ნაკვეთები ხმების სანაცვლოდ _ კორუფციული სქემა სიღნაღში
როგორ იტაცებენ მაღალჩინოსნები მიწებს კახეთში
სიღნაღში მიწების უკანონოდ ხელში ჩაგდებისა და მითვისების ამბავს ნელ-ნელა ეფინება მზის სინათლე. როგორც უკვე გითხარით, ამ საკითხით დაინტერესებულია სამართალდამცავი სისტემა. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ,,ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს საქმე ბოლომდე მივა და რომელიმე დამნაშავე დაისჯება ან უკანონოდ ხელში ჩაგდებული მიწის გამოთავისუფლება მოხდება, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველამ გაიგო, რაც ხდება მუნიციპალიტეტში და ხალხიც მიხვდა, რომ სიღნაღის ხელისუფლებაში რეალურად ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის კი არ არიან თანამდებობებზე, არამედ საკუთარი ჯიბის გასქელება აინტერესებთ.
ამჯერად სიღნაღის უძრავ ქონებაზე საკუთრების აღიარების კომისიის ,,საგმირო“ საქმიანობაზე უნდა გესაუბროთ. ალბათ საინტერესოა, როგორ უნდა მუშაობდეს და როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა, ვის რას უღიარებენ ან არ უღიარებენ და რატომ. როგორც წყარომ გვითხრა, სიღნაღის აღიარების კომისია, რომლის სათავეებშიც ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან წამოსკუპებული, მოქალაქეების შეტანილ განცხადებებს წლობით არ განიხილავს. განხილვა ხდება შერჩევით და უკანონოდ.
აი, მაგალითად: სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის სიღნაღში მოთხოვნილ ფართზე განცხადება განსახილველად საჯარო რეესტრმა აღიარების კომისიას გადაუგზავნა. გოგილაშვილს სურდა, მისივე თქმით, კუთვნილი საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული ნაკვეთის აღიარება მომხდარიყო, რათა პირად საკუთრებად დაეკანონებინა. კომისიამ მყისიერად განიხილა მერის პირადი საქმე და თვალებიც დაიბრმავა. საქმე ის არის, რომ გოგილაშვილის მოთხოვნილი ნაკვეთი არ წარმოადგენდა მისი კუთვნილი მიწის მიმდებარე ფართს და მისი სახლიდან მოშორებით მდებარეობდა.
კომისიამ უპირობოდ მიიღო მერის მოთხოვნა, კანონი უგულვებელყო, არამიმდებარე ფართი მიმდებარედ ჩათვალა და განცხადება დააკმაყოფილა. არადა კანონი მეტად მარტივია: კომისია აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებული ნაკვეთის მიმდებარე ნაკვეთს. როგორც ამბობენ, სიღნაღის აღიარების კომისიის წევრების შეკრება თვეობით ვერ ხერხდება. ამ მიზეზით კი უამრავი განუხილველი განცხადებაა დაგროვილი, თუმცა ეს არავის ადარდებს, ისევე, როგორც ხალხი, ადგილობრივი მოქალაქეები.
საქართველოს მოქმედი კანონით, კომისიისთვის გამოყოფილი შენობის საინფორმაციო დაფაზე მუდმივად უნდა იყოს გამოკრული ინფორმაცია განსახილველი განაცხადებების შესახებ. ასევე, ერთი კვირით ადრე უნდა ეცნობოს მოქალაქეს, როდის ხდება მისი განცხადების განხილვა. როგორც შევიტყეთ, სიღნაღში ამ კანონსაც ფეხზე იკიდებენ და კომისია იხილავს მხოლოდ გავლენიანი პირების განაცხადებებს.
არის ფაქტები, როცა კომისიას გაცემული აქვს საკუთრების მოწმობა სამ და მეტ ჰექტარზე, როცა სოფელში, ერთ კომლზე გაცემული მიწის ზღვრულ ნორმას წარმოადგენს 1 ჰა და 25 მეასედი. აღიარების კომისიას უფლება აქვს, უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მიმდებარედ, რეგისტრირებულ ფართზე ნაკლები ფართობი გასცეს და არა _ მეტი. როგორც შევიტყეთ, სიღნაღის აღიარების კომისიის წევრები დიდი პრობლემების წინაშე დგანან, რადგან დიდი ოდენობით მიწა აქვთ გასხვისებული უკანონოდ. თურმე გადანაწილებულია და რეგისტრირებულია სიღნაღის მიმდებარე ყველა ფერდობი.
წყარომ გვითხრა, რომ ამას წინათ აღიარების კომისიის წევრებს უთქვამთ, დემონსტრაციულად დავტოვებთ ამ კომისიას, რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ, სიღნაღის მიმდებარე ფერდობები ძირითადად მერიის თანამშრომლებს აქვთ დარეგისტრირებული და ჩვენ უბრალოდ გამოგვიყენესო.
ასე მას შემდეგ აჭიკჭიკდნენ, რაც საქმე გასკდა და სიღნაღის გამგებელმა სათანადო ორგანოებს აცნობა, რასაც ეს კომისია ჩადიოდა მერიის თანამშრომლებთან ერთად. ახლა ეშინიათ და ფიქრობენ, რომ კომისიას თუ დატოვებენ, რაც გააკეთეს, ყველაფერი ეპატიებათო. წყარომ ისიც დასძინა, რომ სიღნაღში მიწას თუ შენობა-ნაგებობას საჩუქრად გადასცემენ ისეთ ადამიანებს, ვისაც არჩევნებში იყენებენ ,,ოცნების” სასარგებლოდ ხმების მოსაგროვებლად. ამ პიროვნებებს ხალხში ავტორიტეტი აქვთ და დიდი ოდენობით ხმების მოტანაც შეუძლიათო.
ცხადია, კონკრეტული ფაქტებიც გაგვაცნეს, თუმცა ამჯერად ზოგიერთის გასაჯაროებას მოვერიდებით და ,,უკეთესი სიტუაციისთვის“ შემოვინახავთ. პოლიტიკა და აღებ-მიცემობა რომ სიღნაღში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, იმ ფაქტიდანაც ნათლად ჩანს, რომელზეც წყარო გვესაუბრა. თურმე ,,სოკარის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს აღიარების კომისიაში განცხადება ჰქონია შეტანილი და მიწის გაფორმებას ითხოვდა, მაგრამ არ მისცეს. ამაზე განაწყენებულმა კი არჩევნებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე უარი განუცხადათო.
დავუბრუნდეთ ისევ სიღნაღის ფერდობებს, რომლებსაც შესაძლოა, ტურისტულ-კომერციული პოტენციალი შესძინოს მეპატრონემ. როგორც გითხარით, მისი ძირითადი მესაკუთრეები ამჟამად სიღნაღის მერია-საკრებულოში დასაქმებული ადამიანები არიან.
საქმეში კარგად გაცნობიერებულმა წყარომ აგვიხსნა, რომ მეპატრონეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ არიან ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები, ჩაწყობით ხელში ჩაგდებულ, სარფიან ნაკვეთებში ფული აქვთ გადახდილი, ანუ ქრთამიც და ოფიციალურიც. თავად მერია-საკრებულოს თანამშრომლებს კი ფული საერთოდ არ გადაუხდიათ და თითოეულმა, ორი მოწმის პრინციპით, უფასოდ გაიფორმა ეს მიწები _ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ოქმებით და ცნობებით, თითქოს მიწა წინაპრების იყო ან ამ ნაკვეთებს ფლობდნენ 2007 წლის 20 სექტემბრამდეო.
რა ჰქვია ამ ყველაფერს კანონის ენაზე? რა თქმა უნდა, დანაშაული, რომელიც დასჯადია. რა ჰქვია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების საქციელს ხალხისა და კახელების ენაზე? ვირეშმაკობა, გაიძვერობა, ხალხისთვის თვალებში ნაცრის მიყრა. ასეთ დროს დამნაშავეს თავად საზოგადოება სჯის _ აღარ აკარებს სახელისუფლებო სტრუქტურებს და იბრძვის, რათა სამართალმა პური ჭამოს.
ის, რაც ზემოთ მოგიყევით, ჩვენი ძალებით ერთ დღეში გავარკვიეთ და მოძიებული მასალიდან ამჯერად მხოლოდ მცირედი დავწერეთ. დანარჩენი შემოვინახეთ. ვაი და, თითქოს დაინტერესებულმა სამართალდამცავებმა ვერაფერი გაარკვიონ, ჩვენ რომ დავეხმაროთ და ხელიც წავაშველოთ. ჰოდა, რა ვიცი, როგორც იტყვიან ხოლმე, ჯერი მათზეა…
ნელი ვარდიაშვილი