საზოგადოება

ცეზარ ჩოჩელს დევნილთა კოტეჯების ინჟინერი მშენებლების ჯამაგირის მითვისებაში ბრალს სდებს (ექსკლუზივი)

ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენსა და ამჟამად პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს მშენებელი-ინჟინერი ნიკოლოზ შალიკაშვილი მშენებლების ფულის მითვისებაში ბრალს სდებს. ჩვენთან საუბარში შალიკაშვილმა განაცხადა, მას და მის მეგობრებს დევნილთა კოტეჯები ააშენებინეს და ჯამაგირი არ გადაუხადეს. მას შემდეგ წლები გავიდა და კუთვნილ ფულს ამაოდ ითხოვს. შალიკაშვილი ამტკიცებს, რომ არაერთხელ, პირადად შეხვდა ჩოჩელს, რადგან იგი, იმ ფირმის ფაქტობრივი ხელმძღვენელი იყო, რომელშიც შალიკაშვილი და მისი მეგობრები მუშაობდნენ, თუმცა იურიდიულ ხელმძღვანელად სხვა ჰყავდა გაფორმებულიო.

ნიკოლოზ შალიკაშვილი:

_2008 წელს, როცა სოფელ წილკანის ბოლოს, ახალგორიდან დევნილებისთვის კოტეჯები შენდებოდა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო ცეზარ ჩოჩელი. პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ, 15 წელი უზბეკეთში, კრიმის ავტონომიის მშენებლობაში ვიღებდი მონაწილეობას. დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, ამიტომ გადავწყვიტე, გაჭირვების დროს,  ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი.

იმ პერიოდში, ვანო მერაბიშვილს შექმნილი ჰქონდა ფირმა, რომელიც, პატარ-პატარა სამშენებლო ფირმებზე, კოტეჯების ასაშენებლად ანაწილებდა ფულს, საშენ მასალებს და ის ეუბნებოდა, ვის რამდენი კოტეჯი უნდა გაეკეთებინა. ზოგს -10 კოტეჯის აშენებას ავალებდნენ, ზოგს უფრო მეტისას. ახლა რომ ამბობენ, ყველგან არაპროფესიონალები არიანო, სააკაშვილის დროსაც იყვნენ ასეთები. მძღოლებს, მასწავლებლებს და განსხვავებული პროფესიის ხალხს ჰქონდა სახელდახელოდ შექმნილი სამშენებლო ფირმები და მათ, მერაბიშვილის კომპანია, ბინების აშენებას ავალებდა. მე რომ მივედი მერაბიშვილის კომპანიაში და ვუთხარი, ამ საქმის პროფესიონალი ვიყავი, მითხრეს, ბინები გავანაწილეთ უკვეო. იძულებული გავხდი, რომელიმე პატარა ფირმაში მივსულიყავი და ახლა მათთვის შემეთავაზებინა. ასაშენებლად მოგვცეს 12 ბინა, რაზედაც ვითხოვე ხელშეკრულების გაფორმება. მიპასუხეს, ჯერ დაიწყეთ და რა პრობლემააო? ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ეს იყო გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის ფირმა, რომელიც გაფორმებული ჰქონდა მეგობრის სახელზე. ამ კაცს მეტსახელად გრეჟკოს ეძახდნენ და გვარად ნათელაშვილი იყო. ჩოჩელიც ყოველ დილით მოდიოდა და გვაკონტროლებდა.

5 შვილის მამა ვარ და უმცროსი, ამ დროს მერვე კლასში სწავლობდა. მე და ჩემი პატარა შვილი 4-5 დღე მიწას ვკვალავდით, ვზომავდით და ვხაზავდით 12 ბინის ასაშენებელ ფართებს. მერე მოგვცეს ტრაქტორი და საძირკველი ამოვთხარეთ. ამ პერიოდში სულ ვითხოვდი ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ სხვადასხვა ფორმით მიცილებდნენ თავიდან. მოკლედ, 8 ბინა ჩემს მიერ მოყვანილ ხალხს ავაშენებინე, რის შემდეგაც მითხრეს, სხვა ბრიგადა მოვიდა და 2 ბინის აშენების უფლება უნდა დაგვითმოო. მერე, ორს ორიც მიუმატეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ, ხელშეკრულების გაფორმება საერთოდ არ უნდოდათ.

ისევ მერაბიშვილის კომპანიაში წავედი, სადაც შევხვდი ჩოჩელს. ვკითხე, რატომ არ გამოდის შენს ბიჭებთან მუშაობა მეთქი? ვიღაც ზურას დაუძახა და უთხრა- ეს კაცი სპეციალისტია და მიხედეო. ზურამ ჭიათურელების ბრიგადაში გამგზავნა, თან ამიხსნა, მშენებლობის არაფერი ესმით და მიეხმარებიო. ამ ფირმაში ძალიან პატიოსანი ადამიანები მუშაობდნენ, ბლოკის დამწყობები მე მივიყვანე და ყოველდღე, ორ აშენებულ ბინას ვაბარებდით. 60 ბინა ავაშენეთ და ყოველ კვირა გვაძლევდნენ ჩვენ შრომით ანაზღაურებას. ამის მერე, მერაბიშვილის თანაკლასელის აშენებულ ბინებში გავაკეთეთ შიდა სამუშაოები, მაგრამ გადაგვაგდეს და ფული არ მოგვცეს.

ჩოჩელის ფირმამ დამიანგარიშა ნამუშევარი და ერთ სახლში 4 200 ლარი გამოიყვანა, მაგრამ მეც დავწერე რაც გავაკეთეთ და 5 500 ლარი მივიღე. ფირმის უფროსს ვაჩვენე და ვთხოვე, გადაგვიხადეთ მეთქი. ერთი თვე ვდიე, სამჯერ შევხვდი ჩოჩელს თავის კაბინეტში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ავდექი და სხვაგან მუშაობაში რაც ფულს ვიღებდი, ჩოჩელის ფირმაში ჩემთან მომუშავე ადამიანებს ვაძლევდი. 12 წელი გავიდა და 1000 ლარზე მეტი კიდევ მაქვს მისაცემი. ამის გამო ისე გამიჭირდა, სახლში შუქის ფულს ვეღარ ვიხდიდი. გუბერნატორთან მიმავალს შემხვდა ელექტროკომპანიის წარმომადგენელი და მითხრა, უნდა ჩაგიჭრათ შუქიო. ავუხსენი და ვთხოვე, წამომყოლოდა გუბერნატორთან, რომ გაეგო, რაც ჩემს თავს ხდებოდა. მაშინ ჩოჩელი არ დაგვხვდა და ,,გრეჩკოს“ ვესაუბრე. გაგიჟდა ჩემი თანმხლები შუქის კაცი- ხალხმა იმუშავა და ფულს რატომ არ აძლევთო? გაბრაზებულმა ვთქვი, ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული, იცოდეთ, გიჩივლებთ მეთქი. ეს სიტყვები ეტყობა გულზე მოხვდათ. ცოტა ხანში ჩემთან მოვიდა რამდენიმე კაცი გუბერნიიდან, რომლებმაც მითხრეს, 300 ლარს მოგცემთო. უარი ვუთხარი. მაშინ წავალთ და ცოტა ხანში დაგირეკავთო. როგორც ჩანს, ჩოჩელთან მიდიოდნენ და მას ეკითხებოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ორი საათის მერე კიდევ დამირეკეს და 500 ლარს მოგცემთ, თუ გინდა, აიღე და თუ არა, რაც გინდა გიქნიაო. შემეშინდა, შუქი რომ არ ჩაეჭრათ და ეს ფული გამოვართვი. დავუწერე ხელწერილი, რომ მომცეს მხოლოდ 500 ლარი. ამის მერე მითხრეს, იცი რაში გაძლევთ ამ ფულსო? ხალხი რომ აღარ შეაწუხოო. გასაგებია, მაგრამ ნამუშევრის ფულს როდისღა მომცემთ მეთქი? ის ფული აღარ არის, ფირმასთან ერთად გაფრინდაო. ამის მერე გრეჩკოს არაერთხელ დავურეკე, მაგრამ ტელეფონის ნომერიც კი შეცვალა, რომ არ შეწუხებულიყო. დღემდე ვახსენებ ჩოჩელს ამ ფულს, მაგრამ ამაოდ.

ახლა თქვენი მედიასაშუალებით მივმართავ ცეზერ ჩოჩელს, რომელსაც თავისი პარტიაც კი ჩამოუყალიბებია და ახლა პარლამენტში შესვლა უნდა, მომცეს ბიჭებისთვის გადასახდელი ფული, რომელიც ჩვენ, ჩვენი ოფლით გამოვიმუშავეთ. იმ ამომრჩეველს კი, რომელსაც ახლა უამრავ რამეს პირდება, მინდა ვუთხრა, ეს კაცი არის გადამგდები, მატყუარა და ნუ ენდობით. 12 წელია ჩვენი ვალი ადევს კისერზე, მაგრამ არ გვიხდის და თქვენ გაგიკეთებთ რამეს?

   ცხადია, დეტალების გადასამოწმებლად ცეზარ ჩოჩელის პრესამსახურს შევეხმიანეთ და ნიკოლოზ შალიკაშვილის საუბრის შინაარსი გადავეცით. მოგვიანებით, ხათუნა პაიჭაძემ გვითხრა, რომ ეს იყო აფსურდული ბრალდება. ,,იმ კაცის გამო ბატონ ცეზარ ჩოჩელს ვერ შევაწუხებ, რომელსაც არჩევნების დროს ახსენდება ვიღაცას მისი ვალი რომ აქვს“_ გვითხრა პაიჭაძემ.  

 

 


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Back to top button
Close