სიღნაღის ამბები

რთველის დაწყების წინ, ქიზიყელები რიტუალს ატარებდნენ

,,საფერავის ჯიშის ყურძენს ხელით კრეფდნენ და ამბობდნენ, მასზე დანა არ მიიტანებაო- ზედაშეს ქიზიყელებისთვის ეკლესიაზე მეტი ძალა ჰქონდა. "

კახეთში რთველი დაიწყო, ღვთიური სითხით ივსება ქვევრები, ვენახებიდან ჟრიამული ისმის, საღამოხანს კი, ჰაერში მწვადის სურნელი ტრიალებს. ისტორიულ წყაროებში ვაზთან, ყურძენთან, ღვინოსთან და კახელების მოლხენასთან დაკავშირებით საინტერესო ამბებს გადაეყრებით. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, სოფელ ანაგაში ღვინო ჩაასხეს ქვევრში და ახლა, ერთი სული აქვთ კაცებს, ეს ღვინო მუცელში ჩაისხანო.

 კახელების რთველთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული მასალა მკვლევარმა ნიკა ყარალაშვილმა მოგვაწოდა:

_ ქიზიყში რთველი რიტუალური დღესასწაული იყო. მასში მხოლოდ ოჯახის წევრები არ მონაწილეობდნენ- ეპატიჟებოდნენ მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. საპატივსაცემო სტუმრებისთვის ვენახში სპეციალურად ჭრიდნენ ჩხა-აკიდოებს და სტუმრებს სახლში ატანდნენ. ჩხა ჰქვია ვაზის ტოტს, რომელსაც რამდენიმე მტევანი აბია, აკიდო კი ვაზის მოკლედ აჭრილი რქაა ორი მტევნით.

მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე, სანამ ავტომანქანები გაჩნდებოდა, ყურძენს გოდრებში კრეფდნენ. სხვადასხვა ზომის გოდრებს სხვადასხვა სახელები ერქვა: გოდორი, გოდორაკი, გოგროხა და კალათა. ეთნოგრაფი მენთეშაშვილი ამბობს: გოდორი წნელის ჭურჭელია და გოდორაკი მისი უმცროსი ვარიანტიო. გოგროხას ვირზე მოსაკიდებელ, წნელისგან დამზადებულ ჭურჭელს ეძახდნენ. გოდორი ყველაზე დიდ ჭურჭელს ერქვა და დაახლოებით 115 ფუთ ყურძენს იტევდა. გოდრებით ყურძენი სახლში ურმებით მიჰქონდათ. საყურძნე გოდორ-გოგროხების დასამზადებლად იყენებდნენ შინდის, რცხილისა და თხილის წნელებს. განსაკუთრებით ფასობდა თხილის გოდორი. თუ მეგოდრე შინდის წნელს ვერ შოულობდა, იგი ცდილობდა, ადგილ-ადგილ მაინც გამოეყენებინა შინდის მასალა, რომ გოდორი უფრო მყარი ყოფილიყო და დიდხანს გაეძლო. მეგოდრის ოსტატობის ხარისხს გოდრების გადაბმით აფასებდნენ- ისე უნდა ყოფილიყო წნელები ერთმანეთზე გადაგრეხილი, რომ გამოყენების დროს გოდორი არ დაშლილიყო. რთვლის დროს, გოდრებს დგამდნენ ვენახის თავში და პატარა ჭურჭლებით ეზიდებოდნენ ყურძენს, ავსებდნენ და მერე დებდნენ ურემზე. ქიზიყში არსებობდა ტერმინი – წაბანდება, რაც გოდრების თავის მოკვრას გულისხმობდა.

     _ კახელები მაშინ იწყებენ რთველს, როცა ყურძნის შაქრიანობა მაქსიმუმს აღწევს. ძველ დროში რთვლის მოახლოვებას როგორ საზღვრავდნენ?

_ რთვლისთვის მზადება იწყებოდა მაშინ, როცა ყურძენი ქარვისფერი ანუ სანთლისფერი ხდებოდა. ძველი ხალხი ამბობდა, ყურძენმა ღუილი დაიწყო და რთვლის დრო დადგაო. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქიზიყში რთვლის დაწყებამდე ატარებდნენ გარკვეულ რიტუალს- კრეფვის დაწყების წინ, რომელიმე წმინდანის სახელზე შეთქმულ ვაზებს აჭრიდნენ აკიდოს და მიჰქონდათ ტაძარში. მათ სჯეროდათ, რომ თუ ვენახში რამდენიმე ვაზს რომელიმე წმინდანის სახელზე მოუვლიდნენ და ამ ვაზებზე მოწეულ ყურძენს უფალს გაუგზავნიდნენ, ღმერთი მათ ოჯახებს და ვენახებს სტიქიური უბედურებებისგან დაიცავდა. ეკლესიაში მიტანილ ყურძენს მღვდელი დალოცავდა, მთელ ღამეს გაატარებინებდა წმინდა საკურთხეველში და მეორე დღეს მრევლს ურიგებდა, როგორც დალოცვილ  ხილს. შესაწირი ყურძენი აუცილებლად ხელით უნდა მოეკრიფათ და არ შეიძლებოდა მისთვის რაიმე სახის ბასრი იარაღი მიეკარებინათ. ერთმა არბოშიკელმა კაცმა ეთნოგრაფებს მოუთხრო, რომ საფერავის მოსაკრეფად დანა არ მიიტანებოდა. საფერავი ზიარების ყურძენი არის და თუ დანას მიაკარებ, ვაზი ხიბლში ჩაგივარდებაო. როგორც ჩანს, ძველ დროში, ეკლესიისთვის შესაწირი ღვინის ყურძენსაც ხელით კრეფდნენ და რთველში, დანას ან მაკრატელს არ იყენებდნენ.

ქიზიყელები  ერიდებოდნენ მოკრეფილი ყურძნის ღამით გაჩერებას- იმავე დღეს წურავდნენ და აბინავებდნენ. მიაჩნდათ, რომ გოდორში მთელ ღამეს ჩაყრილი ყურძენი ჩახურდებოდა და ღვინოც დაკარგავდა ხარისხს. იმდროინდელ მთავრობას ჩაუტარებია კვლევა და სამ კატეგორიად დაუყვია  მევენახეები: მემამულეებად, ღვინის ვაჭრებად და გლეხებად. გლეხებს ძირითადად ქონდათ ე.წ. ბაღჩა-ვენახები, სადაც 600-დან 1 200- მდე ძირი ვაზი ედგათ. ამ კვლევაში ნათქვამია, რომ გლეხებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ოჯახის სამყოფი ღვინისთვის საჭირო ყურძენი მოყავდათ. დაბალი ფენის კახელი მოსახლეობა სხვა რეგიონებში ღვინის მცირე რაოდენობას გზავნიდა. თბილისი კი მხოლოდ კახელი თავადების დიდ ზვრებში მოყვანილი ყურძნის ღვინით მარაგდებოდა. რუსების შემოსვლამდე, კახეთის ღვინის დიდი ნაწილი სამრეწველო დანიშნულებისა არ იყო. კვლევაში ისიც წერია, რომ ღვინის წარმოება საქართველოში რუსების შემოსვლის შემდეგ გაიზარდა.

  _ როგორი ღვინის მარნები ჰქონდათ ძველ კახელებს?

_ შეძლებულ გლეხებს ქვითკირის მარნებიც ჰქონდათ, გლეხების დიდი ნაწილი კი შემოწნულ მარნებს იყენებდა. ყველაზე გავრცელებული, მაინც ღია ტიპის მარნები ყოფილა. ხალხს არ ჰქონდა საშუალება, მარნისთვის კაპიტალური შენობა აეშენებინათ და ქვევრებს ეზოში ყრიდნენ. თურმე ყველაზე ხშირად, ქვევრს მიწაში ლეღვის ხის მიმდებარედ ათავსებდნენ. თვლიდნენ, რომ ყველაზე კარგი ჩრდილი ამ ხეს ჰქონდა და ყველაზე კარგად იცავდა ქვევრსა და ღვინოს მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან. ღვინით სავსე ქვევრებსაც ლეღვისა და კაკლის ფოთლებს ახურებდნენ- ბურნა არ მიეკარებაო. რთვლამდე ერთი კვირით ადრე იწყებოდა მარნის მზადება- ირეცხებოდა ქვევრები.

ღვინის დასაყენებლად ყველაზე საუკეთესო ჭურჭლად ქვევრი მიიჩნეოდა. საინტერესოა ქვევრების წარმოების პროცესი. მთელ კახეთში ყველაზე საუკეთესო ქვევრებს საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკში ამზადებდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ლაგოდეხელებსაც დაუწყიათ ქვევრების კეთება, მაგრამ ხალხი მათ ქვევრებს თურმე არ ყიდულობდა. შედარებით მთიან რეგიონებში საქვევრე თიხას წყაროს წყლით ზელდნენ, ლაგოდეხში კი ნაგუბარი წყლით, რაც ქვევრში ჩასხმულ ღვინოს სპეციფიურ გემოს აძლევდა. თუ ქვევრი სითხეს აპარებდა ან ძველდებოდა, მას შიგნიდან მთლიანად კალავდნენ სანთლით. სანთელი  ღვინოს საუკეთესო არომატს მატებდაო, წერია წყაროებში.

ყურძენს წურავდნენ ხისგან დამზადებულ ნავ-საწნახელში. იშვიათად, მაგრამ  დიდ მარნებში, ზოგს ქვითკირის საწნახელებიც ჰქონიათ. მწურავი აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ის ხალათის კალთას ლამაზად აიკალთავება და იწყებდა ფეხით ყურძნის დაწურვას.  საწნახელში ყურძნის დაწურვა იოლ საქმეს არ წარმოადგენდა, რადგან ყურძნის მარცვლების დაჭყლეტვას და მის ბოლომდე გამოწურვას, შესაბამისი ძალა სჭირდებოდა. ერთ-ერთ საბუთში წერია, ჩვენი ქიზიყელები ისე კარგად წურავდნენ ყურძენს, რომ კურკაც კი იმტვრეოდაო. მარნების გვერდით მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. საქაჯავი. გლეხებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ღვინის მიღება, ამიტომ ზოგჯერ საქაჩავში ჭაჭასაც წურავდნენ. ვისაც საქაჯავის მოწყობის საშუალება არ ჰქონდა, ჭაჭას თურმე საწნახელში ყრიდა, ზემოდან დიდი ფიცრებსა და სიმძიმეებს აწყობდა და ასე ტოვებდა ღამე, რომ დილით წვენი აეღოთ.

      _ ყურძნის ჩენჩოსგან, რომელსაც კახეთში ჭაჭას უწოდებენ, ძველად არაყს არ ხდიდნენ?

_ ძველ მასალებში ჭაჭისგან არყის გამოხდაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. როდესაც პლატონ იოსელიანმა გიორგი მეცამეტის ცხოვრება აღწერა, იქ დაწერა, რომ არაყი მაშინ დიდ ხმარებაში არ იყო და მეფე სხვებსაც არ ურჩევდა მის მოხმარებას. ამბობდა: მაწყინარია წაგებულებისაო. ცნობილია, რომ  მეფე გიორგი მეცამეტე კარგი ჭამა-სმის მოყვარული ადამიანი იყო და ამიტომ მას ზაქიჭამიასაც ეძახდნენ. ანუ მეთრამეტე საუკუნეშიც არსებობდა ყურძნის ნარჩენების არაყი, მაგრამ მას მაზნევარად მიიჩნევდნენ და საკვები დანიშნულება არ გააჩნდა. სასმელად არაყიც რუსების საქართველოში შემოსვლის შემდეგ იქნა მიჩნეული.

        _ ძველად, რომელი ჯიშის ყურძნი იყო გავრცელებული ქიზიყში?

_ მე18- მე-19 საუკუნეებში ქიზიყში გავრცელებული იყო რქაწითელი და საფერავის ჯიშის ყურძნები. აგრეთვე მოჰყავდათ ხიხვი და ქისი. ყურძნის ხარისხიანობის განსაზღვრას, მისი ფერით ახდენდნენ- ქარვისფერი უნდა გამხდარუყო ყურძენი. რამდენიმე ეთნოგრაფიულ წერილში წერია, რომ რთველს თოვლმა მოუსწრო- ანუ დამკრახული არ გახდა ყურძენი, ვერ დააგროვა შესაბამისი შაქარი და დაზამთრებამდე არ დაკრიფეს.

ძველად, კახელი მევენახის მარანში აუცილებლად იყო ზედაშეს ქვევრი. ზედაშეს ეძახდნენ ქვევრს, რომელშიც ეკლესიისთვის შესაწირი, საუკეთსო ღვინო იყო ჩასხმული. ასევე  ისეთ ღვინოს, რომელსაც ეკლესიას წირავდნენ. ტაძრებში ამ ღვინოს საბარძიმედ იყენებდნენ, ამიტომ ის უნდა ყოფილიყო გამორჩეულად კარგი. კახეთსა და ქართლში გავრცელებული იყო ტერმინიც: ,,ზედაშე ღვინო მიირთვა“, რაც ნიშნავდა, რომ საუკეთესო ღვინო შესვა. ასეთ ღვინოს, საინგილოში დადაშს უწოდებდნენ, რაჭაში- სალოცვილს, სამეგრელოში – თოხვამერიოს და ა.შ. ქრისტიანულ დასახლებებში ზედაშე ყველგან ყოფილა, მაგრამ გვიან ქრისტიანულ პერიოდამდე ის მხოლოდ ქიზიყში შემორჩა და ამას აქვს მიზეზი. ამბობენ, რომ ზედაშეს კულტი გაცილებით ადრინდელია, ვიდრე ქრისტიანობა. ქიზიყის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ქრისტიანობის შემოსვლამდე მზის კულტს ეთაყვანებოდა. ხორნაბუჯის ტერიტორიაზე მდგარა სალოცავი, რომელიც  თავდაპირველად მზის სადიდებლად ყოფილა აშენებული. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ სახელი ხორნაბუჯი- ხუარან ბუჯი ნიშნავს მზის სადიდებელს. ქრისტიანობის დამკვიდრების მერე, ამ ადგილზე  აუშენებიათ დიდი საკათედრო ტაძარი, რომლის მიზანიც, ხალხში მზის კულტის ჩანაცვლება ყოფილა. წარმართულ პერიოდში,  ღვინის მარანსაც  სალოცავი ადგილის დანიშნულება ჰქონია. მას აღმოსავლეთით უკეთებდნენ კარს, მარჯვენა კუთხეში კი აუცილებლად ყოფილა ჩაგდებული ქვევრი, რომელშიც ესხა  შესაწირი ღვინო. ქრისტიანობის პერიოდში ზედაშემაც მოახერხა ტრანსფორმაცია და იგი ხალხში ბოლო პერიოდამდე შემორჩა.

      _ ამჟამადაც არსებობს ზედაშე ქვევრებიდან ტაძრებისთვის ღვინის შეწირვის ტრადიცია?

_ სოფელ ვაქირში ზედაშე ღვინის დაყენებისა და ტაძრისთვის შეწირვის ძველ ტრადიციას მხოლოდ მერაბ მამაიაშვილის ოჯახი ინახავს. უნდა ითქვას, რომ ეს წესი ხალხმა მიივიწყა.

პატარა ზედაშეს, ქიზიყელებისთვის,  ეკლესიაზე მეტი ძალა ჰქონდა.  ბოლშევიკების დროს, ერთ კაცს მართლმდადიდებლური ეკლესიისთვის სახურავი მოუხდია და ღმერთი გაწყრომია. წასულა მკითხავთან და მას დაუვალებია, წადი და ზედაშეს სთხოვე შენდობაო. გადმოცემის მიხედვით, ეთერაანთ სიმონამ სხვისი ზედაშის ქვევრი ჩამოიტანა, შვილები არ შერჩა, სხვათა რჩევით ზედაშე აიკიდა და ზევით ყველაწმინდას ეზოში მიაბრძანა.

გამოუვალ მდგომარეობაში ზედაშე იყო საშუალება შენდობისა და გადარჩენისა. დღესაც ქიზიყის ზოგიერთი სოფლის ეკლესიის კედელთან ან თავად ეკლესიაში არის მიტოვებული ქვევრები. რადგან დიდია ადგილობრივ მცხოვრებლებში რწმენა ზედაშის ძალისა, ისინი იდუმალებით მოცული ასვენია იქ და ხელს ვერა მოკვდავი ვერ ახლებს. ზედაშის ღვინის ყიდვა- გაყიდვაც კი არ შეიძლებოდა. ქიზიყელი თავის ზედაშის საკრალურ ქვევრს არასოდეს გაყიდდა და თუ ვინმე ურწმუნოს წაუცდებოდა ხელი, ზედაშე სასტიკად სჯიდა. „ჩემმა მეზობელმა ზედაშის ქვევრი გაყიდა. ვისაც მიყიდა კარგი არ დაადგა და უკან მოუტანა – მასაც ქალიშვილი მოუკვდა” – ნათქვამია ერთ-ერთ წყაროში. ზედაშე ქვევრის დაკარგვის შემთხვევაში, მიდიოდნენ და ადგილს სცემენ თაყვანს, კლავენ შესაწირს. ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში წერია; ქიზიყელებს წმინდა გიორგიც რომ დაევიწყებინათ, ზედაშეს არ დაივიწყებდნენ. ვინც ზედაშე ქვევრი მიატოვა, ან მოიპარა და უპასუხიმგებლოდ მოექცა, ცუდად გახდა და მალე მოკვდა. ზედაშეზე მისვლა დააგვიანდათ და ცოლ-შვილი ავად გაუხდაო და ა.შ. ხალხს ზედაშის რიდი და შიში ჰქონდა, ამიტომ მოგვიანებით, ხალხი საკუთარ ოჯახში ზედაშეების მოწყობას ერიდებოდა. ნელ-ნელა მოიშალა საოჯახო ტიპის ზედაშეების ტრადიცია და საგვარეულო ზედაშეს მიეცა დატვირთვა- იქ საუკეთესო ყურძენი მთელი გვარის ოჯახებს მიჰქონდათ, ღვინოს  ერთ ქვევრში აყენებდნენ და ეკლესიას სწირავდნენ. მთელი გვარი იკრიბებოდა საგვარეულო ზედაშის გარშემო და მას თაყვანს სცემდნენ, უნთებდნენ სანთლებს, ადიდებდნენ, სწირავდნენ მამალს ან უკლავდნენ ცხვარს.

ქრისტიანობამ ზედაშე ნელ-ნელა ფუძის ანგელოზთანაც გააიგივა. ფუძის ანგელოზი იყო ოჯახის მფარველი და თუ მას ვინმე გააბრაზებდა, ცუდად წაუვიდოდა საქმე. ბოლო პერიოდში ზედაშესაც შეემატა ასეთი დატვირთვა. სოფელ საქობოში, ერთმა ქალმა ეთნოგრაფებს მოუთხრო, რომ წლის ბოლოს, ზედაშის მფარველი ანგელოზი მთავარანგელოზ მიქაელს აბარებს ანგარიშს, ვინ მივიდა გვარიდან ზედაშეზე სალოცავად და ვინ არა. ზედაშე ძალიან სამართლიანია და ტყუილად არავის სჯის. მხოლოდ სიკვდილს ვერ აცილებს ადამიანს ზედაშე, თორემ სხვა ყველანაირი თხოვნა მასთან ჭრისო.

კახელებს შრომასთან და სალოცავების პატივიცემასთან ერთად ღვინის სმაც ოდითგანვე ჰყვარებიათ. ერთ-ერთ საარქივო ცნობაში წერია: ანაგელებმა ღვინო ჩაასხეს ქვევრში და ახლა, ერთი სული აქვთ, ეს ღვინო სასწრაფოდ მუცელში ჩაისხანო.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close