სიღნაღის ამბები

სიღნაღის მერიას სურს, გადამალოს ჩინოვნიკები, რომელთა მიმართაც გამოძიებას და ხალხს უამრავი კითხვა აქვს“

მაღალჩინოსნების კორუფციული სქემით დაზარალებული მოქალაქეები ალაპარაკდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება რომ კორუფციის ჭაობშია ჩაძირული, ამას მრავალი ფაქტი მოწმობს. ერთ-ერთის შესახებ ახლა მოგიყვებით. ადვილი მისახვედრია, დაზარალებულმა გვარ-სახელის გამჟღავნებისგან თავი რატომ შეიკავა _ მას ეშინია, ისიც არ დაკარგოს, რაც დარჩა. მითხრა, რომ ქვეყანაში და სიღნაღში სამართალი ურმითაც აღარ დადის, მაგრამ  ის თვლის, რომ საზოგადოების გამოღვიძება, დამნაშავეთა მხილება და ყველა მათ მაქინაციაზე  ფარდის ჩამოგლეჯაა საჭირო.

ჩვენი რესპონდენტი ირინა (პირობითი სახელია) სიღნაღში, მშობლების სახლში ცხოვრობს. ცენტრალურ გზასთან, საკუთარ ეზოში უდგას პატარა სავაჭრო ჯიხური. ტექ.დოკუმენტით, ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაც მას ეკუთვნოდა, მაგრამ ოჯახმა საჯარო რეესტრში დარეგისტრირება გადაწყვიტა და თავდაპირველად, წესის მიხედვით, სიღნაღის უძრავი ქონების აღიარებით  კომისიას მიმართა. იმედი ჰქონდათ, რომ მათ კუთვნილ ტერიტორიას უპრობლემოდ დაარეგისტრირებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და  ვაიკანონებისა და ვაიმუშაკების ლაბირინთებში წლების განმავლობაში ამაოდ იწვალეს.

ირინა:

_  ქალბატონო ნელი, მე სიღნაღში ვცხოვრობ. მშობლების სახლში, გზის პირას, ჩემს ეზოში პატარა ჯიხური მიდგას. მიმდებარედ იყო  ნაკვეთი, რომელიც ტექპასპორტით ჩვენი იყო და აღიარებით კომისიას უნდა დაერეგისტრირებინა დედაჩემის სახელზე.

ერთი წელი ამაოდ გვაწვალეს. კომისიის სხდომებს მხოლოდ მაშინ ატარებდნენ, როცა უძრავი ქონებით თავად იყვნენ დაინტერესებულნი, რიგითი ხალხის განცხადებების განსახილველად  კი კომისია არ იკრიბებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ორშაბათს ჩატარდებოდა სხდომა, მივიდოდით, მაგრამ ამჯერად გვპასუხობდნენ, შემდეგი კვირის ორშაბათს შევიკრიბებითო და ა.შ. ამასობაში იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება, რომ ტექპასპორტითაც შეგვეძლო დაგვერეგისტრირებინა სახლის მიმდებარე ნაკვეთი, ჩვენივე ტერიტორია.

აღიარებით კომისიას შევაჩერებინეთ ჩვენი საქმის წარმოება და საჯარო რეესტრმა უპრობლემოდ დაგვირეგისტრირა ეს მიწა. მან სიღნაღის რწმუნებულს გამოუგზავნა კითხვა _ ირინა ქ.-ი ცხოვრობს თუ არა სიღნაღში, ამა და ამ ქუჩაზე და ეს ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა მის საკარმიდამოსო. ამ კითხვების პასუხებს 6 თვე ველოდეთ. ბოლოს ერთ-ერთ ნაცნობ ჩინოსანთან  მივედი და ვთხოვე დახმარება. მისი ,,ხელის წაკვრის“ შემდეგ გაუგზავნეს  საჯარო რეესტრს პასუხები ჩვენს ნაკვეთთან დაკავშირებით.

    _ რატომ არ აძლევდნენ საჯარო რეესტრს კითხვებზე პასუხებს?

_ იმიტომ, რომ საკრებულოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს თავისი მეგობრისთვის უნდოდა, რომ დაერეგისტრირებინა ჩემი საკუთრება. მსგავსი ფორმით მიწებით ვაჭრობაში განსაკუთრებული სისასტიკით და ცინიზმით გამოირჩევა მერიის იურიდიული სამსახურის მაღალჩინოსანი, რომელიც აღიარებითი კომისიის თავმჯდომარეც არის. როცა არაფერი გამოუვიდათ, ადგნენ და თავიანთ პროტეჟეს, ანუ ვისთვისაც უნდოდათ ჩემი მიწის გაფორმება, პირდაპირ სამეზობლო მიჯნაზე ააშენებინეს რესტორანი.

      _ ესეც უკანონოდ გააკეთეს?

_ რა თქმა უნდა! ზედამხედვოლობის სამსახურის უფროსს ვკითხეთ,  რატომ არ ჰქონდა  რესტორნის მეპატრონეს დაცული 3 მეტრიანი სამეზობლო მიჯნა? უაზრო პასუხი გაგვცეს –  ამ რესტორნიდან თქვენს სახლამდე 13 მეტრიაო. ვითომ ვერ ხვდებოდნენ, რომ სამეზობლო მიჯნიდან უნდა დაიწყოს ათვლა და არაფერ შუაში იყო ის,  ვის რამხელა ეზო ჰქონდა.

გამგეობასაც ვწერდი წერილებს და მაინც მერიიდან  მომდიოდა ასეთი პასუხი: ,,თქვენ ტყუით“. ის, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია, მსწრაფლ არის ხელმისაწვდომი მათი პროტეჟეებისთვის. წარმოიდგინეთ, ნოემბერში რესტორანი-ტერასა დადგეს და საბუთები თებერვალში გაუფორმეს. როცა ვერაფერს გავხდი და სამართლიანობას ვერ მივაღწიე, სასამართლოში შევიტანე სარჩელი.

ბევრი კითხვა მაქვს სიღნაღის მერიასთან, საკრებულოს წევრებთან და აღიარებით კომისიასთან. ერთხელ მეც ვაპირებდი რაღაცის აშენებას და სიღნაღის მთავარმა არქიტექტორმა მითხრა, 3 მეტრი უნდა დაიცვა სამეზობლო მიჯნიდან, რადგან ასეთი კანონიაო. ტერასა ააშენებინეს ნებართვის, პროექტის გარეშე და არც 3 მეტრიანი სამეზობლო მიჯნა დააცვევინეს და რა გამოდის, ვიღაცისთვის კონონი კანონობს და ვიღაცისთვის არა?!

    _ ამბობენ, რომ სიღნაღში ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე ბევრი მოქალაქეა გაბრაზებული, რადგან მიწის რეალურ მფლობელებს არ უკანონებენ მიწებს და ტერიტორიებით ვაჭრობენ. თუ ასეა, რატომ არ ამხელთ კორუმპირებულ ჩინოსნებს, რომლებიც კვლავ თანამდებობებს იკავებენ და ალბათ აგრძელებენ მიწებით ვაჭრობასაც? რატომ უწყობს ხალხი ხელს ჩინოსანთა დანაშაულის ზრდას?

_ საზოგადოება დაშინებულია, ქალბატონო ნელი, ზოგს სამსახური აქვს, ზოგს პატარა ბიზნესი და ისიც რომ დაკარგონ, ულუკმაპუროდ დარჩებიან. ესენი ყველაფერს კადრულობენ და იკადრებენ. ამიტომ ყველა ერიდება მათ გამოაშკარავებას. მე სწორედ იმიტომ გიყვებით, რომ ეს გზა გავკვალო და სხვებიც მოყვნენ, როგორ ექცევიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები რიგით მოქალაქეებს, როგორ ისქელებენ ჯიბეებს მიწების ყიდვა-გაყიდვით და ხალხის ხარჯზე როგორ მდიდრდებიან.

კანონით, მეზობელთან უნდა შეთანხმდეს რესტორნების აშენება, ნოტარიუსის მიერ უნდა მოხდეს დამოწმება, რომ მეზობელი არის თანახმა და ამის მერე დაიწყოს მშენებლობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ესეც არ გაუკეთებიათ. ხალხს სახლზე ფანჯრის გაკეთებას უკრძალავენ, მეზობელი თუ არ დაიმოწმა და საკრებულოს მაღალჩინოსნის ძმაკაცობის გამო ღია ტერასა ჩაადგმევინეს შუა ეზოში. იქ მყოფი სტუმრები კი ჩემს ფანჯარაში იყურებიან.

_ იმედი გაქვთ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს?

_ ვერაფერს გეტყვით. კანონი ნამდვილად ჩემს მხარეზეა. ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, რომ 2019 წლის ნოემბერში დაასრულეს ტერასა-რესტორნის მშენებლობა ისე, რომ გამგეობის ნებართვა და არქიტექტურული პროექტი ჯერ არ ჰქონდათ. 2020 წლის 24 თებერვალს გაუკეთეს პროექტი და ნებართვაც.

  ვენმა მკითხველმა იცის, რომ სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნების მიერ მიწების მარტივი გზით ხელში ჩაგდებითა და მისი გაყიდვით ანტიკორუფციული სამსახურია დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით, დაკითხვაზე უკვე დაიბარეს მერიის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. უახლესი ინფორმაციით, სამსახურის საკუთარი ნებით დატოვება (განცხადებით) გადაწყვიტა აღიარებითი კომისიის ხელმძღვანელმა, რომელიც მერიის იურიდიულ სამსახურსაც ხელმძღვანელობს. სამსახურიდან დაითხოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი… 

   როგორც ჩანს, მერიას სურს, გადამალოს ჩინოსნები, რომელთა მიმართაც გამოძიებასა და ხალხს უამრავი კითხვა და პრეტენზია აქვთ, რომელთაც ბევრი იციან და ბევრი მაღალჩინოსნის ,,გაფუჭებაც“ შეუძლიათ. 

  ხალხი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიწით მოვაჭრეებზე ბევრს საუბრობს. მერიის წარმომადგენლები საზოგადოების მითქმა-მოთქმის ჩახშობას და მედიაში აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტების გაბათილებასაც თავისებურად ცდილობენ _ ავრცელებენ ხმებს, რომ  ეს ყველაფერი ჭორაობაა და სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ავიწყდებათ ერთი რამ, რომ ჭირი რაც უნდა მალო, ის თავს არ დამალავს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close