სიღნაღის ამბები

თქვენ დააკლდებით საქართველოს _ შოვის ტრაგედიის მსხვერპლი და-ძმა სიღნაღიდან

,,ეს არის ჩემი ის მესიჯი, რომლის საზოგადოებამდე მიტანაც მსურს..."- რა დაწერა გარდაცვალებამდე გიორგი ყარალაშვილმა

   შოვის ტრაგედიის ორი მსხვერპლი, და- ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილები სიღნაღი მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოდან არიან. მაშველებმა გიორგის ცხედარი სტიქიიდან რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს, სოფიოს კი, კარგა ხანს ვერ პოულობდნენ… განადგურებული მშობლები ორივეს ერთად ისევე ელოდნენ, როგორ გააცილეს შოვში, დასასვენებლად. დედ-მამას სურდა, საამაყო, სამშობლოზე შეყვარებული, სწავლას დახარბებული შვილებისთვის საჩუქრის გაეკეთებინა და …
   გიორგი ყარალაშვილი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ,,ჩემი ძმა სორბონის უნივერსიტეტში ისწავლის. უდიდესი მოტივაციაა არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვისაც” – წერდა ძმის წარმატებით გახარებული სოფიო 2022 წელს, საკუთარ ფბ გვერდზე.
  ,,მიხარია გაგიზიაროთ, რომ სექტემბრიდან სწავლას პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში Université Paris 1 Panthéon-Sorbonne გავაგრძელებ. მაგისტრატურის ფრანგულენოვან პროგრამაზე 2 წლის განმავლობაში დიზაინსა და ინტერაქციულ მულტიმედიას ვისწავლი. საერთაშორისო ურთიერთობების შემდეგ საბოლოოდ გადავბარგდი დიზაინის სფეროში, რაც ბაკალავრიატის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და კონტაქტების უფრო მრავალფეროვნად გამოყენების საშუალებას მაძლევს (always open for new collaborations)
სორბონის გარდა დადებითი პასუხი მივიღე ტულონისა და ბორდოს უნივერსიტეტებისგანაც, რაც კიდევ უფრო მეტად მახარებს.” – აცხადებდა გიორგი ყარალაშვილიც.
    ამბობენ, რომ და-ძმა სოფელ საქობოს სკოლაში გამორჩეული მოსწავლეები იყვნენ- ნიჭიერები, მიზანდასახულნი, მონდომებულნი. სოფიო ყარალაშვილმა საქობოს სკოლა წარმატებით დაამთავრა და 2018 წელს, ეროვნულ გამოცდებში 100% გრანტის მფლობელი გახდა. ,,12 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ყველა ნაბიჯი გავიარე, რაც საჭირო იყო ამ შედეგის მისაღწევად. რა თქმა უნდა, ველოდებოდი 100% გრანტს” – აცხადებდა სოფიო. 2016-17 სასწავლო წელს კი, გოგონა ბათუმში გამართულ ინტელექტს- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე, 83 მონაწილეს შორის მე-2 ადგილზე გავიდა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაამთავრა წარმატებით…
,,გუშინ გავიცანი ერთი კორეელი ბიჭი. რომ ვუთხარი, ქვეყანა საქართველოდან ვარ-მეთქი, ძაან გაუხარდა და რაღაც გაურკვეველი ბგერების წარმოთქმა დაიწყო, ბოლოს როგორც იქნა გამოერკვა და აღფრთოვანებულმა, კვარადონას ქვეყანა საქართველოდან ხარო?
ანუ, ამერიკაში, მინესოტას შტატში, ვიღაც კორეელს უხარია ჩემთან შეხვედრა, იმიტომ რომ Khvicha Kvaratskhelia -ს ქვეყნიდან ვარ. რამხელა მასშტაბის ვარსკვლავი გვყავს, ჯერ ვერ ვიაზრებთ ქართველი ერი ” _ წერდა ამერიკიდან სოფიო.
 გიორგი და სოფო სიღნაღის მუნიციპალიტეტში საინტერესო პროექტების ინიციატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ. ,,ჩემი ყველაზე მასშტაბური სტენსილი მზადაა.
იფიქრე მომავალზე!
ეს არის ჩემი ის მესიჯი, რომლის საზოგადოებამდე მიტანაც მსურს. მწვანე საფარის შემცირება და ჰაერის დაბინძურება არის პრობლემები, რომლებმაც უნდა დაგვაფიქროს მომავალზე.
რამდენიმე დღიანი მუშაობის, ბევრი დაღლისა და ოფლის შედეგი სახეზეა.
აქვე ვიწყებ ჩემი, როგორც სთრით არტისტის ფეისბუკ გვერდის Karal ამუშავებას, სადაც მალე ნახავთ ჩემ ძველ “ვეშებსაც” .
მადლობა ლევანს და BeQaს გვერდშიდგომისთვის.
ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის “სთრით არტი გარემოს დასაცავად”- წერდა გიორგი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ქალაქ წნორში, სხვადასხვა ადგილზე, უცნობი მხატვრის საინტერესო და შინაარსიანი ნახატები გამოჩნდა”.
 არ დასცალდათ … დღეს გავრცელდა, რომ სოფიოს ცხედარიც იპოვეს და საოცარ და-ძმას ერთად მიაბარებენ მშობლიური საქობოს მიწას. ,,აღარც სასწაული და აღარც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში. სოფოც აღარ გვყავს” _ წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, მაიკო ყარალაშვილი.
რაჭაში, მათთან ერთად იმყოფებოდა წნორელი, ნიჭიერი ახალგაზრდა, დედისერთა დავით ბერიაშვილი. დათო რამდენიმე დღის წინ მიაბარეს მიწას. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.
  გიორგი, სოფიო, დათო, ძალიან გვტკივა თქვენთან განშორება, თქვენი მშობლების ტრაგედია. თქვენ დააკლდებით ქვეყანას, რომლის ნათელი მომავალი  გამოსაძერწია და ეს თქვენ უნდა გაგეკეთებინათ- ნიჭიერ, წარმატებულ, ერუდირებულ, განათლებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს…
 euronews.ge  და ,,ნელიკო ტური” სამძიმარს  უცხადებს განსვენებულების ოჯახს.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close