საინტერესო

,,შეხედეთ, რა ლამაზი სამშობლო გაქვთ- აუცილებლად, აუცილებლად ნახეთ თუშეთი!“

,,ნამდვილად საოცრება იყო! თავი ამოვყავით მყინვარულ ცირკში, სადაც გარშემო არსებული ყველა მყინვარიდან ჩამოზვინული თოვლი გროვდება"

ალვანიდან იწყება რთული გზა.  რეალურად მხოლოდ აქ, ჯიპებში გადამსხდარნი ვაცნობიერებთ, რომ თუშეთი მართლა სხვანაირია. აქედან ვხვდებით, რომ უკვე ვემშვიდობებით ბარს და წინ რთული, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა გველოდება.

ბანაკის წევრები ცოტა ვღელავთ, რაღაც ახალი და უცხოსთვის ვემზადებით. ყურადღებით ვუსმენთ ბანაკის ორგანიზატორებს, არ გვინდა, რამე გამოგვეპაროს. წინასწარ გაგვაფრთხილეს, ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა, საჭირო ნივთები წამოგვეღო, რადგან თუშეთი იყო ნამდვილი მთა, თავგადასავალი, სიძველე და ულამაზესი ბუნება, ხოლო დანარჩენზე ბარში უნდა გვეზრუნა.

ეკოტური გვაქვს, ამიტომ ვფიქრობთ ნარჩენებზეც. ბანკის ლიდერები გვაფრთხილებენ, რომ ნაკლები ნაგავი უნდა დავტოვოთ თუშეთში, ვინაიდან ამ მთებით ჩაკეტილ სივრცეში სამუდამოდ რჩება ყველანაირი ნარჩენი (მართლაც, აქ წამოსვლისას ამაზეც აუცილებლად უნდა იზრუნო). ბარგს მანქანებზე ვათავსებთ და მთის დაკლაკნილ ბილიკებზე ოთხსაათიანი რახრახი იწყება.

ბილიკი სულ ზევით და ზევით მიიწევს. გაგვიმართლა, გადასასვლელზე ზოგჯერ ისეთი ნისლია, რომ მანქანა ვერ გაივლის. ჩვენ მშვიდობით გადავიარეთ, მაგრამ ქვევით ჩახედვისას განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ნისლის ღრუბლები, რომლებიც ხევებში იკარგებოდა. გზაზე ბევრი დაღუპულის საფლავი შემოგვხვდა.

გზა მართლაც საფრთხილოა, მაგრამ მითები მეტად გადაჭარბებულია. გამოცდილი მძღოლის იმედად ყოფნა შეიძლება და ასეთი მშვენიერების გამოტოვება ამის გამო არ ღირს.

გეოგრაფიულად თუშეთი კარგად არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოფელ დართლოს, სადაც მივდიოდით, გამორჩეული მდებარეობა ჰქონდა. ეს მთის კალთაზე შეფენილი ულამაზესი სოფელი მხარის ჩრდილოეთში მდებარეობს. დართლოს წინ პირიქითა ალაზანი ჩამოუდის. იგი მთლიანად მუზეუმია, ძველი შენობები და იმიჯი სრულიად აქვს შემონახული. არ ვიცი, შეიძლება განსაკუთრებულად შეგვიყვარდა და იმიტომ, მაგრამ ყველა ბანაკელს ნანახი სოფლებიდან ყველაზე მეტად დართლო მოგვეწონა და თავს ბედნიერად ვთვლიდით, აქ რომ გვიხდებოდა ერთი კვირით გაჩერება.

ეკობანაკი, რომელშიც ვმონაწილეობდით, ნამდვილად შესანიშნავი იყო. გუნდური თამაშები, სწავლება ეკოლოგიაზე და თბილი გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით, გასაოცრად ერწყმოდა მთის ცხოვრებას. მოსაყოლი ბევრია, მაგრამ ახლა მინდა, გამოვყო ის შთაბეჭდილებები, რომლებიც მთათუშეთის ბუნებამ და იქაურ კულტურასთან ზიარებამ ჩემზე მოახდინა

ჩვენ გვერდით და პირდაპირ ჩამომდინარე ჩანჩქერების შხუილი ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო ძილის წინ. ყველგან იგრძნობოდა, რომ ზღვის დონიდან ძალიან შორს, ცხრა მთას იქით, სხვა გარემოში ვიყავით. თითქოს ღამით მოფარფატე ჭრელ პეპლებსაც ფრთებით დაჰქონდათ თუშეთის კოლორიტი. სხვადასხვა ჯიშის ფერად-ფერადი მწერები არც კი გვერიდებოდნენ, არაფრის ეშინოდათ. ისინიც თუ ხვდებოდნენ, რომ „მხოლოდ მთებშია თავისუფლება“.

თუშეთის ისტორიასთან მეორე დღესვე გვქონდა შეხება. მთელი მხარე სახატეებითაა მოფენილი. დართლოში სალოცავის ნანგრევებიც შემონახულა, სადაც ისევე, როგორ სხვა სახატეებში ქალების შესვლა არ შეიძლება. რაც კი მოვინახულეთ, ყველგან აშკარად იგრძნობოდა ქალებსა და კაცებს შორის არსებული ბარიერი. თუმცა შემდეგ ნათლად აგვიხსნეს, რომ სახატეებს საკურთხევლის დატვირთვა აქვს და აქედან გამომდინარე, მთიელთა ტრადიცია ბუნებრივად უნდა მივიღოთ.

              თუშები – მსოფლიოში პირველი ნაფიცმსაჯულები

სოფელი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ შემორჩენილია „დართლოს საბჭეო“. ადგილზე მისულებს დაგვხვდა თორმეტი ქვის სკამი, რომლებზეც თემის წევრები სხდებოდნენ სასამართლო პროცესის ჩატარებისას. მოსამართლეს გამორჩეული ადგილი ეკავა. შუაში დიდი ქვა იდო, სადაც ბრალდებული იჩოქებდა მას შემდეგ, რაც თავის სინდისს, ულვაშს მოიგლეჯდა და ქვაზე დატოვებდა.

თურმე ჰყოლიათ დამნაშავის დამცველი და მოწმეც. განაჩენი კი ერთხმად გამოჰქონდა თორმეტ მსჯულს. შემდეგ თუშეთის ეროვნულ მუზეუმში შევიტყვეთ, რომ არის იმის მცდელობაც, ეს საბჭეო მსოფლიოში აღმოჩენილ პირველ ნაფიცმსაჯულთა ნიმუშად აღიარონ. ცნობილია ისიც, რომ ერთხელ აქ მთავარი მოსამართლე მთელ თუშეთში გონიერებით განთქმული ქალიც ყოფილა. გავიგეთ ისიც, რომ მის აღდგენაში ჩეხ მოხალისეებს მიუძღვით დიდი წვლილი. ამაზე ყველას გული დაგვწყდა ქართველების პასიურობისა და უინტერესობის გამო.

მისი მონახულებისას გადავწყვიტეთ, ძველი სურათი გაგვეცოცხლებინა და წესების მთელი დაცვით ჩავატარეთ თემის სამსჯავრო: ღალატისათვის გავასამართლეთ ლიდერი, რომელსაც შემთხვევით ჩაეძინა და გუნდს ,,უღალატა”, თუმცა დამცველის მონდომების დამსახურებით, მსაჯულებმა გავამართლეთ.

         ნასოფლარი კვავლო

დართლოში დაბინავების და მისი მონახულების შემდეგ მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ნასოფლარი კვავლო დავლაშქრეთ. სოფლის ციხესთან ასულებს წვიმამ მოგვისწრო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რამდენიმე ფენად გადაშლილი ქედების პანორამით დავმტკბარიყავით. განსაკუთრებული კი მაინც უკან წამოსვლა იყო. სველებმა სირბილით ჩამოვირეთ გზად მდებარე სოფელი დანო.

ჩანჩქერი რომ გადმოვიარეთ და დართლოს მოვუახლოვდით, ცხენზე ამხედრებული მოხუცი თუში შეგვხვდა. გაუხარდა, რომ აღმოაჩინა, ქართველები ვიყავით. თუშეთში ხომ ყველაზე იშვიათად ქართველს შეხვდები, თუკი ადგილობრივი არაა. საითაც უნდა წახვიდე, სალაშქროდ აღჭურვილი უცხოელი ტურისტები და მათი კარვები გხვდება, მაგრამ ქართველების ნახვა მეტად იშვიათი ხილია. ალბათ ქართველები უფრო უფრთხიან ხიფათს, რომელსაც მხოლოდ ძალით თუ შეუქმნიან თავს და ნაკლებად ეძებენ თავგადასავლებს, რომლებიც ცხოვრების საუკეთესო წუთებად იქცევა.

თუშმა გასაოცრად თბილად მოგვავლო თვალი, შემდეგ წინ აღმართულ მთას გადახედა და ღიმილით გვითხრა, შეხედეთ, რა ლამაზი სამშობლო გაქვთ. მოუფრთხილდით, შვილებო, დაიცავით, არავის დაანებოთო. ამას გულუხვი დალოცვა მოაყოლა და დაგვემშვიდობა.

ახლომდებარე ადგილების მონახულებას მოჰყვა თუშეთის გამორჩეული ადგილებისკენ მანქანით გამგზავრება. დაიწყო ბილიკები, რომლებსაც სამანქანო გზას ნამდვილად ვერ დაუძახებ. მივდიოდით, მომღერალი გულით ამოთქვამდა: „რა ლამაზია თუშეთი!“ და ყველას სათქმელს გამოხატავდა.

              ბოჭორნას მარტოხელა ექიმი

ყველა აღტაცებამ აგვიტანა, როცა ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტს, ბოჭორნას მივუახლოვდით. 2345 მეტრზე მდებარე ამ სოფელს ეს პატივი მას შემდეგ ერგო, რაც აქ ერთადერთი ადამიანი, 76 წლის ექიმი დასახლდა. იგი ამ სოფელში დაბადებულა და გაზრდილა. გაგვიმართლა, რომ ადგილზე დაგვხვდა და გავესაუბრეთ. ბუნების სილამაზით მოგვრილი აღფრთოვანება რომ გამოვხატეთ, დანანებით შენიშნა: ,,ეჰ, პაპა, ახლა აქ ედემია და ზამთარში ეს ჯოჯოხეთი ხდება”. პირველი კითხვა, რაც გაგვიჩნდა, ყველაზე ლოგიკური იყო: ვკითხეთ, როგორ ჩერდებოდა იქ.

_ ჩვეულებრივად, სამსახურია, მოვალეობაა, რას იზამ. მაგრამ სულ ამ სოფელში კი არ ვარ… მივდივარ და მოვდივარ, – გვიპასუხა ექიმმა ხვედაგურიძემ.

 _ მერე არ გიჭირთ სიარული ამ გზაზე ზამთარში, ამ სიცივეში?

_ ყველას გვიჭირს, პაპა, მაგრამ იმას, რასაც ავადმყოფი ჰქვია, მიხედვა უნდა, თორემ ჩემს ასაკში ვის არ უჭირს. მაგრამ იმ ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ იმ ბებერს შეუძლია იქ წასვლა, გინდ ღამეც გაათენოს. ავადმყოფი არამარტო წამალს  ელოდება, იმ თეთრხალათიანსაც ელის.

  _ რითი გადაადგილდებით?

_ ფეხით. ცხენიც მყავს, მაგრამ მუხლზე რომ მოყინავს, ცხენით გადაადგილება უკვე აღარ შეიძლება.

ექიმთან საუბრის მერე ბოჭორნას წმინდა გიორგის სალოცავს ვესტუმრეთ. აქედან კი ეროვნული მუზეუმისკენ უნდა აგვეღო გეზი. მუზეუმში თუშეთის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ, მოვისმინეთ არაერთი საინტერესო ამბავი თუშეთის ისტორიიდან.

       გველეშაპის და თუში პატარძლის ამბავი

გამორჩეულად კარგად დამამახსოვრდა ამბავი, რომელიც თუშეთში პირველი თვითმფრინავის გამოჩენას უკავშირდება. თურმე აქ თვითმფრინავი პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გამოჩენილა. თუშებს რომ დაუნახავთ, გაკვირვებულებს მაშინვე ზებუნებრივ არსებად მიუჩნევიათ. ეგონათ, ღმერთმა ზეციური გველეშაპი მოგვივლინაო და დუწყიათ მთელ თუშეთში საკლავების შეწირვა. სულ სამსხვერპლო ცხოველებით მოფენილა მხარე.

ამ ფაქტს უკავშირდება ერთი ინციდენტიც. როგორც ცნობილია, გათხოვების შემდეგ თუშ ქალს სამი წელიწადი პირბადეჩამოფარებულს უნდა ევლო და არავის დანახვებოდა. ეს თვითმფრინავი სწორედ  ერთ-ერთ ქორწილში გამოჩენილა, წამოშლილა მთელი ქორწილი და გაოცებულებს და შეშინებულებს მისთვის დაუწყიათ ყურება.

შეცბუნებულ პატარძალსაც უნებურად პირბადე გადაუძრია. ამ ტრადიციისადმი იმდენად მტიკიცე  რწმენა ჰქონიათ, რომ ხალხს, რომელსაც გამოჩენილი არსება გველეშაპი ეგონა, ამ „სასწაულისთვის“ თავი დაუნებებიათ და გაოცებულებს შეუხედავთ ადათის დამრღვევი პატარძლისთვის.

გავიგეთ ისიც, რომ თუშეთში ვერ დასახლდებოდი (და ახლაც ხშირად მისდევენ ამ წესს), თუკი რომელიმე გვარს არ შეუერთდებოდი. ჯერ სოფლის ახლოს უნდა დასახლებულიყავი 1 წელიწადი და თემს გამოეცადე. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მერე რომელიმე გვარი თავის წევრად მიგიღებდა, მათი სისხლით ნათესავი ხდებოდი. ცოტა ხნის წინაც ჩაუტარებიათ ეს გვარში მიღების წეს-ჩვეულება.

                 12 – წმინდა რიცხვი

თუშებს წმინდა რიცხვიც ჰქონიათ – 12. მას არაერთი დატვირთვა ჰქონია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუშ მეომარს ერთ ბრძოლაში 12 კაცზე მეტის მოკვლა არ შეეძლო. დანამდვილებით ვერავინ ამტკიცებს, საიდან მოდის ამ რიცხვის საკრალური დატვირთვა, არის ორი ვერსია: ქრისტიანული – მოციქულების რაოდენობის გამო და წარმართული – თანავარსკვლავედების რიცხვის შესაბამისად. არის ვარაუდი, რომ უფრო წარმართული დროის გადმონაშთი უნდა იყოს ისევე, როგორ ღორის ხორცის ჭამის აკრძალვა, მაგრამ ამას ჯერ კიდევ სჭირდება ანალიზი.

                  დიკლოს ლეგენდა

ეროვნულ მუზემში სტუმრობის შემდეგ თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი, ომალო და იქ მდებარე კესელოს ციხეები მოვინახულეთ. ომალოს აღმოსავლეთით, ახლოს მდებარეობს სოფელი დიკლო, საიდანაც  იწყება ნეიტრალური ტერიტორია რუსეთთან. გული დაგვწყდა, რომ ვერ მოვახერხეთ დიკლოს ვსტუმრებოდით, მით უმეტეს მას მერე, რაც დიკლოს ტრაგედიის შესახებ მოვისმინეთ.

ლეგენდის მიხედვით, იქ, სადაც ახლა ხავსმოკიდებული ნანგრევებია, ყოფილა ციხე-სოფელი, რომელსაც ერთადერთი შესასვლელ-გამოსასვლელი ჰქონია.  დიკლოს ნანგრევებს შემოუნახავთ იმ 16 თუშის გმირობა, რომლებიც 18 დღის განმავლობაში უმკლავდებოდნენ შამილის  ათიათასკაციან ჯარს. ადგილობრივები ახლაც მოგითხრობენ ღვთისო ბექურიძის ამბავს, რომელსაც თავისი ხელით გამოუსალმებია სიცოცხლეს ცოლი და და, რომლებსაც არ სურდათ, მტერს ჩავარდნოდნენ ხელში ან მათი ტყვიით დაღუპულიყვნენ.

ამის გახსენებით მთავრდებოდა ჩვენი იმ დღევანდელი ტურიც. მეორე დღეს უკვე ჩეჩნეთის საზღვრისკენ უნდა გაგვეწია და ახალ სიურპრიზებს შევგებებოდით.

გავუყევით ორი მთის სარტყლით შემოზღუდულ პირიქითა ალაზნის ნაპირს. გადავიარეთ მთის წვერიდან დაშვებული ჩანჩქერი, მივდიოდით სასაზღვრო სოფლის, გირევისკენ. მგზავრობისას ყველაზე სასიამოვნო მთაზე შეფენილი ასობით ცხვრის მოძრაობის ყურებაა. პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელებულა. ახლა მხოლოდ რამდენიმე კომლი ადის ზაფხულობით და ისინი მასპინძლობენ ტურისტებს, რომლებიც ამ გზით ხევსურეთისკენ გადადიან. ისინი ჩვენც ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდნენ. გირევის ლანდშაფტი გამოკვეთილად გამახსოვრდება.

თავი ამოვყავით მყინვარულ ცირკში, სადაც გარშემო არსებული ყველა მყინვარიდან ჩამოზვინული თოვლი გროვდება. ნამდვილად საოცრება იყო! მისი ერთხელ ნახვის შემდეგაც თავს უბედნიერეს ადამიანად ჩათვლი.

შთაბეჭდილებები კიდევ ბევრი იყო. თუშეთი მრავალ ტკბილ მოგონებას გვთავაზობდა. აქ რამდენიმე დღე ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს გარემო უკვე ძალიან თბილი და ახლობელი ხდებოდა ჩემთვის. მოვდიოდი თუშეთიდან და თითქოს უკან ვიტოვებდი მთებს, რომლებმაც დიდი სიყვარულით გადამიშალეს გული.

გზაში იცვლებოდა გარემო და ამ ცვლილებებთან ერთად მახსენდებოდა, რა კარგი იყო ყველაფერი. დასრულდა მთის ოღროჩოღრო საცალფეხო გზა და ალვანში ტრასის სირბილემ მიგვახვედრა, რომ თუშეთს დავემშვიდობეთ. ალავერდთან მოსული ავტობუსში ვჯდებოდი და ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწყო ახლობლებისთვის ყველაფრის მოყოლა. მივხვდი, პირველი, რაც უნდა მეთქვა, იყო: „აუცილებლად, აუცილებლად ნახეთ თუშეთი!“

თამარ ტყემალაძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close