პოლიტიკა

,,თუ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოდ არ გამოცხადდა, ვერანაირი რევოლუციური და ევოლუციური ცვლილება ვერ გვიშველის”

ლეიბორისტები მოითხოვენ, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა ისე, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ჩვენი საზოგადოების თავგანწირვით, ოპოზიციურ პარტიათა ერთიანობით, უნიკალური საერთაშორისო მხარდაჭერით, ვაიძულეთ ხელისუფლება, შეეტანათ ცვლილებები ძირითად კანონში, გადასულიყო პარტიულ სისტემაზე და ეს ყველაფერი რევოლუციის ტოლფასია, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს, მაგრამ რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს გული, თუ კიდურებზე დაიწყო განგრენა, ის დროზე უნდა იყოს მოკვეთილი. თუ ჩენს ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოდ არ გამოცხადდა, ვერანაირი რევოლუციური და ევოლუციური ცვლილება ვერ გვიშველის. ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში, უვარგისი ხელისუფლების წყალობით ხელი ჩაიქნიეს ქვეყნის მართვაში მონაწილეობისგან, კვლავ გააგრძელებენ სახლში ჯდომას, ან ძირითადად მივა ის კატეგორია, რომლებსაც ოლიგარქები იყიდიან და შედარებით მცირე პროცენტი, რომელიც არ გაიყიდება, ვერ შექმნიან იმ ამინდს, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ატყორცნოს კოსმოსურ ორბიტაზე, ამიტომ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახდეს არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო და ყველა უბანზე დადგით ორი ვიდეოკამერა _ შიდა და გარე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ხმების ქურდობა და სახელმწიფოს მიტაცება. აქვე დავამატებდი, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპებით ცხოვრობს დემოკრატიულ სისტემის მილიარდამდე ადამიანი ახალი ზელანდიიდან დაწყებული ავსტრალიით გაგრძელებული, ბრაზილია-არგენტინით დამთავრებული, ჩვენი მეზობელი საბერნეთის და თურქეთის ჩათვლით, ბელგიიასა და ევროპის სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ, სადაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა. ეს ის ქვეყნებია, სადაც ადამიანებს არც საჭმელი აკლიათ, არც სასმელი, არც ხელფასი და პენსია, მაგრამ მაინც საჭირო გახდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოდ გამოეცხადებინათ, რაც სავსებით სწორია. თუ სავალდებულოა გადასახადების გადახდა, აცრების გაკეთება, სასამართლოში მოწმედ გამოცხადება, ჯარში წასვლა, ყველზე დიდი ჯარში წასვლა და სახელმწიფოს სამსახური ეს არის არჩევნებში მონაწილეობა და საარჩევნო უბანზე მისვლა. ეს არის ჯარიც, შეიარაღებაც, მომავალიც და გამარჯვებაც და ეს ვერ გავაგებინეთ ვერცერთ მთავრობას, ივანიშვილის რეჟიმის თამადობით და შესაბამისად, ხალხმა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა ქვეყნის მართვა-გამგეობაში და ხალხის მართვა-გამგეობა ნიშნავს არჩევნებზე მისვლას, რომ მას იმედი ჰქონდეს რომ მისი მისვლით, ხმით რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს იმედი დაუკარგეს ხალხს და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, დატოვონ ნიჰილიზმში და ისევ ძველებურად ,,მოაკვარახჭინონ“. დროა, სამუდამოდ დავამთავროთ ქვეყნით ვაჭრობა, დახლზე შემოდება, ტენდერი.

Related Articles

Back to top button
Close