(ნაწილი პირველი)

  ხიდი უფსკრულზე და სიმღერით განდევნილი შიში

პატარა ქალაქი ართვინი კლდეზე ტერასულად არის გაშენებული. ვიწრო ქუჩებში ერთი მანქანა თუ გაეტევა. ქალაქს ეტყობა, რომ მისი ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული. თითქმის ყველა ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები და სასტუმროებია გახსნილი. ამ პატარა ქალაქს აქვს უზარმაზარ შენობაში განთავსებული სასამართლო, გიგანტური საავადმყოფო, რამოდენიმე სკოლა, ციხე და ადვოკატთა ბარი (ასოციაცია), რომელიც რამდენიმე სართულიან, საკმაოდ კომფორტულ ოფისში საქმიანობს …

.

.

მასპინძლებმა ართვინის ერთ-ერთ რესტორანში დაგვპატიჟეს. რესტორნის პერსონალი კართან შეგვეგება _ ხელის ჩამორთმევითა და ღიმილით. თურქული სუფრა მსუყეა, თუმცა ქართული სუფრის მსგავსად უხვი არ არის. ყველას სათითაოდ მოგვართვეს თეფშზე წინასწარ მომზადებული აჯაფსანდალის, მწვანე ლობიოს, ტოლმისა და ბრინჯის ასორტი. მაგიდაზე დაგვხვდა წვრილად დაჭრილი კიტრისა და პომიდვრის სალათი,  სტეიკი და ტკბილეული _ უგემრიელესი ფახლავა. ჩაი და ხილი, განსაკუთრებით ყურძენი, თურქული სუფრის განუყოფელი ნაწილია. როგორც ხდება ხოლმე, სუფრამ მასპინძლებთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა და ჩვენც გავშინაურდით.

.

.

.

სასტუმრო, სადაც ერთი ღამე გავატარეთ, ქალაქის შუაგულშია და ზემოდან გადაჰყურებს ხეობას. მრავალსართულიანი, საკმაოდ კომფორტული სასტუმროს „Grand Artvin Hotel“ -ის ექსტერიერი  ევროპულ სტილშია  გაკეთებული, თუმცა ინტერიერის ბევრი დეტალი შეგახსენებს, რომ აღმოსავლეთში იმყოფები. სასტუმროს გვერდით მეჩეთია. იქიდან დღეში სამჯერ მოლა მიკროფონით ქადაგებს და მისი ხმა საკმაოდ დიდ ტეროტორიაზე ისმის. მასპინძლებმა დასვენებისთვის მხოლოდ ორი საათი მოგვცეს, მერე ისევ ექსკურსია გველოდა, საღამოს კი ოფიციალური ვახშამი.

.

.

ართვინის ბარის თავმჯდომარე, ალი ჩაღანი და ბარის წევრი – ისმაილ ხალიფ ოღლუ მანქანით კვლავ წინ გაგვიძღვნენ. მთის წვერზე ავედით და ციცაბო კლდის პირზე გაჭრილ ვიწრო სამანქანო გზას გავუყევით. გზაზე სივიწროვეს მთიდან ჩამოცვენილი ლოდებიც ქმნიდა. მოკლედ, გზა ისეთი იყო, საპირისპირო მანქანის გამოჩენა პრობლემას  ქმნიდა და ჩვენც ცოტა არ იყოს, დაძაბულობა შეგვეტყო. ტრანსპორტში შემოპარულ შიშს ისევ ქართული სიმღერით ვუშველეთ. ადვოკატები კონსტანტინე გელაშვილი, ინგა სეხნიაშვილი და მარინა მანგოშვილი ქართული ფოლკლორის დიდოსტატები აღმოჩნდნენ. მათ სხვებიც აიყოლიეს და შიშიც გაიფანტა.

ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამ ჟრუანტელის მომგვრელ ტერიტორიაზე დასახლება შევნიშნეთ. რამდენიმე სახლი პირდაპირ კლდის პირზე იდგა. მეტიც, გამრჯე ჩვენებურებს კლდეზე სიმინდიც კი მოეყვანათ და უკვე მოსავალს ელოდნენ.

.

.

ახლაც ვფიქრობ და ვერ მივმხვდარვარ, როგორ ახერხებენ ამ ციცაბო ადგილზე გადაადგილებას, შრომას და მით უფრო, ყანის მოყვანას? ცოტა ხანში თითქმის ღრუბლებთან აღმოვჩნდით. როგორც ჩანს, მასპინძლები ამ სიურპრიზს გვიმზადებდნენ. და აი, შესანიშნავი სიურპრიზიც _ უფსკრულზე გადაკიდებული შუშის ხიდი, სადაც გზაზე შემონახული ადრენალინი, თითოეულმა ჩვენთაგანმა ბოლომდე დავხარჯეთ.

მასპინძლები დამსახურებულად შევაქეთ, ამ  უჩვეულო და საოცარი ადგილის ნახვის საშუალება რომ მოგვცეს. შუშაზე ფეხი რომ არ გაგვსრიალებოდა, იქვე დაწყობილი ბახილები ჩავიცვით და ხიდზე მედგრად შევაბიჯეთ. ჩვენს წინ თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშალა, რასაც სიტყვებით  სრულყოფილად ვერ აღვწერ. უბრალოდ, ის უნდა ნახოთ…

.

მაგრამ  სანამ ამ სილამაზეს თავად მოინახულებთ, წარმოდგენის შექმნაში ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოსიუჟეტი დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, უამრავი ფოტოსურათი გადავიღეთ, ხელებიც გავშალეთ ცისთვის რომ მიგვეწვდინა და ქათქათა ,,ღრუბლები დაგვეჭირა“, მერე კი ემოციებისაგან დაცლილები და უზომოდ კმაყოფილნი სასტუმროსკენ გავეშურეთ. წინ ოფიციალური ვახშამი გველოდა…

ნელი ვარდიაშვილი ( გაგრძელება იქნება)

ვიდეოსიუჟეტში გამოყენებულია სიმღერა ,,გელინო“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი