სიღნაღის ამბები

რა ვითარებაში დაიღუპა 9 წლის მოზარდი წნორში_ ყანდაშვილების საშინელი ტრაგედია

,,შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა, მაგრამ ბავშვი დოდაშვილის ქუჩის შესახვევთან იპოვეს, სანიაღვრეში, მხოლოდ ხელი ჰქონდა ამოყოფილიო"

18 ივნისს, დილით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ასანურში, დოდაშვილის ქუჩის შესახვევთან, 9 წლის ბიჭი, გიორგი ყანდაშვილი სანიაღვრეში, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვის მშობლები უცხოეთში, სამუშაოდ არიან წასული, ბიჭი კი თამრიკო ბებიასთან იზრდებოდა და წნორის #1 საშუალო სკოლაში სწავლობდა. იმ საბედისწერო დღეს, 17 ივნისს საღამომდე მეზობელთან ყოფილა, შემდეგ  მაღაზიაში წასულა, რომელიც მის სახლთან ახლოს არის. უცაბედად ამოვარდნილ ქარს, მაღაზიიდან გაქცეული მოზარდი სანიაღვრეს მიმდებარედ წაუქცევია. წაქცევის დროს ბავშვს საფერთქელი დაურტყამს და გათიშულა, შემდეგ კი სანიაღვრეში ჩავარდნილა. დამხრჩვალი მოზარდი მეორე დილით იპოვეს. ამბობენ, სანიაღვრედან მხოლოდ ხელი ჰქონდა ამოწეულიო.

ადგილობრივების თქმით, იმ უბანში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, საგზაო სამსახური ატარებდა სამუშაოებს. დასრულების შემდეგ ე.წ. ,,აპალოვკა” არ ამოიღეს და იქ დაგროვილი დიდი რაოდენობით წყალი გზაზე მიედინებოდა ნიაღვრად, სწრაფი დინებით. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა, მაგრამ ბავშვი დოდაშვილის ქუჩის შესახვევთან იპოვეს, სანიაღვრეშიო, რაც გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ პატარა ზომის სანიაღვრეში დახრჩობა შეუძლებელია, ამიტომ შესაძლოა, ბავშვი დაეცა და საფერთქლის დარტყმამ გამოიწვია სიკვდილი. ან ქარსა და წვიმაში ავტომანქანა შეეჯახა და დარტყმამ პატარა ბიჭი სანიაღვრეში ჩააგდო, სადაც დაიხრჩოო.

სიმართლეს, იმედია, ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება დაადგენს.

,,EURONEWS.GE”-ს  ,,სიღნაღის ამბები” მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ყანდაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close