29-30 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია თურქეთში, ქალაქ  ართვინში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ქართველი ადვოკატები ართვინის ბარის (ადვოკატთა ასოციაციის) წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი შეხვედრა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სტუმარ-მასპინძელი შეთანხმდნენ, რომ მალე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ართვინის ბარს შორის მემორანდუმი გაფორმდება. ეს ორმხრივი  კავშირი კი ორივე მხარეს ხელს შეუწყობს  პროფესიულ საქმიანობაში. სტუმრებმა, ორი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას ტაო-კლარჯეთის საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ქართველმა ადვოკატებმა მოინახულეს ისტორიული ადგილები და  მართლმდადიდებლური ტაძრები. ,,ევრონიუს ჰოლდინგი“ ამ მოგზაურობის დროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად იმყოფებოდა, რისთვისაც პერსონალურად ვუხდით მადლობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს, დავით ასათიანს.

      გზა, რომელმაც მართლმდადიდებლურ ტაძართან მიგვიყვანა

დილის 7 საათზე ბათუმიდან გეზი სარფის საბაჟოსკენ ავიღეთ. სარფიდან ართვინამდე ჩვენმა მასპინძელმა, ართვინის ბარის ხელმძღვანელმა, ალი ჩაღანმა საკუთარი მანქანით, მეუღლესთან ერთად გაგვაცილა და ორი დღის განმავლობაში გულთბილად გვიმასპინძლა. ბატონი ალი რეგიონში გავლენიანი ადამიანია და მას ყველა დიდ პატივს სცემს. პირველი გაჩერება ხოფაში გვქონდა. პატარა ქალაქი ხოფა საზღვრიდან 19 კილომეტრშია. მასპინძელმა კაფეში შეგვიპატიჟა. სუფრა შენობის მეორე სართულის აივანზე გაშალეს. უცნაური გარეგნობის მიმტანმა პირველად ფიდე მოგვიტანა. ფიდე კარაქიანი, გემრიელი პურია. ეს არის კაფეს საჩუქარი, აგვიხსნა მასპინძელმა და ჩვენც სიამოვნებით დავაგემოვნეთ თურქული პური. ამის შემდეგ წვრილწელიანი ჭიქებით ჩაი მოგვართვეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხელოდა, თურქულად მომზადებულ ჩაიზე უარი არ გვითქვამს. შემდგომი კერძი ფიდე ყველით აღმოჩნდა. ეს ცომეული გარეგნულად ძალიან ჰგავს აჭარულ ხაჭაპურს, თუმცა, როგორც აგვიხსნეს, უგემრიელესი ფიდე 7 სახეობის ყველით მზადდება. მიმტანმა განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა გამოიჩინა და ქართველ სტუმრებთან უამრავი  ფოტო გადაიღო.

.

.

.

.

გზა განვაგრძელეთ. ართვინისკენ ნისლიანი, მაღალი მთები გვაცილებდა, რომლებიც ზოგან ამწვანებული იყო, ზოგან კი პირქუში და ცივი. ვერ ვიჯერებდით, რომ  სხვა ქვეყანაში ვიყავით, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ჩვენს სამშობლოს… გზად პატარა ქალაქი – ბორჩხაც დავათვარიელეთ. ჩვენმა კიდევ ერთმა მასპინძელმა, ართვინის ბარის წევრმა, ისმაილ ხალიფ ოღლუმ, რომელმაც ქართული მშვენივრად იცოდა გვითხრა,  რომ  ამ ქალაქში  ბევრი ქართველი ცხოვრობს, თუმცა ისინი, ამჟამად თურქულ გვარებს ატარებენო. ბორჩხაში ქუჩები იმდენად ვიწრო იყო, რომ მანქანით გავლა გაგვიჭირდა. ქუჩაში მყოფ მოსახლეობას ქართულად ვესალმებოდით. ისინიც გაოცებულები, პირზე მომდგარი ღიმილით ქართულად გვპასუხობდნენ, გაგიმარჯოთო. ბორჩხას რეგიონის სოფლებიც ქართველებით ყოფილა დასახლებული. ხოფა-არხალში კი ლაზები ცხოვრობენო, აგვიხნა მასპინძელმა. ბორჩხას  რაიონის ბოლოს, მდინარე  ჭოროხზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია  აშენებული. ბატონი ჰუსეინის თქმით, ამ მდინარეზე სულ 11 ჰესია.

ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მთის ფერდობზე შეფენილი დასახლება შევნიშნეთ. ეს გახლავთ ქალაქი ართვინი, სადაც ღამით გავჩერდებით. მთის წვერზე ათათურქის ძეგლი დგას, გვერდით კი თურქეთის დროშა ფრიალებს. ძეგლი ქვეყანას 1 მილიონი დაჯდომია.  შევიტყეთ, რომ ტერასული განაშენიანების ქალაქ ართვინში წინათ სომხები ცხოვრობდნენ, შემდეგ ისინი წასულან და ახლა ქალაქში ადგილობრივი თურქები ბინადრობენ.

.

ართვინს გვერდი ავუარეთ და არზრუმსა და ისპაჰანისკენ მიმავალ გზას დავადექით, შემდეგ კი მთის მწვერვალზე ავედით დახვეული გზით და მდინარე ჭოროხის ულამაზეს ხეობას გადმოვხედეთ.

.

.

.

 

.

 

.

სწორედ ამ გზამ მიიყვანა ქართველ ადვოკატთა დელეგაცია მართლმდადიდებლურ ტაძართან.

,,წინათ, ეს საქართველოს ტერიტორია ყოფილა…“ – გვეუბნება მასპინძელი. ,,ყოფილა კი არა, იყო“ _  ვუსწორებთ ჩვენ და სტუმარ-მასპინძლობის ეთიკა უფლებას არ გვაძლებს, ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ.

დოლისჰანეს ეკლესია მიტოვებული და ნახევრად დანგრეული დაგვხვდა.

 

.

.

.

 

ტაძრის გარეთ, სპეციალურ დაფაზე, რამდენიმე ენაზე შესრულებული ტაძრის ისტორია ეწერა:

,,დოლისჰანეს ეკლესია

    ჩანაწერების (წარწერის მიხედვით) მე -X ბაგრატიონთა მეფის, სუმბათის მიერ არის აშენებული. მე – XV საუკუნის მიწურულს მისი ერთ-ერთი ნაწილი მეჩეთად იყო გამოყენებული, მაგრამ დღეისათვის მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი.

ეკლესიაში შემორჩენილი წარწერის მიხედვით, იბერიელთა მეფობის დროს, ტაო-კლარჯეთში 954-958 წლებში მმართველი სუმბათის დავალებით, არქიტექტორ გაბრიელის მიერ აშენებული მე-14 საუკუნემდე მონასტრის სახით მოქმედი სტრუქტურა მე-16 საუკუნეში მეჩეთად გადაკეთდა. 1958 წელს ნაწილობრივი შეკეთების შემდეგ არსებული საბოლოო მდგომარეობა მიიღო. მონასტრის სახით აშენებული სტრუქტურიდან დღეისათვის მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი“.

 

.

.

 

ჩვენი წინაპრების წმინდა სალოცავში საქართველოდან წაღებული სანთლები დავანთეთ და ქართული საგალობლებიც დავაგუგუნეთ. ეკლესია დანგრეულია, მის გარკვეულ ნაწილს კი სასაწყობე ფუნქცია აქვს შეძენილი.

                                                                                                                 

ნელი ვარდიაშვილი

 (გაგრძელება იქნება)

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი