სხვა

კაბუ და მისი ყოფილი ცოლი შვილს ეძებენ

„ექიმმა მითხრა, კაი რა, პატარა ხარ, კიდევ მილიონ ბავშვს გააჩენო... იმ მომენტში მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა...“ - რას ყვება ანუკა გიორგელაშვილი

ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, კაბუს (კახა აბუაშვილის) ყოფილი მეუღლე და მისი ორი შვილის დედა, ანუკა გიორგელაშვილი პოდკასტს „ვეძებ“ სტუმრობდა და ისაუბრა პირველ შვილზე, რომელიც 17 წლისას შეეძინა 1998 წლის 16 დეკემბერს. უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო, რამდენიმე საათში კი მისი გარდაცვალების შესახებ ამცნეს.

როგორც ანუკა ყვება, ბავშვს თავად მარიამი დაარქვა, თუმცა წლების შემდეგ ნაპოვნ საბუთში სახელი ელენე ეწერა და სავარაუდოდ, დედის გვარით იყო გატარებული. ანუკას და კაბუს სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ მათი პირველი შვილი მოიპარეს…

.

– ვიმშობიარე 1998 წლის 16 დეკემბერს. გაჩნდა მარიამი. ორსულობა ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობდა, ყველაფერი კარგად იყო. მშობიარობამაც ნორმალურად ჩაიარა. რომ გაჩნდა, მომილოცეს – მითხრეს, რომ სრულიად ჯანმრთელი შვილი გამიჩნდა. გადამიყვანეს პალატაში. ვაჭამე. დაახლოებით ხუთი-ექვსი საათი ჩემთან იყო ბავშვი. პერიოდულად შემოდიოდა ექთანი და მეუბნებოდა: „გავიყვანთ, უნდა დაისვენო, გავიყვანთ, უნდა დაისვენო”….

პატარა ვიყავი, 17 წლის და მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო… პირველი შვილი იყო. ბოლოს გაიყვანეს ბავშვი – „შენ დაისვენეო“. მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვისვენე. არ ვიცი, ამას წინათგრძნობა დავარქვა თუ რა, მაგრამ საოცარი შეგრძნება მქონდა… ბოლო პერიოდში ძალიან დიდი შიში მქონდა, თუმცა არ ვიცოდი, კონკრეტულად რის მეშინოდა. უბრალოდ, მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ალბათ დედობრივი ინსტინქტი უკვე მქონდა…

რომ გაიყვანეს ბავშვი, ვერ მოვისვენე. ნახევარი საათიც არ იყო გასული, არც დამიძინია. ავდექი და გავედი. შევიხედე იმ ოთახში, სადაც ბავშვები იყვნენ და ვხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ იწვა იმ ადგილზე, სადაც ჩემი გვარი ეწერა. დავიწყე კითხვა – „ბავშვი სად არის?“არავინ იყო. მერე გამოვიდა პედიატრი და მეუბნება:„შენს შვილს მუცლიდან გამოსვლა გაუჭირდა და გადავიყვანეთ სპეციალურ კამერაში, სადაც ჟანგბადს ისუნთქებს.“

იქ არ მანახეს, არ შემიშვეს. პედიატრმა დამამშვიდა, მითხრა, სერიოზული პრობლემა არ არისო… შემდეგ მთელი ჩემი გენეტიკა გამომკითხეს – ვის რა დაავადება ჰქონდა, რა ჯანმრთელობის პრობლემა იყო ოჯახში. არავის არაფერი გვჭირდა, ყველანი ჯანმრთელები ვიყავით.ამის შემდეგ მითხრეს: „კარგი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“. მომიტანეს რაღაც საბუთები, რომლებზეც ხელი მომაწერინეს… ეს დღემდე არ მასვენებს. არც წამიკითხავს, რას ვაწერდი ხელს, იმიტომ, რომ ვიჯექი და ვტიროდი. ბავშვური ემოციები მქონდა. უბრალოდ, ხელი მომაწერინეს… ყველაზე მეტად მეშინია, ჩვენმა შვილმა რომ გაიგოს, რომ აყვანილია, იქ შეიძლება ჩემი ხელმოწერაა, რომ მე გავაშვილე…

მერე გამიშვეს. ვერ ვისვენებდი – გამოვდიოდი, მივდიოდი, ისევ ვბრუნდებოდი…როცა დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ერთ-ერთი ექიმი მოვიდა და მითხრა სიტყვები, რომლებიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება:„კაი რა, პატარა ხარ, კიდევ მილიონ ბავშვს გააჩენ…“. ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა…

შემოვიდა ექთანი, გამიკეთა დამამშვიდებელი ნემსი და მერე აღარ მახსოვს. არ ვიცი, ზუსტად რა გამიკეთეს, მაგრამ ფაქტობრივად გავითიშე და მთელი ღამე მეძინა. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, თუმცა მე მაინც არ ვიცოდი, რომ ბავშვი – ვითომ – გარდაცვლილი იყო. ამ დროს დედაჩემს და ჩემს მეუღლეს დაურეკეს…

ოჯახი წავიდა ბედნიერი. დედაჩემმაც ნახა ბავშვი, ჩემმა მეუღლემაც ნახა. უთხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო და წავიდნენ… მანამდე არავის დაურეკავს, თითქოს ბავშვი დამძიმდა. დილით დაურეკეს დედაჩემსაც და კახასაც, როცა ისინი უკვე ემზადებოდნენ – პამპერსები და სხვა ნივთები უნდა მოეტანათ. და ექიმმა უთხრა: „ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდით.“ მაგრამ სანამ ისინი მივიდოდნენ – ჩემი სახლიდან ჩაჩავამდე ათი წუთიც არ უნდა – უთხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. „როცა დაგირეკეთ, უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, ვერ გითხარით…“

დედაჩემს მერე ვკითხე, რატომ არ ჩაეძია უფრო ღრმად. მითხრა, იმდენად შენზე ვნერვიულობდი, ვეღარაფერზე ვფიქრობდიო. სიმართლე რომ ვთქვა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო…

ბავშვს სახელიც დავარქვით.მერე აღმოჩნდა, რომ საბუთებში სახელიც შეუცვალეს…

ბავშვის ცხედარს თავიდან არ ატანდნენ. ვეუბნებოდით, ჩვენ თვითონ დავასაფლავებთო. ჩემმა მეუღლემ ძალიან იბრძოლა და საბოლოოდ გამოატანეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ის სხვა ბავშვი იყო… ჩემი შვილი შავგვრემანი იყო, ხოლო ის გარდაცვლილი ბავშვი – თეთრი და ქერა…მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ ეს მითხრეს მათ, ვინც ნახეს.. ოღონდეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე, მაშინ კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბავშვი გამოატანეს ჩემს ოჯახს… თუმცა გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, რომ ბავშვი ცოცხალია. ასე სჯეროდა კახასაც…

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close