საზოგადოება

ქართველი ადვოკატების მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში (ნაწილი მესამე)

 ნაწილი პირველი

 ნაწილი მეორე

          ღამის ართვინს დიდხანს ესმოდა ქართველების სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა

   ართვინელმა ადვოკატებმა ოფიციალური ვახშამი ბარის (ადვოკატთა ასოციაციის) შენობაში განთავსებულ რესტორანში დაგვახვედრეს. თავდაპირველად, მასპინძლებმა ასოციაციის რამდენიმესართულიანი შენობა დაგვათვარიელებინეს. ართვინის ბარში ადვოკატებისთვის საოცრად კომფორტული გარემო იყო შექმნილი. საკონფერენციო დარბაზმა ისე აღაფრთოვანა ჩვენი უფლებადამცველები, რომ ფოტოები ტრიბუნაზეც კი გადაიღეს.

 

.

.

.

   აივანზე სუფრა გაშლილი დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ართვინელი ადვოკატები 20 ივნისიდან 20 სექტემბრამდე შვებულებაში იმყოფებიან, მასპინძლების სიმრავლე მაინც იგრძნობოდა. ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა ართვინის ბარის თავმჯდომარე ალი ჩაღანი.

.

  მან აღნიშნა, რომ თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესმა საბჭომ დაავალა ართვინის ბარს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სასომხეთის ადვოკატთა ასოციაციებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება.

 ,,საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნებია, ამიტომ კარგი იქნება, იურიდიული სფეროს წარმომადგენლები ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო თუ გავაღრმავებთ“ _ განაცხადა მან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა მადლობა გადაუხადა ართვინელ კოლეგებს გულთბილი მასპინძლობისთვის.

  ,, ბატონმა ალიმ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან. მე დავამატებ, რომ უკვე კეთილი მეზობლები ვართ და აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ ადვოკატთა საქმიანობის მიმართულებითაც. ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მიზნებით, ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა აქვთ, ამიტომ ვალდებულებაც გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები, ბიზნესკომპანიები სათანადოდ წარვადგინოთ უცხო ქვეყანაში. ადგილობრივი ადვოკატების სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესკომპანიები იყვნენ სამართლებრივად დაცულნი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში“ _ განაცხადა დავით ასათიანმა.


ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთ თვეში, საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის წარმომადგენლობაში გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ართვინის ბარს შორის. სტუმარ-მასპინძელმა პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და შემდგომ „სიტყვა დაუთმეს“ მის უდიდებულესობას, ორი მეზობელი ქვეყნის ხელოვნებას .

  თურქმა მუსიკოსმა აკორდეონზე თავდაპირველად ქართული მელოდიები ააჟღერა. ამ „პროვოკაციას“ ქართველი ადვოკატები ადვილად წამოეგნენ, მუსიკალური ნიჭი ,,გამოაღვიძეს“ და ,,სულიკო“, ,,პატარა გოგო დამეკარგა“, ,,დიდველოი, ნანაი და“ და კიდევ რამდენიმე სიმღერა, აკორდეონის თანხლებით შეასრულეს, მერე კი ხელი გაშალეს და „შალახო“ იცეკვეს. ქართველებს თურქი ადვოკატებიც არ ჩამორჩნენ და მხიარულებამ იმატა.


ღამის ართვინს დიდხანს ესმოდა ქართველი და თურქი ადვოკატების სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა.

  ნელი ვარდიაშვილი (გაგრძელება იქნება)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close