საზოგადოება

,,ჩვენ აღარ გაძლევთ უფლებას, ჩვენი სახელითა და ნებით მართოთ ქვეყანა” _ ჯანყი გურიაში

ხვალ, 12 საათზე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ოზურგეთში, მის შტაბთან შეიკრიბებიან და ხელს “მანიფესტს” მოაწერენ.

გურულები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მათი მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურის დღეს სრულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ:

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს

 ოზურგეთი

09.11.2017 წელი

მიმართვა

ჩვენ წინამდებარე მიმართვაზე ხელისმომწერნი ვაცხადებთ შემდეგს:

მიუხედავად გურიაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ჩვენი წინამდებარე მიმართვა არ გახლავთ გამოძახილი ჩვენი ყოფითი პრობლემებისა. ჩვენი უმთავრესი სატკივარი ჩვენი უუფლებობაა,  რამაც კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ჩვენი მდგომარეობა.

დღემდე არსებულ არცერთ მთავრობას არ უკადრებია ჩვენთვის ის, რაც ხდება ოზურგეთში 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ. თქვენი სრული გულგრილობის ფონზე დანაშაულებრივი მეთოდებით ადგილობრივ ხელისუფ­ლებაში დარჩენას ცდილობს კრიმინალური მენტალობის კორუმპირებული დაჯგუფება, რომლის თარეშის ატანა ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია.

ოზურგეთში არსებულ მდგომარეობაზე თუ დღემდე არაფერი იცოდით, ამჟამად საჯაროდ ვახდენთ თქვენს ინფორმირებას და გეტყვით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთში კრიმინალური დაჯგუფების მიერ ადგილობრივ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ხორციელდება:

–         ამორჩეველზე ძალადობა, დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა;

–         ჯერ არნახული ზეწოლა ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამი­ანებზე;

–         ნარკოტიკების გადაცემა კრიმინალური მენტალობის ადამი­ანებისათვის არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატის დახმარების სანაცვლოდ;

–         ანგარიშსწორების მუქარით გადაუბირებელი ამომრჩევლისათვის არჩევნებზე გამოუცხადებლობის მოთხოვნა;

–         მთელი ღამეების განმავლობაში ამომრჩევლის ტერორი მოძალადეთა ჯგუფების მიერ;

უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ ზემოხსენებული ფაქტების შესახებ. ყოველი განცხადების შემდეგ თქვენ ჩვენგან ითხოვთ მტკიცებულებებს იმ ქმედებებზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. დანაშაულის გამოძიების და მართლმსაჯულების განხორციელების უფლება კი თქვენზე, საქართველოს ხელისუფლებაზეა დელეგირებული და ჩვენთვის მტკიცებულებების მოგროვების, გამოძიების და დანაშაულის აღკვეთის მოთხოვნა იგივეს ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

მოვითხოვთ:

–         კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ არჩევნების გამყალბებელი მოძალადეები;

–         მოგვცეთ საშუალება თავისუფალ საარჩევნო გარემოში გამოვხატოთ ჩვენი ნება.

იმ შემთვევაში, თუკი თქვენ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენ ვერ ვხედავთ თქვენი, როგორც არსებული ხელისუფლების საჭიროებას, ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები და ყალბი თვითმმართველობა. ჩვენ არ გვჭირდებაჩვენი აზრისადმი გულგრილი პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად გიცხადებთ სრულ უნდობლობას, ჩვენ ვერ ვენდობით არჩევნების გამყალბებლების და კრიმინალების მფარველ ხელისუფლებას. თუ ჩვენი ნება და აზრი თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ აღარ გაძლევთ უფლებას, როგორც ჩვენი ნდობით აღჭურვილებმა, ჩვენი სახელითა და ნებით მართოთ ქვეყანა.

თუკი თქვენთვის კვლავ გაუგებარი ან და მიუღებელი იქნება ჩვენი მოთხოვნები, მივმართავთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა უკიდურეს ფორმას,  კანონიერებისა და ჩვენი უფლებების სრულ აღდგენამდე.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მომავ­ლისადმი და იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რისთვისაც ვიბრძვით – შემოგვიერთდით და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!

წყარო:guriismoambe.com

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close