განმავლობაში?
– ბავშვები მალევე წამოვიყვანე მამისგან და ბინა ვუქირავე თბილისში. 2 თვეში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ 3-4 დღით. შვილები სიამოვნებით მეყოლებოდა აქ, მაგრამ გაუჭირდებათ შეჩვევა. მე დღემდე ვერ ვეგუები აქაურობას. ობოლივით ვარ.

– თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობა არ გაქვთ?
– ერთადერთი ნათელი წერტილი ის არის, რომ რიზეში, სადაც მე ვარ, ლაზები ცხოვრობენ და მეგრულ დიალექტზე საუბრობენ. ძველი ტრადიციების ხალხია. ჯერ კიდევ ჩადრებით დადიან. ჩაის მოყვანას მისდევენ, სოფლებში ისეთივე ოდები უდგათ, როგორიც იმერეთშია. თევზჭერას მისდევენ, მღერიან ლაზურად… “დიდოუ ნანა” უყვართ ძალიან. ღომის მსგავს სადილს ამზადებენ, მუღლამა ჰქვია.

ძალიან მიყვარს სუმელას მონასტერი, რომელიც ტრაპიზონთან ახლოს მდებარეობს. “სუმელა” ლაზურად სამებას ნიშნავს. ახლა რესტავრაციას აკეთებენ. ძირითადად არაბები და თურქები მიდიან მის მოსანახულებლად. ქრისტიანს იშვიათად ნახავ.

სასწაული სანახაობაა – კლდეშია გამოკვეთილი. 3 წლის წინ ფოტო გადავუღე. მაშინ სანთელს არ გვანთებინებდნენ. აღდგომადღეს ავედი, პასკა, წითელი კვერცხები და 100 სანთელი ავიტანე, ჩუმად დავანთე. იქ შევხვდი ქართველებს, ერთმანეთს მივულოცეთ… ბოლოს მიწა მოვფხიკე ფრჩხილებით და სახლში წამოვიღე.

ჩემს ოფისში, სადაც ვზივარ, თბილისის ფოტო მიკიდია. ყველგან საქართველო დამაქვს და ვცდილობ, ყველას გავაცნო, რადგან ჩვენ შესახებ ყველაფერი დამახინჯებულად იციან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close