საინტერესო

ვის და რატომ ეძახდნენ გურჯაანში ,,ხოხობი დაროს”

,,ისეთი ლამაზი იყო, ისე მოხდენილად მოიღერებდა ხოლმე ყელს..."

გოგა ჩანადირი:
 _ მე-19 საუკუნეში არაერთმა ქართველმა ქალმა აალაპარაკა ხალხი სილამაზით საქართველოშიც და უცხოეთშიც.
ერთ-ერთი იყო დარო (დარეჯან) ჭავჭავაძე, ილიას ბიძაშვილი, რომელიც უდიდესი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ბებია იყო მამის გიორგი ანდრონიკაშვილის მხრიდან.
დარო ისეთი ლამაზი იყო, ისე მოხდენილად მოიღერებდა ხოლმე ყელს, რომ გურჯაანელებმა ხოხობი დარო შეარქვეს და ხოხობდაროდ მოიხსენიებდნენ.
ნატო ვაჩნაძეს ერთი ბებია პოლონელი დედის ეკატერინე სლივიცკაის მხრიდან რუსულ-იტალიურ ოჯახში დაბადებული შენინგი იყო, ხოლო ხოხობდარო ქართველი თავადის ლევან ჭავჭავაძის ასული იყო. 1845 წელს დაიბადა. ილიაზე 8 წლით უმცროსი იყო.
20 წლის დაქორწინდა ალექსანდრე პაატას ძე ანდრონიკაშვილზე. სამი შვილი შეეძინათ, ეკატერინე (1867 წ.), ელენე (1871) და გიორგი (1875 წ.). სწორედ გიორგის შვილია ნატო ვაჩნაძე, რომელმაც გვარი პირველი მეუღლის მერაბის საპატივსაცემოდ აიღო.
სხვათა შორის, ეს არ იყო პირველი შემთხვევა ჭავჭავაძეებისა და ანდრონიკაშვილების ქორწინებისა.
ილია ჭავჭავაძის პაპა პაატა, რომელიც ლეკებთან ბრძოლისას დაიღუპა, დაქორწინებული იყო მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასულ ანდრონიკაშვილზე. მათ 6 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ერთ-ერთი – გრიგოლი სწორედ ილიას მამა იყო.
ხოხობი დარო რომ ლამაზი ქალი იყო, შემორჩენილ ფოტოებშიც ჩანს. ერთი კადრის ფოტოასლი გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის მუზეუმშია დაცული. ხოლო დედანი დამანა მდივნიშვილის კოლექციაშია.
ქართველი ქალები სილამაზით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. დარო ჭავჭავაძე კი ერთ-ერთი მათგანია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close