პოლიტიკა

,,ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი- იგი განსაკუთრებული პატიმარია”

პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს? - ,,ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება"

„გარეთ თუ შიგნით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას. სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან.

მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა, ერთი შეხედვით, მისი წინამორბედი პრეზიდენტის ინტერესების დაცვა დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები უკანაც წაიღოს და ,,ოცნებისგან” ღირსებაშელახული პრეზიდენტი შეიწყალოს, რაც ცხადია, უცხოეთიდან, ადამიანის უფლებების დამცველთა აქტიური ჩარევის შედეგი იქნება და აგრეთვე ოპოზიციის თუ საზოგადოების აქტიურობის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close