სიღნაღის ამბები

ვაქირელი გვრიტას ბაღნარი

,,ჩექმა რომ მიფუჭდება, მაშინვე ბაღში მივარბენინებ ყვავილის ჩასარგავად..."

გიორგი შილდელაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ცხოვრობს, მეტსახელად გვრიტას ეძახიან. ფრინველის სახელი ბებიას ბავშვობაში შეურქმევია. შეიძლება ამიტომაც, ბიჭს ფლორისა და ფაუნის სიყვარული ბავშვობიდან აქვს. მისი სახლის გვერდით სოფლის რეკრეაციული ზონაა. გვრიტა სოფლის მწვანე ნარგავებს ერთხანობას საკუთარი ინიციატივით უვლიდა და პატრონობდა. ერთი თვის წინ მომვლელ მებაღედ გააფორმეს. გვრიტას სახლის ეზოც მწვანე ნარგავებით, ნაირ-ნაირი ლამაზი ყვავილებით, მცენარეებითა და ცხოველ-ფრინველით აქვს სავსე.

     გიორგი შილდელაშვილი:  

_ ბაბო-პაპათან, დედათან, მეუღლესა და ორი შვილთან ერთად ვხოვრობ. პატარა რომ ვიყავი, უპატრონო ლეკვს ან კნუტს სადაც ვნახავდი, სახლში მომყავდა, ვუვლიდი და ვკვებავდი. იმდენი ცხოველი მოვაგროვე, ოჯახის წევრები შეწუხდნენ. პაპა მეუბნებოდა, შენი ლეკვებით და კნუტებით სახლიდან გაგაგდებო. ყველა სახის შინაური ფრინველები მოვაშენე და ცხადია, მე ვუვლიდი. ბაღში ალუჩასა და ტყემალს ვკრეფდი, ბოდბისხევის ბაზარში ვყიდდი და ამ ფულით იქვე ვყიდულობდი ხან ქათამს, ხან იხვს და ბატს, ხანაც კურდღელს. ყველაზე რთული მოსავლელი და პრობლემური კურდღელი აღმოჩნდა- ადვილად უჩნდებოდათ დაავადებები. 30 კურდღელი მყავდა. მათი გალიები ჩემი ხელით გავაკეთე. პირადად ვუვლიდი ყველას, მაგრამ კბილები ასტკივდათ და ნელ-ნელა დაიხოცნენ. მათ მოვლაზე ამიტომაც ავიღე ხელი. მერე მტრედები ვიყიდე და გავამრავლე. ამჟამად 10 მტრედი მყავს. გაზაფხულობით, სანამ მერცხლები მოფრინდებიან თბილი ქვეყნებიდან,  ტყიდან მიმინო მოდის და გვპარავს. ბატებთან ერთად მუშკის იხვებიც მოვამრავლე. ერთ-ერთ ბატს გენერალს ვეძახით. ისიც ბაზარში ვიყიდე 5-6 წლის წინ. 7 წელი შინაური ფრინველისთვის დიდი ასაკია, მაგრამ არ ვკლავთ. გენერალი იმიტომ შევარქვი, რომ შინაურ ფრინველებს მეთაურობს და ტერიტორიას აკონტროლებს. საღამოს, შებუდების დრო რომ მოვა, მოაგროვებს ტყეში გაფანტულებს და საქათმისკენ მოუძღვებათ. წესრიგს იცავს და ყველა ფრინველს თავის ჭკუაზე ატრიალებს. სამი ძაღლი მყავს და ახლა მეოთხეც მოვიყვანე. მეცხვარის ქართული ჯიშის ნაგაზი ყველაზე დიდია- ლომა ქვია. შინაური ფრინველების სუნზე ტურები და მელიები ხშირად გვსტუმრობენ, მაგრამ ლომა საშუალებას არ აძლევთ, ფრინველები მოიტაცონ ან შეჭამონ.

სკოლაში ბოტანიკას და ზოოლოგიას კარგად ვსწავლობდი. მასწავლებელი საინტერესოდ გვიხსნიდა გაკვეთილებს და კიდევ უფრო  შემიყვარდა ფლორა და ფაუნა.  2003 წელს გადმოვბარგდით  ახალ სახლში და ბაღის მცენარეების შეგროვებაც  ამ პერიოდიდან დავიწყე. ახალი მცენარის ნერგს სადაც ვნახავდი, პატრონს ვეხვეწებოდი, ჩემთვისაც მოეცა. განსაკუთრებით ყინვაგამძლე მცენარეებით ვიყავი დაინტერესებული, ამიტომ ჩემი ბაღი ზამთარშიც მწვანეა და ხასხასებს. პაპამ კალმით გახარება მასწავლა და ბევრი მცენარე ასე გავამრავლე. სხვადასხვა ჯიშის ბზა მაქვს და ყველა კალმით დავაფესვიანე. სახლის გვერდით თავისუფალი ადგილი იყო და კაკლის, ალუბლის ნერგები დავრგე. ხან ჩვენ შევაწვდით ხელს, ხანაც გამვლელი და ვისიამოვნებთ მეთქი. ყველა მათგანი უკვე ისხამს ნაყოფს და ძალიან მიხარია. პატრიარქმა ხომ თქვა, სანამ ცოცხალია ადამიანი 12 ხე მაინც უნდა დარგოსო. მე  ჯერ 30 წლის ვარ და უკვე უთვალავი ხე მაქვს გახარებული. გაზაფხულზე, ბოსტნის დაბარვის დროს, ხეხილის ამონაყრები მხვდება ხოლმე. მოსაჭრელად ვერ ვიმეტებ, ამიტომ ფესვიანად ვიღებ და სოფელში, თავისუფალ ადგილებზე ვრგავ. მიმდებარედ სოფლის რეკრეაციული ზონაა- ხელოვნურად გაშენებული ბაღი. ერთი პერიოდი არავინ უვლიდა, ხეები ხმებოდა და ნადგურდებოდა. გადავდიოდი და ჩემი ინიციატივით, უანგაროდ ვუვლიდი, გამხმარი ხეების ნაცვლად ახლებს ვრგავდი. ქიზიყში ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ 4 ჰექტარზე გაშენებულ ხეებს ზაფხულობით ვრწყავდი კიდეც. ერთი თვის წინ დამნიშნეს ამ ბაღის მომვლელად და ახლა ხელფასიც მაქვს. მიხარია როცა ვხედავ, რომ ჩემს მოვლილ ბაღში ბავშვები დასეირნობენ, ხილს მიირთმევენ ან დედებს ჩვილები გამოჰყავთ სუფთა ჰაერზე. ყველას ვარიგებ, ისე დაკრიფეთ ხილი, ტოტები არ დაამტვრიოთ, რადგან მომდევნო წელს უფრო მეტ ადამიანს გაახარებს მეთქი.

ჩვენი საოჯახო ვენახი სახლიდან 6 კილომეტრითაა დაცილებული. ჩემს ბავშვობაში ოჯახის ყველა წევრი  ერთად მივდიოდით იქ სამუშაოდ. ერთხელ გზაზე მსხლის ნერგი ვნახე. ბარი თან არ მქონდა, ამიტომ თითებით მოვთხარე მიწა და ნაზად ამოვიღე, უკეთეს ადგილზე რომ გადამერგო. ახლა ამ მსხლის ნაყოფს ჩემი შვილები ჭამენ. სახელობითი ხეებიც გვიდგას სახლში.

       _ სახელობითი ხეები რას ნიშნავს?

_ ჩვენს სოფელში ცხოვრობდა კოლორიტი კაცი, კაკრაჭ-იოსებოვიჩი. კარგი თამადობა იცოდა და ძალიან ხუმარა იყო. კომშის ხეს მის სახელს ვეძახით. ნერგს რომ გვაძლევდა გვითხრა, გამომართვით და როგორც მე მასხია, იგრე დაისხამსო. პაპასთან მეგობრობდა. ალუბლის ნერგიც გვაჩუქა და დაგვიბარა, ამას აბრა გაუკეთეთ: ,,მადე ინ კაკრაჭაო“. ალუბალსა და კომშს რომ ვკრეფთ, ყოველთვის კაკრაჭ-იოსებოვიჩის ხუმრობებს ვიხსენებთ. უნაბის ხეს სანდრიკა პაპას ვეძახით, რადგან სანდრიკა ქემაშვილმა გვაჩუქა. ჩვენი სახლის აშენებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ახლა გარდაცვლილია და უნაბის კრეფის სეზონზე მასაც ხშირად ვიხსენებთ. პავლონიის ხე მუსიკოსმა თამაზ ბეჟიაშვილმა გვაჩუქა, ამიტომ ხეს  მეტსახელად ,,მაესტროს“ შევარქვით.

სახლთანაც მაქვს ვენახი და სოფლის ბოლოს, ჭიანტესთანაც. ბავშვობაში პაპა გვერდით ამომიყენებდა და მოვლის ყველა პროცედურაში მაღებინებდა მონაწილეობას. ჩემი ტოლები რომ ერთობოდნენ, მე ვენახში თავგამოდებით ვმუშაობდი. პაპა მამხნევებდა, ისწავლე, ისევ შენ გამოგადგებაო და ვუჯერებდი. ამჟამად ვენახს მარტო ვუვლი. ყოველდღიურად 6 კილომეტრ გზას ვენახამდე ფეხით გავდივარ. მიხარია თუ მომიჯნე ან გამვლელი მანქანით შემვხვდა და წამიყვანა. 31 წლის ვენახი გვაქვს, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებ რომ კიდევ დიდხანს ვაცოცხლო. პატარა ვიყავი მამა რომ დამეღუპა. ამ ვენახის გაშენებაში პაპას ის მიხმარებია და მის ნაოფლარ ვაზს ზედ დავთათანებ , შვილივით ვუვლი.

     _ ვენახის მწკრივების დასაწყისში ვარდები რატომ გიდგას?

_ ინტერნეტში ხშირად ვკითხულობ მცენარეებისა და ცხოველების მოვლის წესებს. ერთხელ წავიკითხე, რომ ვაზის გვერდით თუ დარგავთ ვარდებს, სანამ ვაზს გამოაჩნდება ამა თუ იმ დაავადების ნიშნები, ის ვარდზე აისახება და მკურნალობასაც დროულად მოასწრებთო. მეც ავდექი და ჩემს ვენახში დავნერგე ეს მეთოდი. ვარდები კალმით დავაფესვიანე და ვენახის თავში გადავრგე. ლამაზიც არის და მეთოდმაც გაამართლა-სანამ ვაზს ჭრაქი და ნაცარი გამოაჩნდება, ვარდის ფოთოლი ავადდება და მაშინვე ვიწყებ წამვლას კონკრეტულად იმ დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ვარდებს გაზაფხულის პირზე რომ ვსხლავ, ტოტები გადასაყრელად მენანება და ვაკალმებ, მერე ორღობეებში, გზის ნაპირებზე ვრგავ, რომ გაიხაროს – გაალამაზოს გზა და სურნელიც გამოსცეს. ისეთი კარგი ხელი მაქვს, ჯოხი რომ ჩავარჭო მიწაში ფოთლები გამოაქვს. მეზობლები მეხვეწებიან ხოლმე, ჩვენთანაც შენ დარგე, რომ გაიხაროსო. რა გითხრათ აბა, ეტყობა მცენარეები გრძნობენ, რა დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ და ხარობენ. ჩემს ეზოში 30-ზე მეტი ფერისა და ჯიშის ვარდი დგას. ყვავილების მოვლაში მეუღლეც მეხმარება. ყვავილები კი იმდენია, რაოდენობას ვერ დაგისახელებთ. პაპა სულ ბუზღუნებს, გასავლელი ადგილი აღარ დამიტოვეთ და ლაბირინთებში მაცხოვრებთ. მორჩა, აქ ჩემი ადგილი აღარ არისო. ამას წინათ ბებო გახდა ავად, სასწრაფო გამოვიძახეთ და ექიმებს სიბნელეში ეზოს ყვავილებისთვის ფეხი რომ არ დაედგათ, მეზობლის ეზოდან შემოვიყვანეთ.

სხვადასხვა დეკორაციები გვაქვს შექმნილი. ყველა დაძველებულ თუ დაზიანებულ ნივთს ქოთნად ვიყენებთ. რომ გაივლით ჩემს ბარში ბევრგან დაინახავთ ჩექმებში ჩარგულ ყვავილებს. ჩექმა რომ მიფუჭდება, ეგრევე ბაღში მივარბენინებ ყვავილის ჩასარგავად. რას არ ნახავთ აქ- ძველ ღუმელს,  კალოშებს, დაზიანებულ საათს, ტაშტს, საცერს, საწამლ აპარატს, საბურავებს, ვედროს, ხელსაბანს… პაპამ გზაზე მკვდარი კუ ნახა და სახლში მოიტანა. მე კი მისი ბაკანიც ქოთნად ვაქციე. სოფელში ჯერ მუდმივი წყალი არ არის, მაგრამ ხევის წყალი გზაზე უმისამართოდ მოედინებოდა. მილი დავუფინე და ჩემს ყვავილებთან შევიყვანე. ხევის ცივი წყლით გალაღებულები არიან და ხანგრძლივად და ხვავრიელად ყვავილობენ. გვრიტას მწვანე ბაღს ეძახიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები.

    _ გვრიტა რატომ შეგარქვეს?

_ 19 წლის ბიძა დამეღუპა,  გოგიტა ერქვა. გიორგი, მისი სახელი დამარქვეს, მაგრამ ბებოს და პაპას ამ სახელის დაძახება უჭირდათ. მერე რატომღაც გადაწყვიტეს, რომ გვრიტა დაეძახათ და მას მერე ყველა ასე მომმართავს. გიორგი შილდელაშვილი რომ იკითხოთ სოფელში, ვერავინ მიხვდება რომ მე მკითხულობთ. ყველა გვრიტად მიცნობს. ეს სახელი ჩემს ხასიათს არის მორგებული და მომწონს, როცა ასე მომმართავენ. ჩემი  სახლის მიმდებარე ბაღში ცხოვრობენ საყელოიანი გვრიტები. ქათმებს საკენკს რომ დავუყრით, ისინიც გადმოდიან და კენკავენ. არ ვაფრთხობთ, მათაც ხომ უნდათ გამოკვება.

დილით, სანამ ოჯახის წევრები გაიღვიძებენ მე ვდგები და ძროხას ვწველი. 7 წელია ძროხა მყავს და ჩემს გარდა არავის მოუწველია. მერე ყავას ვიდუღებ და ყვავილნარის ჰამაკში ჩამჯდარი ვსვამ. თან ახლადგამოღვიძებული ჩიტების ჟრიამულს ვუგდებ ყურს. ამასობაში ძროხის ნახირში წაყვანის დრო მოდის. თუ ჩემი მორიგეობა არ არის და ნახირს საძოვარზე არ მივყვები, ბაღს ვუვლი ან ვენახში მივდივარ, ანდაც ყვავილებს დავტრიალებ. მათზე ზრუნვა მაბედნიერებს და ენერგიას მმატებს, ისინიც მადლობას თავისებურად მიხდიან- ყვავიან და ყვავიან. გვრიტას ბაღი ადრე გაზაფხულიდან იწყებს ყვავილობას და გვიან შემოდგომამდე ბიბინებს.

     _ ახლახანს სოფლის ბაღის მებაღედ დაგნიშნეს. ამ ბაღის ამბებიც მოგვიყევი, ვინ გააშენა, რა მიზნით და ახლა რა მდგომარეობაშია?

_ 1986-7 წლებში გააშენეს ეს ბაღი და ჩოდრიშვილის სახელი მიანიჭეს. შერეული ხეები დგას- წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი. წარმოშობით ვაქირელი იოსებ ჩოდრიშვილი კომუნისტების დროს სატყეო მეურნეობასა და ნაკრძალების სამმართველოს უფროსი იყო. სოფლის ცენტრში მის მიერ აშენებული პატარა ბაღი აღარ არსებობს. მეორე ბაღი კი ჩემი სახლის გვერდითაა და 4 ჰექტარს მოიცავს. ხეების დარგვაში სოფლის მოსახლეობას მიუღია მონაწილეობა. მებაღედ გოდერძი ბაიდოშვილი დაუნიშნავთ. მეორე სოფლიდან რუ გამოუყვანია და იმით რწყავდა ხეებს. მოგვიანებით ჩოდრიშვილმა ბაღისთვის ბურღის წყალიც გააკეთებინა და ასე გაზარდეს ხეები.

გოდერძი ბაიდოშვილი რომ გარდაიცვალა, მას მერე ბაღს მომვლელი აღარ ჰყოლია. გამხმარი ტოტებისგან მე ვასუფთავებდი, მაყვალს ვაცილებდი, ხეებს შორის სივრცეს ვასუფთავებდი, წყალს ვუსხამდი, ყვავილებს ვრგავდი, ვაახლებდი ხეებს… არ მემეტებოდა გასახმობად. ამჟამად დიდი და ლამაზი ტყეა სოფლის შუაგულში.  ტყეს ფრინველებიც მოჰყვნენ და დილით, ყველა რომ გალობს სხვადასხვა ხმაზე, მათ მოსმენას არაფერი სჯობს. უამრავი შაშვი, ბულბული, გვრიტი, ჩხიკვი, ციყვი ბინადრობს ამ ტყეში. ბაღში დიდი თელა დგას, მასზე საქანელა ჩამოვკიდე და უბნის ბავშვები აქ იყრიან თავს. მიხარია სუფთა ჰაერს რომ სუნთქავენ და თან ერთობიან.  ერთი თვეა რაც გამგეობამ მომვლელად დამნიშნა. მთელი მონდომებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. მინდა უნიკალურ ბაღად ვაქციო. მერე სკამები დავადგმევინო და სოფლის მოსახლეობამ დასვენების მიზნით ამ ბაღში იაროს.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

.

.

.

.

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close